Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბირჟა მაფიის“ საქმე - შეწყვეტს თუ არა საქმეს პროკურატურა

06 დეკემბერი 2017

„ბირჟა მაფიის“ წევრების გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა. ბრალდებულთა ადვოკატების ვარაუდით, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, წესით, პროკურატურამ საქმე უნდა შეწყვიტოს და აღარ უნდა მიმართოს სასამართლოს. ქებურიას ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით, მას ამის თქმის საფუძველს მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები აძლევს, რომლითაც უდავოდ დასტურდება ქებურიას უდანაშაულობა.

„დეკემბერის შუა რიცხვებისთვის პროკურატურამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - შეწყვიტოს საქმე თუ სასამართლოში წაიღოს ის. ვიმედოვნებ, რომ პროკურატურა გიორგი ქებურიას სიმართლეს არ დაუკარგავს, ობიექტურად შეაფასებს როგორც დაცვის მხარის, ასევე მათსავე მოპოვებულ მტკიცებულებებს”, - ამბობს გაგი მოსიაშვილი

მისი თქმით, თუ პროკურატურამ ქებურიას წინააღმდეგ გამოძიება არ შეწყვიტა, დაცვის მხარე მზად არის, სასამართლოში დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა. ადვოკატი ამბობს, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით არსებითი დარღვევები დგინდება, თუმცა ის დეტალებზე საუბრისგან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესიდან გამომდინარე, თავის იკავებს.

„დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარად დგინდება არსებითი დარღვევები - რომ თითქოსდა ჩატარდა ჩხრეკა, თითქოსდა პირს აღმოაჩნდა ნარკოტიკი...  ძალიან ბევრი ნიუანსია, რომლებიც პირის უდანაშაულობაზე მეტყველებს... ის ფაქტი, რომ გიორგი ქებურია არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი, რაც დადასტურდა კიდეც; ქებურია, რომელზეც ვითომდა ოპერატიული ინფორმაციით ჰქონდა მიღებული ინფორმაცია; ქებურიას, რომლის პირადი ჩხრეკის დროს დაირღვა კანონის მოთხოვნები - ამ გარემოებების გათვალისწინებით, საქმე საგამოძიებო ორგანოს მხრიდან შესაწყვეტია“, - ამბობს მოსიაშვილი.

გიორგი ქებურიას საქმეში დაცვის მხარემ ვიდეოკამერების ჩანაწერებიც მოიპოვა. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ადვოკატი თავს იკავებს დეტალებზე საუბრისგან, თუმცა მისი თქმით, ის, რომ ქებურიას ინტერესები არსებითად დაირღვა მისი დაკავებისას, ვითომდა ჩატარებული ჩხრეკის დროს; ასევე, ე.წ. ოპერატიულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  - ეს ყველაფერი მათ მიერ კანონიერად მოპოვებული  ვიდეოკადრებითა და მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება.

მიშკა მგალობლიშვილის საქმე

გიორგი ქებურიას შემთხვევისგან განსხვავებით, მიხეილ მგალობლიშვილის დაცვის მხარემ მისი დაკავების ამსახველი ვიდეოკადრების ამოღება ვერ შეძლო. ადვოვატ კახა ცნობილაძის თქმით, როდესაც კამერების ჩანაწერების ამოსაღებად მივიდნენ [ტელეკომპანია „იმედის“ გამოსასვლელი, ლუბლიანას ქუჩა], „აღმოჩნდა, რომ კამერების მთელი ჩიპი პოლიციას ჰქონდა წაღებული. მეორე მაღაზიაში კი აღმოჩნდა, რომ პროკურატურას ის უკვე ამოღებული ჰქონდა. ჩვენ რომ მივედით, უკვე წაშლილი იყო“.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროკურატურას აქვს გარკვეული მასალები, რომლითაც იკვეთება, რომ პოლიციელების მიერ ოქმში ასახული ჩხრეკის საათები ფაქტობრივი დაკავების დროსა და ადგილს არ ემთხვევა.

„ეს მასალები ჩვენს საქმეში არ არის. პროკურატურამ გამოძიება ხომ პოლიციელების მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეც დაიწყო. ჩვენს საქმეში იმიტომ არ აქვთ, რომ არ ვნახოთ. ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ გვაძლევენ. გამოძიების პერიოდში მოვითხოვეთ, რომ ამ საქმიდან გამოთხოვილიყო კამერის ჩანაწერები, რომელიც შემხებლობაშია მგალობლიშვილის ბრალთან. სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა, მაგრამ თუ საქმე სასამართლოში წავიდა, ჩვენ მას ისევ მოვითხოვთ“, - ამბობს კახა ცნობილაძე.

ადვოკატის თქმით, მგალობლიშვილს დაკავებისას, მას ჯიბეებში ჩაუყვეს ხელები, ჩაუტოვეს ნარკოტიკი, შემდეგ გაჩხრიკეს და უთხრეს - „აბა რა გეგონა, გარეპე ახლაო“. ადვოკატის თქმით, აღნიშნულიც მიუთითებს, რომ დაკავება მათ პროფესიული საქმიანობას უკავშირდებოდა.

ექსპერტიზის დასკვნა

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ბრალდების პოზიციით მიშკა მგალობლიშვილისგან ამოღებულ ნარკოტიკზე მისი დნმ აღმოჩნდა. 

ადვოკატის თქმით, რეპერების დაკავების პირველ დღესვე მათ აუღეს ნერწყვის ნიმუში და დანიშნეს დნმ-ის ექსპერტიზა. ექსპერტიზამ გამოსაკვლევად წარდგენილ ნარკოტიკზე ქებურიასა და მგალობლიშვილის დნმ-ის კვალის არსებობა დაადასტურა. თუმცა კახა ცნობილაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მტკიცებულებების ფალსიციფირებას.

„შემიძლია ვთქვა, რომ აქ იყო მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, რათა გაემყარებინათ ბრალდება და მიეცათ მტკიცებულებითი სახე. ექსპერტიზა გააყალბეს, ანუ ნიმუშები გააყალბეს, ზედ ნერწყვი მოაცხეს და შემდეგ ექსპერტმაც დაწერა, რომ იყო დნმ“, - ამბობს ადვოკატი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, როდესაც ექსპერტიზის პასუხი მოვიდა, მასში აღნიშნული იყო, რომ ნარკოტიკზე დნმ-ის კვალი აღმოჩნდა, თუმცა არ იყო განმარტებული, ექსპერტს კითხვა არ ჰქონდა დასმული, თუ რის საშუალებით, რის საფუძველზე ამოვიდა ნარკოტიკზე ბრალდებულების დნმ - იყო ეს ოფლის კვალი, სისხლის, ნერწყვის თუ ა.შ.  

როგორც ცნობილაძე ამბობს, ამის შემდგომ, თავად ჩაატარეს დამატებითი ექსპერტიზა იმის გასაგებად, თუ რის საშუალებით იყო დადგენილი დნმ. ექსპერტიზის პასუხით კი გაირკვა, რომ დნმ-ის კვალი ნეწყვის საშუალებით დადგინდა.

საინტერესოა, რომ ადვოკატის თქმით, ნერწყვის კვალი მგალობლიშვილის საქმეში არსებულ 18-ივე აბზე აღმოჩნდა, რაც მისი თქმით, ალოგიკურია.

„რომ არ დადასტურებულიყო ნერწყვის კვალი, ვიფიქრებდით, რომ ოფლით გადავიდა დნმ, მაგრამ ექსპერტიზამ დაადასტურა ნერწყვის არსებობა. ნერწყვი არამარტო ნარკოტიკზე ამოვიდა, არამედ ქაღალდზეც, რომელშიც ის იყო შეფუთული. აქ უნდა გაკეთდეს ლოგიკური დასკვნა - 18-ივე აბი ჩაიდო პირში? შეუძლებელია. თუ 18 აბი ჩაიდო, ნარკოტიკი ამ დროს ლღვება, ფუჭდება, უვარგისი ხდება, ანუ შეუძლებელია, რომ [ეს თავად გაეკეთებინა]. რა ლოგიკაა? ნერწყვის კვალი ნარკოტიკს გამოძიებამ წააცხო, ეს გააკეთა ოპერატიულმა სამსახურმა და ახლა პროკურატურა შევიდა ჩიხში“, - ამბობს ცნობილაძე.

ადვოკატი ამბობს, რომ აშკარაა  მტკიცებულებების ფალსიფიცირება და მოტივიც, რატომაც მოხდა ეს.  „ყველა დანაშაულს აქვს მოტივი და ამ მტკიცებულებების ფალსიფიცირებასაც აქვს თავისი მოტივი. ამ ადამიანებმა პოლიციაზე გააკეთეს კლიპი, იმღერეს, გაასარჟეს, რაც ვიღაცას არ მოეწონა და გადაწყვიტეს მათი დასჯა.

ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, გიორგი ქებურიას ადვოკატი გაგი მოსიაშვილიც ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში, ეს ორივე საქმე წმინდა წყალივით ჰგავს ერთმანეთს - ორივე შემთხვევაში ხდება ერთი და იგივე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ერთი და იგივე არსებითი დარღვევებით. მისი თქმით, ანალოგიური დარღვევები ქებურიას შემთხვევაშიც არის.

კახა ცნობილაძეც ამბობს, რომ შესაძლოა ბრალდებულების მიმართ შეწყდეს სისხლისამართლებრივი დევნა. როგორც ის ამბობს, ამის თქმის საფუძველს ისიც აძლევს, რომ პროკურატურამ სასამართლოში კი არა, გამოძიების ეტაპზევე დაიწყო ექსპერტების დაკითხვა, რადგან ფიქრობენ, რომ არ უნდათ ამ საქმის სასამართლოში გაშვება.

მისი თქმით, მტკიცებულებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. ის, რომ ბრალდებულები არ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები; ის, რომ მათ დაკავებმადე რამდენიმე დღით ადრე გაასაჯაროვეს კლიპი, სადაც პოლიცია იყო გასარჟებული; ის, რომ ბრალდებულები ამბობენ, რომ ჩაუდეს ნარკოტიკი; რომ ნერწყვი 18-ივე აბზე ამოვიდა - ეს ერთობლიობაში დამაჯერებელს ხდის, რომ იყო ფალსიფიკაცია.

შეწყვეტს თუ არა პროკურატურა გამოძიებას „ბირჟა მაფიის“ წევრების წინააღმდეგ, ადვოკატების განცხადებით, ამის შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაირკვევა. იმ შემთხვევაში თუ საქმეები სასამართლოში წავა, ქებურიას პროცესი 21 დეკემბერს, ხოლო მგალობლიშვილის 30 დეკემბერს არის ჩანიშნული.

„ბირჟა მაფიის“ წევრები 7 ივნისს, კლიპის - „თესლი შავი ზედის“ გამოქვეყნების შემდეგ დააკავეს.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედებათ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

გამქრალი ბავშვები მედიაში

მარიამ ბაიდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საშუალო სკოლის მეათე კლასში სწავლობს. ის მედიას თვალს ძირითადად ინტერნეტ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ცეკვა ცერებითა და ახალი „ორნამენტებით"

სუხიშვილების განახლებული პროგრამა - კიდევ ერთი ხნული გაკვალულ ყამირზე ყოველთვის, როდესაც სუხიშვილების კონცერტს ვუყურებთ ...

მეტი

^