Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლის კულტურა

28 მაისი 2013

სულ ახლახან დამთავრდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია. ამ პროცესს, როგორც ყოველთვის, ვნებათღელვა ახლდა, რადგან ბავშვის განათლება და სწორად აღზრდა ხომ მისი ჯანმრთელობის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ყველა მშობელს თავისი პრიორიტეტი ჰქონდა სკოლის შერჩევისას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა მშობლის სურვილია,  რომ იმ სკოლაში, რომელიც შეარჩია, მის შვილს ყოველ დილით მიუხაროდეს.

სინამდვილეში ასე არ ხდება და ამას არაერთი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, ალბათ, ჩვენს აზროვნებაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლის პროცესისადმი დამკვიდრებული დამოკიდებულებაა. ვაჟა–ფშაველა წერს „ჩემს წუთისუფელში“: ,,ქართველებს ასე უთქვამთ: ,,სწავლისა ძირი მწარეა, ხოლო წვეროში გატკბილდებაო”. ვინ იცის, ქართველებისაგან არის ეს ნათქვამი თუ რუსებისგან შეისწავლეს: ,,უჩენიე - მუჩენიე, ა პლოდი ეგო სლადკიე”. (სწავლა ტანჯვაა, ხოლო ნაყოფი მისი ტკბილი არისო). ნუთუ სწავლა მუდამ ტანჯვად უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი?.. “

დიდი ვაჟას მოწოდებული რჩევა, რომ სკოლაში სწავლა ბავშვებისთვის სიამოვნებად ვაქციოთ, ის მთავარი ღირებულება უნდა იყოს, რომელსაც დაეფუძნება ჩვენი სასკოლო განათლების სისტემა, მისი შინაარსი. ის საქმე, რომელსაც ხალისითა და სიამოვნებით აკეთებს ბავშვი, რა თქმა უნდა, მას უკეთ გამოუვა. ამოცანა თითქოს ნათელია, შევიმუშავოთ ისეთი წესები, რომ ბავშვებისთვის სკოლაში სწავლა სიამოვნებად გადაიქცეს.

რა სურათი გვაქვს დღეს? ხშირად გვესმის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით სკოლაში ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ, ბავშვებს შორის აგრესიის გამოვლინების შემთხვევებიც ხშირია და კონფლიქტებიც. ერთ დროს საგანგაშოდ გახშირებულმა ასეთმა კონფლიქტებმა, რომლებიც ზოგჯერ ტრაგიკულადაც მთავრდებოდა, სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღება განაპირობა, რამაც მეტ-ნაკლებად მოაწესრიგა ეს ვითარება. თუმცა, ვფიქრობ, ყველა მშობლისა და მასწავლებლის სურვილია  ბავშვები კარგად იქცეოდნენ არა იმიტომ, რომ მანდატურის ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ პატივს სცემენ მასწავლებელს, უყვართ თავიანთი სკოლა, მეგობრები.

ერთი რომელიმე უნივერსალური წესის შემოთავაზება, „რომ ბავშვებისთვის სკოლაში სწავლა სიამოვნებად ვაქციოთ“, ძნელია, თუმცა საქმეს სკოლის ხარისხის შეფასებისათვის ბევრად წინ წასწევს ისეთი სტანდარტის დამკვიდრება და რეალურად ამოქმედება, რომელსაც „სკოლის კულტურა“ ჰქვია.

სანამ კონკრეტულად ამ სტანდარტზე ვისაუბრებ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია ის მიდგომა, რომელსაც დღემდე ჰქონდა ადგილი, კერძოდ, ის, რომ სკოლის ხარისხის შემოწმებისთვის ხშირად გამოიყენებოდა საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ და მხოლოდ სკოლის მოსწავლეთა შედეგები.

ტესტები და გამოცდები, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არასაკმარისია იმისთვის, რომ მხოლოდ მათზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ ცალკეული სკოლისა თუ მთლიანად ზოგადი განათლების სისტემის ხარისხზე. მაგალითად, გამოცდებზე ან ტესტირებისას ნაჩვენები მოსწავლეთა მაღალი მაჩვენებელი შეიძლება არა  სკოლის დამსახურება, არამედ რეპეტიტორის მუშაობის შედეგი იყოს. ალბათ გვახსოვს, სულ ახლო წარსულში სკოლაში სწავლების ხარისხი და დირექტორთა საქმიანობა შეფასდა მხოლოდ საატესტატო გამოცდების - CAT-ის შედეგების საფუძველზე, რამაც ბავშვებისთვის უკუშედეგი გამოიღო. ბევრმა სკოლამ, იმისათვის, რომ კარგი შედეგები ეჩვენებინა,  თავიანთი მოსწავლეები, რომლებსაც შედარებით დაბალი მოსწრება ჰქონდათ, უბრალოდ არ დაუშვა გამოცდებზე. ამ და სხვა ასეთი სახის კრიტერიუმებით სკოლებისთვის ვარსკვლავების მინიჭების პროცესიც დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ესეც წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან იდეა არსშივე მცდარი იყო. სკოლის ხარისხის შემოწმება შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საბოლოო გამოცდის ნიშნებით, თუნდაც ოლიმპიადებზე წარმატებებით. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - გადამწყვეტი.

სკოლაში ბავშვის აღზრდა და სწავლა თორმეტწლიანი უწყვეტი პროცესია. სკოლის წარმატების ძირითადი საზომი სწორედ ის არის, რამდენად შეძლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მაქსიმალური შედეგის მიღწევაში დახმარებოდა მოსწავლეს, დახმარებოდა გამოევლინა სწორედ მისი, როგორც ინდივიდის განსაკუთრებული ნიჭი და უნარები, ჩამოყალიბებულიყო ღირსეულ მოქალაქედ, თავისუფალ პიროვნებად. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის სკოლის წარმატებულობის  ის მაჩვენებელი, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ერთმა მოსწავლემ დაძლია სასკოლო პროგრამა და კარგი შეფასებები დაიმსახურა, არანაკლებ მეტყველია სხვა ისეთ მაჩვენებელზე, როგორიცაა, მაგალითად, თუ რამდენმა ბავშვმა მიიღო საატესტატო გამოცდებზე 10 ქულა. სკოლა არ არის მარტო ათოსანი ბავშვების „სამჭედლო“, მას ბევრად მეტი ფუქნქცია აკისრია. სკოლის წარმატების მაჩვენებლად თამამად შემიძლია მოვიყვანო ერთი მაგალითი ჩემი შვილის სასკოლო ცხოვრებიდან: კლასელმა გოგონებმა, საკუთარი ინიციატივით, ახალ წელს საშობაო პეჩენიები გამოაცხვეს, თავიანთვე შეკერილ ქისებში ჩააწყვეს და ყველა კლასელ ბიჭს სახლებში დაურიგეს, როგორც საშობაო საჩუქარი. ეს საჩუქარი ბევრად სასიხარულო და ძვირფასია, ვიდრე მშობლებისა და მასწავლებლების მიერ ორგანიზებული ძვირიანი კარნავალი. სასკოლო კულტურის დეფიციტის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო თბილისის ერთ-ერთ ე.წ. „პრესტიჟულ“ სკოლაში მომხდარი ფაქტი, როცა მასწავლებელმა მეოთხეკლასელი ბავშვის სიცელქის გამო მისი თანაკლასელები ზედიზედ ორი გაკვეთილის განმავლობაში აიძულა ფეხზე მდგარიყვნენ.

რა თქმა უნდა, სკოლას უნდა ჰქონდეს სათანადო ინფრასტრუქტურა, უნდა ჰყავდეს  კვალიფიციური მასწავლებლები, საჭიროა კარგი წიგნები, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, ყოველივე ეს აუცილებელია ხარისხიანი სწავლა-განათლების პროცესისთვის, მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვს სკოლაში სწავლა სიამოვნებად ექცეს, მას დამატებით სჭირდება ისეთი სასკოლო გარემო, სადაც ექნება სრულფასოვანი შეგრძნება, რომ სრულად შეუძლია გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, განსხვავებულობა, ნიჭი, რომელიც სხვადასხვა სახით – ყველა ბავშვშია. რა თქმა უნდა, ასეთი გარემოს შექმნა, პირველ რიგში, მასწავლებელს შეუძლია, მაგრამ არა მხოლოდ ცალკეულ მასწავლებლებს, ეს უნდა იყოს სკოლის ერთობლივი ძალისხმევა, რომელშიც მასწავლებლები, დირექცია, მშობლები და თავად მოსწავლეებიც იქნებიან ჩართულნი.

თავდაპირველად, როდესაც სკოლებში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების პირველი – საპილოტე ვარიანტი მზადდებოდა, სკოლის კულტურა ერთი-ერთი ცალკე და, ამავე დროს, ყველაზე ვრცელი სტანდარტი იყო. იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ ამ სტანდარტით საფუძვლიანად შემოწმებულიყო ყველა მცირე დეტალიც კი, რომლებიც ჯანსაღ სასკოლო გარემოს, ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს და ღირებულებებს შეეხებოდა, სტანდარტის შეფასების კრიტერიუმებმა 40-ს გადააჭარბა. ამ კრიტერიუმების დანომვრისთვის ანბანის ასოებს ვიყენებდით და ერთმა ოპონენტმა ისიც კი თქვა, იმდენს სთხოვენ სკოლებს, ამ მოთხოვნების ჩამოთვლისთვის ანბანის ასოებიც კი არ ეყოფათო.

რას გულისხმობს სტანდარტი „სკოლის კულტურა“?

მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მოვიყვან ამ სტანდარტიდან: სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ატმოსფერო, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის თვითრეალიზაციას, ასევე სკოლაში პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

ეს ნიშნავს, რომ სკოლა ზრუნავს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალისთვის უსაფრთხო და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე. სკოლაში სისტემატურად ტარდება ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, ასევე ანტინიკოტინური, ანტიალკოჰოლური, ანტინარკოტიკული ღონისძიებები, წარმატებით ხდება სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციის გადაჭრა და დისციპლინის დარღვევების მოგვარება და პრევენცია. კარგად მუშაობს სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ექსტრემალურ სიტუაციებში მოსწავლეთა და თანამშრომელთა დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები. ინკლუზიური სწავლების არსებობის შემთხვევაში, შექმნილია ადაპტირებული გარემო მოსწავლეთა სპეციფიკის გათვალისწინებით.

ეს ასევე ნიშნავს, რომ სკოლაში პატივისცემით ექცევიან მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის დამხმარე პერსონალს, მათ მიმართ არის სამართლიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ისინიც, თავის მხრივ, ამაყობენ თავიანთი სკოლით და სკოლის მოვლა-პატრონობასა თუ სხვა ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები.

სკოლაში ეხმარებიან სოციალური, ჯანმრთელობის, სწავლისა და სხვა პრობლემების მქონე მოსწავლეებს, ხდება წარმატებული მოსწავლეების წახალისება, ხოლო განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებისთვის არსებობს ინტერესების მიხედვით შექმნილი წრეები, სადაც ბავშვები ხალისით დადიან. მოსწავლეები ენთუზიაზმით მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში: ოლიმპიადები, ტურნირები და ა.შ. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების გამოვლენას, იმართება მოსწავლეთა შემოქმედების, სახელობო ნამუშევრების გამოფენები, სისტემატურად ტარდება ღია კარის დღეები, საჩვენებელი ღონისძიებები, რომლებსაც ესწრებიან მშობლები. ისინი აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და აქვთ ინფორმაცია თავიანთი შვილების წარმატებებისა თუ პრობლემების შესახებ.

სკოლა ზრუნავს პედაგოგთა აკადემიურ თავისუფლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე. სისტემატურად ტარდება საგნობრივი კათედრების ერთობლივი მუშაობა, მასწავლებელთა შეხვედრები, მათ მიერ საერთო საქმიანობის დაგეგმვა, გამოცდილების გაზიარება, მუშაობს ერთობლივი პროექტები უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

თითქოს ბევრი მოთხოვნაა, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ეს არის ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების ამსახველი საუკეთესო სურათი და ეს ყოველივე აუცილებელია არსებობდეს იქ, სადაც ჩვენი შვილები 6 წლიდან სრულწლოვანების ასაკამდე თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ, სადაც ისინი მომავალ განათლებულ, ჯანსაღ, ღირსეულ, თავისუფლად მოაზროვნე, შემოქმედებით, ტოლერანტულ მოქალაქეებად უნდა ყალიბდებოდნენ და ამ 12 წლის განმავლობაში თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აღწევდნენ.

სკოლების ხარისხის შეფასების დღეს არსებულ სტანდარტებში, რომლებიც სკოლების ავტორიზაციის პროცესის ნაწილია, სკოლის კულტურა ცალკე სტანდარტი საერთოდ აღარ არის - მხოლოდ მისი კრიტერიუმების ნაწილი დარჩა, როგორც შეფასების სხვა სტანდარტების შემადგენელი ნაწილი. ესეც კარგი იქნებოდა, რომ არა სხვა პრობლემები. კერძოდ, სკოლების შეფასების დღეს მოქმედი სისტემა მთლიანობაში არასრულფასოვანია და ვერ ასახავს სკოლებში არსებულ რეალურ სურათს, ვინაიდან იგი მეტწილად იურიდიულ პროცედურებსა  და დოკუმენტების შემოწმებაზეა ორიენტირებული და სრულიად არ ეხმარება სკოლაში მიმდინარე პროცესების შინაარსის გამოვლენას. რაც შეეხება სკოლაში არსებული ატმოსფეროსა და გარემოს შეფასებას, ამას ხომ სრულიად ფორმალური სახე აქვს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ავტორიზაცია გულისხმობს სკოლის საქმიანობის უფლების მოპოვებას, ხოლო ჯერ არგახსნილ სკოლაში როგორ უნდა შემოწმდეს იქ არსებული ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ატმოსფერო და თვითრეალიზაციის შესაძლებლობები - თავად განსაჯეთ.  აღარ დავკონკრეტდები ამ მიმართულებით არსებულ სხვა მრავალ პრობლემაზე.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა, როგორ უნდა გაიზომოს, ისეთი თითქოს არაგაზომვადი სიდიდეები, როგორიცაა სკოლაში დამკვიდრებული ღირებულებები, ატმოსფერო, დამოკიდებულებები, ურთიერთობები? ყოველივე ამის გაზომვის არაერთი ხერხი და საშუალება არსებობს, ამის შეფასებასა და შესაბამისი დასკვნის გაკეთებას წარმატებით შეძლებს კვალიფიციური, კარგად მომზადებული, შეფასების სათანადო ინდიკატორებით აღჭურვილი ექსპერტი, რომელიც ეწვევა სკოლას, რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდება პროცესებს, დაესწრება გაკვეთილებს, აიღებს ინტერვიუებს და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერად და გულისხმიერებით მიუდგება შეფასების ამ პროცესს. მისი დასკვნა უნდა იყოს პროფესიონალურად მომზადებული და ახლდეს შესაბამისი რეკომენდაციები არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის, მოკლედ  ისე, როგორც ეს ყველაფერი ხდება წარმატებულ, განვითარებულ ქვეყნებში.

დღესდღეობით წინგადადგმული იმედისმომცემი ნაბიჯია ის კონცეფცია, რომელიც მზადდება განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიის მიერ, ზოგადი განათლების მიმართულებით. სხვა მნიშვნელოვან გზავნილებთან ერთად კონცეფციაში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ უნდა გადაიხედოს სასკოლო გარემო და დაიგეგმოს მისი რეფორმირებისთვის საჭირო პროგრამები. ამ დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების რეფორმის სამუშაო ჯგუფი მუშაობს ზოგადი განათლების  სისტემის მართვის კონცეფციაზე, რომელიც ეფუძნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების  ხარისხის გაუმჯობესებას. ამ გაუმჯობესების ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია სკოლების შესაბამისობის შემოწმება, როგორც სტანდარტთან - სკოლის კულტურა, ისე სხვა საგანმანათლებლო სტანდარტებთან და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მათთვის დახმარების გაწევა.

კარზეა მომდგარი საჯარო სკოლების გარეშეფასების ავტორიზაციის პროცესი. სასკოლო სისტემის მოუმზადებლობის გამო საჯარო სკოლების გარეშეფასება, რომელიც 2010-2011 სასწავლო წლიდან უნდა დაწყებულიყო, 2-ჯერ გადაიდო.  რამდენად არის განათლების სისტემა დღეს მზად, რათა ჩაატაროს სკოლების ხარისხის გულწრფელი შეფასება მთელი საქართველოს მასშტაბით - ქალაქებში, სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში; გამოკვეთოს რეალური სურათი - რა უჭირთ, რა ულხინთ; მოახდინოს ეფექტური რეაგირება გამოვლენილ პრობლემებზე; მოგვცეს იმაში დარწმუნების საშუალება, რომ სხვადასხვა სკოლაში მიღებული განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ქვეყანაში არსებულ სკოლებში მიღწეულია ურთიერთშეთანხმებული შედეგები? კიდევ გადავდოთ? არადა დრო არ იცდის, პროცესის დაწყებამდე აუცილებელია მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება ამ მიმართულებით, ჩასატარებელია ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესს აზრი არ ექნება და დროისა და სახსრების ფუჭად ხარჯვას გამოიწვევს.

სკოლის კულტურა ალბათ უფრო მეტია, ვიდრე შეფასების ერთი სტანდარტი. როგორ დამოკიდებულებას გამოვავლენთ სასკოლო განათლებისა და სასკოლო კულტურის მიმართ, რამდენად პასუხისმგებლობით მივუდგებით სკოლების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების  დაგეგმილ პროცესს - ეს ჩვენი დღევანდელი საზოგადოების კულტურის ამსახველი ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი იქნება.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^