Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალური პასუხისმგებლობა და მეწარმეობის განვითარება სკოლებში

23 ოქტომბერი 2017

უკვე რამდენიმე წელია, ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის კუთვნილ ეზოში კარტოფილი მოჰყავთ. მოსავლის აღებაში ძირითადად უფროსკლასელები მონაწილეობენ. მიღებულ შემოსავალს კი სკოლა და მოსწავლეები სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ, იქნება ეს ექსკურსია, სკოლის შენობის კეთილმოწყობა, წიგნების ყიდვა თუ სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დახმარება.

იდეა ხულგუმოს სკოლის დირექტორს, ლამარა ტოპლიანს ეკუთვნის. დირექტორი ამბობს, რომ სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო, შენობის მხოლოდ ოთხ ოთახს იყენებდნენ, დანარჩენის გასაკეთებლად თანხები არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ დაიწყეს ფიქრი დამატებითი ფინანსების მოძიებაზე. 2001 წელს სკოლის შენობასთან ახლოს უფუქნციოდ დარჩენილი ნახევარი ჰექტარი მიწა დაამუშავეს. მართალია, შემოსავალი საკმაოდ მწირია, მაგრამ წვრილმანი საჭიროებების დაკმაყოფილებას მაინც ახერხებენ.

ეზოს დამუშავებასა და მოსავლის აღებაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. ლამარა ტოპლიანი ამბობს, რომ ბავშვები მიწასთან მუშაობასა და მიღებული პროდუქციის რეალიზებას სწავლობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კი ამ თანხის გამოყენებაა. იხსენებს, რომ მოსწავლეების ინიციატივით წიგნები, სხვადასხვა სასკოლო ინვენტარი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ტანსაცმელიც კი უყიდიათ. მაგრამ უფრო ხშირად ამ თანხით ექსკურსიებს აწყობენ და დღესასწაულებზე საჩუქრებს ყიდულობენ.

კარტოფილთან  ერთად ხორბალიც მოჰყავთ. მიწის დამუშავებას, ნათესის მოვლას და აღებას კლასის დამრიგებლები ხელმძღვანელობენ.

თეიმურაზ სულხანოვი ამბობს, რომ ბავშვებს აინტერესებთ ეს საქმე და  მოსავლის აღების პროცესში სიხარულით ერთვებიან. ის ხულგუმოს სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

სწორედ ხულგუმოს საჯარო სკოლაში ნანახი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისთვის  ერთგვარ ინსპირაციის წყაროდ იქცა. ორგანიზაციამ მოამზადა პროექტი „მომავლის ბაღი“, რომელიც სოფელ სვირის სკოლაში ხეხილის ბაღის შემოღობვას და მოვლას გულისხმობს.

პროექტის მიხედვით, სოფელ სვირის სკოლის საკუთრებაში არსებული ხეხილის ბაღის შემოღობვა საშუალებას მისცემს სკოლას, დაცული იყოს ბაღი და უდანაკარგოდ მიიღოს მოსავალი. გარდა ამისა, ბაღის ტერიტორიაზე  ბალახიც შენარჩუნდება. ბალახის საშუალო წლიური მოსავალი 100 პრესი თივაა, რაც სკოლისთვის დამატებითი შემოსავლის საშუალება გახდება.

ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი, მზია ინასარიძე ამბობს, რომ სოციალურ მეწარმეობაში მთელი სკოლა ჩაერთვება. მოსწავლეები რესურსების დამოუკიდებლად მოძიებას ისწავლიან. ასევე, გაიზრდება სკოლის შემოსავალი, რაც მისსავე კეთილმოწყობას მოხმარდება.

ეს ინიციატივა ადვოკატირების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. ადვოკატირების მიზანია, სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ადგილებზე არსებული საჭიროებების მოგვარება.

სოციალური მეწარმეობა - ბიზნესი სოციალური მისიით

„როგორი ტიპის სოციალური საწარმოები არსებობს, ამასთან დაკავშირებით  სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ვერსია არსებობს. მაგრამ ძირითადი არსი ერთია - ეს არის სამეწარმეო საქმიანობა, რომლის წამოწყების უმთავრესი მიზეზი გარკვეული სოციალური პრობლემის მოგვარებაა; ანუ ეს არის ბიზნესი სოციალური მისიით, რაც მას განასხვავებს ჩვეულებრივი ბიზნესკომპანიებისგან “, - ამბობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მეწარმეობის პროგრამის მენეჯერი სალომე ხუციშვილი.

დღეს საქართველოში 70-ზე მეტი სოციალური საწარმო ფუნქციონირებს.  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების  ცენტრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა და  2009 წლიდან საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.  

სალომე ხუციშვილი იხსენებს, რომ იმ დროს, როდესაც ამ საკითხზე მუშაობა დაიწყეს, ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის შესახებ არანაირი ცოდნა არ არსებობდა.  საერთაშორისო ექსპერტების დახმარებითა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაცნობით  ნელ-ნელა თემის წამოწევა შეძლეს.  ამჟამად ცენტრი სამი მიმართულებით მუშაობს: თემის გარშემო ცნობიერების ამაღლება და საკონსულტაციო მომსახურება; გრანტების გაცემა; და გარემოს გაუმჯობესება, რაც სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობის შექმნას გულისხმობს.

ცენტრში ამბობენ, რომ სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობის არარსებობა ართულებს მის ზუსტ განმარტებას. ასევე, მის საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციების შექმნას. ცენტრის მიერ მომზადებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც განმარტავს, თუ რა ტიპის საქმიანობის მწარმოებელი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ საწარმოდ.

სალომე ხუციშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სოციალური საწარმოები თანაბრად წარმატებით აღწევდეს როგორც სოციალურ, ასევე ფინანსურს მიზნებს. რადგან უმუშევრობა მწვავე პრობლემაა, მისი თქმით, ძირითადად დასაქმებაზე ორიენტირებული პროექტები ფინანსდება, რომელთაც სოციალურ მისიაში მითითებული აქვთ დევნილების, შშმ პირების დასაქმება და ა.შ. თუმცა, ბოლო დროს საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ინიციატივების წამოწევას დადებით ტენდენციად აფასებს.  

ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი სოციალური მეწარმოების პროექტები ფინანსდება. ასევე შესაძლებელია საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი პროექტების განხილვაც.

ცენტრში ვერ იხსენებენ შემთხვევას, როდესაც სკოლის დირექტორი ან ადმინისტრაცია დაინტერესებულიყო სოციალური საწარმოს იდეით  და ცენტრისთვის მიემართა. თუმცა, სკოლის იურიდიული სტატუსიდან გამომდინარე, მათთვის რთული წარმოსადგენია, რომ სკოლას ოფიციალურად ასეთი საქმიანობის წარმართვა შეეძლოს.

სალომე ხუციშვილი ამბობს, რომ ის, რაც სკოლაში ხდება, საგანმანათლებლო თუ სოციალური მიზნებისთვის რესურსების მობილიზების კარგი მაგალითია და ეს შეიძლება დადებით სოციალურ აქტივობად ჩაითვალოს.

2016    წელს  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“,  რომელსაც ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.  პროექტს ორი მიზანი აქვს: საჯარო სკოლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ნაადრევი ქორწინებების, ბავშვთა შრომისა და სკოლის მიტოვების შემთხვევების შემცირების მიზნით;  ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების ეფექტურად დაცვისათვის.

სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ამ პროექტის ფარგლებში  სხვადასხვა ტიპის სამუშაო ჩატარდა რეგიონებში. ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები დაინტერესებული პირებისთვის, ასევე გაიცა გრანტები სოციალური საწარმოების განვითარებისთვის, რომლის მიზანიცაა თემის წევრების დახმარება ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.  მომზადდა „სოციალური მეწარმოების სახელმძღვანელო“ სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. გამოცემაში შესულია ქართული სოციალური საწარმოების მაგალითები და საკანონმდებლო რეგულირების საკითხები. მალე სახელმძღვანელო სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზეც იქნება ხემისაწვდომი.

მეწარმეობა და სოციალური პასუხისმგებლობა  სკოლებში

სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს დამატებითი ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა საფრთხეს არ უქმნის მოსწავლეთა ჯანმრთელობას და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მათ ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე; მიღებული დამატებითი შემოსავლები კი სკოლას მოხმარდეს.

რამდენად იყენებენ სკოლები ამ შესაძლებლობას? – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს სკოლებში დამატებითი შემოსავლების მოზიდვა რთულია, რადგან სკოლებს არ აქვთ გამოცდილება და ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამატებითი შემოსავლების მოზიდვა სკოლის დირექტორის გათავისუფლების საბაბად ქცეულა.

როგორც ის ამბობს, სკოლებში სოციალური საწარმოების ამოქმედების მიზნით მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი გამოცდილების გაცნობაც. იხსენებს, რომ, მაგალითად, სოფელ გავაზში წლების წინ მოსწავლეები სწავლობდნენ სოფლის მეურნეობის საკითხებს, ეცნობოდნენ ბიზნესსაქმიანობისა და ლიდერობის საფუძვლებს. არსებობდა სკოლების ქსელი, სადაც ვითარდებოდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი. ბავშვები ჩართული იყვნენ სხვადასხვა საქმიანობაში. თუმცა ეს საქმიანობები შეწყდა.

უცხოურ გამოცდილებასთან დაკავშირებით, თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს ღარიბი თემების განვითარებას სკოლებში სოციალური მეწარმეობის დანერგვის გზით, რადგან სკოლებში არსებული საწარმოები გავლენას მოახდენენ თემსა და მის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, მოსწავლეები კი გაიღრმავებენ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მოსიაშვილი ხაზს უსვამს, სკოლის მიტოვების პრევენციას ეხება. ის მიიჩნევს, რომ სკოლებში ამგვარი საქმიანობა გამოიწვევს სკოლის მიტოვების მაჩვენებლის შემცირებას. სწავლის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ხშირად ოჯახის სიღარიბეა.

„სკოლებში მეწარმეობის საქმიანობის  განვითარება ასევე გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. გამოვყოფ რამდენიმე მათგანს: პირველია ადმინისტრაციის უსაფრთხოება. ადმინისტრაცია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ინიციატივა არ იქნება დასჯადი, მას უნდა ჰქონდეს ნათელი ინსტრუქციები ამ პროცესის მართვის შესახებ. ცხადია, ბავშვის უფლებების დაცვა უმთავრესია. თუ ბავშვი ამგვარ საწარმოში დასაქმდება, მისი შრომითი უფლება უნდა იყოს  დაცული. მან მისი ასაკისთვის შესაბამისი სამუშაო უნდა შეასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის შესახებ საქართველოში არ არის საკმარისი გამოცდილება, მაინც ვხვდებით სკოლებს, რომლებიც ამ თამამ ნაბიჯებს დგამენ და დამოუკიდებლად ცდილობენ სკოლაში არსებული პრობლემების მოგვარებას“,  - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

თემის განვითარებაში სკოლის მნიშვნელოვან სოციალურ როლზე ამახვილებს ყურადღებას განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშიაც. მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება თემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც ადგილზე არსებობს. შესაბამისად, სკოლა, როგორც სოციალური საწარმო, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს არა მხოლოდ სკოლისთვის, არამედ  თემისთვისაც და ეხმარებოდეს მას განვითარებაში.

„არ არის აუცილებელი, რომ სკოლას სოციალური მეწარმეობის პროექტები ჰქონდეს და მხოლოდ ფინანსურ შემოსავალზე ზრუნავდეს. ის შეიძლება თემის განვითარებაზეც ზრუნავდეს. მაგალითად, თუ სკოლა შშმ ადამიანს დაასაქმებს, თუნდაც ბუფეტში,  ეს იქნება სოციალური მეწარმეობა. სკოლებში სოციალური მეწარმეობის ჩართვის ბევრი გზა არსებობს. საზღვარგარეთ დამკვიდრებული გამოცდილების მიხედვით, ქცევის პრობლემების მქონე ბავშვები სკოლის შიდა მეურნეობებში საქმდებიან და ა.შ.  

ეს ბავშვების გამოცდილების გამდიდრებასაც ემსახურება. სკოლაში მეწარმეობის შეტანის დადებითი მხარეა ისიც, რომ ადამიანები ხვდებიან, რომ მუშაობის დროსაც ისევე სწავლობ, როგორც სამუშაო მაგიდასთან და ეს არანაკლები ღირებულებაა, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალიც, რადგან ცოდნას პრაქტიკაში იღებ“, -  ამბობს სიმონ ჯანაშია.  

მეწარმეობისა და სოციალური მეწარმეობის კუთხით საჯარო სკოლების მწირ გამოცდილებას, სიმონ ჯანაშია იმ ფაქტს მიაწერს, რომ  სკოლისთვის ხშირად ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი რთული ადმინისტრირების საკითხად შეიძლება იქცეს: როგორ უნდა გააფორმოს ეს შემოსავალი, შემდეგ მოგება და უნდა დაიბეგროს თუ არა. ამიტომაც სკოლები ხშირად ამას თავს არიდებენ, რადგან არ არსებობს გამართული რეგულაციები  სკოლის ქონებისა და მოგების განკარგვის შესახებ.

განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს სხვადასხვა რეგიონის 220-მდე სკოლაში არჩევით საგნად „მეწარმეობის საფუძვლები“ შევიდა. სამინისტროს ინფორმაციით, საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სამეწარმეო, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, მოსწავლეებს ეხმარება სწავლაში, თუ როგორ შეიძლება იდეა კონკრეტულ საქმიანობად გადაიქცეს. სამინისტროს ინიციატივა დანერგვის ეტაპზეა.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^