Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უცნობი ისტორიები ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ

28 ნოემბერი 2017

2017 წელს საქართველო-გერმანიის ურთიერთობის 200 წლისთავი აღინიშნება. 1817 წელს საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდენენ. გერმანელებმა საქართველოს  ტერიტორიაზე - თბილისში, ბოლნისში, სოფ. ასურეთში, წალკაში  და ა.შ. -  22 დასახლება შექმნეს.

გერმანელების ჩამოსახლების, გადასახლების,  მათი საქართველოში  ცხოვრებისა და ქართველი ემიგრანტების გერმანიაში ცხოვრების ამსახველი ზეპირი ისტორიები,  საქართველოსა და გერმანიის არქივებში დაცული დოკუმენტები „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ საქართველოში გერმანიის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით გააციფრულა, ერთ სისტემაში მოაქცია და შექმნა ღია პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს აღნიშნულ ისტორიებს და თავად მიიღოს მონაწილეობა ამ წყაროების შეგროვებაში.

გერმანული გიმნაზიისა და საავადმყოფოს არსებობის ისტორია საქართველოში; ქართველი სოციალ-დემოკრატის მიხეილ წულუკიძისა და მისი მეუღლის ქრისტინე თოდუას ცხოვრება ემიგრაციაში - ეს იმ ისტორიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პროექტზე მუშაობისას აღმოაჩინეს. მასალების დამუშავება ჯერ ისევ მიმდინარეობს. პროექტი თავიდან ერთწლიანი იყო. ავტორები იმედოვნებენ, რომ სხვადასხვა ფონდის დახმარებით მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

 „ნელ-ნელა თავს იყრის საოჯახო კოლექციები, ფოტო, დოკუმენტური დიგიტალური ასლები სხვადასხვა ოჯახიდან, რომელთაც სურვილი აქვთ, პროექტთან ითანამშრომლონ, რომ მათ სახლში დაცული მასალა სხვებისთვისაც საჯარო და ხელმისაწვდომი გახდეს. დოკუმენტების გარდა, ვებგვერდს აქვს ბლოგების განყოფილება, სადაც სხვადასხვა ავტორი წერს ქართულ-გერმანული ურთიერთობების თემაზე“, - ამბობს პროექტის მკვლევარი ანა მარგველაშვილი და ხაზს უსვამს, რომ მათი სურვილიც სწორედ ეს იყო - პროექტის ფარგლებში ჩართულიყვნენ ოჯახები, ადამიანები და ისნტიტუციები.

ვებგვერდი ორენოვანია. მასალები ქართულ და გერმანულ ენაზე ქვეყნდება. პროექტში ჩართულმა ადამიანებმა მოპოვებული წყაროების შესაბამისი დამუშავების წესზე სპეციალური ტრენინგი გაიარეს.

„საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიაში“ აცხადებენ, რომ პროექტში ფარგლებში მოპოვებულმა მასალებმა მოლოდინს გადააჭარბა და მასალები ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია.

 „მაგალითად, თბილისში არსებობდა გერმანული საავადმყოფო, რომლის შესახებ საქართველოში ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ. გერმანულ არქივებში კი ამ საავადმყოფოს შესახებ ბევრი ინფორმაციაა“, - ამბობს ანა მარგველაშვილი.

ანა მარგველშვილის თქმით, პროექტით განსაკუთრებით გერმანელი და ქართველი ემიგრანტების შთამომავლები დაინტერესდნენ.

„მტკივნეული ისტორიებია, ინდივიდუალური თუ საოჯახო. ზოგი დაბრუნდა, ზოგი ვერ დაბრუნდა, ზოგი გზაში გარდაიცვალა და ეს ამ ოჯახების შთამომავლებისთვის საკმაოდ მტკივნეული ისტორიებია.  

ახლა ამ ამბების გაზიარების სურვილი აქვთ. ეს მათთვის რეაბილიტაციასავითაა.  ზეპირ ისტორიებში და წყაროებში ისინი საკმაოდ მწარედ იხსენებენ გარკვეულ წლებს. მაგალითად, როგორ ეძახდნენ აქ (საქართველოში) ბავშვებს  ფაშისტებს და ა.შ. ჩვენ ახლა ამის შეფასებას აღარ ვაკეთებთ. გვინდა, რომ ამ პროექტიდან პირველ რიგში  დარჩეს ადამიანების, ოჯახების ისტორიები და არა მხოლოდ მშრალი ინფორმაცია“, - ამბობს მარგველაშვილი.   

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, საქართველო-გერმანიის პოლიტიკურ, კულტურულ თუ სამეცნიერო ურთიერთობებზე გვესაუბრა.  

მისი თქმით, მოძიებული წყაროები, დოკუმენტები  და ისტორიები  აჩვენებს, როგორი მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს იმხანად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ევროპულ სახელმწიფოსთან.

მისი თქმით, მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან მეოცე საუკუნის დასაწყისამდე პერიოდში,  როდესაც საქართველოში ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივ-კულტურული სამეცნიერო პროცესები განვითარდა, გერმანიის მიმართ საკმაოდ ძლიერი კეთილგანწყობა გამოიკვეთა.

ბევრი ახალგზარდა გერმანიაში  საუკეთესო საგანამანათლებლო დაწესებულებაში  წავიდა  განათლების მისაღებად.  მათმა უმრავლესობამ იქ სპეციალობა შეიძინა და უკან დაბრუნდა.  უკან დაბრუნებულები საქართველოში ევროპულ ტექნოლოგიებს ნერგავდნენ მეურნეობასა თუ მეცნიერებაში.

ხვადაგიანის თქმით, ქართულ და გერმანულ საზოგადეობებს შორის იწყება ცოდნისა თუ ადამიანური რესურსის საკმაოდ აქტიური გაცვლა-გამოცვლა. 

ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს ყველაზე აქტიურია გერმანული სახელმწიფო, რომელსაც გამოკვეთილი გეგმები აქვს კავკასიაში და საქართველოს რესპუბლიკის სახით მოკავშირეს ხედავს. რაღაც პერიოდი საქართველო გერმანიის მფარველობის ქვეშაა, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობის  გამოცხადებისას გარანტორად დგება.

„დამოუკიდებელი საქართველოდან ევროპაში დაახლეობით 200-მდე სტუდენტი სასწავლებლად სახელმწიფო სტიპენდიით გაიგზავნა. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი გერმანიაში სპეციალური ტექნიკური განათლების მისაღებად წავიდა. სტუდენტების მთელი ეს მასა 20-იან წლებში დაბრუნდა და აქ გააგრძელა მუშაობა. ძალიან ბევრი შემდეგ რეპრესიების მსხვერპლი გახდა. შემდეგ, 40-იან წლებამდე, იწყება უკვე ეს ლიტერატურული და სამეცნიერო სკოლების ურთიერთობა და თანამშრომლობა“, - ამბობს ხვადაგიანი.  

ხვადაგიანის თქმით, სახელმწიფოს კონტექსტში ყველაზე კარგად განვითარებული სამეცნიერო ურთიერთობები, კულტურული გაცვლები სწორედ გერმანიასთან და გერმანულენოვან სივრცესთან იყო.

„თუნდაც 90-იანი წლების ბოლომდე გერმანული ენისა და გერმანისტიკის შესწავლაზე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იყო ორიენტირებული.  ეს იყო ინერციით ამ ძველი გამოცდილების გამოძახილი, თუმცა დღეს უკვე ასე აღარ არის და, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია გერმანისტთა შექმნილი სკოლა“, - ამბობს ხვადაგიანი.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ აცხადებენ, რომ გერმანიის არქივებში მნიშვნელოვანი მასალები აღმოაჩინეს. საქართველოში მცხოვრები გერმანელების გარდა, ამ ურთერთობების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი ემიგრანტებია.

 ანა მარგველაშვილის თქმით, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ აქართველოდან ემიგრაციაში წასული ქართველებიდან ერთ-ერთი დიდი სათვისტომო გერმანიაში შეიქმნა, მაგრამ ფრანგული ემიგრაციისგან განსხვავებით, გერმანული ემიგრანტების ცხოვრება შედარებით ნაკლებად არის ნაკვლევი. 

მარგველაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა მათთვის გერმანიაში ერთ-ერთი ოჯახისგან მიწოდებული მასალაა, სადაც აღწერილია 1921 წელს საქართველოდან გაქცეული სოციალ-დემოკრატის მიხეილ წულუკიძისა და მისი მეუღლის ქრისტინე თოდუას მოგონებები. აქ ისინი აღწერენ თავიანთ ცხოვრებას ემიგრაციაში ყოფნისას.  მარგველაშვილის თქმით, ამ მოგონებების მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტინე თოდუას ეკუთვნის.

„ქალების მოგონებები ხშირად არ გვხვდება, განსაკუთრებით პოლიტიკურ ემიგრაციაში. ის წასული იყო  მეუღლის სტატუსით. მისი ქმარი პოლიტიკოსი  იყო, ის კი არსად ჩანდა. ეს მოგონებები, რომელიც პრინციპში სრულიად აპოლიტიკურია, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ემიგრაციას ქალის პერსპექტივიდან ხედავს. გვიყვება, რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, რომელიც ამ პოლიტიკურ პროცესებში არ არის ჩართული; როგორ ზრდის ბავშვს, რა პრობლემები აქვს სახლში; აღწერილია მისი ფიქრები პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ეს ქალი ბერლინის იმდენად ცნობილი ექიმი გახდა, რომ დღემდე არსებობს მის მიერ დაარსებული სამედიცინო პრაქტიკა“, - ამბობს მარგველაშვილი.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ ქრისტინე თოდუას შესახებ წიგნის გამოცემას აპირებს. ორგანიზაცია წიგნის გამოცემას სოციალური ფანდრაიზინგის გზით აპირებს, თანხას კი  სოციალური ქსელით აგროვებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი მოულოდნელი აღმოჩენა გერმანიის არქივებში მუშობისას წაკითხული ერთი ფრაზა იყო, სადაც ეწერა, რომ თბილისში 1918 წელს არსებობდა გერმანული გიმნაზია. საქართველოში არც ამ ფაქტის შესახებ არსებობდა მცირე ინფორმაცია. 

„ჩვენც ამ თემას ჩავუღრმავდით და გაირკვა, რომ პირველი გერნმანული სკოლა თბილისში 1818 წელს დაფუძნდა, ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიასთან. ამ სკოლამ ძალიან რთული და ხანგრძლივი განვითარების გზა განვლო და 20-იანი წლის ბოლომდე სხვადასხვა სახით იარსება: იყო დაწყებითი სკოლა და იყო გიმნაზია უფრო მაღალი კლასებისთვის. საბოლოოდ გერმანულენოვანი განათლების მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს. იქ სწავლობდა ყველა ეროვნების წარმომადგენელი“, - ამბობს მარგველაშვილი. 

გიმნაზია 1924-25 წლებში დახურეს. გერმანიიდან სპეციალურად ჩამოსული დირექტორები და მასწავლებლები აქ დაიჭირეს და გააძევეს. 

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ აცხადებენ, რომ ხშირია თითო ფრაზით დაწყებული აღმოჩენა, რომელიც ასახავს, თუ როგორი მჭიდრო კულტურული, პოლიტიკური და საგანმანთლებლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსა და გერმანიას. მათი თქმით, ეს ინფორმაცია „ქართულ-გერმანული არქივის“ ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება. პროექტი ერთწლიანი იყო, თუმცა ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ დაწყებული საქმის დასრულებაში სხვადასხვა ფონდები დაეხმარებიან.  

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის  წარსულის მჭიდრო კულტურული ურთიერთობა თანამედროვეობაზეც აისახება.  

„მომავალ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა იქნება და ამაზე სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.  როგორც ამბობენ, გერმანიაში ქართული ლიტერატურა ქართული სახელოვნებო პროცესი აქტუალური გახდა. ეს თავისთავად თანამედროვე მუშაობის დამსახურებაა, თუმცა ამას ფონად გასდევს სწორედ ის ძველი კულტურული ურთიერთობები და ზოგადი ცნობები კავკასიისა და საქართველოს შესახებ“, - ამბობს ხვადაგიანი.  

ფოტო: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^