Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

12 გ. „მდმა”-ისთვის 9 წლით დაპატიმრებული DJ-ის წერილი ციხიდან

07 დეკემბერი 2017

გამარჯობა, მე მიხაილო ვარ, DJ და პროდიუსერი.

პირველად ციხეში 2009 წელს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის” მოხმარებისთვის მოვხვდი, რომელიც 0,0016 გ. შეადგენდა და 9 წლით თავისუფლებით აღკვეთა მომისაჯეს.

გისოსებს მიღმა თითქმის 4 წელი ვიარსებე. ვიარსებე - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან, სადაც ერთფეროვნება მეფობს, იქ ცხოვრება არ იგრძნობა, მონატრება კი შენი ყველაზე ახლო მეგობარი ხდება. გავთავისუფლდი 2013 წელს, მონატრებით გაჟღენთილი. გარეთ დამხვდა ჩემი ოჯახი ნამატით, რომელიც ციხეში ყოფნისას მოევლინა სამყაროს. ეს ჩემი შვილია, უკვე 3 წლის.

გათავისუფლების შემდეგ ჩემში ავტომატურად დაიწყო არსებობიდან ცხოვრებაში ადაპტირების პროცესი და ისევ ის ბიჭი გავხდი, რომელიც 4 წლის წინ ვიყავი, თითქოს ციხეში გატარებული წლები გაყინულა. ერთ დღესაც რეალობის არასწორად აღქმის, გაუაზრებელი ქმედებისა და წინდაუხედაობის გამო, ერთ-ერთ ფესტივალზე მიმავალი ნარკოტიკული საშუალება„ექსტაზის” შეძენა-შენახვა-მოხმარების მუხლით დამაკავეს, რომლის შემცველობაც 12 გ. „მდმა” იყო.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ახლა რა უნდა დავწერო. არ ვიცი, ჩემი მდგომარეობა სიტყვათა რომელი კომბინაციით გადმოვცე. მას შემდეგ, რაც დამაკავეს, საკუთარ თავთან კონტაქტის უნარი დავკარგე. ამას ალბათ შოკური მდგომარეობა ჰქვია. ყველა გრძნობამ თუ შეგრძნებამ ერთიანად ამოფეთქა. მათ შორის ყველაზე მტკივნეული - უპასუხისმგებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობა იყო. ვერ ვხვდებოდი, რით შემეცვალა ის ტკივილი, რომელიც ჩემს საყვარელ ადამიანებს მივაყენე; ან როგორ მომეპოვებინა ციხიდან ნდობა, რომელიც ციხეში მოხვედრით დავკარგე. რატომღაც ვფიქრობდი: ნარკოტიკის მოხმარებით, ვის რა ზიანს ვაყენებ, საკუთარი თავის გარდა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებულმა დამსჯელობითმა ნარკოპოლიტიკამ რეალურად იმაზე დიდი ბოროტმოქმედის იარლიყი მომარგო, ვიდრე წარმომედგინა.

მე ამჯერადაც 9 წელი მომისაჯეს, ისიც იმიტომ, რომ ჩემმა ოჯახმა 4 წლის პატიმრობის სანაცვლოდ 20 000 ლარი ვერ გადაიხადა. ჯამში 6 თვის შუალედის გამოკლებით უკვე მერვე წელია, რაც ციხეში ვარ. რაც წლები გადის, უარესი დამნაშავე ვხდები. ჩემი დანაშაული ჩემთვის ყველაზე მძიმეა. ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს მივაყენე ზიანი, რომელიც წლებთან ერთად შემცირების ნაცვლად მატულობს. ჩემი შვილი მალე 8 წლის ხდება. ჩვენ მხოლოდ 6 თვე გავატარეთ ერთად. ჩემი მეუღლე თავისივე სიყვარულის მსხვერპლი აღმოჩნდა. მამა გარდამეცვალა. დედა უკვე ხანში შესულია და ავადმყოფობს. თუ ჩემს გამოსვლას ვერ მოესწრო, შეგიძლიათ ორმაგ მკვლელობაშიც დამდოთ ბრალი - ეს მუხლი მკვლელობის მუხლისგან მაინც არ განსხვავდება. ეს არის ჩემი გაუაზრებელი ქმედებისა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული, სასჯელის არაადეკვატური დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკის შედეგი, შედეგი რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

ჯერ კიდევ თითქმის 5 წელი დამრჩა მოსახდელი. რას შემატებს ამ ისტორიას მომდევნო წლები - ეს უკვე მომავლის საქმეა. არ ვიცი, დააფიქრებს თუ არა ვინმეს ჩემი წერილი, რომ არ დაუშვას იგივე შეცდომა, მაგრამ მე ის ადამიანი აღმოვჩნდი, რომელიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. ამ წერილით მინდა, დაგანახოთ საკუთარ თავზე განცდილი ის რეალობა, რომელიც გაუაზრებლად გადადგმულ ნაბიჯსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს შეუძლია მოგაყენოთ. დამიჯერეთ, როცა გართობის გამო ისჯები, როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, ყოველთვის ფიქრობ, რომ კანონი არაადეკვატური და უსამართლოა. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე პირველ რიგში მე თვითონ ვარ, მაგრამ არანაკლებ დამნაშავედ მიმაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი. ასე რომ, თუ ფიქრობ, რომ ფრთხილობ და ისე ერთობი, რომ ზედმეტად თვალში არავის ხვდები, დამიჯერე ეს დროებითია და საბოლოოდ გზა მაინც ციხისკენ მიდის. 

მიხეილ თოდუამ წერილი რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან „თეთრი ხმაურის მოძრაობას“ მიაწოდა.

„ლიბერალმა" სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის შესახებ ვიდეომასალა ოქტომბერში მოამზადა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

მსჯავრდებულთა ხმები - როგორ გავიდეს დრო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^