Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვები თავისუფალ დროს - ინტერვიუ მაია ცირამუასთან

15 ნოემბერი 2017

„მშობლებს მაინცდამაინც  არ  უხარიათ, როცა ბავშვებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ.  უთქვამთ კიდეც ჩემთვის - ბავშვს რაც უფრო ნაკლები თავისუფალი დრო ექნება, მით უკეთესი, რადგან ნაკლები დრო ექნებათ სისულელეებისთვისო“, - მითხრა ბავშვთა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ. ჩვენ მას ბავშვებისთვის თავისუფალი დროის მნიშვნელობაზე, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე  სასაუბროდ ვესტუმრეთ.


რა არის ეს სისულელეები მათი წარმოდგენით?

ეს წარმოდგენები ეფუძნება შიშებს - მაგალითად იმას, რომ ბავშვი  არ მოექცეს თანატოლთა გავლენის ქვეშ, არ იხეტიალოს ქუჩაში და აშ.

ბავშვების ხედვით?

პასუხებიდან რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს, ისაა, რომ მათი თავისუფალი დრო უფრო ამ დროის მოკვლას გულისხმობს, თავისუფალი დროის მნიშვნელობას ხშირად ვერც ბავშვი და ვერც მშობელი ვერ აცნობიერებს.

სკოლაში შესვლის დრო ურთულესი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვი ჯერ კიდევ თამაშის ასაკშია და უცებ მერხთან უნდა დაჯდეს, რაღაც წესებს დაემოჩილოს, რომლებიც უფრო თავს მოხვეულია, ვიდრე ბავშვთან შეთანხმებული და გაზიარებული. მან უნდა იკითხოს, წეროს, იმეცადინოს. და თუ ამ დროს ბავშვს თამაშისკენ გაურბის თვალი, მშობელი ამას ეჭვის თვალით უყურებს. ფიქრობს, რომ ბავშვი მაინცდამაინც კარგად ვერ ჩაერთო ცხოვრების ახალ წესში.  

არადა, თამაში ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლის კარებთან ბავშვი ხშირ შემთხვევაში კარგავს ბავშვობას, რადგან ემშვიდობება თამაშს.

როგორ და რით თამაშობენ ახლა ბავშვები?

ეს კითხვები ძალიან ინფორმაციულია ხოლმე.

ბავშვის ცხოვრებაში სათამაშოს ისეთი ადგილი აღარ უჭირავს. თამაშმა მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

ბავშვის მთელი თავისუფალი დრო მარტოობის შევსებაა.

რისგან შედგება ბავშვის ცხოვრება?  - სკოლა, მეორე დღისთვის გაკვეთილების მომზადება, ტელევიზორის ყურება, გაჯეტები და მეტი არაფერი. სულ ეს არის.

ეს რამ მოიტანა?

მარტოობამ, მოწყენილობამ. თანამედროვე მშობელი სხვანაირი გახდა. თუ ის აქტიურია, დასაქმებულია, ნაკლები დრო რჩება კომუნიკაციისთვის. რაღაც ეტაპამდე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან ერთად მშობელიც თამაშობდეს. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მშობელი მასთან ერთად ერთობა. ეს იქნება ქალაქგარეთ გასვლა, სირბილი, ხტუნვა თუ სხვა რამ.

ბავშვებისთვის სირბილი ფრენის ტოლფასია, ეს არის თავისუფლების, ბედნიერების განცდა.

ბევრი ბავშვია დაკავებული რაღაც ტიპის ფიზიკური აქტივობით...

ამასაც რაღაც ფორმა,  სასწავლო ხასიათი აქვს. ფეხბურთზე ან ცეკვაზე დადის... მაგრამ თავისუფალი დრო  ამ ყველაფრის მიღმა უნდა იყოს - დრო ჩემთვის. როდესაც დაკავებული ვარ იმით, რაც მინდა.

ახლა ძალიან იშვიათად მინახავს, რომ ბავშვები ეზოში თამაშობდნენ.  

ბევრი ბავშვი იმგვარადაა დატვირთული, რომ ფიზიკურად აღარ რჩება თავისუფალი დრო…

ეს ბავშვის განვითარებისთვის სახიფათოა. ხშირ შემთხვევაში ეს  ბავშვის შესაძლებლობების ექსპლუატაციაა. მშობელს უნდა, რომ მისმა შვილმა იცოდეს ფრანგულიც, ინგლისურიც, ცეკვავდეს კიდეც, ფორტეპიანოზეც უკრავდეს და სპორტითაც იყოს დაკავებული. რაც უფრო შეძლებულია ოჯახი, მით მეტ აქტივობებში უწევს ბავშვს ჩართვა. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი სულაც არ არის ბავშვთან შეთანხმებული. არ არის მისი არჩევანი. ხშირად ეს  მშობლის არარეალიზებული სურვილების განხორციელებაა.

რატომ არის ეს სახიფათო?

6-იდან 12 წლამდე ასაკში ბავშვი იწყებს კომპეტენციების დაგროვებას. იმ სფეროების მოხაზვას, სადაც თავს კომპეტენტურად გრძნობს. ბავშვს, რომელიც ყველაფერზე დაჰყავთ, არ ჰყოფნის ენერგია. ზოგჯერ ინტერესიც არ აქვს. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვმა განსაზღვროს  კომპეტენციების სფერო, პირიქით, უფრო და უფრო დაბნეული ხდება. ვერ ხვდება, რა უნდა და საბოლოო ჯამში მისთვის იმდენად დამღლელი, რუტინული და თავს მოხვეულია ეს ყველაფერი, რომ აღარაფერიც აღარ უნდა.

ბავშვს აუცილებლად უნდა დარჩეს სივრცე იმისთვის, რომ იყოს ტომ სოიერი, პეპი, ჰეკლბერი ფინი.  

ვისაუბროთ საკითხის სოციალურ განზომილებაზე…

ორი უკიდურესობა არსებობს.  მინახავს ბავშვები, რომლებსაც არაფერი აქვთ, მატერიალური საგნებიდან დაწყებული ზრუნვის, ყურადღების და სითბოს ჩათვლით - და არიან ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ბევრი ვალდებულება. ერთიც სარისკოა და მეორეც.

მინახავს ბავშვი, რომელსაც ხატვა შეუძლია მაგრამ, ელემენტარულად, ფანქარიც არ აქვს. ჩემთვის ბევრ ბავშვს უთხოვია - წავიღებ რა ფანქრებს...

ცხადია, ყველაფერი დაკავშირებულია შესაძლებლობებთან და იმასთან, თუ რამდენად უგულებელყოფილია ბავშვის საჭიროებები მშობლის მიერ. ამ შემთხვევაში ხშირად მატერიალურ შესაძლებლობას მნიშვნელობა არ აქვს. უგულებელყოფაა ისიც, როდესაც შენ ვერ ხედავ, რომ ბავშვს სივრცე სჭირდება თავისი „სისულელეებისთვის“, თავისი ბავშვური სიცელქეებისთვის და არ აძლევ მას. ბავშვის ინტერესების უგულებელყოფაა, როცა შენ თვლი, რომ მან უნდა იაროს ფეხბურთზე და ამ დროს მას ეს საერთოდ არ აინტერესებს. არ არის ბავშვთან შეთანხმებული და გაზიარებული.

როგორ ვუწყობთ ხელს ბავშვებს, ნაყოფიერად გამოიყენონ თავიანთი თავისუფალი დრო?

ბავშვების თავისუფალ დროს ვინმე რომ გამოიკვლევდეს, ძალიან ბევრ რამეზე აგვეხილებოდა თვალი. გავიგებდით რამდენად აკმაყოფილებს ბავშვის საჭიროებებს ამ თავისუფალი დროისთვის საჭირო სივრცეები.

გავიხსენოთ, სად გავიზარდეთ ჩვენ - ეზოებში. ეზოები და რეკრეაციული ზონები აღარ არის - ადგილები, სადაც ბავშვი წავა, გაერთობა, თავის თანატოლებს შეხვდება და აშ.

ეს არის თემა, რომელშიც ძალიან ბევრი რგოლის ჩართვაა საჭირო - მერის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თუ განათლების სამინისტროს - რათა ბავშვებმა თავიანთი თავისუფალი დროის ისე გატარება შეძლონ, როგორც თავად სურთ. ავიღოთ, მაგალითად, კლუბები; გვაქვს? ვთქვათ, მე რაღაც ინტერესი მაქვს და მინდა შევხვდე ბავშვებს, რომლებიც გატაცებული არიან ლიტერატურით ან ფიზიკით...

ძალიან ბევრი დაიწერა და არის მითქმა-მოთქმა, რომ ქალაქში არსებობს ბავშვების არაფორმალური დაჯგუფება, ე.წ. „მორგის დაჯგუფებას“ ვგულისხმობ, სადაც ბავშვები იკრიბებიან და რაღაც რიტუალებში არიან ჩართული. აწამებენ ცხოველებს, იყენებენ თვითდაზიანებებს...  რა ინფორმაციებიც ამ სუბკულტურასთან დაკავშირებით გავრცელდა, ბევრი რამ მართალია - ბევრიც გამოგონილი. ამით დემონიზებულია ეს ჯგუფი. მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ იმაზე, საერთოდ რატომ ჩნდება ამგვარი ჯგუფები, ვისი თავშესაფარია ის.

ეს არის ყველაზე მარტოსული, გარიყული და ტრავმირებული ბავშვების თავშესაფარი. ყველა მოზარდს, რომელსაც ამ დაჯგუფებასთან აქვს კავშირი, ძალიან დრამატული და მძიმე ისტორია აქვს. თავისუფალ დროზე კი არა სიცოცხლის გადარჩენაზე ვსაუბრობ. რას სთავაზობს ამ ჯგუფს ჩვენი საზოგადოება, დაწყებული განათლების გაგრძელებული ჯანდაცვის, მართლმსაჯულების სისტემით?

გვაქვს თუ არა დღეს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი ნეგატიური ახალგაზრდული კულტურები ჩანაცვლდეს პოზიტიურით. ვინ მუშაობს ამაზე? გაგვაცნია თუ არა  რაიმე ინიციატივა, პროგრამა, ხედვა?

ძალიან კარგი სუბკულტურასავით რამ ჩამოყალიბდა წიგნის თაროელი ბავშვებისგან - გაერთიარდნენ გარკვეული ინტერესების მქონე ბავშვები. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ბევრი ასეთი ჯგუფი უნდა არსებობდეს.

სპორტის როლი...

ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი თამაში მოედანზე, სადაც ბავშვები თვითონ ქმნიან გუნდებს, უბანი უბანს ეჯიბრება.

სპორტისა და პოზიტიური კულტურების არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  დანაშაულის პრევენციისთვისაც.

ბავშვებს მოზარდობის ასაკში აქვთ ტენდენცია, რომ თავი  სახიფათო სიტუაციაში ჩაიგდონ და თუ ეს გადალახეს, თავს უმტკიცებენ, რომ მაგრები არიან. როდესაც ვსწავლობდი დანაშაულის ისტორიებს და ვმუშაობდი მოზარდებთან, ბავშვები ამბობდნენ რომ მოპარვით, ყაჩაღური თავდასხმით თუ ამგვარი ხიფათით დიდ სიამოვნებას იღებდნენ. დავინტერესდი ამ ფენომენით: როდესაც გვეუბნებიან, რომ კარგები არიან, სიყვარულს გამოხატავენ ჩვენ მიმართ, გვეხუტებიან და გვამხნევებენ. ამ დროს ბიოლოგიურ დონეზე, ჰორმონების დონეზე გამოიყოფა ძალიან კარგი ჰორმონები - ენდორფინები, ოქსიტოცინები და აშ. ბავშვი, რომელიც  ამ ურთიერთობებს მოკლებულია, ამ ბედნიერების დეფიციტი აქვს და  ზოგჯერ შეთხვევით აღმოაჩენს, რომ ეს განცდა დგება მაშინ, როცა თავს სახიფათო სიტუაციაში იგდებს.

სახიფათო სიტუაციაში ჩვენ გამოგვეყოფა ადრენალინი. გარკვეული დოზით ადრენელინის გამოყოფის შემდეგ იწყება, ე.წ. სიმშვიდის ფაზა და ამას უზრუნველყოფს ნივთიერება, რომელიც ენდორფინის სახით გამოიყოფა. სინამდვილეში სახიფათო ქცევებისკენ მიდრეკილი ბავშვი არა ადრენალინს, არამედ ენდორფინს ეძებს. მე მქონია შემთხვევა, როდესაც ერთი მოზარდი მიყვებოდა, როგორი სასიამოვნოა, როდესაც შედიხარ სხვის სახლში, ბნელ ოთახში, და რაც უფრო სახიფათოა სიტუაცია გხვდება იქ, მით უფრო დიდ სიამოვნებას იღებ. მე ვკითხე - „როდის განგიცდია კიდევ მსგავსი სიამოვნება?“

„აუ, მარტო თხილმურებით სრიალის დროს“ - იყო პასუხი.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

სათაური: ფსალმუნები/ქებათა ქება Remixed ...

ტექსტი არ ისახავს მიზნად ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. როცა ამ ტექსტში აღწერილ “გახსენების პრაქტიკას&r ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

გამქრალი ბავშვები მედიაში

მარიამ ბაიდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საშუალო სკოლის მეათე კლასში სწავლობს. ის მედიას თვალს ძირითადად ინტერნეტ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...

მეტი

^