Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კურტიზანი ქალის ბრწყინვალება და ბურჟუაზიის “სიღატაკე”

04 დეკემბერი 2017
თბილისის ოპერაში ვერდის მრავალტანჯული „ტრავიატა” დაბრუნდა

ისტორია მოგვითხრობს, რომ ჯუზეპე ვერდის „ტრავიატას” (პრემიერა 1853  წლის 6 მარტს, ვენეციის თეატრ „ლა ფენიჩეში” გაიმართა) თბილისის ოპერის თეატრში მისული პუბლიკა მისი შექმნიდან რამდენიმე წელიწადში, უკვე 1859 წლის შემოდგომაზე უსმენდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ XIX საუკუნეში ჩვენი გადაძახილი ევროპის მუსიკალურ კულტურასთან გაცილებით დროული და მნიშვნელოვანი ამბებით იყო დატვირთული იყო, ვიდრე დღეს, ტელევიზია-ინტერნეტის ეპოქაში.

როგორი „ევროვიზიებითაც” არ უნდა შევეცადოთ თავის მოწონება, არ მახსენდება დღეს ევროპაში ცნობილი, თანამედროვე კომპოზიტორების საოპერო თუ სიმფონიურ პრემიერას ჩვენში დაგვიანებული პასუხები მაინც მოჰყოლოდეს. თუმცა ამგვარი მუსიკალური წყვეტის მიზეზების შესახებ უკეთესია ცალკე და საფუძვლიანი ოპუსები დაიწეროს. ამჯერად კი უშუალოდ „ტრავიატას” შესახებ, რომელიც ლამის ოცწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაბრუნდა თბილისის განახლებული საოპერო თეატრის რეპერტუარში.

სპექტაკლის დასადგმელად ოპერის დირექციამ ევროპის ორ წამყვან თეატრს მიმართა: დეკორაციები რომის ნაციონალურ თეატრში დამზადდა, ხოლო კოსტიუმები - ესპანეთში, მადრიდის Teatro Real-ის ბაზაზე; 1856 წელს დაარსებულ ერთ-ერთ უძველეს კომპანიაში, რომელიც თავად ქმნის და აქირავებს ყველა ეპოქის კოსტიუმებს კინოს, თეატრის, სარეკლამო ბიზნესისა და სატელევიზიო შოუებისათვის. მოკლედ, თეატრი შეეცადა Belle Epoche-ის ბურჟუაზიული, თვალისმომჭრელი სანახაობა მაყურებლისათვის მთელი სიცხადით ეჩვენებინა. თუმცა მონდომების მიუხედვად ისე გამოვიდა, როგორც ხშირად ხდება: თან პრეტენზიული, თან ჭრელი და თან უგემოვნო წარმოდგენა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის, ლორან გერბერის (შვეიცარია) დამოკიდებულება ვერდის მუსიკასთან უცნაურად ნეიტრალური, არაფრისმთქმელი და უღიმღამოა. რაც ნიშნავს, რომ მისი დადგმა უკონცეფციოა, წარმოდგენაში არცერთი ცოცხალი, გამორჩეული მეტაფორა არ არის, ხოლო კოსტიუმები (ესთერ მარტინესი) თითქმის ყველა მკვეთრი ფერის თანაარსებობას და სიჭელეს გულისხმობს. პლუს, ვიოლეტას უცნაურად „დახუნძლულ” კაბებს ყველა მოქმედებაში. ეს კი მთავარი პარტიის შემსრულებელს, სალომე ჯიქიას დროდადრო აშკარად უშლის ხელს მოძრაობასა და კონცენტრაციაში. რაც შეეხება სცენოგრაფიას (მასიმო ბელანდო), სცენაზე აშენებული კედელი ნახევარწრეს ქმნის, რომელიც სივრცეს საკმაოდ ზღუდავს და ამავე დროს, უცვლელი რჩება მთელი სპექტაკლის განმავლობაში. ტახტი და მაგიდა ასევე უცვლელად „მოგზაურობენ” ვიოლეტას პარიზის ბინიდან მისსავე ბინაში ქალაქაგრეთ, შემდეგ ფლორა ბერვუას წვეულებაზე და ბოლოს, ფინალში ისევ ვიოლეტას საძინებელში.

სპექტაკლის დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, რომელიც ასე თუ ისე უნარჩუნებს ორკესტრს სიმწყობრეს, ტემპსა და ხარისხს; პრინციპში კარგად ჟღერს გუნდიც. დამდგმელი ქორეოგრაფის, ნინო ანანიაშვილის ორი საბალეტო ნომერი ესპანურ თემებზე (მესამე მოქმედება, წვეულება ფლორა ბერვუასთან) არაფრით გამორჩეული, რიგითი დივერსტისმენტია.

ვიოლეტას პარტიას ახალგაზრდა საოპერო ვარსკვლავი, სალომე ჯიქია ასრულებს რომლისთვისაც „ტრავიატა” დებიუტია თბილისის საპერო სცენაზე. 2017 წელი გამორჩეულია მის კარიერაში: ჯერ პირველი პრემია პოლონეთში, სტანისლავ მონიუშკოს სახელობის მეცხრე საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე, შემდეგ წარმატება იტალიაში (ელენას პარტია როსინის „ტბის ქალწულში”), და ასევე როსინის „სემირამიდა” საფრანგეთში. ახლახან მისი დებიუტი შედგა „კოვენტ გარდენში”. აღსანიშნავია, რომ გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა” ის ახალგაზრდა ჯოის დიდონატოს შეადარა. მოკლედ, სალომე ჯიქიას სრული კარტბლანში აქვს შემდგომი დიდი წარმატებისთვის.

ვერ ვიტყოდი, რომ მისი ვიოლეტა თამამი, ექსპანსიური, სიცოცხლის მოყვარული და მებრძოლია. უფრო პირიქით, თავიდანვე თავშეკავებულ და ტრაგიზმით დაღდასმულ პერსონაჟს განასახიერებს - რაღაცნაირად ბედს შეგუებულსა თუ განწირულ ქალს თამაშობს, რასაც ვოკალურადაც ასაბუთებს. მსუყე და დრამატული ხმა აქვს დაბალ რეგისტრში და ამავე დროს მსუბუქი, უწონო და უფრო ტექნიკური მაღალები. და მაინც, ვერდი ჯერჯერობით „მისი ტერიტორია” არ არის. როსინისა და მოცარტის ოპერებში გაცილებით ბუნებრივად გრძნობს თავს, ისევე როგორც ბაროკოს სტილს.

ტენორი ოთარ  ჯორჯიკია ალფრედ ჟერმონს უფრო ლირიკული და ცოტა ინფანტილური გმირისათვის დამახასიათებელი ინტონაციებით ხატავს. მაშინაც კი როცა ვიოლეტა სასიკვდილოდაა განწირული, ის რომატიკულ გმირს წააგავს, რომელსაც საყვარელი ქალის სიკვდილის არ სჯერა. მისი ალფრედ ჟერმონი უფრო ნემორინოს წააგავს დონიცეტის „სიყვარულის ნექტრიდან”. სულხან  გველესიანის ბარიტონი თითქოს ზედგამოჭრილია ჟორჟ ჟერმონის პარტიის შესასრულებლად: ლამაზიც, ზუსტიც, სულში ჩამწვდომიც. ჟერმონი უფრო თავშეკავებული და კეთილშობილი მამაა და არა სიყვარულის დამანგრეველი, სასტიკი ბურჟუა. სცენური იმიჯით კი ახალგაზრდა ექვთიმე თაყაიშვილს უფრო ჰგავს. მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიდან გამოვარჩევდი ნუცა ზაქაიძეს (ფლორა ბერვუა), ირაკლი მუჯირს (ბარონი დუფოლი), გიორგი ჭელიძეს (მარკიზი დ’ობინი).

დაბოლოს, ყველაზე მთავარი: უკვე კარგა ხანია ოპერას დასავლეთში არ განიხილავენ და არც აღიქვამენ როგორც მუზეუმს, ან მუსიკის არქეოლოგიას. ოპერა, ისევე როგორც დრამატული თეატრი, თანამედროვე ხელოვნების ნაწილია. ამიტომ ნებისმიერ ინტერპეტაცია-დადგმას თანამედროვე რეჟისორები და სცენოგრაფები „კითხულობენ” დროისა  და კონტექსტის მიხედვით - ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება, ხდება ახლა და აქ და გვეხება იმდენად, რამდენადაც შეიძლება იყოს ჩვენს მუსიკალურ აღქმასთან უშუალო კავშირში. ოპერაც შესაბამისად, დროისა და კულტურის ერთდროული პულსაციაა. რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ კიდევ გაცნობიერებული არა აქვთ.

ამდენად, როცა რობერტ კარსენი „ტრავიატას” სოციალური ინტერპრეტაციით დგამს (მთავარი პარიები - პატრიცია ჯიოფი, რობერტო საკა, დიმიტრი ხვოროსტოვკსი); ვილი დეკერი მინიმლისტურად და მკაცრად კონცეფტუალურად (ზალცბურგის საოპერო ფესტივალი - ანა ნეტრებკო,  როლანდო ვილაზონი, ტომას ჰამპსონი), ხოლო კრისტოფ მარტალერი სრულიად ახლებურად და ოდნავ ირონიულად, როგორც რეჟისორული, ისე სცენოგრაფიული თვალსაზრისით (პარიზის „ოპერა გარნიე” - კრისტინ შეფერი, იონას კაუფმანი და ჟოზე ვან დამი), გასაგები ხდება თანამედროვე ოპერის ტენდენციაც და მისი გააზრების თავისებურებებიც. ისევე, როგორც გასაგებია, ძვალ-რბილში გამჯდარი ტრადიცია, რომ საოპერო დადგმას გასაგებად არაფრისმთქმელი და მომხმარებლური კუთხით შევხედოთ, და არა კონცეფტუალური გაზრებით.

ასე რომ, “ტრავიატას” ახალი ვერსია თბილისის საოპერო თეატრში, კურტიზანი ქალის ბრწყინვალებასა და ბურჟუაზიის “სიღატაკეს” ისევ ძველებურად სანიმუშოდ გვაზიარებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^