Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიტიკური „იწილო-ბიწილო“ ქუთაისში

12 ივლისი 2013

გასული კვირა ქუთაისში მე-19 საუკუნის საქართველოს მოგაგონებდათ, იმ პერიოდს - ძველსა და ახალ თაობას შორის იდეური ბრძოლა საპასუხო წერილებით რომ მიმდინარეობდა. თანამედროვე ქუთაისში „პასუხის-პასუხები“ ბრიფინგების მთელ სერიაში გადაიზარდა. შედეგად ქუთაისმა და დანარჩენმა საზოგადოებამ ქუთაისის ახლადარჩეული აშკარად დაბნეული და იმედგაცრუებული მერი გაიცნო.

ქუთაისში მიმდინარე პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, ბრიფინგებიდან სასამართლოში გადაინაცვლოს. თანამდებობიდან გათავისუფლებული „ნაციონალი“ ვიცე-მერი, ამირან ძოწენიძე  სამსახურიდან დათხოვნის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს. მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი საბიუჯეტო დარღვევებია, რომლის კონტროლიც ვიცე- მერს ევალებოდა. ძოწენიძე კი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ მას  გაცილებით მაღალი - ვიცე-გუბერნატორის - პოსტი შესთავაზეს, (გაცილებით მაღალი თანამდებობრივი სარგოთი) ქუთაისის მერის გადაწყვეტილების გაპროტესტებას მაინც შეეცდება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ერთი პიროვნების მოტივაციის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, სავარაუდოა, რომ პოლიტიკურმა არეულობებმა ისევ გადაფაროს ქუთაისში არსებული ეკონომიკური კრიზისი - ქუთაისის ბიუჯეტში  არაფინანსური აქტივებიდან შესული თანხა ბიუჯეტით გათვლილი თანხის 9.5 პროცენტია, რაც ბიუჯეტის შესრულების კუთხით საგანგაშოდ დაბალი ციფრია, და იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქალაქში პრივატიზაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია. გარდა ამისა არსებობს საშიშროება, რომ ქუთაისმა დაკარგოს ცენტრალური ბიუჯეტიდან წამოსული ტრანსფერები. სახელისუფლებო კრიზისით გამოწვეულმა მდგომარეობამ: ახალი მერისა თუ ადგილობრივი მთავრობის რეორგანიზაციის პროცესმა, გამოუცხადებელმა ტენდერებმა, პრაქტიკულად, გაყინა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შესაბამისად, ვერ ხერხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან წამოსული თანხის ათვისება. აუთვისებლობის შემთხვევაში, თანხა უკან, ცენტრალურ ბიუჯეტს დაუბრუნდება, რაც დოტაციაზე მყოფი ქუთაისისთვის დიდი ეკონომიკური დარტყმა იქნება.

ასეთ ვითარებაში ქუთაისის ახალი მერი დიმიტრი კოპალიანი ამერიკიდან ქალაქის განვითარების სერიოზული პროგრამით ჩამოვიდა. უელსის, მიჩიგანისა და ლოურენსის უნივერსიტეტების დიპლომები, პროფესორის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, მენეჯერი, ადამიანი, რომლის პროგრამები დანერგილია ისეთ ცნობილ კომპანიებში როგორებიცაა: ჯენერალ მოტორსი, კრაისლერი, ფორდი, ტოიოტა და ნისანი.

ეს ის ბიოგრაფიაა, რომელიც  პერიფერიული ქალაქისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა და რომლის გამოც, დიმიტრი კოპალიანი მისაღები გახდა ქუთაისში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისთვის. „ჩვენ შევარჩიეთ მერი, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება“. შეიძლება ჩვენ ძლიან სწრაფად ვითხოვთ მისგან რაღაცებს და ძალიან არაადეკვატურად გვეჩვენება მისი მოქმედებები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ კაცს კარგი განათლება აქვს მიღებული, სჭირდება მხარდაჭერა და არ იმსახურებს ჩვენი მხრიდან მაინც და მაინც ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას. ის, რომ ქართულად კითხვა უჭირს, ეს არ არის შეფასების კრიტერიუმი. მთავარია, მან შეძლოს კარგი გუნდის შექმნა.“- ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე. მღვდელაძე, ამავე დროს, იმ კომისიის წევრიც იყო, რომელმაც დიმიტრი კოპალიანი 69 კანდიდატიდან შეარჩია.  

მერის აპოლიტიკურობას ხაზს უსვამს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ახლადდანიშნული მოადგილე ვახტანგ წოწონავაც: „მოქმედი მერი არ აგვირჩევია პოლიტიკური ნიშნით, ის არ გახლავთ პოლიტიკური პარტიის წევრი და, შესაბამისად, არ ასოცირდება არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. მერი გახლდათ შერჩეული, როგორც მეურნე და როგორც მენეჯერი. მისი გამოცდილება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და იმ საჭირბოროტო საკითხების გადაჭრას უნდა მოხმარდეს, რომელიც დღის წესრიგში დგას. ცხადია, არსებობს საკრებულო, სადაც გადანაწილებულია პოლიტიკური ძალები, მაგრამ ეს არის მერია, რომელიც მთლიანად უნდა გახდეს აპოლიტიზირებული.“

პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება - ეს უკვე არის თემა და საკმაოდ აქტუალური თემა ქუთაისისთვის. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სახელისუფლებო პარტიაზე მეტად, ქუთაისში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ლიდერობს. პარტია, რომელიც წინა ხელისუფლებასთან რადიკალურად დაპირისპირებული სტუდია “ობიექტივის” გუნდის წიაღში ჩაისახა, მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებით არის დაკომპლექტებული და ადგილობრივ საკრებულოში პოლიტიკურ უმრავლესობასაც ქმნის.

ქუთაისი საქართველოში ერთადერთი ქალაქია, სადაც „პატრიოტებს“ განმსაზღვერელი ძალა აქვს. საქართველოს რიგით მეორე ქალაქის უმრავლესობაში ყოფნა და, შესაბამისად, ძალთა დომინირება, ღირებულია ნაკლებადრეიტინგული პოლიტიკური პარტიისთვის. ამით აიხსნება „პატრიოტების“ ლიდერის დავით თარხან-მოურავისა და პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის პოლიტიკური ტანდემი. თარხან-მოურავი ასეთ კომპანიონს უპირობოდ ემხრობა, მაშინაც კი, როდესაც რთულია განსაზღვრო, ვინ უფრო მეტია, გოჩა თევდორაძე თუ პარტია „პატრიოტები.“

ახლადარჩეული მერის წინააღმდეგ პირველი რადიკალური განცხადება სოწრედ თევდორაძემ გააკეთა და მერს იმპიჩმენტის გამოცხადებით დაემუქრა. მიუხედავად იმისა, რომ „პატრიოტებმა“  დასაწყისში დიმიტრი კოპალიანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და ამ აღიარებით ლომის წილი ითამაშეს კოპალიანის მერად დანიშვნის პროცესში.

იმპიჩმენტის მოთხოვნის  ოფიციალური მოტივი მერიაში შექმნილი უმართავი და ქაოტური მდგომარეობა გახდა. სავარაუდოა, რომ რადიკალური ტონი მერიაში კადრების  რეორგანიზაციის საკითხითაც იყო გამოწვეული. გოჩა თევდორაძე, რომელიც ყოველთვის ქუთაისის საკადრო პოლიტიკას ლობირებდა, არ უარყოფს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში გარკვეული ძალების შენარჩუნება მის ინტერესებშია: „მე არ გამოვრიცხავ, რომ ძალები გვჭირდება ქუთაისში. ჩვენ თვითმმართველობაში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალა ვართ და გვინდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი არჩევნების დროს მაღალი იყოს, რათა ისევ არჩევნებით მოვიდეს საკრებულოში, ხელისუფლებაში. კარგი იქნება, თუ უმრავლესობით მოვალთ, ამისთვის გარკვეული ძალები გვჭირდება, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რის უფლებას გვაძლევს კანონი, რა ვალდებულებებს გვაკისრებს და რით გვზღუდავს, ამიტომ ჩვენი პრეროგატივა არ არის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე პერსონალიების განხილვა“,- ამბობს გოჩა თევდორაძე.

თანამდებობზე პერსონალიების განხილვა მაინც რჩება ქუთაისში პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ მიზეზად, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი მცირეშემოსავლიანი ქალაქია, ადგილობრივ დონეზე თანამდებობების გადანაწილების პროცესში დედაქალაქი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული.

 „სამწუხაროა, რომ ქუთაისში ასე მძიმედ მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესები. მე არ ვერევი ამ საკითხში, თუმცა კოალიციის წევრები ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ საკითხის დარეგულირებაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ქუთაისში, რადგან განცხადება ერთგვარი მინიშნება იყო იმაზე, რომ ივანიშვილი საპარლამენტო ქალაქში შექმნილ სიტუაციაზე პასუხიმგებლობას იხსნის და მდგომარების დარეგულირებას ისევ პოლიტიკურ გარიგებებს მიანდობს. „მე არ მესმის პრემიერ-მინისტრის განცხადების მოტივი. დიმიტრი კოპალიანი წარმატებული ახალგაზრდა კაცია - ქუთაისი დღეს წარუმატებელი ქალაქია -  ის არც პოლიტიკურ  და არც საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში არ იღებს რაიმე შესამჩნევ მონაწილეობას. მთავარია, ხალხს უნდოდეს და მერმა ენერგიულად იმოქმედოს, რა მნიშვნელობა აქვს, პრემიერის ამ განცხადებას?“ - ეს უკვე, ჩვენთან საუბრისას, ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ აღნიშნა.

ქუთაისი რომ ყოველთვის იყო პოლიტიკური გარიგებების ობიექტი, ამას დემურ გიორხელიძეც პირად მაგალითზე ადასტურებს. გიორხელიძე 2002 წელს თავად გახლდათ ქუთაისში მერობის კანდიდატი, როგორც ის იხსენებს: „2002 წელს მივატოვე პარლამენტი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, ფრაქციის ლიდერობა და მერის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. ყველა პარტიას უარი ვუთხარი მათი სახელით კენჭის ყრაზე , გათვლა მარტივი მქონდა, ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ვფიქრობდი, მობილიზაციას გავაკეთებდი და დავარწმუნებდი, სწორად ეფიქრათ... მართლაც, დიდი რამ მოხდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ, ქურდულმა სამყარომ და ერთ-ერთმა პარტიამ ერთობლივად "იმოქმედეს" და შედეგიც მიიღეს - ფანტასტიკური გაყალბებებით გაიყვანეს მერი... პარლამენტის სპეციალური კომისია იძიებდა იმ საშინელებას, რაც მაშინ ქალაქში მოხდა. მიუხედავად ამისა, 12 400 ხმა მაინც დამიტოვეს... მეტი "ვერ გაიმეტეს." ქალაქს მაშინ ჰქონდა შანსი, კოლექტიური ნებით არ დაეშვა ეს, მაგრამ მაინც ასე მოხდა!“

და ვიდრე ქუთაისი წინასაარჩევნო პოლიტიკური ძალების გადასინჯვაშია, ქალაქი ეკონომიკური კრიზისის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ცენტრალური ხელისუფლებიდან კიდევ არ ისმის ქალაქის ეკონომიკური განვითარების რეალური სტრატეგია.  ქუთაისი, უკვე თვეებია, მაჟორიტარი დეპუტატისგან ელოდება კონკრეტულ პასუხებს. რომ არაფერი ვთქვათ, გუბაზ სანიკიძის წინასაარჩევნო დანაპირებზე, მან ორიოდე თვის წინ მედიის წინაშე განაცხადა, რომ მაისის ბოლოს იმ პროექტების პრეზენტაციას მოახდენდა, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ქუთაისის ცენტრალური ხელისუფლება. მოლოდინი, ჯერჯერობით, ამაოა. ამ ფონზე ქუთაისი ისევ ახლადანიშნული მერის ამერიკული დიპლომების იმედად რჩება. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^