Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 169-ე ბაღის დირექტორი თანამდებობაზე უნდა აღდგეს

03 ნოემბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 196-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, ფიქრია ჩახნაშვილი თანამდებობაზე უნდა აღდგეს და განაცდური (20 000 ლარამდე) უნდა აუნაზღაურდეს.

2015 წლის ოქტომბერში ჩახნაშვილი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან ფინანსური და საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული დარღვევების გამო გათავისუფლდა. თუმცა, ჩახნაშვილის თქმით, მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი დარღვევები არ ყოფილა. მისი განმარტებით, თემურ თორდინავამ, მისგან რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა.

 „თანამშრომლების გათავისუფლება მას თავისთვის სასურველი კადრების დასაქმების მიზნით სურდა. მე ამაზე უარი ვუთხარი, რასაც მოჰყვა ზედიზედ რამდენიმე მონიტორინგის ჯგუფის ბაღში გამოგზავნა. რეალურად, სისტემური ხარვეზი, რომელიც მაშინ ტენდერებთან დაკავშირებით არსებობდა, ჩემი გათავისუფლების საფუძველი გახდა. მომწოდებლები ხელშეკრულების პირობებისა და ვადების დარღვევით პროდუქტებს ღამის საათებში გვაწვდიდნენ. ჩვენ იძულებული ვხდებოდით, რომ პროდუქტების აღრიცხვა მეორე დღისთვის გადაგვედო. ჩვენ თორდინავას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო დარღვევა, თუმცა ის გვპასუხობდა, რომ ეს იყო სისტემური ხარვეზი, რომელზეც პასუხი დირექტორებს არ მოგვეთხოვებოდა. ჩემი გათავისუფლების მიზეზად კი, როცა დასჭირდათ, სწორედ ეს დარღვევები გამოიყენეს“, - უთხრა „ლიბერალს“ ფიქრია ჩახნაშვილმა.

სასამართლო სხდომის ჩანიშვნას უკვე წელიწადზე მეტია ელოდება 11 გათავისუფლებული ბაგა-ბაღის დირექტორიც. ისინი თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ თბილისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გასული წლის თებერვალსა და მარტში გაათავისუფლა. აუდიტი ყველა გათავისუფლებულ დირექტორს თანხის არამართებულ ხარჯვას ედავებოდა. თუმცა, გათავისუფლებული დირექტორების განცხადებით, ისინი ბაღებიდან  პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის აპრილში კოლექტიური სარჩელით მიმართეს, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი დასაშვებად არ ცნო. სკოლის დირექტორებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 2016 წლის ივლისში კი სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს სარჩელის განხილვა დაავალა. თუმცა, როგორც 215-ე ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ხატია ლაშქარაშვილმა უთხრა „ლიბერალს“, დღემდე სასამართლო, როგორც მას განუმარტეს, გადატვირთული გრაფიკის გამო, არ ჩანიშნულა.

ხატია ლაშქარაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესი მიზანმიმართულად გაჭიანურდა.

„აუდიტის დასკვნაში გვედავებიან, თუ რატომ მოვახმარეთ ბაღს ფინანსები. იმდენად აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდებაა, რომ პროცესი ჩვენი აღდგენით უნდა დასრულდეს, ჩვენ განაცდურსაც ვითხოვთ. ცხადია, ამგვარი გადაწყვეტილება არ აწყობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს. ვეჭვობ, რომ სწორედ ამიტომ ეს პროცესი განძრახ გაჭიანურდა", - ამბობს ხატია ლაშქარაშვილი.

მისივე თქმით, დირექტორების გათავისუფლება რეალურად პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ამბობს, რომ მისი გათავისუფლება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავალების არშესრულებას უკავშირდება, როცა მან „ოცნების“ მხარდამჭერთა ოცკაციანი სიის წარდგენაზე თქვა უარი.

„ჩვენი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მაშინაც იყო ეს ზეწოლა, რაც ახლა წინასაარჩევნო პერიოდში გახდა აქტუალური - უნდა მიგვეტანა მომხრეთა ოცკაციანი სია. პირადად მქონდა საუბარი (სააგენტოსთან), რომ მე არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვიყავი და ვერანაირად ვერ მივუყვანდი მხარდამჭერებს. ეს იყო ჩემი გათავისუფლების მიზეზი, სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ. ამას მოჰყვა მონიტორინგის ჯგუფების შემოსვლა ბაღში. ახალი დირექტორის პირობებში იმ ბაღში, ჩემი ინფორმაციით, დღემდე არცერთი შემოწმება არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, ახალმა დირექტორმა მისთვის მიუღებელი კადრები, თითქმის თანამშრომელთა მეოთხედი სრულიად უმიზეზოდ, მათი პროფესიონალიზმის გათვალისწინების გარეშე გაათავისუფლა. ლოგოპედი, სპეცპედაგოგი, მოადგილე, საქმეთა მმართველი, სამი აღმზრდელი - დღეს ყველას საქალაქო სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი და ისინიც სასამართლოს ელოდებიან“, - ამბობს ხატია ლაშქარაშვილი

გაასაჩივრებს თუ არა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერჯერობით უცნობია. „ლიბერალი“ შეეცადა, დაკავშირებოდა სააგენტოს დირექტორს, თემურ თორდინავას და სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების ბრალდებების შესახებ შეკითხვები დაესვა. თუმცა მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ მოხერხდა. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, თორდინავა ქალაქში არ იმყოფება, მის კომენტარს „ლიბერალი“ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

196-ე ბაღის დირექტორის აღდგენაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაღების სააგენტო გაასაჩივრებს

ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები მერიის აუდიტის დასკვნის გასაჩივრებას გეგმავენ

რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან ბაგა-ბაღების 4 დირექტორი

სათამაშოების შეძენისთვის დასჯილი ბაგა-ბაღის დირექტორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^