Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შარდომეთის ფერმა - მაღალმთიანი სოფლების ახალი პერსპექტივა

09 ივლისი 2013

მეხუთე წელია ონის რაიონის სოფელ შარდომეთში შვეიცარიულ-ქართული მესაქონლეობის ფერმა ფუნქციონირებს. ფერმა, სადაც 31-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული, მიმდებარე სოფლების დაცლას აფერხებს. ფერმის მფლობელებს მიაჩნიათ, რომ შარდომეთის ფერმა მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების მაგალითად შეიძლება იქცეს.

სანამ ონის რაიონის სოფელ შარდომეთამდე მიხვალთ, გზად დაცლილ ან ნახევრად დაცლილ რაჭის სოფლებს გაივლით. კანტიკუნტად შეგხვდებათ სხვა მანქანები და გზის პირას  ჩადგმული პატარა, თითქმის ცარიელი სავაჭრო ჯიხურები. ამ ფონზე შარდომეთის მეძროხეობის ფერმა განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმის შენობების, დეკორატიული მცენარეებით გაფორმებული ადმინისტრაცული ნაგებობისა და  უნიფორმებში გამოწყობილი პერსონალის დანახვისას იფიქრებთ, რომ რომელიმე მაღალგანვითარებული აგროკულტურის ქვეყანაში იმყოფებით.

ფერმის ფუნქციური ნაგებობები რიონის პირასაა აშენებული. საქონლის სადგომის ყავისფერი სახურავებით გადახურული და შემინული ორი მოგრძო შენობის გარდა ფერმის ეზოშივეა დიდი, ჰაერგამჭოლი სათივე, ტრაქტორებისა და სხვა ტექნიკის სადგომი ნაგებობა, ახალაშენებული სასადილო მომუშავე პერსონალისთვის და ადმინისტრაციული შენობა, რომლის მეორე სართულზეც ფერმაში ჩამოსული სტუმრებისთვის სპეციალური ნომრებია განთავსებული. 

ფერმის პერსონალი დირექტორის, ბუღალტერის, ყარაულის, ელექტრიკოსის, მზარეულის, დამლაგებლის, ორიოდე ვეტერინარისა და რამდენიმე ინსტრუქტორისგან შედგება. სულ ფერმაში 31-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც სამუშაოდ  მეზობელი სოფლებიდან და ონიდან დადის.  ონის რაიონში დასაქმების ადმინისტრაციული ცენტრების და მცირე სამშენებლო საწარმოს გარდა, შარდომეთის ფერმა დასაქმების ერთადერთი ადგილია.  როგორც ფერმის დირექტორი, როსტომ კერვალიშვილი ამბობს, ფერმაში საშუალო ხელფასი 870 ლარია.

შარდომეთის მეძროხეობის ფერმა ქართულ-შვეიცარიული კომპანიას - ,,ბლაუენშტეინ საქართველოს“ ეკუთნის. მისი დამფუძნებლები ირაკლი კერვალიშვილი და მისი შვეიცარიული პარტნიონი, მაქს ბლაუნშტეინია.

კერვალიშვილმა რაჭაში ფერმის აშენება 5 წლის წინათ საკუთარი ხარჯებით დაიწყო.  ,,თავიდან მე დავიწყე ფერმის აშენება, რომ შვეიცარიელები რისკზე წამომეყვანა.  მათ ნდობას ძალიან ვუფრთხილდები, რადგან შვეიცარიელების რაჭაში ჩამოყვანა ძალიან ძნელი იყო. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, საქართველო არასტაბილური ქვეყანაა და აქ ფულის დაბანდება მათთვის რისკებთანაა დაკავშირებული. ბიზნესის აქ კეთება კი არა, ბანკშიც კი არ დებენ ფულს მოგების მაღალი პროცენტის მიუხედავად~, _ ამბობს კერვალიშვილი.

მაქს ბლაუენშტაინი შვეიცარიაში საკუთარი კომპანიისა და ფინანსური ჯგუფის მმართველია. ,,ფინანსურ ჯგუფში, რომელსაც ჩემი პარტნიორი მართავს, მოწვეული ჰყავს იქაური ინვესტორები. შვეიცარიაში კომპანიების უმეტესობა სწორედ ამითაა დაკავებული, რომ ხალხი ფულს დებს, კომპანია ამ ფულს მომგებიანად აბანდებს და  შემდეგ დივიდენდებს მათ უკან უბრუნებს.  სწორედ ამიტომ, ფულის დაბანდებისას დიდ სიფრთხილეს იჩენენ“, _ ამბობს ფერმის დამფუძნებელი.

ფერმის აშენებამდე შვეიცარიელი სპეციალისტები რაჭაში, დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში იკვლევდნენ კლიმატურ გარემოს, ნიადაგს, ბალახის საფარსა და გავრცელებულ დაავადებებს. ამის შემდეგ კი ადგილობრივი საქონლის ჯიშის გაუმჯობესება დაიწყეს. შვეიცარიელმა ვეტერინარებმა ადგილობრივი ჯიშის ძროხები შვეიცარიულ ჯიშთან შეაჯვარეს. 

შარდომეთის ფერმა მეხორცე ჯიშების მოშენებასა და სახორცე მეურნეობაზეა ორიენტირებული. ამჟამად ფერმაში 300 სულამდე საქონელია. ინსტრუქტორი ალექსანდრე ნარიძე იხსენებს, რომ თავდაპირველად, ადგილობრივ ძროხებს, რინოსა  და კეის ჯიშებთან აჯვარებდნენ, თუმცა რაკი ეს ჯიშები ტანად უფრო დიდია, ვიდრე მათი გენეტიკური ნათესავი ადგილობრიოვი ჯიშები, ნაყოფის დიდი ზომის გამო, ძროხებს მშობიარობა ურთულდებოდათ. ამჟამად ადგილობრივი ჯიშის გასაუმჯობესებლად შვიცისა და სემენტალის ჯიშების გენეტიკურ მასალას იყენებენ. საქონლის გასამრავლებლად, ფერმაში, ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს მიმართავენ. გენეტიკურ მასალას კი შვეიცარიული კომპანიის, ,,შწისსგენეტიცს”-ისგან ყიდულობენ.

ფერმის ვეტერინარი, დავით ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი და შვეიცარიული ჯიშების შეჯვარება მეურნეობის წამრატებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან შვეიცარიული ჯიშების პროდუქტიულობას ადგილობრივი ჯიშების ის მემკვიდრეობა ერწყმის, რაც საქონელს ადგილობრივ ბუნებრივ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება. მაგალითად, ადგილობრივ ჯიშებს უფრო კარგად განვითარებული ჩლიქები აქვთ, რაც საქონლის კლდიან ფერდობებზე გარეკვის საშუალებას იძლევა.

გაზაფხულზე პირუტყვს საზაფხულო იალაღებზე მირეკავენ და ჯოგი შემოდგომამდე ალპურ საძოვრებზე რჩება. მთის საძოვრებზე ჯოგს ინსტრუქტორები და ვეტერინარები მეთვალყურეობენ. რეგულარულად ჩამოდის ფერმის მფლობელების მიერ დაქირავებული შვეიცარიელი ფერმერიც, რომელიც შარდომეთის ფერმას შვეიცარიაში საკუთარი ფერმის პარალელურად უვლის. ფერმერი საძოვრებზე ყოველთვიურად ორ კვირას ატარებს და ადგილობრივ ინსტრუქტორებს საქონლის მოვლის მეთოდებს ასწავლის.

მთაში საძოვრების რაციონალური მართვის მიზნით ფერმერები ე.წ. ,,ელექტრომწყემსს“ იყენებენ. ინსტრუქტორები ჯოგის საბალახო ტერიტორიას წვრილი ელექტროგამტარი თოკებით საზღვრავენ, ტერიტორიაზე ბალახის სრულად ათვისების შემდეგ ჯოგი სხვა ნაკვეთზე გადაყავთ, ძველ ადგილას კი, ორიოდე კვირაში, ახალი ბალახი ამოდის.  ელექტრომწყემსი ერთი მხრით, ნაკვეთმორიგეობითი ძოვების საძუალებას იძლევა, მეორე მხრივ კი საქონელს მტაცებლებისგან იცავს. ინსტრუქტორები იხსენებენ, რამდენჯერმე როგორ გახდა დენის დარტყმის მსხვერპლი საძოვრებზე შემოსული მგელი და დათვი. ,,ელექტრომწყემსის“ სამუშაოდ ფერმერები მზის ენერგიას იყენებენ. მზის ბატარეებით იღებენ ელექტროდენს იალაღებზე მოწყობილი ინსტრუქტორების საცხოვრებელში წყლის გასათბობად და სხვა საყოფაცხოვრებო ფუნქციებისთვის. მზის ბატარეებს იყენებენ ქვემოთ ფერმაშიც.

გარდა შარდომეთში აშენებული საპილოტე ფერმისა, რომელიც სრულად ამუშავების შემდეგ 2000-მდე მსხვილფეხა პირუტყვს დაიტევს, კომპანიამ, საპილოტე ფერმის პარალელურად, გლეხური ფერმების მშენებლობაც დაიწყო. კომპანია გლეხებს საკუთარი ფერმების აშენებაში ეხმარება. ამის შემდეგ, საპილოტე ფერმაში გაჩენილ ნამატს გლეხების ფერმებში მიაბარებენ. თითოეული საქონლის მოვლის სანაცვლოდ გლეხს წლიურად 700 ლარის ოდენობის ანაზღაურებას უხდიან და პირუტყვის დაკვლისა და გაყიდვის შემდეგ, გაყიდული ხორცის თითოეული კილოგრამიდან შემოსავლის საკუთარ წილს აძლევენ. ასეთი ფერმის აშენებისთვის გლეხებს ერთადერთი წინაპირობის დაკმაყოფილება უწევთ _ მათ საკუთრებაში 30 ჰექტრის ფართობის საძოვარი უნდა გააჩნდეთ. ამავე პროექტის ფარგლებში, შვეიცარიული გლეხებისთვის კომპანია  60 000 ლარის ფარგლებში, იაფ კრედიტს აფინანსებს. გლეხებისათვის 6%-იანი სესხის 7 წლის ვადით გაცემა ,,ბლაუნშტეინ ჯორჯიამ“ საკუთარი ქონების იპოთეკით დატვირთვით უზრუნველყო.  გლეხებს კი, კრედიტის აღების სანაცვლოდ, ბანკში მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთის ჩადება უწევთ, რომელზეც საკუთარი ფერმა აქვთ აშენებული.

,,მე პირადად გაქცევაზე ვიყავი, ეს საქმე რომ არ გამოჩენილიყო და როგორც სხვებმა დატოვეს რაჭა, მეც ისე დავტოვებდი. ახლა კი ეს საქმე გამომიჩნდა და ირაკლის დახმარებით, ყველაფერი ისე კარგად მიდის, რომ მომავალი წლისთვის ღორების მეურნეობის დაწყებასაც ვაპირებ.“ _ ამბობს კახა გაგნიძე, ონის რაიონის სოფელ შქმერში მცხოვრები გლეხი, რომელმაც უკვე ააშენა თავისი მცირე ფერმა. გაგნიძე რაჭაში შექმნილ მდგომარეობის შეცვლაში ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც უსვამს ხაზს და მაღალმთიანი რეგიონების ხელშეწყობის მიზანმიმართული პროგრამების საჭიროებაზე საუბრობს. ,,ახლა, მაგალითად, წყლის მრიცხველის დაყენება უნდათ, როცა ქვეყანა მიაქვს რიონს. მაღალმთიან სოფელში თუ წყალზე მრიცხველი დაუყენეს ან დენზე არ დაუკლეს ტარიფი, რა უნდა გააკეთოს გლეხმა, რომელიც დედის პენსიას შეჩერებია ან მარტოხელა მოხუცია? რაღაც უნდა გაკეთდეს სხვანაირად, სხვა ტიპის მიხედვა უნდა რაჭას და ზოგადად, მაღალმთიან რეგიონებს. მე პოლიტიკოსი არ ვარ, რიგითი გლეხი ვარ და ეს უბრალოდ ჩემი აზრია. მაგრამ ახლა რაჭაში ძალიან დიდი გაჭირვებაა“, _ ამბობს გაგნიძე.

ადგილობრივები შარდომეთის ფერმაში რეგიონის გადარჩენის პერსპექტივას ხედავენ. სოფლების მასობრივად დაცლის პირობებში, ფერმასთან ახლომდებარე სოფელში _ სორში _ ახალგაზრდები ისევ დაბრუნდნენ. ზოგიერთი მათგანი დაოჯახდა კიდეც. ,,ახალგაზრდებს ნამდვილად არ გვქონდა სოფელში დარჩენის საშუალება. ყველა  ქალაქისკენ მივდიოდით. ფერმის აშენების შემდეგ კი ჩვენი სოფლის ახალგაზრდები ყველა წამოვედით და აქ ვმუშაობთ.“ _ ამბობს ზურაბ მეტრეველი, რომელიც მესაქონლეობის ფერმაში ინსტრუქტორების ზედამხედველია.

როგორც ფერმის დირექტორი, როსტომ კერვალიშვილი იხსენებს, შვეიცარიელი პარტნიორი მეურნეობის მოსაწყობად თავდაპირველად არჩევანს კახეთის რეგიონზე აკეთებდა. თუმცა ფერმის რაჭაში აშენება ირაკლი კერვალიშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო.

კომპანიის ქართველი მფლობელი, ირაკლი კერვალიშვილი წარმოშობით თავადაც რაჭიდანაა. ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა, ძირითადად სატრანსპორტო კომპანიებში მუშაობდა. როგორც თავად იხსენებს, მთაში საქონლის მოშენების თანამედროვე მეთოდები პირველად კოლორადოში ნახა, როდესაც ამერიკაში ცხოვრობდა. კერვალიშვილის მიაჩნია, რომ რაჭაში და, ზოგადად, მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარების დიდი პოტენციალია. ამავდროულად, ამაში მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის შეჩერების პერსპექტივას ხედავს. ,,ბოლო წლებში აშკარა გახდა, რომ რაღაცა უნდა გავაკეთოთ რაჭაში, თორემ საშინელი მასშტაბის მიგრაციაა. კაციშვილი აღარაა დარჩენილი. რაჭაში რომ  სექტემბრის ბოლოდან წახვიდეთ, ონამდე ისე ჩახვალთ, რომ გზაში ერთი კაცი არ შეგვხვდებათ. ერთი-ორი ნათურა თუ ბჟუტავს პატარა ჯიხურში. ამ დროს რაჭა საშინელებათა ფილმებში ნანახ მოჩვენებების სასაფლაოებს ემსგავსება“, _ ამბობს კერვალიშვილი.

თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს პროექტი ალტრუისტული არ არის და მეხორცეობა მომგებიანი და სტაბილური ბიზნესია. მისი ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ხორცის დაახლოებით 80% ბრაზილიიდან და არგენტინიდან შემოდის. მაღალი ხარისხისა და საგემოვნო თვისებების ხორცი საქათველოში დიდი იშვიათობაა. ამავდროულად, მხოლოდ საქონლის ხორცის ბიზნესში ყოველწლიურად მოგების ყველაზე მცირე მარჟაზე გაანგარიშემით, 23-25 მილიონი ლარი რჩება. ,,წარმოგიდგენიათ,  ეს ფული რომ აქ დარჩეს, საქართველოს მესაქონლეობის სეგმენტში რა ეფექტს იქონიებს?“ - ამბობს ბიზნესმენი.  

ბიზნესმენს  სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების შემთხვევაში შვეიცარიის მაგალითი მოჰყავს, სადაც გლეხებს 3%-იანი კრედიტების 30-წლიანი ვადით გამოტანა და ამ ფულით საკუთარი მეურნეობისთვის უახლესი ტექნოლოგიების შეძენა შეუძლიათ. ამას გარდა, დიდი ყურადღება ექცევა ვეტერინარიის, აგრონომიისა და მსგავსი პროფესიების სამეცნიერო დონეზე სწავლებას. კერვალიშვილს მიაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიული საკითხია და თუკი სახელმწიფო ისეთი პრობლემური საკითხების მოგვარებას თავს გაართმევს, როგორიცაა მიწების რეგულირება, გლეხებისთვის იაფი კრედიტების უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავება და აგროსფეროში თანამედროვე ცოდნის ინსტიტუციონალიზაცია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.  

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^