Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წამლის ტვირთი

27 ივნისი 2013

საქართველოს შინამეურნეობების მიერ სამედიცინო სერვისებზე გაწეული ხარჯების 60%-ი მედიკამენტებზე იხარჯება, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით კი წამლები მინიმალურად ფინანსდება. რატომ ხარჯავს საქართველოს მოსახლეობა ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების 60%-ს მედიკამენტებზე და როგორ უნდა გაზარდოს სახელმწიფომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა?

საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების მონაცემებით, საქართველოში შინამეურნეობების მიერ სამედიცინო სერვისებზე გაწეული ხარჯების 60% მედიკამენტებზე იხარჯება. 

„მოსახლებას მძიმე ტვირთად აწევს სამკურნალო საშუალებებზე დანახარჯები, რომელიც, უკანსაკნელი ათი წლის განმავლობაში გამუდმებით იზრდება და მათ მიერ ჯანდაცვისთვის გაღებული სახრების თითქმის ნახევარს შეადგენს", _ ვკითხულობთ ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯი, ძირითადად, არარაციონალური ფარმაკოთერაპიის, გენერიკული მედიკამენტების ნაკლებად გამოყენების/დანიშვნის, რეცეპტების მექანიზმების არასაკმარისი გამოყენების, პაციენტთა მიერ თვითმკურნალობის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მედიკამენტების არასაკმარისი ფინანსური ლიმიტის, ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან აგრესიული მარკეტინგის შედეგია.

მას შემდეგ რაც დაზღვევით მოცული მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, გაიზარდა ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობაც. (შეგახსენებთ, რომ 2006 წლიდან სახელმწიფო სოციალურად დაუცველელ მოსახლეობას აზღვევდა. ყოვეწლიურად სახელმწიფო დაზღვევის ქოლგის ქვეშ შემავალი მოსახლეობის რიცხვი იზრდებოდა. სულ ბოლოს, 2012 წლის სექტემბრიდან, სახელმწიფო დაზღვევა პენსიონერებს, ახალგაზრდებს და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს გადაეცათ).

დაზღვეულ ადამიანებს საკუთარი ჯიბიდან აღარ უწევთ ჰოსპიტალურ სერვისში ფულის გადახდა, თუმცა სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტში მედიკამენტების დაბალი ლიმიტის გამო, მედიკამენტების შეძენით გამოწვეული ფინანსური ტვირთის ზიდვა ისევ მოსახლეობას უწევს.

სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისა და ჯანდაცვითი დანახარჯების 2010 წლის კვლევის მონაცემებით, როგორც სოფლად ისე ქალაქად მცხოვრები პირების მნიშვნელოვან რაოდენობას (13%-ს), სიძვირის გამო, არ შეუძლია თავს უფლება მისცეს და დანიშნული მედიკამეტები შეიძინოს.

ასეთი რეალობის გათვალისწინებით, მოქმედი და წინა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მედიკამენტებზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

რატომ ხარჯავს საქართველოს მოსახლეობა ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების 60%-ს მედიკამენტებზე?

მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯი, ძირითადად, მედიკამენტების არარაციონლური დანიშვნის შედეგია, რაც ნიშნავს იმას, რომ ექიმები, ხშირად, საჭიროზე მეტ წამლებს წერენ, "რაც ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერებს ქმნის, განსაკუთრებით კი დაუზღვეველ მოსახლეობაში“, _ ვკითხულობთ „საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა 63%-ი დანიშნული მედიკამენტების რაოდენობას სწორედ ფასის გამო ვერ ყიდულობს.

ამავე კვლევის მიხედვით, 40%-ზე მეტ შემთხვევაში, ექიმების მიერ 3 და მეტი მედიკამენტი ინიშნება.

პაციენტს  ფინანსურ ბარიერს მხოლოდ ექიმის მიერ არარაციონალურად გამოწერილი წამლების რაოდენობა არ უქმნის. ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემას თავად წამლის ფასიც ქმნის, რაც, ექსპერტთა შეფასებით, ფარმაცევტულ ბაზარზე არასაკმარისი კონკურენციის შედეგია.

მედიკამენტებზე ფასის ყველაზე დიდი ზრდა 2008 წელს დაფიქსირდა. მაშინ ქვეყანაში ინფლაციის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფარამცევტულ ბაზარზე მედიკამენტთა ფასის ზრდა დასახელდა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 2008 წელს, საბაჟო პუნქტიდან საცალო ქსელამდე წამლის ფასი, საშუალოდ, 102%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 27-49%-ის ფარგლებში მერყეობს.

ამის პასუხად, 2009 წლის სექტემბერში, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის ლიბერალიზაცია მოხდა. ცვლილებების შედეგად, საქართველოში შესაძლებელი გახდა პარალელური იმპორტი.

გამარტივდა იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია, რომელიც წარმოებულია ან რეგისტირებულია ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში: აშშ-ში, კანადაში, იაპონისა და სხვა ქვეყნებში.

აღნიშნულმა ცვლილებებმა ქართული ბაზარი, ადგილობრივი და უცხოური ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის უფრო კონკურენტუნარიანი გახადა. ამ ცვლილებების პარალელურად, 2010-2011 წლებში, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ფასის კლება დაფიქსირდა, რაც ექსპერტთა შეფასებით, სწორედ აღნიშნული ცვლილებების შედეგი იყო.

ფონდმა "კურაციომ", 2009-2011 წლებში, მედიკამენტებზე ფასის და ფიზიკური ხელმისაწვდომობის ცვლილებებზე კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, 2011 წელს, 2009 წელთან შედარებით, წამალზე ფასნამატის კლება დაფიქსირდა როგორც ბრენდ, ასევე გენერიკული დასახელების მედიკამენტებზე. 2011 წელს ბრენდ მედიკამენტებზე ფასნამატმა 56%-ით დაიკლო.

„მიუხედავად ფასნამატის შემცირებისა, საქართველოში მედიკამენტების ფასნამატი მაინც უფრო მაღალი რჩება ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კვლავაც არსებობს მედიკამენტების ფასების შემდგომი კლების შესაძლებლობა“, - წერია კვლევაში. 

აღნიშნული კვლევა ერთადერთია, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასებზე, ხელმისაწვდომობაზე და ფინანსურ ბარიერებზე ინფორმაციას გვაწვდის. ექსპერტთა შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, სწორედ მედიკამენტების ფასებსა და ფასთა სტრუქტურის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობაა.

წამლებზე გაწეული დანახარჯების შემცირების ერთ-ერთი გზა გენერიკული მედიკამენტების მოხმარებაა. გენერიკული დასახლების მედიკამენტების ფასი ორნახევარჯერ ნაკლებია ბრენდი მედიკამენტების ფასზე. გენერიკული არის არაბრენდირებული მედიკამენტი, რომელიც ეფექტურია მკურნალობისთვის. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული ფარმაცევტული ბაზარი გენერიკული მედიკამენტებით საკმარისად გაჯერებული არ არის და მეტიც, ის არაპოპულარულია როგორც ექიმებში, ისე პაციენტებში.

2011 წლის კვლევის მიხედვით, ექიმთა  მხოლოდ 14%-ი ნიშნავს გენერიკ მედიკამენტებს, არადა ამავე წელს, ფონდ "კურაციოს" მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გენერიკული მედიკამენტებით მკურნალობა გაცილებით დაბალფასიანია, ვიდრე ორიგინალი ბრენდებით.

მაგალითად, თუ ართრიტის მკურნალობა ყოველ 1000 პაციენტზე ორიგინალური ბრენდით 41 200 ლარი ჯდება, გენერიკული დასახლების მედიკამენტით ეს 8 400 ლარია. განსხვავება 32 800 ლარია. ჰიპერტენზიის მკურნალობა ორიგინალი ბრენდით 3 400 ლარი ჯდება, გენერიკული დასახლების მედიკამეტით _ 2250, განსხვავება 1 150 ლარი.

ბრენდი მედიკამენტების გენერიკული მედიკამენტებით ჩანაცვლების პოლიტიკა წამლებზე გაწეულ დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, თუმცა, ექსპეტთა თქმით, თუკი სახელმწიფო გენერიკების ჩანაცვლების პოლიტიკას აირჩევს, საჭირო გახდება გენერიკების ხარისხის გაზომვა. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, ჩვენ სისტემაში გენერიკების ბიოექვივალენტურობის გაზომვა არ ხდება, ამიტომ მისი აზრით, თუ საქართველო გენერიკულ პოლიტიკაზე გადავა, მაშინ ქართულ ბაზარზე უნდა დავუშვათ ის გენერიკები, რომლებსაც აქვს იმ ქვეყნების აღიარება, სადაც ხარისხის კონტროლი ხდება.

„ჩვენ ეს სისტემა არ გვაქვს და უნდა ვენდოთ სხვას, იმ ქვეყნებს, სადაც ხარისხის კონტროლი ხორციელდება. საქართველოში ამ სისტემის აწყობა ძვირი და რთულია“, _ ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

როგორ უნდა გაზარდოს სახელმწიფომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა?

იმისთვის, რომ შინამეურნეობის დანახარჯები მედიკამენტებზე შემცირდეს, სახელმწიფომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მედიკამენტების  ფინანსური ლიმიტი უნდა გაზარდოს. ექსპერტთა თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეღავათი, მოსახლეობისთვის, სადაზღვევო პაკეტში მედიკამენტების კომპონენტის შეტანა იქნება.

დღეს მოქმედი სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტები უმნიშვნელოდ ანაზღაურებენ მედიკამენტების ხარჯს. "საქართველო სადაზღვევო ასოციაციის" ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, თუკი სახელმწიფოს ახალ სადაზღვევო პროგრამებში მედიკამენტის დაფინანსებას არ გაითვალისწინებს, მოხდება იგივე, რაც მოხდა უმწეოთა პროგრამის შემთხვევაში.

"უმწეობი ძალიან კარგი ჰოსპიტალური პროგრამით სარგებლობენ, ისინი კატასტროფული დანახარჯებიდან გათავისუფლდნენ, მაგრამ ფინანსური ტვირთისგან არა, რადგან პირველ რიგში, წამალს არ აფინანსებს პაკეტი", _ ამბობს დევი ხეჩინაშვილი. მისი თქმით, თუკი პროგრამა წამალს არ დააფინანსებს, ჯიბიდან გადახდილი ხარჯების მოცულობა გაიზრდება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდება. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ორი ალტერნატივა დარჩება, ან გააფართოვოს თავისი პროგრამები და მოიცვას წამლები და სხვა ხარჯებიც, ან დაიწყოს ფასების უხეში რეგულირება.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, სანდრო ურუშაძის თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც რეალურად წამლების ყიდვის გამო ღარიბდება და ასეთი, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 15%-ია, მედიკამენტები სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამამ უნდა დაუფაროს.

"ასევე მნიშვნელოვანია გაიზარდოს ასანაზღაურებელი მედიკამენტების სია და ანაზღაურების ლიმიტი, თუნდაც მხოლოდ სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის. ეს სია თავიდან შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ქრონიკული პაციენტებისათვის აუცილებელი მედიკამენეტების ჩამონათვალს, თანაგადახდის პირობით. ეს მოლაპარაკებები ჩემი მინისტრობის დროს უკვე დაწყებული იყო სადაზღვევო კომპანიებთან." _ ამბობს სანდრო ურუშაძე. 

სანდრო ურუშაძის თქმით, საქართველოში დღეს ექიმთან კონსულტაციის პრობლემა ნაკლებად დგას, მაგრამ მოქალაქე, რომელსაც ექიმის მიერ გამოწერილი წამლების შეძენის საშუალება არ აქვს, ექიმთან მისვლის აზრსს ვერ ხედავს. "ბოლო წლების გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის დაფინანსება, ანაზღაურებადი წამლების და გამოკვლევების გარეშე, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ვერ გააუმჯობესებს. თუ ექიმი არ გახდა მთავარი ფიგურა, პაციენტის მთავარი მრჩეველი ფარმაცევტი იქნება", _ ამბობს სანდრო ურუშაძე. მისივე თქმით, ჰოლანდიის მოსახლეობა თავისი დაზღვევით კმაყოფილი სწორედ იმიტომ არის, რომ იქ ექიმის მიერ გამოწერილი წამალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით ფინანსდება.

პირველი ივლისიდან მოქმედი სადაზღვევო პროგრამა ფართოვდება. ექსპერტების მოლოდინი, რომ პირველი ივლისიდან გაფართოებულ პაკეტში ასანაზღაურებელი მედიკამენტების სია გაიზრდებოდა, ამაო აღმოჩნდა, რადგან როგორც მინისტრმა, დავით სერგეენკომ "ლიბერალთან" საუბარისას განცხადა, ამ ეტაპზე ახალი პროგრამა მედიკამენტებით უზურნველყოფას არ ითვალისწინებს.

“ჩვენ ორი მთავარი მიმართულებით ვმუშაობთ _ წამლის ხარისხის და ფასის უზურნველყოფა. ამის გარეშე რომ ჩავდოთ მედიკამენტები სადაზღვევო პაკეტში, ბაზრის კანონები მექანიკურად გამოიწვევენ წამლის ფასების ზრდას და 60 პროცენტი 80 გახდება", _ ამბობს დავით სერგეენკო. დავით სერგეენკოს თქმით, სამინისტრო, მსოფლიო ბანკის ექსპერტთან ერთად, სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს, რომელიც საშემოდგომოდ დასრულდება. `ოპტიმისტური გათვლებით, მომავალში, სადაზღვევო პაკეტში მედიკამენტების გათვალისწინების საშუალება გვექნება", _ ამბობს დავით სერგეენკო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^