Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არავითარი შიში!“ - ტრანსგენდერი მამაკაცის ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მის შემდეგ

10 ნოემბერი 2017

„არავითარი შიში!“, - ასე მიმართავს ალექსანდრე საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა ლგბტ ადამიანებს.

„რაც მე გადავიტანე, რომ შემშინებოდა გადავიტანდი? არანორმალური უნდა იყო, რომ არ გეშინოდეს, მაგრამ მთავარია, ეს დაძლიო“.

56 წლის ალექსანდრე (რესპონდენტის თხოვნით სახელი შეცვლილია) ტრანსგენდერი მამაკაცია. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში საკუთარი იდენტობის შესახებ ოჯახსა და მეგობრებს გაუმხილა. პროფესიით ფილოლოგი, ყოფილი პედაგოგი და ერთ დროს შეძლებულ ოჯახში დაბადებული ალექსანდრე, დღეს უსახლკაროდაა დარჩენილი. მას ძალიან უნდა ტრანზიციის პროცესის სრულად გავლა, მაგრამ ოპერაციის ხარჯები დიდია. 

ალექსანდრეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობაში“ შევხვდით, სადაც მას მძიმე ყოველდღიურობასთან გამკლავებაში ეხმარებიან.

ოჯახის მხრიდან დიდი დაბრკოლებების მიუხედავად, მასტექტომია (ძუძუს მოკვეთა) 80-იან წლებში გაიკეთა, ოპერაციამდე კი დოკუმენტებში სქესის ჩანაწერი და სახელი შეიცვალა. რაც დღეს საქართველოში შეუძლებელია - ქირურგიული გზით სქესის შეცვლა - ერთადერთი გზაა იურიდიულ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად.

არაღიარებული იდენტობა

ალექსანდრემ პირველად მე-8 კლასში გაუმხილა მეგობარ თანაკლასელს საკუთარი იდენტობის შესახებ.

„ფიზკულტურის გაკვეთილზე გოგონები და ბიჭები ხომ ცალ-ცალკე იხდიდნენ. ის (ნანა) მეკითხებოდა, რატომ არ შემოდიხარ თავის დროზე გასახდელში, რატომ იგვიანებო. ხან რას მოვიგონებდი, ხან რას, რომ ისინი გასულიყვნენ და მე ცალკე შევსულიყავი და ცალკე გამეხადა. ნანას ვუთხარი, რომ ეგრე იყო საქმე. მან მიპასუხა, გგონია არ ვიცითო? ვგრძნობთო. აბსოლუტურად ნორმალურად მიიღეს, ბიჭებმაც, გოგოებმაც, მასწავლებლებმაც“, - ამბობს ალექსანდრე

პირველად საკუთარი იდენტობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურას 18 წლის ასაკში სექსოლოგ გიორგი ვასილჩენკოს ნაშრომით გაეცნო.

„ვიფიქრე, არსებულა დედამიწაზე ეგეთი რაღაც! მე, ბავშვს, საიდან მეცოდინებოდა? ვფიქრობდი, არ შეიძლება არ არსებობდეს-მეთქი. ვიჯექი ბიბლიოთეკაში და ვკითხულობდი, მივყევი და იმდენი ინფორმაცია დამიგროვდა...“

როგორც თავად იხსენებს, მალევე საიდუმლო დედასაც გაუმხილა.

„ის წიგნი წინ დავუდე და ვუთხარი. გაგიჟდა ქალი. კი მაგრამ ვერ ხვდებოდი-მეთქი? კაცის კოსტუმით რომ დავდივარ, სახლში მოსული რომ უცებ ვიხდი კაბას; მთელი სიცოცხლე რომ შარვლით მიყვარს სიარული მე-6 კლასიდან... პატარაობაში შორტებს ვერ მახდევინებდნენ და ამბობდნენ, რომ სპორტული ბავშვია, სირბილი უყვარსო. რატომ არ მეკითხები, რატომ ცხოვრობ ასე? რა ვიცი, სულ სპორტით ხარ დაკავებულიო. განა არ გრძნობდა? უბრალოდ იმდენად მიუღებელი იყო მისთვის, რომ არ უნდოდა დაჯერება“, - იხსენებს სანდრო.

მაშინ არ შეიძლებოდა გოგონებისთვის სკოლაში შარვლით სიარული, ამიტომ ის მამაკაცის ყავისფერ ვილვეტის კოსტუმს იცვამდა. საზოგადოება კი ფიქრობდა, რომ ეს მდიდარი ოჯახის შვილის ბავშვური ახირება იყო.

ვილვეტის კოსტუმი იმიტომ ამოვირჩიე, რომ თვალშისაცემი არ ყოფილიყო. ძალიან მინდოდა ის ლურჯი ფორმა მცმოდა, ბიჭებს რომ ეცვათ. სასკოლო ლურჯი ფორმა. მაგრამ არ გამოდიოდა“.

როგორც ალექსანდრე გვიყვება, ამ ამბიდან მეორე დღეს დედამ ანალიზების ასაღებად იძულებით წაიყვანა. მას შემდეგ, რაც დედა დარწმუნდა, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო, ექიმებმა ურჩიეს, შვილი სექსოპათოლოგთან წაეყვანა. ის იძულებით დაჰყავდათ სექსოპათოლოგთან თვეების განმავლობაში.

„დედაჩემს 500 მანეთი გადაუხდია. თურმე იმ ექიმს უთქვამს - რომ კაი გოგოს ჩაგაბარებთო“, - ამბობს ალექსანდრე.

ამ ამბების პარალელურად, ალექსანდრე შემთხვევით შეხვედრია ადამიანს, ექიმ-სექსოლოგ ანდრო კანდელაკს, „რომელმაც სიცოცხლე აჩუქა“. „ანდრომ გვისმინა და დედაჩემს უთხრა: იცით, ქალბატონო, ამ ბავშვს თუ ოპერაციის უფლებას არ მისცემთ, სიცოცხლეს სუიციდით დაამთავრებსო. მაშინ ეგრე იყო, მშობლებს უნდა მოეწერათ ხელი“, - იხსენებს ალექსანდრე.

კანდელაკის რჩევით, 1983 წელს 22 წლის ალექსანდრე მამასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა, სექსოპათოლოგიის ცენტრში, სადაც გიორგი ვასილჩენკოს შეხვდა. პროცედურის მიხედვით, ცენტრს უნდა გაეცა დასკვნა და შემდეგ კლინიკაში 3 თვე უნდა დარჩენილიყო. შემდეგ 3-4 წლის მანძილზე ტრანზიციის პროცესი უნდა გაევლო.

დიდი დაბრკოლებებისა და დედასთან კონფლიქტის მიუხედავად, ალექსანდრე მოსკოვში გაიპარა. ჯანდაცვის მინისტრი დაარწმუნა, რომ მშობლების ნებართვის გარეშე მიეღო ოპერაციისთვის მზადების უფლება. მან ყველა სავალდებულო პროცედურა რამდენიმე წელიწადში გაიარა.

„დედას რომ ვუთხარი ოპერაციის შესახებ, მითხრა - ჩემი შვილი აღარ ხარო“, - იხსენებს ალექსანდრე.

მასტექტოომიის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ სქესის კვლავმინიჭების ოპერაციამდე წელიწადნახევარი მაინც უნდა გასულიყო. ყოველი სამედიცინო მომსახურება იმ დროისთვის უფასო იყო.

„წელიწადნახევრის მერე ხომ უნდა ჩავსულიყავი. საბჭოთა კავშირი დაინგრა და ვეღარ მოვასწარი. 1991 წელს ჩავედი, დიდი არეულობა იყო და ვერ გარისკეს. უკვე პოლიტიკური ამბები იყო და კრიმინალი გამოდიოდა. ამას პოლიტიკურ იარლიყს მიაკრავდნენ. მერე შეუძლებელი იყო. უკვე იმხელა ფასი დაედო, ჩვენთან ისეთი სიდუხჭირე იყო, ვეღარაფერი მოვახერხე. მამა ავად გახდა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. დედა 1999 წელს გარდაიცვალა. გავწამდი, უფულობის გამო ვეღარსად ვახერხებდი წასვლას. ასე დავრჩი წელს ქვევით ისევ ქალი. სანამ სული არ გამძვრება მაინც ვიბრძოლებ ამ ოპერაციისთვის“, - ამბობს ალექსანდრე

ალექსანდრე იხსენებს, რომ ირგვლივ ყველას ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ, თუმცა დედა მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა: „ქალის სახელს მეძახდა და მაგიჟებდა, ამას სპეციალურად მიკეთებდა. ჩემი კლასელი ბიჭები მოვიდნენ და უთხრეს - კარგი რა, მანანა დეიდა, ხომ არ უნდა გააგიჟო ეს ადამიანიო. ნუღარ ელაპარაკებიო. იმათ გადამატანინეს ეს დრო, მარტო არ მტოვებდნენ“, - იხსენებს ალექსანდრე.

დედის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრემ აღმოაჩინა, რომ ბინა, რომელშიც ის გაიზარდა, დედამ კარის მეზობელს დაუტოვა.

„მეზობლის წყნარმა ბიჭმა უცებ ამოიღო ხმა - ეს სახლი ჩემია, დავაი აქედან, შენ ვინ ხარო. ჩემზე უფროსი კაცია, 4 ვაჟიშვილი ჰყავს“. როგორც ალექსანდრე იხსენებს, წინააღმდეგობის მიუხედავად, ბინის დათმობა მას მოუწია, რადგან მეზობელი თავის ვაჟიშვილებთან ერთად ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა.

ყოფილი კლასელის მშობლების სახლს შეკედლებულმა ალექსანდრემ, დახმარების თხოვნით განათლების სამინისტროს მიმართა, რომ მისთვის რომელიმე სკოლაში სამუშაო ადგილი გამოეყოთ. ასე დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ბოლნისის ერთ-ერთ სკოლაში. იქ 5 წელი იმუშავა. საცხოვრებლის ქირას და კომუნალურ გადასახადებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უხდიდა.

„მერე მომბეზრდა და ბოლნისის მონასტერში წავედი. დღემდე ვმეგობრობ იმ ბერთან - შემიფარა, ეგ რა პრობლემააო. ვერ გავძელი და ვუთხარი, კიდევ მინდა მასწავლებლობა, თქვენთან ვიცხოვრებ და სკოლაში ვივლი-მეთქი. ასეც მოვიქეცი, მონასტერში ვცხოვრობდი და სკოლაში ვმუშაობდი. იცით, რა ბედნიერი ვიყავი? დილით 5-ზე ვდგებოდი და ფეხით გავდიოდი 16 კმ-ს. 3 წელი ვიყავი ასე, მერე არქიმანდრიტი იოანე მლეთაში გადაიყვანეს. იმის მერე იქ აღარ მიმუშავია. რადგან ის წავიდა, გული აღარ მქონდა იქ დარჩენის და 2007-08 წლებში თბილისში წამოვედი“, - იხსენებს ალექსანდრე.

თბილისში დაბრუნების შემდეგ სათემო ორგანიზაციები ეხმარებოდნენ ბინის ქირის გადახდაში. მოგვიანებით სახელმწიფო პროგრამის შესახებ შეიტყო, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლებას ისახავდა მიზნად. ქართული ენის გამოცდები ჩააბარა და 65 გამარჯვებულ პედაგოგს შორის უმაღლესი ქულით ტრენერი გახდა.

„სულ ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ეს ცოდნა, თუ ბედნიერი არ ვიქნები? ჩემნაირ კაცთან არცერთ ქალს არ უნდა ურთიერთობა. ერთ ქალთან მქონდა ურთიერთობა. 7 წელი ვცხოვრობდით ერთად, მაგრამ ეს ხომ ცხოვრება არ იყო? ეს რა ურთიერთობა იყო? მაგრამ, იცით, მხარში როგორ მედგა? შემდეგ დედამისმა იმდენი ქნა, რომ...“.

შეხვედრის დასასრულ ალექსანდრემ 17 მაისიც გაიხსენა.

„რაზე მწყდება გული, იცით? სამღვდელოება რომ არ გვიღებს. არადა, დალოცვილო, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ჩვენც ღმერთმა გაგვაჩინა. არაო, ბიბლიაში წერია მარტო ქალი და კაციო - ჩვენ რა, მთვარიდან ჩამოვცვივდით?

„დღეს გვდევნიან. 17 მაისს, მეც იქ ვიყავი. ეს ხუთმეტრიანი პოლიციელები, ვითომ ჩვენი დამცველები, პატარა ბიჭებმა როგორ გამოარღვიეს? - ვერ წარმომიდგენია. დაერივნენ მერე გეი ბიჭებს. ვდგავარ მეც იმათთან, ხმას არ მცემენ. ვიძახი - თქვენ სულელები ხომ არ ხართ? იმას რომ ურტყამ, რატომ მე არ მირტყამ?

- შენ, ჩემი ძმა, მაგათ მხარეზე ხარ?! - მეკითხებიან“.

დღეს ალექსანდრე ღამეს ქუჩაში ათევს. თუ ცუდი ამინდია. შეგროვილი ფულით ოთახს ქირაობს. დღისით სიცივეს „თანასწორობის მოძრაობაში“ აფარებს თავს. იხსენებს, რამდენიმე დღის წინ ქუჩაში სიცივისგან რომ ცუდად გახდა და გადასხმისგან დატოვებულ ნანემსარებს გვიჩვენებს. როგორც თავად ამბობს, უფასო სადილით ერთ-ერთ რუსულ ეკლესიაში უმასპინძლდებიან.

„ხომ ხედავთ, რომ არც მშიერი მოვმკვდარვარ, შიმშილისაგან არც დისტროფიკი გავმხდარვარ, არც არაფერი მტკივა, შიშველი არ დავდივარ. ჩემი ნომერ პირველი პრობლემაა, რომ სრულყოფილი მამაკაცი ვიყო, 16-დან 20 ათას ევრომდე ჯდება ამ ოპერაციის გაკეთებაო, ასე მითხრეს“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^