Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► 6 წელი შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის კვალისთვის

08 ნოემბერი 2017

„შპრიცში აღმოჩენილი“ 0,000305 გრამ MDMA და 0,000106 გრამ მეტამფეტამინის ფლობის ბრალდებით ირაკლი ჩხეიძეს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გუშინ, 7 ნოემბერს გამოიტანა. ირაკლი ჩხეიძე 6 მარტს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დააკავეს. დაკავებიდან 9 დღეში მას შვილი შეეძინა.

[საქართველოში დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებებისთვის მცირე ოდენობა განსაზღვრული არაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ოდენობა ავტომატურად დიდ ოდენობად ითვლება და შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სანქციაც უფრო მკაცრია, ვიდრე მცირე ოდენობის შემთხვევაში.

 „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისავტორობით მომზადებულ კანონპროექტის (რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია) ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის სამართლიანი განსაზღვრაა, ვინაიდან სპეციალისტების შეფასებით, ოდენობები უსამართლო სანქციების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა].

„ლიბერალთან“ საუბრისას მსჯავრდებულის მეუღლე თინა კობეშავიძე ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში ირაკლი ჩხეიძეზე იყო ზეწოლა, მუდმივად აჩერებდნენ და გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში, პოლიციის თანამშრომლები არ მალავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ რაღაცას მოუწყობდნენ და დააკავებდნენ. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. დააკავეს. „მიაღწიეს იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში გეგმავდნენ“.

„შემდეგ როგორც აღმოჩნდა, ეს ნივთიერება იყო MDMA. თვალით უხილავი რაოდენობა, რომელიც შპრიცში იყო აღმოჩენილი. მისი არ ყოფილა, მას თან არ ჰქონია ეს ნივთიერება - ის ჩაუდეს... ყოველ ჯერზე უბნის პოლიციელები თანამშრომლობას სთხოვდნენ, რომ ვინმე დაესახელებინა, თანხას სთავაზობდნენ და ა.შ. ყოველთვის, როცა აჩერებდნენ, დღის მონაკვეთი თუ იყო, ვინმეს ეძახდა, რომ მოწმე ჰყოლოდა, რომ არაფერი ჰქონდა. ცდილობდა, რომ ყოფილიყო ოჯახის წევრებთან ერთად... [დაკავებამდე] მაღაზიაში რომ ჩავიდა, ორსულად ვიყავი და არ შემეძლო, თორემ აუცილებლად ჩავყვებოდი“, - ამბობს მეუღლე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, გურამ იმნაძის შეფასებით, ეს საქმე ძალიან კარგად და ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლოა დღეს არსებული კანონმდებლობა, როდესაც უმცირესი ოდენობით ნივთიერებისთვის ადამიანებს კანონის თანახმად შეეფარდება რამდენიმეწლიანი სასჯელი.

მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალებების დაახლოებით ¾-ს არ აქვს განსაზღვრული მცირე და საშუალო ოდენობა, და შესაბამისად, მათი უმცირესი ოდენობით აღმოჩენაც კი დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობად ითვლება​, რასაც თან სდევს მკაცრი სანქციები.

 იმნაძე ამბობს, რომ პლატფორმის ავტორობით მომზადებული კანონპროექტით, ოდენობები განისაზღვრება უკვე საშუალო მომხმარებლის სამყოფი დოზების მიხედვით. „მაგალითად მცირე ოდენობად განისაზღვრება ის ოდენობა, რაც საკმარისია ერთი დღის მოხმარებისთვის და ასეთი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის ადამიანს აღარ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა, მით უმეტეს, რამდენიმეწლიანი საპატიმრო სასჯელი. ამ ოდენობით ნივთიერების ფლობისთვის ადამიანს დაეკირება ადმინისტრაციული სახდელი“, - ამბობს იმნაძე. 

რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, მსჯავრდებულის ადვოკატი, ზაზა მესხი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იყო კანონის დარღვევით და მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.

საქმის მასალებში არის მსჯავრდებულის მეგობრის ბექა ფირანიშვილის 2 ჩვენება - ერთი, რომელიც მან გამოძიებას გამოკითხვისას მისცა, ხოლო მეორე - სასამართლოზე დაკითხვისას მიცემული ჩვენება.

როგორც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას აღნიშნა, ფირანიშვილმა გამოძიებას უთხრა, რომ ირაკლი ჩხეიძის ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკი, სადაც მოთავსებული იყო რამდენიმე ცალი ერთჯერადი საინექციო შპრიცი და ამპულა.

დაცვის მხარის პოზიციით, აღნიშნულ ჩვენებას მსჯავრდებულის მეგობარმა ხელი ზეწოლის შედეგად მოაწერა. ადვოკატი ამბობს, რომ ფირანიშვილს არც წაუკითხავს, თუ რას აწერდა ხელს. შემდგომ კი, სასამართლოში დაკითხვისას, მან სრული სიმართლე თქვა, რომ  არ დაუნახავს, რა ამოუღეს ირაკლი ჩხეიძეს და არ იცის, ჰქონდა თუ არა მას ნარკოტიკული საშუალება.

„ბექა ფირანიშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ [პოლიციაში გამოკითვხისას] ის იყო აღელვებული, იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ და არ წაუკითხავს, რა ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი, რა ჩაწერა მასში გამომძიებელმა. მან სასამართლოზე უარყო ყველა ის ფაქტი, რაც მისი გამოკითხვის ოქმშია აღნიშნული. თუმცა მოსამართლემ სასამართლოში მიცემული ჩვენება არ გაითვალისწინა და იმ აბსურდულ ჩვენებას დაეყრდნო, რომელიც ბექა ფირანიშვილმა ვითომდა გამოძიების დროს მისცა. ამ ჩვენებაშიც უერთიერთგამომრიცხავი ფაქტები წერია, რაზეც მოსამართლეს ყურადღებას არ გაუმახვილებია“, - აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, ბექა ფირანიშვილზე მიმდინარეობდა ზეწოლა - თუ ის გამოძიების სასარგებლო ჩვენებას არ მისცემდა, მასაც მოუწევდა პასუხისგება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, რომ მას ან ჩაუდებდნენ ნარკოტიკს ან პროვოცირებას მოუწყობდნენ.

როგორც მსჯავრდებულმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, მის წინააღმდეგ ბრალდება არის ძალიან სუსტი და მხოლოდ სამართალდამცველთა ჩვენებებზეა აგებული.

„სამართალდამცველთა ჩვენებებიც არ ემთხვევა ერთმანეთს... მათ ხომ შეეძლოთ გადაეღოთ [დაკავების მომენტი]. თუ ეს არ გადაუღიათ, შემდეგ ხომ შეეძლოთ გაეკეთებინათ დნმ-ის ანალიზი, თითის ანაბეჭდის ანალიზი, რაც არ გააკეთეს...“, - განაცხადა მან.

მიუხედავად ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა და ირაკლი ჩხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მან გადაწყვეტილების განმარტებისას ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა:

რატომ დაეყრდნო მოსამართლე მოწმე ბექა ფირანიშვილის გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას

როგორც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაცხადა, მოწმე ბექა ფირანიშვილმა სასამართლოში დაკითხვისას უარყო მასზე შესაძლო ზეწოლა და მუქარა, და გამორიცხა პოლიციელების მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბექა ფირანიშვილმა გამოძიების ეტაპზე ყოველგვარი ზეწოლის გარეშე თანმიმდევრული ჩვენება მისცა გამოძიებას.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბექა ფირანიშვილის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე მოხდა დაუყოვნებლივ, შესაბამისად, მას არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, რომ ჩვენებები იმგვარად დაელაგებინა, რომ უახლოესი მეგობრისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სწორედ დაუყოვნებლივ მიცემული ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ იგი იყო გულწრფელი და თანმიმდევრულ ფაქტებს აწვდიდა გამოძიებას.

პოლიციელების მხრიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება/ვიდეოგადაღების საკითხი

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ პოლიციელებს უნდა მოეხდინათ ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩაწერა, ან მოეძიებინათ ვიდეოჩანაწერი. მოსამართლის განმარტებით, საქმეში არსებობს ნეიტრალური მოწმის, მსჯავრდებულის მეგობრის ჩვენება, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია, რომ პოლიციელებს აუცილებლად მოეპოვებინათ  ნეიტრალური მტკიცებულებები. „ამიტომ სასამართლო არ აკეთებს აქცენტს იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ გადაიღეს პოლიციის თანამშრომლებმა ვიდეო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს პროცედურები ხორციელდებოდა ბრალდებულის მეგობრის თვალთახედვის არეში. ბრალდებულის მეგობარმა კი ბრძანა, რომ პოლიციელებმა მის მეგობარს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამის შედეგად ამოიღეს ამპულა და შპრიცები“, - აღნიშნა მოსამართლემ.

გარდა ამ არგუმენტებისა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მან გადაწყვეტილება მოსამართლის შინაგან რწმენაზე დაყრდნობითაც მიიღო. მისი თქმით, როდესაც სასამართლო მოცემული საქმის არსებით განხილვას იწყებდა და არკვევდა ბრალდებულის პოზიციას წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, ბრალდებულმა დაიწყო დავა არა ფაქტთან მიმართებით, არამედ იმ საკითხზე, რომ ამ ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს.  

კიდევ ერთი გარემოება, რამაც მოსამართლის შინაგან რწმენაზე იმოქმედა, არის ის, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეები ითხოვდნენ გონივრულ ვადას საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^