Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს

15 ნოემბერი 2017

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს? მოსწონთ თუ არა ის, რასაც სწავლობენ და როგორც სწავლობენ? რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და როგორი ადამიანები სურთ, რომ გახდნენ? - ამ კითხვებზე პასუხს, რომელიც ალბათ ყველას აინტერესებს, იშვიათად ვისმენთ თავად ბავშვებისგან. კვლევის ან გამოკითხვის მოძიებაც კი ჭირს იმაზე, თუ როგორ აფასებენ ბავშვები გარემოს, რომელშიც სწავლობენ და ცხოვრობენ.  შევეცადეთ, რამდენიმე რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან საუბრით ეს ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა. 

გთავაზობთ ბავშვების მოსაზრებებს განათლების სისტემაზე, მათ ცხოვრებაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ინტერესებსა თუ სურვილებზე. 

მარიამ ედიშერაშვილი, მე-11 კლასი, თელავი

„მეფე ერეკლე მეორის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ვსწავლობ. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. ერთი და მყავს, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა და ფიზიკა მიყვარს. ჩემი აზრით, თუ ბავშვმა მოინდომა, სკოლაში კარგი განათლების მიღება და მერე ამ განათლებით გამოცდების ჩაბარებაც შეიძლება. მაგრამ ჩემს სკოლაშიც აქტუალურია რეპეტიტორების თემა. მე ქიმიასა და ფიზიკაში ვემზადები. ეს საგნები უფრო მაინტერესებს, მინდა დამატებითი ლიტერატურითა და მეცადინეობით  უფრო გავიღრმავო ცოდნა. ჩემი დროც ძირითადად ამაში მიდის, სკოლა, შემდეგ მასწავლებლები და მეცადინეობა.

ხშირად მიფიქრია, რას შევცვლიდი სკოლაში, ჩემი ნება რომ იყოს. აუცილებლად შევიტანდი არჩევით საგნებს. ჩემს კლასში ბევრმა ზუსტად იცის, რისი სწავლა ურჩევნია. მაგალითად, რამდენიმე ისეთ პროფესიას ირჩევს, რომელსაც ბიოლოგია და ფიზიკა საერთოდ არ სჭირდება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება მეათე-მეთერთმეტე კლასიდან იმ საგნებზე ორიენტირება, რა პროფესიაზე ჩაბარებაც გინდა. ვფიქრობ, საბუნებისმეტყველო საგნები არჩევითი უნდა იყოს.

კიდევ, ჩემი აზრით, სკოლაში ყურადღება უნდა დაეთმოს არაფორმალურ განათლებასაც. ჩვენს სკოლაში, მაგალითად, არის კლუბები - სამოქალაქო, ეკოკლუბი, სპორტკლუბი, რაც ძალიან კარგია. ვფიქრობ, ეს ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას.

მინდა, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესს გვასწავლიდნენ. ჩვენს სკოლაში არ არის სპორტული აქტივობისთვის შესაბამისი ინვენტარი. კარგი იქნებოდა სპორტული მოედანი, აუზი, სატრენაჟორო დარბაზი.

მშობლებთან თავისუფალი ურთიერთობა მაქვს, შემიძლია მათ ყველაფერზე ველაპარაკო; მასწავლებლებთან უფრო - დისტანციური, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, როცა რამეს ვერ გავიგებ, შეკითხვა შემრცხვეს.

ადრე ცოტა ვორჭოფობდი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ან ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ ან - პოლიტიკის მეცნიერებებზე.

მინდა აქტიური ცხოვრება მქონდეს, ვერ წარმომიდგენია ერთ ადგილზე გაჩერება. მოგზაურობაზე ვოცნებობ. პირველად რიოში წავიდოდი.

ნატო გიორგელაშვილი, მე-11 კლასი, თელავი

მე კარგ სკოლაში ვსწავლობ. მაგრამ, ჩემი აზრით, განათლების სისტემაში საჭიროა ცვლილებები. ამერიკის სკოლის მაგალითს მოვიყვან, იქ ხომ ირჩევ საგნებს, როცა High School-ში გადადიხარ. ეს რეჟიმი ჩვენთან ბევრს მოსწონს, მათ შორის მეც.

როცა უკვე გადაწყვეტილი გაქვს პროფესია, ჩემი აზრით, სკოლის ბოლო საფეხურზე შენ თვითონ უნდა ირჩევდე საგნებს.

სკოლის მერე, ძირითადად, მასწავლებლებთან დავდივარ. გამოცდების პერიოდი მაქვს და მჭირდება დამატებითი მეცადინეობები. ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ინგლისურში ვემზადები. თუმცა, ხანდახან მეგობრები თეატრში დავდივართ ან პარკში ვიკრიბებით.

ჩემი აზრით, მხოლოდ სკოლაში მიღებული განათლებით გამოცდებს ვერ ჩააბარებ, დამატებითი დახმარება ყველას სჭირდება. როცა ქიმიას აბარებ, ამ საგანში დამატებითი გაკვეთილები გჭირდება, რადგან რთული პროგრამაა. მაგალითად, მერვე კლასში რაც ქიმიაში ისწავლე, შემდეგ კლასებში იმას აღარ უბრუნდები და გამეორება გჭირდება, რისი საშუალებაც გაკვეთილზე არ გაქვს. ჩვენ მასწავლებელი პერიოდულად გვამეორებინებს, მაგრამ ბევრი მასწავლებელი არ უბრუნდება განვლილ მასალას, რადგან ახალი გაკვეთილის ახსნა და სხვა პროგრამა აქვს მოსასწრები.

სამედიცინო უნივერისტეტში მინდა ჩაბარება, სამკურნალო ფაკულტეტზე.

მეგობრებთან ძირითადად სწავლაზე ვსაუბრობთ, რადგან გულის სიღრმეში გამოცდების ყველას ძალიან გვეშინია.

უნდა ვაღიარო, რომ ბოლო დროს კითხვას ბევრ დროს ვერ ვუთმობ, დიდი ხანია ქართულად წიგნი არ წამიკითხავს. ძირითადად ინგლისურენოვან, ადაპტირებულ ნაწარმოებებს ვკითხულობ. დეტექტიური ჟანრის წიგნები მომწონს.

ბევრ დროს ვატარებ  კომპიუტერთან, ძირითადად კომუნიკაციისთვის ვიყენებ. თუ ვერ მოვასწარი ჩანიშვნა, დავალებებს ფეისბუქით ან ინსტაგრამით მეგობებისგან ვიგებ. მას ინფორმაციის მოსაძიებლადაც ვიყენებ. ვიკიპედიაში ძალიან ბევრი რამ წერია ისეთი, რასაც წიგნებში ვერ ნახავ.  

ზაზა  შაორშაძე, მე-11 კლასი, მარნეული

მშობლებთან, ტყუპ ძმასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობ. სკოლაში, ძირითადად, მამაჩემს მოვყავართ, ხან ავტობუსით დავდივართ, თუმცა სკოლას ტრანსპორტიც ჰყავს.

მხოლოდ ინგლისურში ვემზადები. მინდა, ეს ენა კარგად ვისწავლო. თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაპირებ ჩაბარებას.

ჩემი ოჯახი შედგება ადამიანებისგან, რომლებიც კომუნისტურ საქართველოში ცხოვრობდნენ და რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ საქართველოში, ეს თავისთავად ქმნის ბარიერს, აზრთა სხვადასხვაობის კუთხით.

გავიზარდე როგორც ლიბერალი ადამიანი.  ჩემი აზრით, სკოლა და განათლება ამაში გეხმარება. ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს სკოლაში ატარებ და მას დიდი როლი აქვს ჩვენს კარგ ადამიანად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში. მე კარგ სკოლაში ვსწავლობ. არასოდეს მქონია პრობლემები, არც სტრესი მიმიღია.

როგორც ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანი, ვცდილობ, ჩემი აზრი, ხმამაღლა დავაფიქსირო. თავისუფალ ქვეყანაში  ვცხოვრობთ, ყველას განსხვავებული აზრი აქვს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. სხვის აზრს ყოველთვის პატივს ვცემ და როცა კარგ რჩევას მაძლევენ, ვცდილობ მის გათვალისწინებას.

მეგობრებთან ძირითადად იმ საკითხებზე ვსაუბრობ, რომლებიც იმ დროს საზოგადეობის მსჯელობის საგანია ხოლმე და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ვკამათობთ, ყველა თავის აზრს გამოთქვამს და ეს საინტერესო პროცესია.

ლიანა მურადასილოვა, მე-11 კლასი, მარნეული

განსაკუთრებით ინგლისური მიყვარს და  ვემზადები კიდეც. ისეთ ოლიმპიადებში ვიღებ მონაწილეობას, სადაც ინგლისურის ცოდნაა აუცილებელი, მაგალითად, „ფლექსის“ პროგრამა, რომლის გამარჯვებულიც გავხდი. 

იურიდიულ ფაკულტეტზე ვაპირებ ჩაბარებას. ადვოკატი მინდა გამოვიდე, რადგან ბაბუაჩემი და მამაჩემი ადვოკატები არიან. მეც მათ პროფესიას მინდა გავყვე. ვესწრები კიდეც სასამართლო პროცესებს.

ჩემი ცხოვრებით არ ვარ უკმაყოფილო, არაფერი მაკლია. მშობლების შენიშვნები ძირითადად იმას ეხება, რომ საზოგადოებაში კარგად მოვიქცე და ზღვარს არ გადავიდე. მაგალითად, მიშლიან გადაჭარბებულ სიცილს. ფიქრობენ, რომ წყნარი და სხვისთვის სამაგალითო ადამიანი უნდა ვიყო. საყვედურებს ძირითადად იმის გამო ვიღებ, რომ არ უნდათ ტელევიზორთან  და კომპიუტერთან ბევრი დრო გავატარო. ფიქრობენ, რომ სწავლას მეტი დრო უნდა დავუთმო.

სიმღერაზე და ქართული ხალხური ინსტრუმენტების შესწავლაზე დავდივარ. მეგობრები იქაც მყავს. სკოლაში სულ სწავლაზე ვლაპარაკობთ. მასწავლებლებთანაც მხოლოდ გაკვეთილის შესახებ  ვსაუბრობ, სხვა სალაპარაკო თემა არ გვაქვს.

მხოლოდ ის მინდა, რომ თავისუფალი მოქალაქე გავიზარდო და კარგი განათლება მივიღო.

მიშიკო გამრეკელაშვილი, მე-10 კლასი, სოფელი მარაბდა

კლასში სულ ხუთნი ვსწავლობთ - სამი ბიჭი და ორი გოგო. სკოლა ახალგარემონტებულია, გვაქვს გათბობა. ბიბლიოთეკაც გაგვიკეთეს, საკმაოდ ბევრი წიგნი გვაქვს.

სპორტით ვარ გატაცებული. ძიუდოზე დავდივარ. სკოლის მერე რაიონში მივდივარ, მარნეულში. იქ არის დარბაზი. რეპეტიტორებთანაც  მარნეულში. ჩვენს სოფელში არავინ ამზადებს მოსწავლეებს. ინგლისურში და რუსულში ვემზადები. იურიდიულზე მინდა ჩაბარება, თბილისში - უნივერსიტეტი ჯერ არ ვიცი.

სოფელში ცეკვის წრეა მხოლოდ. მასწავლებლები ჩამოდიან თბილისიდან, ყოველ კვირას.

თუ ძიუდოზე არ მივდივარ, მშობლებს ვეხმარები საოჯახო საქმეებში. მამაჩემი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, მეც ვეხმარები. სკოლა ამის გამო არასოდეს გამიცდენია. როცა დრო მაქვს, მხოლოდ მაშინ. დედა პედაგოგია, სოფლის სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის.

რა მჭირდება და არ მაქვს? ბევრი რამეა ეგეთი, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით კონკრეტულად. უბრალოდ მინდა, რომ ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო და  წარმატებული ადამიანი ვიყო.

ლარისა შუკვანი, მე-12 კლასი, სოფელი მარაბდა

სკოლა აუცილებელ ცოდნას გვაძლევს, მაგრამ ეს მშრალი ცოდნაა. აქ, სოფელში კულტურული ცხოვრება პასიურია, ერთადერთი ადგილი ბავშვების განვითარებისთვის მხოლოდ სკოლაა. ამიტომ უნდა ხდებოდეს ახალი წიგნებით სკოლის ბიბლიოთეკის განახლება, თანამედროვე ლიტერატურის შემოტანა, სახელოვნებო წრეები უნდა იყოს და ა.შ. ეს უფრო დაგვეხმარება კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ისაა, რომ რეგიონებში მოსწავლეები, ძირითადად, შაბლონურად აზროვნებენ. ბევრი ცვლილებაა ამ კუთხით გასაკეთებელი. ჩემი აზრით, მასწავლებლებისთვისაც პრიორიტეტი ბავშვები უნდა იყოს. 

ჩემთვის კარგი ცხოვრება იქნება თუ სხვასაც წავადგები და ყველანი ერთად ვიშრომებთ უკეთესისთვის. პირველ რიგში სიმართლე და სამართალი გვჭირდება, მომავალი რომ გვქონდეს საერთოდ, რაც რთული მისაღწევია.

მეგობრები  ნაკლებად მყავს, მაგრამ მთლად სოციოპათიც არ ვარ, ყველა გონიერი და სულგრძელი ადამიანი ჩემი მეგობარია, ასეთებთან საუბარიც სასიხარულოა.

უფროსები... რაღაც ჩაკეტილ ვაკუუმში არიან ისევ, მაგრამ მათი ბრალიც არ არის,  სისტემამ მოიტანა ეგ ყველაფერი და დღემდე ასეა თითქოს. მაგრამ სკოლას აქვს თავისი კოზირი და იმედი მაქვს, ამ კოზირით ოდესმე ბავშვები თავისუფლების განცდასა და თავისუფალ აზროვნებას ისწავლიან.

უტა მაქაცარია, მე-12 კლასი, ზუგდიდი

შარშან გვქონდა საგანი „საგზაო“, წელს - „სამოქალაქო თავდაცვა“ და კიდევ „გაორმაგებული მდგრადი განვითარება“, ისეთი საგნები, რომლებიც არაფერში გვჭირდება. ჩვენ კიდევ გამოცდები გვაქვს ჩასაბარებელი და დრო არ არის იმ საგნებში მოემზადო, რომლებიც უფრო გჭირდება.

ჩემი აზრით, რეპეტიტორებთან სიარული ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს წამოუდგენელია, მხოლოდ სკოლაში მიღებული განათლებით დამოუკიდებლად ჩააბაროს ბავშვმა ეროვნული გამოცდები. სკოლა არ იძლევა საკმარის განათლებას, რომ მოსწავლე განათლების შემდეგი საფეხურისთვის მოამზადოს.

პედაგოგების კვალიფიკაციასაც ვერ დავაბრალებდი, უფრო სისტემაა შესაცვლელი. მაგალითად, მასწავლებლები უფრო უნდა დაიხვეწონ, განვითარდნენ, ევროპულ კულტურასა და გამოცდილებას გაეცნონ.

მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა სპექტაკლში და ეს მომწონს, უფრო ხალისიანს მხდის. მაგრამ წელს ამის დრო არ მაქვს, გამოცდებისთვის ვემზადები.

ვოცნებობ, წარმატებული ექიმი გავხდე, პლასტიკურ ქირურგიაზე მინდა ჩაბარება.

ნინი ბერაძე, მე-9 კლასი, თბილისი

ვერ ვიტყვი, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ბევრ დროს კი ვატარებ იქ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომწონს და კმაყოფილი ვარ. საჯარო სკოლაში ვსწავლობ, შეიძლება კერძო სკოლის მოსწავლეებს უხარიათ სკოლაში სიარული, უფრო საინტერესო სასწავლო პროცესია, რესურსები, წიგნები - არ ვიცი.

მინდა სკოლაში რამე საინტერესოს ვაკეთებდე, და არა უბრალოდ - მიდი, მოყევი გაკვეთილი, მოუსმინე მასწავლებლებს და ისევ უკან დაბრუნდი. არავის აინტერესებს, ჩვენ რა მოგვწონს. მასწავლებლებისაც მესმის, დრო არ რჩებათ ჩვენთან ურთიერთობებისთვის. არც მშობლებს აქვთ დრო - სულ მუშაობენ. მე და ჩემი და სკოლის შემდეგ თუ მასწავლებელთან არ მივდივართ, სახლში მარტოები ვართ. ის ჩემზე უფროსია, სკოლას წელს ამთავრებს.

კარგი მასწავლებლებიც მყავს მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ვერ დაელაპარაკები. აი, მაგალითად, თუ თამამი ხარ, შენს აზრს თავისუფლად გამოთქვამ, შეიძლება თავს გიქნევს და ცდილობს ამის გამო არ გაგკიცხოს, მაგრამ ხვდები ხოლმე, რომ სულაც არ მოსწონს, რასაც ამბობ. დიდად არც ინტერესდება, რატომ მოგივიდა ეს აზრი, უბრალოდ მოვალეობის გამო გისმენს და მორჩა.

ძირითადად, ის საგნები მიყვარს, რომლის მასწავლებლებიც მომწონს. მაგალითად, გეოგრაფია და ინგლისური.

არ ვიცი, როგორი უნდა იყოს სკოლა, უბრალოდ მინდა, რომ მიხაროდეს სკოლაში სიარული, არა მარტო მეგობრების გამო, არამედ მასწავლებლებისა და საინტერესო ამბების გამოც.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

სათაური: ფსალმუნები/ქებათა ქება Remixed ...

ტექსტი არ ისახავს მიზნად ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. როცა ამ ტექსტში აღწერილ “გახსენების პრაქტიკას&r ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

გამქრალი ბავშვები მედიაში

მარიამ ბაიდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საშუალო სკოლის მეათე კლასში სწავლობს. ის მედიას თვალს ძირითადად ინტერნეტ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...

მეტი

^