Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტყვე ცხოველები და ზოოპარკი, როგორც კიდობანი

04 დეკემბერი 2017

დღეს, როდესაც ცხოველებისა თუ ფრინველების არაერთი სახეობა გადაშენების პირასაა, ზოოპარკები, ძირითადად, კონსერვაციული საქმიანობით უნდა იყვნენ დაკავებულნი.

მთელ მსოფლიოში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის აღდგენა და რეინტროდუქცია (ინდივიდების გამრავლება, მათი დაბრუნება იქ, სადაც ისინი ადრე ბინადრობდნენ და შემდეგ მათზე დაკვირვება) და ამაში ზოოპარკები ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებენ.

ამაში დასარწმუნებლად ცხოველთა იმ სახეობების ჩამოთვლაც კმარა, რომელთა აღდგენაშიც ზოოპარკებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს:

არაბული, იგივე თეთრი ორიქსი - 1970 წელს ცხოველის ამ სახეობას ბუნებაში გადაშენებულად მიიჩნევდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებაში ისინი ან აღარ იყვნენ, ან მათი რაოდენობა საკმარისი არ იყო თეთრი ორიქსის აღდგენისთვის.

ამ სახეობის აღდგენა 1986 წელს ფინიქსის ზოოპარკმა დაიწყო.ზოოპარკებში თავმოყრილი ცხოველის ბუნებაში დაბრუნებიდან 20 წლის შემდეგ იმ ადგილებში, სადაც მათი რეინტროდუქცია მოხდა, მეცნიერებმა 500 ორიქსი აღრიცხეს. ცხოველთა სახეობის ბუნებაში აღდგენის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს, რადგან ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

უდაბნოს ანტილოპა ადაქსი - საჰარის უდაბნოში გავრცელებული ეს ცხოველიც გადაშენებულად ითვლებოდა. 1994-1996 წლებში დაიწყო ინტენსიური რეინტროდუქცია და მაროკოში, საგანგებოდ შერჩეულ ადგილას სხვადასხვა ზოოპარკიდან 70 ინდივიდი გაუშვეს. 2008 წელს მათ რიცხვს უდაბნოს კიდევ 10 ანტილოპა დაემატა. დღეს მათი რაოდენობა იზრდება და მის გადაშენებას საფრთხე არ ემუქრება.

ბუნებაში გადაშენებული სახეობებია - პრჟევალსკის ცხენი, რომელის აღდგენაც ისევ და ისევ ზოოპარკებში არსებული ინდივიდების ხარჯზე მოხდა; კალიფორნიული - კონდორი; კენიაში გავრცელებული - ანტილოპა ბონგო და ა.შ.  

საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს ამურის ლეოპარდთან მიმართებაშიც. ციმბირში გავრცელებული ამ ცხოველის რაოდენობა დღეისათვის 25-მდე ინდივიდს ითვლის. მაგრამ სხვადასხვა ზოოპარკში დაახლოებით 200 ამურის ლეოპარდია მოთავსებული და ეს ზოოპარკები აქტიურად ზრუნავენ მათ შენარჩუნებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მტაცებელი ცხოველის რეინტროდუქცია ძალიან რთული პროცესია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ მტაცებელმა ნადირობა ვერ ისწავლა, ის შეიძლება საფრთხედ იქცეს ადამიანისთვის. ამის დასტურია სულ ცოტა ხნის წინანდელი ფაქტი, როცა რუსეთში, ბუნებაში გაშვებული სამი ლეოპარდიდან, ერთ-ერთი აფხაზეთში დაიჭირეს, როგორც ამბობენ, ქათმებს იპარავდა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ეს ძლიერი მტაცებელი მხოლოდ ქათმებით შემოიფარგლა.

ასეთ როლს ასრულებს ზოოპარკები დღეს. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ცხოველების დატყვევების პრაქტიკა მხოლოდ დემონსტრირებისათვის, რომელიც ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან იღებს სათავეს.

დატყვევებული ცხოველების, ე.წ. „საოცრებების“ პუბლიკისთვის წარდგენით, ფინანსურ სარგებელს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები იღებდნენ.

ამ პრაქტიკამ საკმაოდ დიდხანს გასტანა, ფაქტობრივად, XX საუკუნის პირველი ნახევრის ბოლომდე. როდესაც ადამიანებისთვის „უცნაურობების“ ჩვენება საკმარისი აღარ იყო, დაინტერესებულმა პირებმა „ახალი სახეობების“ გამოყვანა დაიწყეს. განსაკუთრებით პოპულარული დიდი კატების ერთმანეთთან შეჯვარებით მიღებული სახეობები იყო: ლიგერები, ტიგონები, ჯაგლეონები და სხვა. ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა მანამ, სანამ ჯერალდ დარელის დამსახურებით რევოლუციური ცვლილებები არ დაიწყო, ცვლილებები, რომლებმაც ზოოპარკების ფუნქცია შეცვალეს.

სწორედ ჯერალდ დარელმა შეიმუშავა, ე.წ. კიდობნის კონცეფცია და დასახა ამოცანა, რომ ზოოპარკები უნდა მუშაობდნენ სახეობათა გადარჩენაზე. ამას დაემატა განათლების საკითხი, განსაკუთრებით გადაშენების პირას მყოფი სახეობების მიმართულებით, და ცხოველთა კონსერვაციის ასპექტები.

ამ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელება თავად ჯერალდ დარელმა დაიწყო და მისი ერთ-ერთი პირველი პროექტი კუნძულ მავრიკიაზე ვარდისფერი მტრედის აღდგენა იყო. ზოოპარკებიდან ბუნებაში გაშვებული მტრედის ეს სახეობა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა - ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი საკვებად გამოყენება დაიწყო, ამიტომ დღეისათვის, ცხოველისა თუ ფრინველის რეინტროდუქციას საკმაოდ სერიოზული საგანმანათლებლო კამპანიებიც ახლავს თან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეინტროდუქცია, ანუ ბუნებაში დაბრუნება საკმაოდ რთული პროცესია, რომლის დროსაც არაერთი პრობლემა იჩენს თავს.

ზოოპარკების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ზოოპარკში მობინადრე ცხოველების ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია, რადგანაც ისინი ეჩვევიან ადამიანს. ეს თავისთავად ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რეინტროდუქციის შეუძლებლობას; ცხოველისა თუ ფრინველის ბუნებაში დაბრუნება შესაძლებელია, თუკი გამოიყენება გარკვეული მეთოდები, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ სახეობის ინდივიდების რეაბილიტაცია მოხდება.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი - ქცევის გამდიდრების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ცხოველს ის უნარები უყალიბდება, რომელიც ბუნებაში გამოადგება. მათ შორისაა ქცევის ტიპების ჩამოყალიბება, ფიზიკური აქტივობა და ადამიანისგან განრიდება. ბუნების მთავარი მტერი მაინც ადამიანია, სწორედ ადამიანის საქმიანობის შედეგად ხდება ცხოველების რაოდენობის შემცირება.

გადაშენების პირას მყოფი სახეობების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რასაც სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, დიდწილად ნადირობა, ცხოველთა საცხოვრებელი გარემოს შემცირება და კოლექციონერთა სიხარბე განაპირობებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილე, რომელიც ამ სახეობების გადარჩენაში შეიძლება იყოს  ჩართული, სწორედ ზოოპარკია.

ამის ნათელი მაგალითია ოქროსფერი, ლომისებური თამარინის გადარჩენის შემთხვევა. პატარა მაიმუნის ეს სახეობა ძირითადად ბრაზილიაში, უფრო ზუსტად კი ბრაზილიის დედაქალაქ - ბრაზილიის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. სწორედ ქალაქმა წაართვა ოქროსფერ ლომისებურ თამარინს საცხოვრებელი სივრცე და მათი რაოდენობა კატასტროფულად შეამცირა - 200 ინდივიდი (1983წ.) მაიმუნისთვის ძალიან მცირე მაჩვენებელია. ზოოპარკებიდან 140 ინდივიდის ბუნებაში გაშვების შემდეგ დღეისათვის მათი რაოდენობა 1000-მდე ადის.  

რეინტროდუქციის პროცესს უკავშირდება ფენომენი, რომელსაც ოლის ეფექტი ეწოდება, ანუ პოპულაციის სიმჭიდროვის კავშირი პოპულაციის რიცხოვნობის ზრდასთან. ეს გულისხმობს, რომ ამა თუ იმ პოპულაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად შესაძლებელია ერთი სქესის ინდივიდი შეხვდეს საპირისპირო სქესისას. ეს ფენომენი 1930 წელს ამერიკელმა მეცნიერმა, უარდერ კლაიდ ოლიმ, აღწერა. რაც უფრო მაღალია ოლის პარამეტრი, მით უფრო რთულია პოპულაციის გამრავლება და შესაბამისად, პოპულაციის  ზრდის ტემპი დაბალია, ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებითი ინდივიდების ბუნებაში შეყვანა, რათა გაიზარდოს მდედრისა და მამრის შეხვედრის ალბათობა.

კიდევ უფრო რთულდება ვითარება, როდესაც ცხოველის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ სახეობა უბრალოდ კარგავს სიცოცხლისუნარიანობას. თავის დროზე სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი ჩამოაყალიბა ამერიკელმა მეცნიერმა ულისე სილიმ. სწორედ ეს ანალიზი გახდა კონსერვაციული საქმიანობის მნიშვნელოვანი საფუძველი. სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი, ეს არის პასუხი ერთადერთ კითხვაზე - რამდენი ინდივიდია საკმაირისი ცხოველის სახეობის ბუნებაში გადარჩენისთვის.

პირველი სახეობა, რომელიც სიცოცხლისუნარიანობის ანალიზის გათვალისწინებით აღდგა, ფლორიდული პუმაა (ფლორიდული პანტერა). ეს პროექტი 1970 წელს დაიწყო, მაშინ, როცა ცხოველის მხოლოდ და მხოლოდ 20 ინდივიდი იყო შემორჩენილი. 2011 წლის მონაცემებით, ფლორიდული პუმის რაოდენობა 160-მდე გაიზარდა, რაც ამ ტიპის მტაცებლისთვის საკმაოდ კარგი მატებაა.

ცხოველთათვის დიდი საფრთხის შემცველია იმ ტიპის გაურკვეველი დაწესებულებებიც, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებშიც კი გვხვდება. მათ შორისაა ე.წ. „სამხეცეები“, ადგილები, სადაც ცხოველები და საკმაოდ ხშირად - იშვიათი სახეობებიც კი უბრალოდ ტყვეობაში ჰყავთ. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 2700 ზოოპარკი (ფართო გაგებით) ფიქსირდება. აქედან, ამერიკის ზოოპარკების ასოციაციის მიერ მხოლოდ - 212 ზოოპარკია სერტიფიცირებული.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან საკმაოდ რთული ვითარებაა. ეს განსაკუთრებით გარკვეულ სახეობებს ეხება. საქარველოში მაღალია ბრაკონიერობის დონე; თანაც, არა მხოლოდ ცხოველთა დახოცვის, არამედ დატყვევების კუთხითაც. მაგალითად, თუკი დატყვევებულ დათვის ბელს ნახავთ, ეს უდიდესი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ დედა დათვი მოკლეს.

ეს დატყვევებული ინდივიდები სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებშიც გვხვდებიან, სადაც 2 კვადრატული მეტრის ფართობის გალიაში დამწყვდეული ცხოველი საშინელ პირობებშია - მას არც დამალვის საშუალება აქვს და ვერც შესაბამის, საჭირო საკვებს იღებს. არ შეიძლება ცხოველის გამოკვება „დელიკატესებით“. ეს მისთვის ძალიან სახიფათოა; მათ შორის იმ ტკბილი სასმელებით, რომელსაც ცხოველებს ასმევენ. მათ იმ ტიპის საკვები სჭირდებათ, რომლითაც ბუნებაში იკვებებიან. განსხვავებული უნდა იყოს საჭმლის მიწოდების ფორმაც. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტყვე ცხოველები, საკმაოდ ხშირად, ადამიანთა აგრესიის მსხვერპლი ხდებიან. ასეთ პირობებში მყოფ ცხოველებს არაადეკვატური ქცევა და დაავადებები უყალიბდებათ.

მაგალითად, თბილისის ზოოპარკში გვყავდა დათვი, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეს ჩამოართვეს. ცხოველი ცალი თვალით ბრმა იყო და ეპილეფსიური შეტევებით იტანჯებოდა. დათვი მალევე დაიღუპა და როგორც გაკვეთის შედეგად გაირკვა, მას ძალიან ხშირად ურტყამდნენ ბლაგვ საგნებს თავში. სწორედ ამან გამოიწვია სისხლჩაქცევები ტვინში, არაადეკვატური ქცევა, საბოლოო ჯამში კი ცხოველის დაღუპვა.

ასეთ პირობებში ცხოველების არსებობა მათთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. „მოცეკვავე დათვებში“ ყველა ის ცხოველი  მოიაზრება, რომლებიც კლიენტის მოსაზიდად ჰყავთ;  მაგალითად, ბელები, რომლებთან ერთადაც ფოტოს გადაღება საკმაოდ პოპულარული იყო. არადა, არავის გასჩენია კითხვა - სად მიდის ის ბელი, რომელიც დათვი ხდება. „ფოტოგრაფები“ ყოველ წელს ერთი და იგივე სახელისა და ზომის ბელებით გამოდიან „სამუშაოდ“. თავისთავად ცხადია, რომ „წინა წლის ბელი“ გაიზარდა, დათვი გახდა, მისი შენახვა გაჭირდა. თან საკმაოდ აგრესიული, სახიფათო ცხოველია და დიდი ალბათობით ხდება ამ დათვების ლიკვიდაცია. სამწუხაროდ, არაერთი ასეთი მაგალითი არსებობს.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ტყვე ცხოველია - მგელი. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება შველის დატყვევების ფაქტებიც. ესეც უცნაურია, რადგან მამრი შველი იმდენად აგრესიული ცხოველია, რომ შეუძლია ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს. გავრცელებულია თუთიყუშებით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტებიც. ეს ფრინველები საქართველოში, უმეტესად, კონტრაბანდული გზით ხვდებიან. გვქონდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ დაგვირეკა და ვეფხვები შემოგვთავაზა. ასეთ დროს ვცდილობთ, ეს შემთხვევები თავადაც გადავამოწმოთ და სპეციალურ სამსახურებსაც ვატყობინებთ.

ველური ცხოველებით, მცენარეებითა და მათი ნაწილებით ვაჭრობას საერთაშორისო კონვენცია არეგულირებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ჩამორთმეული ცხოველები, როგორც წესი, თბილისის ზოოპარკში ხვდებიან. ასევე ჩვენთან ხვდება უამრავი დასახიჩრებული ფრინველიც, რომლებსაც არც მეტი, არც ნაკლები - გასართობად ესვრიან. ამ ყველაფრის ფონზე, საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, ვისაც დაშავებული ცხოველი თუ ფრინველი ჩვენთან მოჰყავს. წელსაც, შემოდგომაზე, რამდენიმე მორჩენილი მტაცებელი ფრინველი   ბუნებაში დავაბრუნეთ.

გარდა ამისა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხშირად შეხვდებით, ე.წ. ვითომდა „კონტაქტურ“ ზოოპარკებს, სადაც გადახდის შემთხვევაში შეგიძლია, ხელში აიყვანო ცხოველი, გადაიღო სურათი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველაფერს თითქოს უფრო ცივილიზებული ფორმა აქვს, ცხოველისთვის ისევე საზიანოა, როგორც პატარა გალიაში გამომწყვდევა.

ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება ლოგიკური კითხვა - რა ხდება თბილისის ზოოპარკში? რას აკეთებს თბილისის ზოოპარკი ცხოველთა აღდგენის მიმართულებით?

მართალია, ცხოველთა აღდგენა თბილისის ზოოპარკმა გაცილებით გვიან დაიწყო, ვიდრე განვითარებული ქვეყნების ზოოპარკებმა, მაგრამ კონსერვაციის მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.

პირველი გადასაჭრელი ამოცანა დათვის ბელების რეაბილიტაციის პროგრამა და მათი ბუნებაში დაბრუნებაა. დღეისათვის სამი პატარა ბელი გვყავს და ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, მოხერხდება თუ არა სამივე მათგანის ბუნებაში დაბრუნება. ჯერ პატარები არიან, ვნახოთ, როგორ განვითარდება, როგორ ჩამოყალიბდება მათი ქცევა, რამდენად შესაძლებელი იქნება ბუნებრივ პირობებში მათი დაბრუნება.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბუნებაში დაბრუნების შემდეგ ეს ბელი არ უნდა მივიდეს სოფელში, სადაც ადამიანსა და ცხოველს შორის კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას. ამ მხრივ საქართველოში ისედაც დაძაბული ვითარებაა. თუმცა, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ სწორედ ადამიანების მიერ წარსულში ჩადენილმა ქმედებებმა განაპირობა ეკოსისტემის იმდაგვარად შეიცვალა, რომ ველური ცხოველი ადამიანის საცხოვრებელ გარემოს „სტუმრობს“.

ასევე, მნიშვნელოვანია იშვიათი სახეობების რეინტროდუქციის პროგრამა. ზოგადად, კავკასიის ცხოველთა სამყარო უნიკალურია (ქვესახეობების დონეზე). გვყავს უნიკალური ენდემური სახეობებიც, რომელთა აღდგენაზეც, ჩვენ გარდა, სხვა არავინ იზრუნებს. ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც გვაქვს, ადგილობრივი სახეობების შენარჩუნება და მათი გადარჩენაა.

ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს კავკასიური კეთილშობილი ირმის გამრავლება და რეინტროდუქცია. ზოგადად, ირემი მსოფლიოსთვის (კავკასიის გარდა) არ არის იშვიათი სახეობა. ევროპაშიც და ამერიკაშიც ის საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში იმდენად დიდი რაოდენობითაც კი გვხვდებიან, რომ მავნებლის კატეგორია აქვთ მინიჭებული. რაც შეეხება საქართველოს, აქ ირემი მხოლოდ რამდენიმე ადგილასღაა შემორჩენილი: ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და გარდაბნის აღკვეთილში. კავკასიური ირემი გადაშენდა ისეთ ადგილებში, თბილისთან ახლოს, როგორიც არის თბილისის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი და სხვა. მოგეხსენებათ, ირემი ჰაბიტატ-გენერალისტი სახეობაა და მას უამრავ სხვადასხვა ჰაბიტატში შეუძლია ცხოვრება.  

იმისათვის, რომ კავკასიური კეთილშობილი ირმის რეინტროდუქცია ქაოსური არ ყოფილიყო, პირველ რიგში შემუშავდა მათი კონსერვაციის გეგმა. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, პროცესში, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წამყვანი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ. დღეისათვის უკვე გამოვლენილია ის ადგილები, სადაც ირმის აღდგენაა შესაძლებელი. მომდევნო ეტაპი თბილისის ახალ ზოოპარკში ახალი, 1 ჰექტარის მოცულობის ვოლიერის მშენებლობას და იქ ირმების გამრავლებას ითვალისწინებს. ცხოველის ამ ქვესახეობას ბაქოს ზოოპარკში მივაკვლიეთ, გაზაფხულზე მათ თბილისში ჩამოვიყვანთ და დავიწყებთ მათ გამრავლებას, რისი საკმაოდ კარგი გამოცდილებაც გვაქვს.

დაგეგმილია ნიამორის აღდგენაც, რომლის რიცხოვნობაც ასევე შემცირებულია. დღეს ეს ჩლიქოსანი მხოლოდ და მხოლოდ თუშეთშია შემორჩენილი. ნიამორების ჩამოყვანა ერევნის ზოოპარკიდან იგეგმება. მათაც ირმების დიდ ვოლიერში მოვათავსებთ, გავარმავლებთ და როცა გაკრვეულ რიცხოვნობას მიაღწევენ, დავიწყებთ იმ ადგილებში დაბრუნებას, სადაც ნიამორი იყო გავრცელებული.

უახლოეს მომავალში ვიწყებთ დასავლეთ კავკასიური ჯიხვის აღდგენის პროცესსაც, რომელსაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პრაღის ზოოპარკში მივაგენით. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის მონაცემებით, დასავლეთ კავკასიური ჯიხვი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კატეგორიას მიეკუთვნება. თბილისის ახალ ზოოპარკში მათთვისაც ახალი ვოლიერი შენდება, სადაც ჯიხვების შენარჩუნებასა და აღდგენაზე ვიზრუნებთ.

მაგრამ ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ ბუნებაში აღდგენილი ცხოველის აღდგენის  პროცესში სახელმწიფო არ ჩაერთვება, მაგალითად, სახელმწიფო ვალდებულია დაამტკიცოს კონსერვაციის გეგმა. მას კანონის ძალა უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ფიზიკური დაცვის განხორციელება, რადგანაც რეინტროდუქციის შედეგად დაბრუნებულ ცხოველებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება და ეს შესაბამისმა სამსახურებმა  უნდა უზრუნველყოს, რადგან თბილისის ზოოპარკს, როგორც სამეცნიერო ინსტიტუციას ფიზიკური დაცვის საშუალება არ აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

გამქრალი ბავშვები მედიაში

მარიამ ბაიდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საშუალო სკოლის მეათე კლასში სწავლობს. ის მედიას თვალს ძირითადად ინტერნეტ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ცეკვა ცერებითა და ახალი „ორნამენტებით"

სუხიშვილების განახლებული პროგრამა - კიდევ ერთი ხნული გაკვალულ ყამირზე ყოველთვის, როდესაც სუხიშვილების კონცერტს ვუყურებთ ...

მეტი

^