Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრთები შშმ პირებსაც!

24 ოქტომბერი 2017

რუმინეთში გასამგზავრებლად პეგასუსის ბილეთი ვიყიდე. ვაყიდინე ონ-ლაინ. რომ ვყიდულობდით, სხვადასხვა სერვისის ასარჩევ გრაფაში უსინათლობასთან დაკავშირებული საჭირო დახმარების არჩევანი ვერ ვნახეთ, მაგრამ მაინც ვიყიდეთ. გვეგონა, რომ ამხელა ავიაკომპანია ამას უზრუნველყოფდა, უბრალოდ იქ არ ეწერა. გერმანიაშიც შარშან პეგასუსით გავფრინდი, მაგრამ მაშინ ჯგუფს გამოვყევი, მარტო არ მიმგზავრია და, შესაბამისად, ავიაკომპანიის მხრიდან დახმარება არ მომითხოვია - იმ სტუდენტებს დავყავდი, ვისთან ერთადაც წავედით.  უკანა გზაზე კი უკრაინის ავიახაზებს ეს მომსახურება ჰქონდა. ჩემი ლოგიკით უკრაინის ავიახაზებს რახან ჰქონდა, პეგასუსსაც ექნებოდა. ჰოდა გამგზავრებამდე 1 კვირით ადრე, ბუქარესტი-იაშის ბილეთის საყიდლად STI-ში რომ მივედი, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში,  პეგასუსის ბილეთზე და უსინათლოსთვის დახმარების შესახებაც ვიკითხე. ჩემმა ლოგიკამ არ გაამართლა. პეგასუსი უსინათლოებს მომსახურებას სთავაზობდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უსინათლოს ახლდა გამცილებელი ძაღლი. მოკლედ ვიტყვი, როგორი არალოგიკურია ეს: გამცილებელმა ძაღლმა უსინათლო რომ ატაროს, ის გადასაადგილებელ სივრცეს კარგად უნდა იცნობდეს. თუ ის მიმყავს აეროპორტში/აეროპორტებში, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა, ის მე ვერ მატარებს, არ იცის ადგილი, ვერ ფლობს სივრცეს და... გარდა ამისა, გაწვრთნილი ძაღლი საქართველოში არცერთ უსინათლოს არ ჰყავს ჯერ გაწვრთნის, შემდეგ კი რჩენის სიძვირის გამო (მსმენია, რომ ერთი ძაღლის გაწვრთნა 25 ათას ევრომდე ჯდება).   

ბილეთს ვეღარ დავაბრუნებდი. STI-ის თანამშრომლებმა მაინც გადარეკ-გადმორეკეს და იმათაც იგივე უთხრეს, რომ ძაღლის გარეშე სერვისს არ სთავაზობდნენ. მისაყვედურეს, რატომ, რომ არ შევამოწმე და ბილეთი ისე ვიყიდე, რომ არ ვიცოდი, შესაბამის მომსახურებას რომ არ მთავაზობდნენ. არ მეგონა, ეს კიდევ თუ იქნებოდა პრობლემა და იმიტომ! არჩევანი არ მქონდა: მივუთითე, რომ ეტლი დამჭირდებოდა (ამის საშუალებას კომპანია იძლევა) და ამით შემოვიფარგლე. პრაქტიკაში ყველაფერმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე მეგონა. თბილისის აეროპორტში რომ მოვედი და რეგისტრაცია გავიარე, გამომიყვეს თანამშრომელი, რომელმაც ყოველგვარი ეტლის გარეშე მომკიდა ხელი და თვითმფრინავამდე მიმიყვანა. თვითმფრინავში ჩემი თავი უკვე იქაურ პერსონალს ჩააბარეს. სტამბოლის აეროპორტშიც უპრობლემოდ გადმომიყვანეს თვითმფრინავიდან ჯერ მოსაცდელ ზონაში (რამდენიმესაათიანი ტრანზიტი მქონდა), შემდეგ კი უკვე ბუქარესტის თვითმფრინავზე დამსვეს. ბუქარესტშიც დამხვდნენ, სასაზღვრო კონტროლის გატარებაში დამეხმარნენ, ამაღებინეს ბარგი და, სხვათა შორის, ყოველგვარი დამატებითი ხვეწნა-მუდარის გარეშე მიმიყვანეს იაშისკენ მიმავალი თვითმფრინავის რეგისტრაციასთან, იმის მიუხედავად, რომ იაშში უკვე სხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავით მივდიოდი. უბრალოდ მკითხეს, ბუქარესტში ვინმე გხვდებაო. მეც ავუხსენი, რომ ტრანზიტი მაქვს-მეთქი და ულაპარაკოდ მიმიყვანეს. არადა, ამ გზის გავლა ძალიან პრობლემური მეგონა და იაშის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ერთ ქალსაც კი შეუთანხმდა, რომელიც იმ დღეს ბუქარესტის აეროპორტში იყო, რომ დამხვედროდა და მივეყვანე იაშისკე მიმავალი ავიაკომპანიის, ტარომის, სარეგისტრაციო დახლთან, მაგრამ საჭირო არ აღმოჩნდა. ბუქარესტის აეროპორტში ინტერნეტიც კი იყო და იქიდან პოსტებიც კი დავწერე, სანამ იაშში გამოვემგზავრებოდი. „ტარომს“ (ადგილობრივი, რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანიაა) უსინათლოთა მომსახურებაზე ისედაც  არ ჰქონია პრობლემები. მათ დახლთან მიღწევის შემდეგ ბარგის ჩაბარება იქნებოდა, თვითმფრინავში ასვლა, იქიდან გადმოსვლა თუ ბარგის აღება, ყველაფრისთვის გამომიყვეს ასისტენტი.

ბუქარესტში საქართველოდან გამოფრენამდე ვღელავდი გამგზავრებასთან დაკავშირებული ბუნდოვანების გამო, დახმარებისთვის მივმართე PHR-ის („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“) იურისტებს და ვკითხე, უსინათლოსთვის ავიახაზის სერვისებით დამოუკიდებლად სარგებლობისთვის საჭირო დახმარების გაწევაზე უარი, რაც დისკრიმინაციული მოპყრობაა არსებითად უთანასწორო პირთა თანასწორი მოპყრობის გზით, ექვემდებარებოდა თუ არა საქართველოში გასაჩივრებას. მსგავსი გასაჩივრება დაკავშირებული იქნებოდა რამდენიმე სერიოზულ სამართლებრივ პრობლემასთან: პეგასუსის მიმართ ქართული სასამართლოებისა თუ მარეგულირებელი ორგანოების იურისდიქციის გავრცელებასთან, რაც პრობლემურია. რადგან აღმოჩნდა, რომ პეგასუსს საქართველოში, როგორც ასეთი, ფილიალი/წარმომადგენლობა არ აქვს. ხელშეკრულების შესრულების ადგილად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შესაძლოა მხოლოდ ნაწილობრივ ჩათვლილიყო და მხოლოდ ამ აეროპორტში ჩემ მიმართ განხორციელებული თუ განუხორციელებელი ქმედებების გასაჩივრება შესაძლებელი იქნებოდა ქართულ სასამართლო ორგანოებში. ვიღაცებმა ისიც მირჩიეს, რომ პეგასუსის შიდა გასაჩივრების მექანიზმით მესარგებლა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან მათ მაინც უზრუნველყვეს ჩემთვის საჭირო მომსახურება და გადაადგილებაში დახმარება, შესაბამისად, არავითარი ზიანი არ მომდგომია, საკითხი გასაჩივრებას ისედაც ვერ დაექვემდებარებოდა. ასე აღმოჩნდა, ჩემდა საბედნიეროდ. მაგრამ საკითხის ირგვლივ მოკვლევის პროცესში გამოჩნდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის ბრძანება, რომელიც შეიცავს შშმ პირთა მიმართ არამეგობრულ და დისკრიმინაციულ რამდენიმე დებულებას.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ კარგია, ასეთი ბრძანება საერთოდ რომ იქნა მიღებული, თანაც 2006 წლის გაერო-ის შშმ პირთა უფლებათა კონვენციის საქართველოს მიერ რატიფიცირებამდე (რაც 2014 წელს მოხდა). ეს ბრძანება არეგულირებს საავიაციო ტრანსპორტით შშმ პირთა გადაყვანის წესებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „დაინახა“ შშმ პირები, გაიაზრა მათი არსებობა და ის, რომ მათ შესაძლოა ჰქონდეთ დამატებითი საჭიროებები და ბარიერები საავიაციო ტრანსპორტით სარგებლობისას. ამავდროულად ამ ბრძანების ტონი ძირითადად დისპოზიციურია, ანუ ის შშმ პირთა გადაადგილების ძალიან ბევრ საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში არეგულირებს, თუკი ავიაკომპანიას ან აეროპორტს განსხვავებული გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, თუკი სახეზე არ არის რაიმე საგამონაკლისო შემთხვევა და ა.შ. ფაქტობრივად ის უფრო ინსტრუქციას, ჩარჩოს, მოწოდებას ჰგავს. ბრძანების ამგვარ დისპოზიციურ ტონს განაპირობებს შემდეგი 2 დებულება, რომელიც ფაქტობრივად ხაზს უსვამს, ასუსტებს, იმ ბრძანებით შშმ პირთათვის დადგენილ ყველა უფლებას და ამ უფლებათა უზრუნველყოფას ავიაკომპანიისა თუ აეროპორტის დისკრეციაში ტოვებს. 1. ავიაკომპანიას შეუძლია, უარი თქვას შშმ პირის გადაყვანაზე, თუკი თვითმფრინავის კონსტრუქცია, ანდა შესასვლელი კარების აგებულება არ იძლევა შშმ პირის უსაფრთხოების წესების დაცვით გადაყვანის შესაძლებლობას. აღნიშნული დებულება ნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უშვებს, რომ რომელიმე თვითმფრინავი არ იყოს შშმ პირთათვის ადაპტირებული. აღნიშნული შეგვიძლია, სააგენტოს სასარგებლოდ და გასამართლებლად ავხსნათ - შესაძლოა, სააგენტომ კი შემოიღო უკვე თვითმფრინავთა ვარგისიანობის სტანდარტში ერთ-ერთ კომპონენტად შშმ პირთათვის მისი ადაპტირებულობა, მაგრამ ეს ბრძანება შესაძლოა ითვალისწინებდეს ამ სტანდარტების/სალიცენზიო პირობების მოქმედების უკუძალის აკრძალვას; ანუ შესაძლოა, ის თვითმფრინავები, რომლებიც ამ ბრძანების მიღებისა და ახალი სტანდარტების დადგენის შემდეგ გადიან ლიცენზირებას, აკმაყოფილებდნენ შშმ პირთათვის ადაპტირებულობის კრიტერიუმს. თუმცა ის თვითმფრინავები, რომლებმაც ლიცენზირება ამ ახალ პირობათა ამოქმედებამდე გაიარა, შესაძლოა ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდეს. 2. ავიაკომპანიას აქვს უფლება, უარი უთხრას შშმ პირს გადაყვანაზე, თუკი მას არ ეყოლება თანმხლები/გამცილებელი პირი, რაც, რა თქმა უნდა, საერთო წესით უნდა იქნას განსაზღვრული. ეს უკანასკნელი დებულება მეტად არამეგობრულია შშმ პირთა მიმართ, რადგან ის უშვებს იმას, რომ ავიაკომპანიამ არ დაუშვას შშმ პირის დამოუკიდებელი მგზავრობა და მოითხოვოს, რომ მას ჰყავდეს თანმხლები, რაც, სხვა დისკრიმინაციულ შედეგებთან ერთად, დაკავშირებული იქნება შშმ მგზავრისთვის დამატებით ხარჯებთან, გამცილებლისთვის ორმხრივი ბილეთის შეძენასთან ან თუკი შშმ პირი ხანგრძლივი პერიოდით მიემგზავრება, გამცილებლისთვის შესაძლოა, 4 ბილეთის/4 გზის შეძენა გახდეს საჭირო, რაც დისკრიმინაციაა. ფაქტობრივად გამოდის, რომ შშმ პირს მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო მგზავრობაში  უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე არაშშმ პირს.

მოკლედ შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის ეს სფერო (სამოგზაურო, ავიაგადაზიდვის) სფერო, ძალიან საინტერესოა. ის ნამდვილად საჭიროებს დამატებით კვლევას, გამოძიებას, ადვოკატირებასა და აქტივისტების ყურადღებას. დღითიდღე უფრო და უფრო მეტი შშმ პირი მოგზაურობს. საქართველოდან ჩემი უკანასკნელი რამდენიმე გამომგზავრებისა თუ დაბრუნების დროს ჩემი ოჯახის წევრებმა აეროპორტში სხვა შშმ პირებიც შეამჩნიეს, რომლებიც სადღაც მიემგზავრებოდნენ. ასე რომ, ეს საკითხი უკვე საჭიროებს გააქტიურებას. ის უკვე აქტუალურია და თანდათან უფრო აქტუალური და საჭირბოროტო ხდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^