Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ აფეთქებს პუტინი ხალხს? - ნაწილი მეორე

24 ნოემბერი 2017

აფეთქებები, როგორც მოწინააღმდეგის განდევნის საშუალებ

ცხადია, რუსი ხალხის წინააღმდეგ ჩეჩნებიც სასტიკ ტერაქტებს აწყობდნენ.

  1.  ჩეჩენი ტერორისტები ავტომანქანებით აწვებოდნენ ხალხს ბუდენოვსკის ქუჩებში. მათვე აიღეს ბედენოვსკის საავადმყოფო, სადაც ასობით პაციენტი და მედპერსონალი იყო, რომლებიც მძევლებად აიყვანეს.
  2. მათ კისერზეა ასევე დუბროვკაზე საკონცერტო დარბაზიდან მძევლად აყვანილი ათასამდე მაყურებელი, რომელთაგან ჯერ 70, მოგვიანებით კი უფრო მეტიც გარდაიცვალა.
  3. ჩეჩენმა ტერორისტებმა დაიკავეს სკოლა ბესლანში და ასობით მოსწავლე მძევლად აიყვანეს. შემდეგ კი მასობრივად გაქცეულებს ზურგიდან ტყვიამფრქვევის ჯერი დააყარეს. შედეგად დაიღუპა 333 ადამიანი, ხოლო ასობით ადამიანმა სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანება მიიღო.

თუმცა მათ არ მოუწყვიათ აფეთქებები მეტროებსა და აეროპორტებში - ეს მათი ხელწერა არ არის. ზემოთ დასახელებულ სამივე შემთხვევაში მათ აჰყავდათ მძევლები და აყენებდნენ მოთხოვნებს. არცერთ შემთხვევაში ისინი არ იმალებოდნენ და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდნენ.

დანარჩენ შემთხვევებში არავითარი მოთხოვნა არ ყოფილა და აფეთქებებში თავიანთ მონაწილეობას ისინი უარყოფდნენ. აფეთქების სხვაზე გადაბრალება კი - რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. ეჭვის გასაფანტად ისინი „სმერტნიკებს“ იყენებენ რომლებიც მას შემდეგ ვლინდებიან, რაც აფეთქების შემდეგ გარდაცვლილებში შემთხვევით რომელიმე ჩეჩენის გვამს აღმოაჩენენ.

პირველი ასეთი „დანიშვნა“ მოსკოვში 2004 წელს მოხდა. მას ასეთი პრელუდია ჰქონდა: კარს საპრეზიდენტო არჩევნებია მომდგარი. პუტინის მეტოქე ხდება ივან რიბკინი - პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რომელიც საპრეზიდენტო პოსტზე თავის კანდიდატურას პირველად წარადგენს. ვერ ვიტყოდით, რომ ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა სრულიად კომპრომისული ფიგურა იყო: ადვილად პოულობდა საერთო ენას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. რაც იმას ნიშნავდა, რომ მას მხარს ბევრი ოპოზიციური პარტია დაუჭერდა, მათ შორის კომუნისტებიც, ჟირინოველებიც, „იაბლოჩნიკებიც“ და სხვა პარტიები, რომლებიც არჩევნებში ცალკ-ცალკე იღებდნენ მონაწილეობას. ამის ეშინოდა პუტინს.

უცებ რიბკინი ოთხი კაცის თანხლებით ქრება, ისე, რომ არავის არაფერს ეუბნება. გაქრობამდე ერთი დღით ადრე პისტოლეტის ტარების უფლებას იღებს. როგორც ჩანს, რაღაც საშიშროებას უკვე გრძნობდა.

ასეთი ადამიანის გაქრობას შეუძლებელი იყო, შეუმჩნევლად ჩაევლო. და მისმა მომხრეებმა სერიოზული ხმაური ატეხეს, საქმეში მედიაც ჩაერთო. მეორე დღეს, 6 თებერვალს, სადგურების «Автозаводская»-სა და «Повелецкая»-ს შორის ხდება აფეთქება - 41 ადამიანი იღუპება, 250 სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. ბუნებრივია, საზოგადოების მთელი ყურადღება ამაზე გადადის. და რიბკინის გაქრობის შესახებ ყველა ივიწყებს.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: აფეთქებისთანავე „რუსულმა რადიომ“ (მაშინ არსებობდა ასეთი რადიოსადგური) განაცხადა, რომ აფეთქება ჩეჩენი ტერორისტი-თვითმკვლელის კისერზეა. განცხადება მეორდება რამდენჯერმე - მათთვის, ვინც პირველ ჯერზე ვერ მოისმინა! ჯერ არავითარი გამოძიება არ ჩატარებულიყო, ხოლო რადიო უკვე ასეთ განცხადებას აკეთებდა. ის მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს შეიძლებოდა დაყრდნობოდა, რომელთათვისაც, ე.წ. სმერტნიკს მეხამრიდის როლი უნდა ეთამაშა - „ფე-ეს-ბე-შნიკები“ ხომ არ ააფეთქებდნენ საკუთარ თავს. ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილებს შორის მართლაც იპოვეს ჩეჩენი, ოღონდ არა ჩეჩნეთიდან, არამედ ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთის შფოთიანი რეგიონისა და მისი პრობლემებისგან მოშორებით მდებარე რეგიონიდან. თუმცა ამანაც არ შეუშალა ხელი მისთვის ტერაქტის გადაბრალებას და პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ძალისხმევის შედეგად ტერაქტის მსხვერპლი მისსავე შემსრულებლად იქცა.

კიდევ ერთი არგუმენტი იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ეს ადამიანი არ ყოფილა თვითმკვლელი-ტერორისტი. გამოძიების ინფორმაციით, აფეთქება დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით მოხდა, რომელიც მობილურის ზარით მოდიოდა მოქმედებაში. მათივე ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითნაკეთი იყო. რატომ დასჭირდებოდა თვითმკვლელს ტექნიკურად რთული დისტანციური მოწყობილობის გაკეთება, თუ აფეთქება დამცავი რგოლის გამოქაჩვითაც შესაძლებელი გახდებოდა. გარდა იმისა, რომ ასეთი დეტონატორის დამზადება გაცილებით იოლია, ის საიმედოცაა, რადგან იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც დისტანციურ ასაფეთქებელ მოწყობილობას უკავშირდება, შემთხვევით, ერთი ციფრის შეცდომით აკრეფის შემთხვევაშიც შეიძლება დარეკონ ან გაგზავნონ სმს შეტყობინება, რამაც შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ ამ საშუალებით მოხდა აფეთქება. მოსკოვში კომპანია „მეგაფონმა“ საახალწლოდ თავის აბონენტებს მილოცვები გაუგზავნა. ერთ-ერთმა ასეთმა გზავნილმა გამოიწვია სწორედ ასეთი აფეთქება. მას მხოლოდ ის ტერორისტები ემსხევრპლა, რომლებიც საახალწლოდ რომელიღაც ხალხმრავალ ადგილას აფეთქებას ამზადებდნენ. სმს-მა ათობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ხოლო ის ფაქტი, რომ ამის გამო „მეგაფონი“ არათუ არ დააჯილდოვეს, არამედ დიდი ხნის განმავლობაში მისი დაძირვის მიზნით მის სახელს არც კი ახსენებდნენ, შესაძლოა ირიბი დასტური იყოს იმისა, რომ აფეთქებას „ფე-ეს-ბე“ ამზადებდა. 

დავუბრუნდეთ ისევ რიბკინს. რამდენიმე დღის შემდეგ რიბკინი ბრუნდება იმავე ადამიანების თანხლებით და აცხადებს, რომ არჩევნებიდან ხსნის თავის კანდიდატურას, არავითარ განცხადებას არ აკეთებს და ჟურნალისტებსაც სთხოვს, არ შეაწუხონ ზედმეტი შეკითხვებით.

ის საპრეზიდენტო არჩევნები პუტინმა დიდი უპირატესობით მოიგო. მისთვის ხელი არ შეუშლია იმას, რომ სამი კვირის შემდეგ რიბკინმა ისევ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. რადგან ადამიანი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიძლება დააშინო და აიძულო გააკეთო ის, რის გაკეთებაც სურთ გამტაცებლებს, შეუძლებელია გახდეს რუსეთის პრეზიდენტი - მისთვის ხმის მიცემის მსურველები უკვე აღარ მოიძებნა. იმ მომენტიდან ის ხდება აუტსაიდერი და სულ მალე ტოვებს პოლიტიკურ არენას.

პუტინის მეორე საპრეზიდენტო ვადამ რუსეთისთვის მშვიდად ჩაიარა. იზრდებოდა ნავთობის ფასი, ვითარდებოდა რუსეთის ეკონომიკაც (მიუხედავად მოპარული და საზღვრებს გარეთ გატანილი მილიარდებისა), ხალხი არც ისე ცუდად ცხოვრობდა და პუტინის პოპულარობაც საკმაოდ მაღალი იყო. შესაბამისად, ხმამაღალი აფეთქებები ამ პერიოდში არ ყოფილა.

დგება 2008 წელი - ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დრო. რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით ამ პოსტის ზედიზედ ორ ვადაზე მეტად დაკავება შეუძლებელია. პუტინმა გადაწყვიტა, არ დაერღვია თავისი წინამორბედის ტრადიცია და თავის მემკვიდრედ მაშინ ყველასთვის უცნობი დმიტრი მედვედევი დაასახელა. თუმცა იმ პირობით, რომ პირველი ვადის ამოწურვისთანავე ის მას საყვარელ სავარძელს ისევ დაუთმობდა. მედვედევმა ორი წლის განმავლობაში გემო გაუგო ამ სავარძელს და არ მოისურვა მასთან დაშორება. საჯარო გამოსვლის შემდეგ, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენებას, ტუპინსა და მედვედევს შორის სერიოზული კამათი გაიმართა. 

2010 წლის მარტში მოსკოვის მეტროში ერთმანეთის მიყოლებით ორი აფეთქება მოხდა. ერთი - „კულტურის პარკის“, მეორე კი „ლუბიანკას“ სადგურებთან. ამ აფეთქებების სარჩულად დაედო შემდეგი რამ: ქვეყანას ტერორიზმის ახალი ტალღა ემუქრებოდა, მედვედევი კი რბილი, ლიბერალური, გაუბედავი ადამიანი იყო, ამიტომ ტერორიზმს ის ვერ გაუმკლავდებოდა. სხვა საქმე იყო პუტინი - რომელიც ტერორიზმთან ბრძოლით გამოირჩევა...

მოგვიანებით მედვედევი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი წლით ადრე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ნაადრევია და ამ საკითხის ერთი წლით გადადება გადაწყვიტეს. ერთი წლის შემდეგ მათ შორის დავა ახალი ენერგიით განახლდა. და მას შემდეგ, რაც მედვედევი ისევ აყენებს საკითხს თავისი კანდიდატურის 2011 წლის  საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო წამოყენების შესახებ, „დომოდედოვოს“ აეროპორტში ხდება აფეთქება. ამჯერად თვითმკვლელ-ტერორისტად თავიდანვე რუსი სახელდება, რომელმაც, „ფე-ეს-ბე-ს“ განცხადების თანახმად, შაჰიდის ქამარი მოირგო. პუტინი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ტერორისტების ტაქტიკა შეიცვალა და ახლა ტერორისტ-თვითმკვლელად შეიძლება მოგვევლინოს ნებისმიერი და აფეთქებაც ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს.

ამ სიტყვების მიზანი ხალხში პანიკის დათესვა იყო, რომ მას პუტინში ტერორიზმისგან ერთადერთი გადამრჩენი დაენახა. თუმცა ეს არ გამოუვიდა. არავინ დაიჯერა რუსი ტერორისტის, რომელიც რუს ხალხს ააფეთქებდა. ასეთი რამ არ ახსოვს რუსეთის ისტორიას. ასი წლის წინათ რუსულმა რევოლუციურმა ტერორიზმმა წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. თუმცა ხალხი რუს ტერორისტებს არასდროს აუფეთქებია!  ამ ტერორისგან მხოლოდ ხელისუფლება და მისი ოდიოზური წარმომადგენლები ზარალდებოდა. მიზანმიმართულად უდანაშაულო ადამიანების აფეთქება რუსი ტერორისტებისთვის წარმოუდგენელი ამბავი იყო. პუტინის რუსეთში კი ყველაფერი პირიქით ხდება: ზარალდებიან მხოლოდ უდანაშაულო ადამიანები და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები კი უვნებელი რჩებიან.

პუტინის განცხადება, რომ ჩეჩენი ტერორისტები თვითმკვლელებად რუსებს იყენებენ, არავინ დაიჯერა. საჭირო გახდა მოკლულებს შორის ჩეჩენის ძებნა და ასეთი მოიძებნა კიდეც. თუმცა არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რომლებიც ადასტურებს, რომ იმ ადამიანს, რომელიც „ფე-ეს-ბე-შნიკებმა“ ტერორისტად შერაცხეს, არავითარი კავშირი ამ აფეთქებასთან არ ჰქონია, უფრო მეტიც, თვითონვე იყო ამ ტერაქტის მსხვერპლი. ეს ადამიანი უკვე რამდენიმე კვირა დახეტიალობდა „დომოდედოვოს“ აეროპორტში და ჯიბის ქურდობაში იწაფებოდა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მას არ შეეძლო გადაეხადა აბანოსთვის. დაცვას უნდოდა მილიციის გამოძახება, მაგრამ მან ჯიბიდან რამდენიმე საბანკო ბარათი ამოიღო და ბანკომატიდან ფულის აღება სცადა, თუმცა უშედეგოდ (რადგან მოპარული იყო). ბოლოს როგორღაც მოახერხა ფულის აღება და გადახდა. მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლდა. ტერორისტი, რომელსაც აეროპორტის აფეთქება აქვს განზრახული, ამავე აეროპორტში ღიად დადის კვირების გამავლობაში და არ აქვს ფული - ასეთებს ხომ იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე ყოველდღიური საჭიროების დასაკმაყოფილებლად კმარა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე თეთრი ძაფებითაა შეკერილი და ტერაქტის მსხვერპლი მისსავე შემსრულებლად აქციეს, ამ ბრალდების გამო მისი ახლობლებიც დაზარალდნენ - მათ ტერაქტის დაფინანსებაში დასდეს ბრალი და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იმასღა დავამატებ, რომ 2010-2011 წლის აფეთქებებმა, რომლებმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწია. ხალხი პუტინს ფეხებში არ ჩავარდნია. და მედვედევსაც მაშინ არ უთქვამს უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამას გაცილებით გვიან აკეთებს და მის გადაწყვეტილებაზე გავლენას სულაც არ ახდენს მეტროსა და აეროპორტის აფეთქებები, რომლებითაც ის არ სარგებლობს. ეს მაშინ ხდება, როცა საკუთარი უსაფრთხოება დგება საფრთხის ქვეშ: ჯერ ყოველგვარი მიზეზის გარეშე მისი თვითმფრინავი ისე შეჯაყჯაყდება, რომ ლამის ჰაერში დაილეწება (ეს მაშინ, როცა პრეზიდენტის თვითმფრინავის ხარისხი იმ თვითმფრინავების ხარისხზე გაცილებით მაღალია, რომლითაც სხვა მოქალაქეები სარგებლობენ); შემდეგ კი მისთვის მანამდე უცნობ თავის ტკივილს გრძნობს. იკეთებს ტომოგრაფიას და ექიმები „ინსულტისადმი მიდრეკილებას“ დაუდგენენ. სწორედ იმ ინსულტისადმი, რომლის ხელოვნურად გამოწვევაში „ფე-ეს-ბე-მ“ დიდი ხანია დახვეწა ტექნოლოგიები.

მოკლედ მედვედევი მიხვდა, რომ პუტინთან მეტოქეობა კარგს არაფერს უქადდა. ამიტომ მასთან მეგობრობა არჩია და იმ სავარძელს დასჯერდა, რომელსაც დღემდე იკავებს. ახლა არც მისი თვითმფრინავი ჯაყჯაყებს, ინსულტსაც აღარ შეუწუხებია.

აფეთქებები, როგორც აზვირთებული საპროტესტო ტალღის ჩახშობის საშუალება

მორიგი აფეთქებები რუსეთში 2013 წლის დეკემბერში ხდება. ისინი კიევის ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება. უკრაინელი ხალხი დაღალა ქრონიკულმა სიღარიბემ, ყელში ამოუვიდათ ტოტალური კორუფცია ხელისუფლების ყველა ეშელონში, გაიზარდა კოლოსალური სხვაობა ხალხის შემოსავალსა და იმათ შემოსავალს შორის, ვინც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ეს ყველაფერი - ამ მოვლენათა ეკონომიკური წინამძღვარია.

მნიშვნელოვანია, რომელი ლოზუნგებით გამოვიდა მაშინ ხალხი გარეთ. შეიძლება ითქვას, კორუფციისა და ხელისუფლებაში მჯდომი ქურდების წინააღმდეგ. არავითარი ანტირუსული ლოზუნგი მაშინ არ არსებობდა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მაშინდელმა საპროტესტო ტალღამ რუს ხალხში თანაგრძნობაც კი გამოიწვია. რადგან რუს ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელ ხალხთან შედარებით ეკონომიკურად უფრო წელში გამართული იყვნენ, ფაქტობრივად ერთსა და იმავე პრობლემებთან უწევდათ გამკლავება. ამიტომაც იმ ტიპის ლოზუნგებსაც კი, როგორიცაა - „გვინდა ევროპაში“ - რუსი საზოგადოება ნეგატიურად არ აღიქვამდა. უფრო მეტიც, გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი არ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ევროკავშირის წევრობას. იქ კორუფცია ნაკლები იყო, დემოკრატია - მეტი და ევროპასთან უვიზო რეჟიმიც ამ ყველაფერს სასიამოვნო ბონუსად მოჰყვებოდა.

თუმცა, კიევის საპროტესტო აქციებს რუსეთის ხელისუფლება სულ სხვაგვარად უყურებდა. მას ეშინოდა, რომ ამ პროტესტის სული კიევიდან მოსკოვს და სხვა ქალაქებსაც მოსწვდებოდა. ტყუილუბრალოდ ეშინოდათ. მაშინ ეს შიში ნაადრევი და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი იყო - 2013 წელს რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მყარი იყო. როცა ხალხი მაძღარია, ვერავითარი საპროტესტო ტალღა ხელისუფლებისა და სისტემისთვის საფრთხედ ვერ იქცევა. ასეთი რამ რომც მომხდარიყო, ის ისეთივე უწყინარი იქნებოდა, როგორც ორი წლის წინანდელი გამოსვლებით გაპროტესტებული უსამართლო არჩევნები. ის აქციები, ჯერ ერთი, მაშინდელი პრეზიდენტის ნებართვით ტარდებოდა; მეორეც, ამ აქციების მონაწილეები, ძირითადად, ე.წ. საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც მატერიალური მხარე არ ადარდებდათ, სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ პატიოსანი არჩევნები აკლდათ (ვიღაცამ სამართლიანად უწოდა ამ აქციებს „წავის ქურქების“ დემონსტრაცია). სწორედ მაშინ ამოეწურა მედვედევს უფლებამოსილების ვადა და პუტინი სრულუფლებიანი პრეზიდენტი გახდა. მაშინ გასცა ბრძანება: „სწორდი! სახლისკენ ნაბიჯით იარ!“ რაც უსიტყვოდ აღსრულდა. მნიშვნელოვანია რევოლუციური და ფსევდორევოლუციური სიტუაციის ერთმანეთისგან გარჩევა.

ნამდვილი რევოლუციური სიტუაცია მხოლოდ ღრმა კრიზისის დროს იქმნება, ფსევდორევოლუციური კი - როცა გინდა, მაშინ. თუმცა ის ხელისუფლებისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. რუსეთის ხელისუფლება, რომელიც შესანიშნავად ახერხებდა ბიუჯეტის „ხერხვას“ და მოპარული ფული საზღვრებს გარეთ გატანას, ასეთი სიტუაციების გარჩევაში არაკომპეტენტური აღმოჩნდა. როცა ამის გარჩევა უჭირთ, მაშინ იწყება პარანოიდული შიშები მოჩვენებითი საფრთხის წინაშე და ხელისუფლების ქმედებებიც არაადეკვატური ხდება. სწორედ ამ პარანოიდულ სინდრომს უკავშირდება ხელისუფლების ნევროზები. „რევოლუციური საფრთხისგან“ თავის ასარიდებლად 2013 წლის დეკემბერში ხელისუფლება „ფე-ეს-ბე-ს“ ხელით აფეთქებას აწყობს. თუმცა მაშინ ეს კავშირი ასე აშკარა არ იყო. ბევრისთვის აშკარა იყო ის, რაც 2017 წლის აპრილში ხდება, როცა ნავალნი (მარტომ) 100 000-ზე მეტი ადამიანის ქუჩაში გამოყვანას ახერხებს. მან ეს თავისი ფილმით „Он вам не Димон“ შეძლო, რომელიც მედვედევის მფლობელობაში არსებულ იახტებსა და სასახლეებს აღწერს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს სახელმწიფოს კორუფციაში მხილების პირველი შემთხვევაა. მაგ: ფილმში «Чайка» ნავალნიმ ამხილა გენერალური პროკურორის ოჯახი - სწორედ იმისი, ვინც თანამდებობრივად სწორედ კორუფციას უნდა ებრძოდეს. რეალურად კი არათუ ებრძოდა მას, არამედ თვითონ იყო პირველი კორუფციონერი. მხოლოდ ეს ფაქტიც რუსეთის სისტემის ტოტალური კორუმპირებულობის დასტურია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ამ მამხილებელი ფილმის შემდეგაც ის ინარჩუნებს თანამდებობას. ნავალნიმდე ნემცოვმა თავის წიგნში „Жизнь раба на галерах“კორუფციაში სახელმწიფოს თავი - პუტინი - ამხილა. პუტინს ეკუთვნის ფრაზა - „პრეზიდენტად მოსვლამდე ბანაკებში მონასავით ვმუშაობდი“, რაც შემდეგში ნემცოვმა სათაურში გამოიყენა. შემდეგ მოდის ჩამონათვალი: ოთხი ფეშენებელური იახტა, ორი ათეული სახლი და სასახლე თითოეული მილიარდი დოლარის საფასურის; 4 ათეული თვითმფრინავი, უამრავი ავტომანქანა საკუთარ ტაქსოპარკში - ამ თვალსაზრისით პუტინმა რუსეთის ბოლო მეფესაც კი გაუსწრო. მართალია, მისმა პრესმდივანმა პესკოვმა ბრალდებებს უპასუხა, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა ფაქტობრივად ეს ყველაფერი მას ეკუთვნის.

პუტინი ფლობს საათების კოლექციას, რომლის საერთო ღირებულება 22 მილიონს აღწევს. მის საყიდლად ვერავითარი ხელფასი, საპრეზიდენტოც კი, არ არის საკმარისი. ე.ი. ის ან ნაქურდალი ფულითაა ნაყიდი, ან ქრთამით. ერთზეც და მეორეც კანონით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

და როგორია რეაქცია? - არავითარი. პუტინი დუმს, მასთან ერთად დუმს ხალხიც. არავითარი მიტინგი, არავითარი საპროტესტო აქცია. ეს ხდება 2012 წელს. 2017 წელს კი ნავალნი კორუფციაში პრემიერ-მინისტრ მედვედევს ამხელს. მისი იახტებისა და სასახლეების ჩამონათვალი გაცილებით მოკრძალებულია, როგორც რაოდენობით, ასევე ფასით. მედვედევი დუმს, დუმს პუტინიც. ნავალნი ინტერნეტით ხალხს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. პოსტს იმდენი გამოხმაურება აქვს, რომ ხელისუფლება შოკშია. ამას მოსდევს შემდეგი რეაქცია: ფიქრობთ, რომ პუტინი ფილმში აღწერილი ფაქტების შესამოწმებლად გამოძიებას მოითხოვს? ან მედვედევი ნავალნის წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით აღძრავს საქმეს? - არა! პუტინი მოიწვევს გენპროკურატურის კოლეგიას, სადაც აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ანტიკორფციული ორგანიზაციების საქმიანობა უნდა აიკრძალოს. „გარე ძალების დახმარებით ისინი მდგომარეობის დესტაბილიზაციას ცდილობენ“-ო. ასევე დასძენს, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება კორუფციის წინააღმდეგ აქციებით დაიწყო.

პუტინის სიტყვებით, კორუფციასთან ბრძოლა კანონის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს (შენიშვნა: ამასთან კანონებს იღებს მძარცველებისა და ქურდების პარტია, რომლებმაც პარლამენტის ადგილების უმეტესობა დაიკავა. ამ კანონების დაცვის მთავარი ფუნქცია ყველაზე მთავარ მძარცველს - გენერალურ პროკურორს ეკისრება), ხოლო არასანქცირებული, უკანონო აქციების ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ. ყურადღება! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა დაისაჯონ არა კორუფციონერები, არამედ ძარცვისა და ქურდობის წინააღმდეგ აქციების მომწყობნი!

სიტუაცია ასეთია: პრემიერ-მინისტრი ქურდი, გენპროკურორი - ქურდი, პუტინი - ქურდი; და მათ უნდა აღიკვეთოს ნებისმიერი არასანქცირებული აქცია.

ცოტაც სანქცირების შესახებ: 26 მაისს კორუფციის წინააღმდეგ მიტინგი რუსეთის 80 ქვეყანაში იმართება. ხელისუფლების თანხმობა მხოლოდ 20-ზეა გაცემული. ეკატერინბურგში ეს აქცია იკრძალება, როგორც „კონსტიტუციური წყობისთვის ძირის გამომთხრელი!“

ახლა იმის შესახებ, როგორ შეძლო მხოლოდ ნავალნიმ საპროტესტო აქციაზე იმდენი ხალხის შემოკრება, რამდენიც ერთად აღებულ ყველა ოპოზიციურ პარტიას არ გამოუყვანია. რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში და რატომ ჰქონდა ხალხს ასეთი მძაფრი რეაქცია ნავალნის ფილმსა და მოწოდებაზე?

შეიცვალა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა. ხალხმა, რა თქმა უნდა, აქამდეც იცოდა, რომ ბიუჯეტს ძარცვავდნენ, რომ სახელმწიფოს ფულადი რესურსის ნახევარი ბიუჯეტის მძარცველთა და ოლიგარქთა 1%-ის ჯიბეში ჩადიოდა. თუმცა  ნავთობზე მაღალი ფასის წყალობით რუსეთის ეკონომიკა შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. ეს კი მათ მძაფრი სოციალური პრობლემების გადაჭრისა და რიგითი ადამიანების ცხოვრების მაღალი თუ არა საშუალო დონის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა.  

ამიტომაც ხალხი არ რეაგირებდა იმის გამო, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ხაზინას ძარცვავდა. 2017 წელს კი ხალხმა საკუთარ ტყავზე იგემა პირველი კრიზისის ტალღა, რომელმაც მათი შემოსავლების ნახევარი ჩამორეცხა. 20 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა, უფრო სწორად კი საშინელ სიღარიბეში; 40 მილიონი კი - სერიოზული მატერიალური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. აქ კი უფრო მძაფრად განიცადეს ის, რომ ხელისუფლება მათ ძარცვავდა. პუტინის 17-წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად, ყვიროდნენ: „პუტინი - ქურდი!“ ასეთი რამ მაშინაც კი არ მომხდარა, როცა ნემცოვი თავის წიგნში პუტინს ქურდობაში ამხელდა. ახლა კი, როცა ნავალნიმ პუტინი კი არა, მედვედევი ამხილა, ყვიროდნენ, რომ პუტინია ქურდი. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მედვედევთან ერთად ისიც დუმდა. გაჩუმების ტაქტიკამ, რომელიც წინა წლებში მუშაობდა, დრო მოჭამა. ეს იმის მაგალითია, როგორ ცვლის ადამიანების აღქმებს კრიზისი და როგორ ამძაფრებს სოციალური უთანასწორობის შეგრძნებას. მაშინ ხომ მოპარული 100 დოლარისთვის ადამიანები წლობით ისხდნენ ციხეში, ხოლო მოპარული მილიონების გამო არავინ აგებდა პასუხს, პირიქით - ინარჩუნებდა პოსტსაც და ნაქურდალსაც.

შემდეგ კი კრიზისის გამძაფრებასთან ერთად იზრდება საპროტესტო აქციები, პუტინის რეიტინგი კი საჰაერო ბუშტივით იფუშება.

რის საფუძველზე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება? ობიექტური ექსპერტების აზრით, იმისთვის, რომ ეკონომიკამ სტაბილურად იმუშაოს და მოსახლეობის ცხოვრების დონე შენარჩუნდეს, მშპ 4-5% უნდა იყოს - ეს აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციის ფაზაში შევიდა, რომლის დროსაც მშპ 1%-საც ვერ აჭარბებს. და კიდევ: თუ კრიზისამდელ პერიოდში სარეზერვო ფონდი 600 მილიარდს შეადგენდა, ახლა ის მხოლოდ 30 მილიარდი დოლარია. ასე რომ, უსაფრთხოების ბალიშისგან მხოლოდ ბალიშის პირიღა დარჩა. როცა უკვე ვეღარ შეძლებენ ხელფასის გადახდას და სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება არა 20, არამედ 60 მილიონი ადამიანი, შეუძლებელი გახდება სოციალური პროტესტის აზვირთებული ტალღის შეჩერება, რომელსაც პოლიტიკური მოთხოვნები და რევოლუციური იდეები დაემატება და შესაძლებელია, რევოლუციაშიც გადაიზარდოს. აი, რის ეშინია მძარცველთა და ოლიგარქთა ხელისუფლებას.

რა ვარიანტებს განიხილავს პუტინი შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან თავის დასაღწევად?

პირველი ვარიანტი: თანამდებობიდან დაითხოვოს კორუფციაში ყველაზე გაწაფული პირები და ოლიგარქები, კონფისკაცია გაუკეთოს მათ ქონებას. დანარჩენები აიძულოს, გაყიდონ თავიანთი საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონება, უცხოური აქციები და იქაურ ანგარიშზე არსებული ფული რუსეთის ბანკებში გადმორიცხონ. დანერგოს საზოგადოებრივი კონტროლის საყოველთაო ეფექტიანი სისტემა, რათა მომავალში თავიდან აიცილოს ძარცვა. თუმცა პუტინი ასეთ რამეს ვერ გააკეთებს, რადგან ის თვითონვეა ტოტალური კორუფციული სისტემის ჯაჭვის მთავარი რგოლი.

მეორე ვარიანტი: ნავალნიც ნემცოვის გზას გაუყენოს. ამის გაკეთება რთული არაა, მაგრამ ეს ვერ უშველის. მსგავსმა ქმედებებმა მხოლოდ სტაბილური მდგომარეობისას უშველა - ჩამოიშორეს ყველაზე გაბედული ლიბერალი ლიდერი, სხვებს კი ჩამოურეკეს და გააფრთხილეს, რომ შემდეგი ის იქნებოდა. და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმ პროტესტის ჩასახშობად, რომლის ლოზუნგი იყო: „პუტინი - არის ომი! პუტინი - კრიზისია“. მაშინ ამან იმიტომ იმუშავა, რომ რუსეთში ომი მაინცდამაინც არ იგრძნობოდა და 2015-ში კრიზისიც ჯერ კიდევ ნაკლებად შესამჩნევი იყო. ახლა აღარ იმუშავებდა. კრიზისს სტაბილური მდგომარეობისგან სწორედ ის განასხვავებს, რომ ხელისუფლების ასეთი ქმედებები ხალხს ამ დროს კი არ აშინებს, არამედ უფრო აბოროტებს, შესაძლოა, უფრო დიდი საპროტესტო ტალღაც ააგოროს და ახალი ლიდერებიც გააჩინოს. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ასეთ დროს შესაძლებელია დაიბადოს იდეა - ამ ხელისუფლებასთან მხოლოდ ცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა უშედეგოა. და მაშინ ხელისუფლებას არ უნდა გაუკვირდეს, რომ რუსეთში ჩამოყალიბდება ესერების «საომარი ორგანიზაციები» ან «Народная воля – 2-ის“ მსგავსი ორგანიზაცია. ამიტომაც ხელისუფლებისთვისვეა უმჯობესი, თავიანთი ქმედებებით ხალხი ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანოს. როგორც ჩანს, ხელისუფლება, მიუხედავად მისი დანაშაულებრივი ნატურისა, აცნობიერებდა, რომ ოპოზიციონერების მკვლელობების გახმაურებას გაცილებით მეტი საფრთხე მოაქვს, ვიდრე ამავე ოპოზიციონერებს. ამიტომაც ნავალნის შეუძლია მშვიდად გააგრძელოს ძილი - მას არც მოკლავენ და, სავარაუდოდ, ციხეშიც არ ჩასვამენ (15 დღე-ღამეზე ხანგრძლივად).

მესამე ვარიანტი: ყველაზე გამოცდილი და ნამდვილი მეთოდი პუტინის სპეცსამსახურების არსენალიდან - აფეთქებების მოწყობაა. ლიტვინენკოსა და ნემცოვის სიკვდილის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს მათი გაკეთებული საქმეა და ვერავითარმა ხრიკებმა საგამოძიებო ორგანოებისა და პუტინის მედიის მხრიდან ვერ იმუშავა. აფეთქებების მოწყობასთან დაკავშირებით კი მათ ჯერ ისევ ჰქონდათ ილუზია - ვერ წარმოედგინათ, რომ პუტინს საკუთარი თანამოქალაქეების აფეთქება შეეძლო. ამიტომაც ხელისუფლებამ პიტერში აფეთქების მოწყობა გადაწყვიტა. რისთვის იყო ის საჭირო? პირველ რიგში, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად, რომელიც კორუფციის, ანუ ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. პუტინის რუსეთში კორუფცია და ხელისუფლება ხომ განუყოფელი ცნებებია. მეორე რიგში, საზოგადოების ყურადღების გადასატანად კორუფციის პრობლემიდან ტერორიზმის პრობლემაზე (ტერორიზმი ხომ ქურდობაზე უფრო საშიშია. ეს იქნებოდა ერთგვარი მოწოდება - მოდით, გაერთიანდით ხელისუფლებასთან ერთად, ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმსო). მესამე რიგში, ბრძოლის საბაბით ინტერნეტკონტროლის - ხელისუფლების მიერ მაშინ ერთადერთი ნაკლებად კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალების - გასამკაცრებლად.

რა ამკრძალავი ზომები მიიღო ხელისუფლებამ პეტერბურგის აფეთქების შემდეგ?

  1. რუსული ინტერნეტცენზორი (роскомнадзор) უკვე არ კმაყოფილდება იმით, რომ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახუროს ნებისმიერი ვებგვერდი, რომელიც მას არ მოსწონს. ახლა ის, ბლოგერებიც, რომლებსაც 3 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავთ, იმისთვის, რომ ეს საქმიანობა გააგრძელონ, ვალდებული ხდებიან, ნებართვა აიღონ ინტერნეტცენზორისგან.
  2. აიკრძალა ნებისმიერი ინტერნეტმოწოდება - არა მხოლოდ ტერორიზმისკენ მოწოდება, არამედ ნებისმიერი! ამასთან ყველაზე მეტად კორუფციის წინააღმდეგ მოწოდებებს უფრთხიან
  3. „ედინოროს“ დეპუტატებს შეაქვთ კანონპროექტი და აქტიურად განიხილავენ მიტინგებზე მორატორიუმის დაწესებისა და რუსულ ინტერნეტში ყველა უცხოური სოციალური ქსელის აკრძალვის საკითხს. ჯერჯერობით, ყოველი შემთხვევისთვის ტოვებენ მხოლოდ რუსულ („ფე-ეს-ბე-შნიკების“ კონტროლის ქვეშ არსებულ) სოციალურ ქსელებს. და ამ ყველაფრის მიზეზად სახელდება ის, რომ სოცქსელები შეიძლება ტერორისტებმა გამოიყენონ. 

დაბოლოს, დამასრულებელი აკორდი იმისა, როგორ შეიძლება ტერაქტების საშუალებით  ხელისუფლების განმტკიცება - ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რომლის დროსაც საპროტესტო აქციების მოწყობა კი არა შეკრებაც შეუძლებელია.

ასე რომ, ისლამისტები კი არა, თვითონ ხელისუფლებაა დაინტერესებული ამ აფეთქებებით. მასავით ეს არავის სჭირდება. ასეთი სცენარის დადგმას, სჭირდებოდა ნიადაგის მომზადება და იმ შემთხვევისთვის, თუ კრიზისით გამოწვეული საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო აზვირთდებოდა, მოეწყო ისლამური სახელმწიფოს პროვოკაციული დაბომბვა. „ისლამური სახელმწიფოს“ დამსახურებაა, რომ მათ არ უპასუხეს პუტინის ამ პროვოკაციას და მთელი ამ დროის განმავლობაში მათი მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე არცერთი ტერაქტი არ განხორციელებულა. ამიტომაც პიტერის ტერაქტის სამუშაოების შესრულება „ფე-ეს-ბე-შნიკებს“ მარტო მოუხდათ, შედეგი კი ისლამისტ-ტერორისტებს გადაბრალდათ.  ჯანდაბას, ამჯერად იყოს ჩეჩენი კი არა, შუააზიელი, მაგრამ ისლამისტი-თვითმკვლელის გარეშე შეუძლებელია. დიდი ტრაგედია არ არის ნამდვილი თვითმკვლელის არარსებობა - მისი „დანიშვნა“ ყოველთვის შეიძლება.

როგორ ხდება ეს?

მეოთხე ნაწილი. როგორ „ნიშნავს“ „ფე-ეს-ბე“ თვითმკვლელებს

ტერაქტის მსხვერპლის ამოსაცნობად სერიოზული სამუშაოს ჩატარებაა საჭირო და იქ აუცილებლად აღმოჩნდება ვინმე ჩეჩენი ან შუააზიელი. სწორედ მას გამოაცხადებენ თვითმკვლელ-ტერორისტად. თუმცა მსხვერპლთა იდენტიფიკაციის პროცესმა შესაძლოა რამდენიმე დღე წაიღოს. ტერაქტის თვითმკვლელისთვის გადაბრალება კი რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს, თორემ ეჭვის ჩრდილი ისეთ სუფთა და უმწიკვლო ორგანიზაციაზე გადაინაცვლებს, როგორიც „ფე-ეს-ბე-ა“.

ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება მას შემდეგ, რაც აფეთქება საპროტესტო აქციებს ემთხვევა. ამიტომაც პიტერის მეტროში აფეთქების შემდეგ სხვა მეთოდის გამოყენება სცადეს, რომელიც ტერორისტის გამოვლენის პროცესს დააჩქარებდა. ეს მეთოდი მდგომარეობს ვიდეოთვალის ჩანაწერის ოპერატიულ გადახედვაში, რომელიც აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე მეტროში ჩამსვლელ-ამომსვლელებს აფიქსირებდა. ამის შემდეგ მათ შორის ნაპოვნი „მუსლიმური ნაციონალობის სახე“ ტერორისტად ცხადდება. პირველად თვალში მოხვდათ ახალგაზრდა მამაკაცი მუსლმური ქუდითა და წვერებით, საოცრად შესაფერისი ტიპაჟი - უკეთეს კანდიდატურას ვერც იპოვიდნენ. სწორედ მას მოარგეს ეს როლი და მედიამ მისი ფოტოები გამოაქვეყნა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს რუსული სახელი და გვარი ჰქონდა - ანდრეი ნიკიტინი. რუსი კი თვითმკვლელად არ გამოდგებოდა - არ დაიჯერებდნენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ის ცოცხალი აღმოჩნდა; მას ეცოტავა ის, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი გადაურჩა აფეთქებას და მხოლოდ ამ ფაქტითაც კი საგრძნობლად შეარყია „ფე-ეს-ბე-ს“ საგამოძიებო ორგანოების რეპუტაცია, რომლებმაც ის თვითმკვლელ-ტერორისტად შერაცხა, და ეყო სითავხედე, მიყენებული მორალური ზარალისთვის ფულადი კომპენსაცია მოეთხოვა. მოკლედ, პირველი კანდიდატურა „ფე-ეს-ბე-ს“ არ გამოადგა. მაგრამ ამაზე ხომ არ შეჩერდებოდნენ - აუცილებელი იყო თვითმკვლელის პოვნა. კიდევ ერთხელ გადახედეს ჩანაწერს და იპოვეს მორიგი აზიური გარეგნობის ახალგაზრდა. ამჯერად თვითმკვლელ-ტერორისტად ის გამოაცხადეს. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ყაზახეთის მკვიდრი, პეტერბურგის ეკონომიკური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი - მაქსიმ არიშევი აღმოჩნდა. ისიც ვერაფრით იქნებოდა თვითმკვლელი, მიზეზი კი იგივე იყო - ისიც გადაურჩა ტერაქტს. კიდევ ერთი ცოცხალი გვამი! გარდა ამისა, ის მიდიოდა თავის რუს თანაკურსელთან ერთად, რომელმაც ეს დაადასტურა.

„ფე-ეს-ბე-შნიკებმა“ ისევ გადაახვიეს ჩანაწერი და თითქოს იპოვეს. გარეგნობას უკვე კართოტეკის მონაცემებს უდარებდნენ. გაარკვიეს, რომ აკბარჯონ ჯალილოვი იყო. ის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა: გარეგნობაც და გვარიც აზიური ჰქონდა. ამის შემდეგ მისი ფოტო, სახელი და გვარი მედიამ სასწრაფოდ გაავრცელა. მეტი დამაჯერებლობისთვის „ფე-ეს-ბე-ს“ კრიმინალისტებმა ჩანთაზე, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, მისი გენეტიკური კვალიც აღმოაჩინეს.

სულ მალე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აკბარჯონ ჯალილოვი ცოცხალია. ამ ინფორმაციის გავრცელებას საინფორმაციო სააგენტო «Росбалт-ის» ჟურნალისტებს უნდა ვუმადლოდეთ. სწორედ მათ მიაგნეს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ჯალილოვის პროფილს, სადაც მისი ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. დარეკეს. მათ  თვით აკბარჯონ ჯალილოვმა უპასუხა - ცოცხალმა, ჯანმრთელმა, ოღონდ ამ ყველაფრით საშინლად დამფრთხალმა (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, არც მთლად უსაფუძვლოდ). «Росбалт-მა» ეს ინფორმაცია უმალ მიაწოდა სხვა საინფორმაციო საშუალებებს, თუმცა რუსულმა სააგენტოებმა მას სრული იგნორით უპასუხეს. ასეთ ფაქტს თვითნებურად ისინი ვერ დააიგნორებდნენ. სავარაუდოა, რომ ეს სპეცსამსახურების დაკვეთა იყო. საზღვარგარეთულ სააგენტოებს კი ამ ინფორმაციაზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა: უმალ დარეკეს მოცემულ ნომერზე. თუმცა ზარს ავტომატმა უპასუხა: „აბონენტი დაბლოკილია. მისი მომსახურება შეწყდა“.  როცა აბონენტს ტელეფონი გამორთული აქვს, ავტომატი გვეუბნება: „აბონენტი არ პასუხობს ან გასულია მომსახურების ზონიდან“. ის ფრაზა კი, რომელიც ავტომატმა წარმოთქვა, ისმის მხოლოდ ორ შემთხვევაში: როცა აბონენტი გათიშულია გადაუხდელობის გამო, რაც შეუძლებელი იყო, რადგან ის სულ ცოტა ხნის წინ პასუხობდა; ან როცა აბონენტი ვიღაცის ბრძანებით გათიშეს...

მოკლედ, მდგომარეობა ასეთია:

  1. აკბარჯონ ჯალილოვი სახალხოდ გამოცხადდა თვითმკვლელ-ტერორისტად;
  2. საგამოძიებო კომიტეტმა ჩანთაზე, რომელზეც ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, მისი გენეტიკური კვალი იპოვა;
  3. „ფე-ეს-ბე-შნიკებმა“ უკვე დაურეკეს მის მშობლებს ყირგიზეთში და გვამის ამოსაცნობად ჩამოსვლა მოსთხოვეს.

აქ კი ასეთი აწყობილი ვერსია მხოლოდ იმის გამო უნდა ჩაიშალოს, რომ გვამი ცოცხალი აღმოჩნდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო - ასეთი რამის დაშვება მათ არ შეეძლოთ. გვამი უნდა იყოს ნამდვილი. რა-რა და ცოცხალი ადამიანების მკვდრად გადაქცევა მათ ეხერხებათ. ადამიანის მოტაცება და რომელიმე სხვა ადგილას აფეთქება ძნელი სულაც არ ყოფილა, რის შემდეგაც მისი სხეულს თავი მოკვეთეს და მშობლებს ამოსაცნობად მიუტანეს.

როგორც იქნა, ჩატარებული უმძიმესი სამუშაოს შემდეგ მათ მშვიდად დაძინება შეეძლოთ. ეს უკვე საბოლოოა.

გამოძიების შედეგი ასეთია: ჯალილოვის სისხლში იპოვეს ალკოჰოლი. შეუძლებელია, მუსლიმი რელიგიური ფანატიკოსი სიკვდილზე მიდიოდეს და მუსლიმურ სამოთხეში შესასვლელად ალაჰთან არყის სუნით წარსდგეს.

აქედან ჩანს, რომ არანაირი ისლამისტი ის არ არის. ეს დაადასტურა დედამისმაც, როცა თქვა, რომ მისი შვილი რელიგიური არ ყოფილა. მისი გვერდიც ინტერნეტში ამის დასტურია. მისი ინტერესების სფეროც მისი ასაკის შესაბამისია - ავტომანქანები, ქალები... იმის მიზეზი კი, რომ მას სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩნდა, შეიძლებოდა ყოფილიყო სტრესი, რომელიც მან ჟურნალისტის ზარის შემდეგ მიიღო და რომლის მოხსნაც დალევით გადაწყვიტა; ან „ფე-ეს-ბე-შნიკებმა“ გატაცების შემდეგ სიკეთე გამოიჩინეს მის წინაშე და სანამ მოკლავდნენ სასმელით გაუმასპინძლდნენ, რომ მისთვის ნერვიულობა შეემცირებინათ.

აფეთქებიდან გადის ორი კვირა. „ფე-ეს-ბე-ის“ საგამომძიებლო კომიტეტი ჯალილოვის რამდენიმე „თანამონაწილეს“ აკავებს. არცერთი მათგანი არ ასახელებს არც ტერაქტის მიზანს, არც თავის მოტივაციას, არც წაყენებულ მოთხოვნებს - რადგან ასეთი რამ არ ყოფილა. და ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერაქტი მათ არ ჩაუდენიათ.

არსებობს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. პირველი აფეთქებისთანავე პიტერის მედიამ გაავრცელა განცხადება, რომ მოხდა ორი აფეთქება: ერთი მეტროსადგურებს «Сенная площадь»-სა და «Технологический институт»-ს შორის და, მეორე, მეტროსადგურ «Площадь востания»-ში. მედია ეყრდნობოდა წყაროებს: საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და საგამოძიებო კომიტეტს. ერთი საათის შემდეგ კი აცხადებენ, რომ სპეცსამსახურების ინფორმაციით, მხოლოდ ერთი აფეთქება მოხდა, მეორის თავიდან აცილება და ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა მოახერხეს. შეუძლებელია ერთმანეთში აგერიოს აფეთქება და გაუვნებელყოფილი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ისმის სრულიად ბუნებრივი შეკითხვა: საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და საგამოძიებო კომიტეტს იმის შესახებ, რომ ორი აფეთქება უნდა მომხდარიყო? მხოლოდ „ფე-ეს-ბე-სგან“, რომელიც ორ აფეთქებას ამზადებდა, თუმცა ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მეორე  ვერ შედგა.

პოსტსკრიპტუმი

დღემდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ თავზე არ აუღია პასუხისმგებლობა პიტერის აფეთქების გამო. რაში შეიძლებოდა მათ ის დასჭირვებოდა? როგორც პუტინი აცხადებს, „სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის?“, მაშინ, ისმის მეორე შეკითხვა: რისთვის სჭირდება მათ ასეთი დესტაბილიზაცია, რომელიც მხოლოდ და მოლოდ ხელისუფლების გაძლიერებისკენაა მიმართული? უცნაური ხალხია ეს თვითმკვლელი-ტერორისტები. მათ არ მოსწონთ პუტინი, არ მოსწონთ რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ აფეთქებებს რატომღაც სწორედ მაშინ აწყობენ, როცა ეს სწორედ მათ აძლევს ხელს.

კიდევ ერთი საინტერესო უცნაურობა: მათ არ მოსწონს პუტინისა და მისი ხელისუფლების გატარებული პოლიტიკა, მაგრამ რატომღაც აფეთქებენ არა პუტინს, არა მის გარემოცვას, არა ფედერაციის საბჭოს, რომელიც სანქციას ადებს პუტინის ყველა გადაწყვეტილებას, არამედ რიგით ადამიანებს, რომლებიც ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებენ ამ ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თვითმკვლელი-ტერორისტები და მით უმეტეს, ისინი, ვინც მათ ხელმძღვანელობენ, იმდენად ბრიყვები იყვნენ, რომ ასეთი ელემენტარული რამეები არ ესმოდეთ. სამწუხაროდ, რუსი საზოგადოების უმრავლესობა საკუთარ თავს არ უსვამს ამ შეკითხვებს და ბრმად სჯერა „ფე-ეს-ბე-ის“ მიერ შეთხზული მითის ტერორისტებ-თვითმკვლელების შესახებ. 

სანამ რუსეთის მცხოვრებნი ამას არ გაისიგრძეგანებენ, მანამდე გაგრძელდება აფეთქებები, როგორც ხალხის ხელისუფლების ირგვლივ გაერთიანების საშუალება; როგორც საპროტესტო აქციებისგან მათი მოწყვეტის მეთოდი; და საბაბი იმისა, რომ აფეთქებების ხმაურში ხელისუფლება კიდევ უფრო მკაცრად გაუსწორდეს ხალხს.

ნაწილი პირველი:

რატომ აფეთქებს პუტინი ხალხს?

                                          

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^