Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოილი: საქართველოს გაერთიანებისთვის მოთმინება და მოკავშირეებია საჭირო

23 ნოემბერი 2017

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს არაფრის გაკეთება შეუძლია. რუსეთის არმია დღეს 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 2008 წელს იყო - აცხადებს ჯეიმს კოილი, "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი და ჩეპმანის უნივერსიტეტის გლობალური კვლევების დირექტორი. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოში რეინტეგრაციისთვის, მისი აზრით, მოთმინება, მოკავშირეებთან თანმიმდევრულობა და საღი ეკონომიკური კურსია საჭირო. დოქტორ კოილს ია მეურმიშვილი ესაუბრა. მან საქართველოს, აჯერბაინაჯის, მოლდოვის და უკრაინის სეპარატისტულ კონფლიქტებზე წიგნი გამოაქვეყნა, სადაც ამ კონფლიქტებში რუსეთის როლზე საუბრობს.

ბატონო ჯეიმს, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ცოტა ხნის წინ წიგნი გამოაქვეყნეთ, სადაც რუსეთის მეზობელ ქვეყნებში - საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში მიმდინარე კონფლიქტებზე საუბრობთ. რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა ამ კვლევის დროს? 

ყველაზე ცხადი აღმოჩენა ის იყო, რომ ამ კონფლიქტებს მსგავსი საფუძვლები აქვს. რუსეთს კარგად შემუშავებული სტრატეგია, რომელსაც თითოეულ ამ ქვეყანაში იყენებს. თოთოეულ შემთხვევაში მოსკოვმა მონახა სეპარატისტული ჯგუფები, რომლებიც ცენტრალური მთავრობით უკმაყოფილო იყვნენ. აღმოუჩინა მათ მატერიალური და სხვა სახის მხარდაჭერა, რის შემდეგაც სეპარატისტებმა ბრძოლა დაიწყეს. ამ ქვეყნებში რუსეთი სეპარატისტებს ან ეხმარებოდა ან მათ მხარდამხარ იბრძოდა ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ. კონფლიქტის რეგიონში რაღაცა სახის ორგანიზებული მმართველობის მიღწევის შემდეგ კრემლი სამშვიდობო ოპერაციის ორგანიზატორი ხდებოდა, რეგიონში სამშვიდობო ძალებს - რუს სამხედროებს - აგზავნიდა და შემდეგ სამშვიდობო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

კონფლიქტი არც ერთ შემთხვევაში გადაჭრილა. ეს რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა, რადგან მშვიდობის დამყარების შემთხვევაში ამ ქვეყნებიდან ჯარების გამოყვანა მოუწევდა.

არის თუ არა მსგავსება ამ სამშვიდობო ოპერაციების მანდატებსა და მექანიზმებში?

კი, თუმცა თითოეული ეს კონფლიქტი განსხვავებულია. მაგალითად, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღისა და მოლდოვას დნესტრისპირეთის შემთხვევებში, რუსეთი სეპარატისტების ტერიტორიას ოფიციალურად არ აღიარებს. საქართველოს აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის შემთხვევაში კი ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებადაც კი აღიარა. უკრაინას შეეხება, დონბასს რუსეთი დამოუკიდებლად არ აღიარებს, მაგრამ ყირიმი 3 საათით დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა და შემდეგ ის რუსეთის ნაწილად შეიერთა.

მ კონფლიქტების შესწავლის დროს გამოიკვეთა თუ არა კავშირი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებსა და რუსეთის რეაგირების სიმკაცრეს შორის?

ყველა შემთხვევაში ვნახეთ ის, რომ რუსეთი ამ ქვეყნების დასავლური მისწრაფების ნებისმიერი გამოხატვის პრევენციას ცდილობს. მოლდოვას ევროკავშირის წევრობა სურს. აზერბაიჯანი ნეიტრალური პოლიტიკის გატარებას ემხრობა, მაგრამ მათ შეგნებული გადაწყვეტილება მიიღეს აეშენებინათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და ამით რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინათ. უკრაინას ევროკავშირის წევრობა და საქართველოს კი ევროკავშირთან ერთად, ნატოში გაწევრიანება სურს. პუტინმა ჯერ კიდევ პრეზიდეტ ჯორჯ ბუშ უმცროსს უთხრა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღებაზე არ ემუშავათ, რადგან ეს რუსეთის ინტერსებს დაემუქრებოდა და კრემლი ამას არ დაუშვებდა. ასეც მოხდა.

რამდენად რეალურია საფრთხე, რომელზეც რუსეთი უწყვეტად საუბრობს? ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო რუსეთს გაუზრდის საფრთხეს? თურქეთი ხომ ნატოს ერთ-ერთი უდიდესი წევრია და ის რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოს უკვე მდებარეობს?

რუსეთი უკვე იღებს ზომებს იმისთვის, რომ თურქეთი საკუთარ ორბიტაში შეიყვანოს. ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია, რომლის დროსაც დასავლეთის დაწინაურება აღმოსავლეთის დამარცხებას ნიშნავს და პირიქით. რუსეთს ყოველთვის ეშინოდა იმის, რომ ნატო მის საზღვრებთან გამაგრდებოდა. აქ საკითხავი ის კი არ არის, იქნება თუ არა საქართველო რუსეთის საფრთხე, არამედ ის იქნება თუ არა ნატო რუსეთის საფრთხე.

ცენტრალური აზიის გარდა, რუსეთის გარშემო თითქმის ყველა ქვეყანაში კონფლიქტია, სადაც მოსკოვი რაღაც სახით არის ჩართული. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს წევრობის გამო რუსეთისგან შედარებით დაცულები არიან. რა არის რუსეთის მოტივაცია იმისთვის, რომ წლების მანძილზე შეინარჩუნოს კონფლიქტები ამ საზღვრისპირა ქვეყნებში?

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კონფლიქტებს რუსეთი აკონტროლებს. მოსკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი ინტენსივობის გაზრდაც და შემცირებაც. თქვენი აზრით, რატომ განახლდა ომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 2008 წელს? ამას არაფერი აქვს საერთო აფხაზების ან ოსების მხრიდან დამოუკიდებლობის სურვილთან. საქართველოში ომი იმიტომ მოხდა, რომ დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. კრემლმა ამიტომაც გადაწყვიტა საქართველოს მაგალითით დასავლეთისთვის გაკვეთილი ესწავლებინა. გარდა ამისა, ნატოში გაწევრიანება მაშინ, როცა საკუთარი საზღვრის მთლიან პერიმეტრს ვერ აკონტროლებ, ძალიან ძნელია. საქართველო საკუთარ საზღვარს ვერ აკონტროლებს - სწორეს ეს არის რუსეთის მოტივაცია და მიზანი. 

ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის 25-ე წლისთავის აღსანიშნად განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული სამშვიდობო ოპერაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და მას სხვა ქვეყნები სამშვიდობო ოპერაციების მოდელად იყენებენ. თქვენ როგორ აფასებთ ამ ოპერაციას?

საერთაშორისო სამართლის თანახმად სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ამაზე ეჭვი არ არსებობს. საქართველოს გაეროში შესვლისას მთელმა მსოფლიომ, მათ შორის რუსეთმაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემადგენლობით. შესაბამისად, რუსეთის ეს ოპერაცია არ არის „სამშვიდობო.“ მე მას „უცხოურ ინტერვენციას“ დავარქმევდი, რომელიც თბილისს საკუთარი ტერიტორიის მართვაში ხელს უშლის.

თქვენი აზრით, რა გაუადვილებს საქართველოს უკიდურესად რთული გარემოსთვის თავის გართმევას?

მოთმინება. რუსეთი მანამდე არ შეწყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას, სანამ ეს მხარდაჭერა შეღავათის მოტანის ნაცვლად ძვირი არ დაუჯდება. დღეს შეღავათი ისაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ურთულდება. აუცილებელია მოთმინება. ალბათ გახსოვთ, ბალტიისპირეთის ქვეყნები 45 წელი ელოდნენ დღეს, როცა ისინი კვლავ დასავლეთის ნაწილი გახდებოდნენ. სანამ დასავლეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებს, მათი უკან დაბრუნების იმედი არ უნდა გაქრეს და მოთმინება არ უნდა დაიკარგოს.

მოთმინების მოწოდება საქართველოს მიმართ ხშირად ისმის. თუმცა, საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ნატოს წევრობა მხოლოდ დაპირებებია და ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების ნიშნად ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. თქვენ მოთმინების გარდა რაიმე სხვა არჩევანს ხედავთ საქართველოსთვის?

საქართველომ ის უნდა გადაწყვიტოს დაბალანსების პოლიტიკა უნდა აწარმოოს თუ მიტმასნების. თუ მთავრობას ბალანსის პოლიტიკა სურს, მაშინ ნატო საუკეთესო მოკავშირეა რუსეთის დასაბალანსებლად. რუსეთთან მიტმასნების შემთხვევაში კი ქვეყანამ ის უნდა გაითავისოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი არასოდეს იქნება და საქართველოს მთავრობა მოსკოვის მარიონეტი უნდა იყოს. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს საზოგადოებას ეს უნდოდეს.

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

სათაური: ფსალმუნები/ქებათა ქება Remixed ...

ტექსტი არ ისახავს მიზნად ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. როცა ამ ტექსტში აღწერილ “გახსენების პრაქტიკას&r ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

გამქრალი ბავშვები მედიაში

მარიამ ბაიდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საშუალო სკოლის მეათე კლასში სწავლობს. ის მედიას თვალს ძირითადად ინტერნეტ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...

მეტი

^