Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გზისა და წყლის გარეშე დარჩენილი ჩანგილარელები

15 ნოემბერი 2017

„სხვა სოფლებთან კავშირი არ გვაქვს. ზამთარში აქ მოსვლა საერთოდ შეუძლებელია. ღმერთმა არ ქნას, ვინმე ცუდად გახდეს, სასწრაფო, ალბათ, ცოცხალს ვერ მოუსწრებს,“ - ამბობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარში მცხოვრები ალადინ მუსტაფაევი და სოფლის სავალალო მდგომარეობაზე გვიყვება.

ალადინი აღნიშნავს, რომ ჩანგილარელებს მიწის ნაკვეთებიც აქვთ  და ბაღებიც, მაგრამ იმის გამო, რომ სარწყავი წყალი არ არის, მოსავალი ვერ მოჰყავთ: „ერთადერთი საშუალება, რითიც ფულს ვშოულობთ, მიწაა, მაგრამ სარწყავი კი არა, დასალევი წყალიც არა გვაქვს. ერთადერთი ხსნა წვიმაა. როცა სეზონი წვიმიანია, ცოტა მოსავალი გვაქვს. ისიც მხოლოდ მინიმალურ ხარჯებს ფარავს. სოფლის გარეთ მოსავლის გატანა და გაყიდვა შეუძლებელია. გვალვის გამო ხეები გაგვიხმა. წლიდან წლამდე სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. ჩინგილარი რომ არსებობს, ეს ალბათ აღარავის ახსოვს. კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. თუ მოსავალს ვერ ვყიდით, ნორმალურად ვერ ვცხოვრობთ, აქ რიღასთვის უნდა დავრჩეთ?“

ჩინგილარში ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ამავე სოფელში მცხოვრები ილიას მაჰრამოღლუ ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა სწრაფად მცირდება: „ახლა სოფელში ცოტა ხალხია დარჩენილი. მათი უმეტესობა ხანდაზმულია. მოხუცებს ხშირად აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ აქ ბოლოს როდის მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, არ მახსოვს. გამოძახებასაც არ აქვს აზრი, 2-3 საათში ძლივს მოდიან აქამდე. ახალგაზრდების დიდი ნაწილი უმუშევრობის გამო რუსეთში და აზერბაიჯანში წავიდა.“

ილიას მაჰრამოღლუ აცხადებს, რომ  ახლა აზერბაიჯანსა და რუსეთშიც გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა და ამიტომ ამ ქვეყნებში სამუშაოდ წასულ ხალხსაც გაუჭირდა: „აქაურობის მთავარი პრობლემა გზა და წყალია. ეს პრობლემები რომ მოაგვარონ, მოსავალს ბაზარში წავიღებთ და ლუკმა-პურის ფულს ვიშოვით, სხვა ქვეყნებში წასვლაც აღარ დაგვჭირდება.“

ადგილობრივების თქმით, სოფლამდე მისასვლელ ცენტრალურ გზაზე მანქანებს გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა წვიმს ან თოვლია.

სოფლის მკვიდრი, 76 წლის საფურ გაიბოვი ამბობს, რომ როდესაც  ავად ხდება, ახლობლები ეხმარებიან: „კიდევ კარგი, ტელეფონი არსებობს. როცა გამოუვალი მდგომარეობაა, შეიძლება ექიმთან დარეკო და რჩევა მაინც ჰკითხო. ბოლოს 3 თვის წინ ვიყავი ექიმთან. ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს. თვეში ერთხელ ჩემი შვილიშვილი მიდის წამლების საყიდლად. თუ ცუდად ვარ, ისევ თანასოფლელები მეხმარებიან. როცა ძალიან უარესდებაა ჩემი მდგომარეობა, მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს.“

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ ჩილინგარის პრობლემებზე იციან და გზის კეთილმოწყობისა და სოფლის წყლით უზრუნველყოფისთვის თანხა მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თუმცა, რა ოდენობის თანხა დაიხარჯება პრობლემების მოსაგვარებლად, ამაზე ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ.

„მე რაღაცას მაინც მოვესწარი. ვმუშაობდი, ფულს საკუთარი შრომით ვშოულობდი. მინდა, რომ ახალგაზრდებიც მოესწრონ ნორმალურ ცხოვრებას და მშობლიურ სოფელში ცხოვრების ნორმალური პირობები ჰქონდეთ,“ - ამბობს საფურ გაიბოვი.

რაჰიმ შალიევი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^