Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

15 დეკემბერი 2017

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომპანიები ახალ-ახალ ტერიტორიებს  იკავებენ და ხშირად არც სკვერების აღებას  ერიდებიან და არც ხეების გაჩეხვას. ეს მაშინ, როცა თბილისის  ბევრ უბანში სრულიად უფუნქციოდაა დარჩენილი, ე.წ. ბრაუნფილდები, ანუ ყოფილი საწარმოო ტერიტორიები. გამოუყენებელია დაუსრულებელი მშენებლობების ადგილებიც, სადაც უკვე დაშლას იწყებს ბეტონის  ნახევრად აშენებული ჩონჩხები. საგულისხმოა, რომ არ არსებობს რეგულაცია, რომელიც ვალდებულებებს დაუწესებს იმ პირებსა თუ უწყებებს, ვის ბალანსზეცაა  ეს ტერიტორიები.  

ყოფილი საწარმოები, ვაგონშემკეთებელი ქარხნები, ტროლეიბუსების დეპო, ყოფილი სამხედრო ბაზები და წარსულში სხვადასხვა ფუნქციის მქონე ადგილები - თბილისში  ასეთი ტერიტორიები ჯამში, დაახლოებით, 1800 ჰექტარს მოიცავს.

არ იფიქროთ, რომ ასეთი ადგილები მაინცდამაინც ქალაქის გარეუბნებში, ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზეა. თბილისის ცენტრში  უფუნქციოდაა დარჩენილი გასართობად და გასაგრილებლად ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი „ლაგუნა ვერე“.  ის ახლა ნაგავსაყრელადაა ქცეული. გაურკვეველი რეგალიის კაცმა „ლიბერალს“ ტერიტორიის შიდა ეზოს გადაღების საშუალება არ მისცა, თუმცა რკინის ჭიშკრიდან კარგად ჩანს, რა მდგომარეობაა ტერიტორიის ზედა ნაწილზე - პოლიეთილენის პარკები, ბოთლები, დაშლილი ავტომანქანების  ნაწილები.

კიდევ ერთი „ბრაუნფილდია“ თემქის ელმავალმშენებელი ქარხნის ყოფილი ტერიტორია, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას ფარავს. მის ნაწილს საწყობად ან ვულკანიზაციისთვის იყენებენ, უმეტესი ნაწილი კი გამოუყენებელია, ჩამონგრეული ფანჯრებითა და გამურული კედლებით.

 თბილისში არც სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული მშენებლობების რიცხვია ცოტა. ერთი ასეთი უკვე წლებია უცვლელად დგას ქალაქის მერიასთან. ის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტს“ ეკუთვნის და ყველასთვის ნაცნობი მიზეზების გამო, მისი დასრულება ვერ ხერხდება.  თუმცა არც მის დემონტაჟზე ზრუნავს ვინმე.

რამდენიმე წელია, ხელუხლებელია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის წინ, ბიოლოგების კორპუსის გვერდით მდგარი 120-მეტრიანი  ბეტონის ჩონჩხიც.  ის, სავარაუდოდ, 4-სართულიანი შენობა უნდა ყოფილიყო, რომელსაც მიწის ქვემოთ კიდევ ერთი ან ორი სართული ექნებოდა. ახლა კი მის ქვედა ნაწილში ხეები და ბალახებია ამოსული. აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ამ ჩონჩხის გვერდითაც, სულ უფრო იზრდება საცხოვრებელი კორპუსების რიცხვი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ადგილი დეველოპერებისთვის მიმზიდველია. ამიტომ კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ რჩება ბეტონის კარკასი ყურადღების მიღმა.

საგულისხმოა, რომ არ არსებობს რეგულაციები არც „ბრაუნფილდებთან“ და არც შეწყვეტილ მშენებლობებთან დაკავშირებით. მათ მფლობელებს, იქნება ეს კერძო პირი თუ მუნიციპალიტეტი, არაფერი ავალდებულებთ ამ ტერიტორიების მოვლა-დასუფთავებას.  ეს კი კიდევ უფრო ამძიმებს ქალაქის ისედაც მძიმე ეკოლოგიურ პირობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიზუალურ მხარეზე.

ამასთან, არაა განსაზღვრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მფლობელს „ბრაუნფილდის“ რაიმე ფუნქციით დატვირთვა დაევალება, ხოლო მშენებელს - შენობის დასრულება ან დემონტაჟი. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამას იმით ხსნის, რომ ამ ტერიტორიებში განვითარებისა და რეკრეაციის პერსპექტივა ვერავინ დაინახა. ის მიიჩნევს, რომ „ბრაუნფილდების“ ათვისებისას მათი ნახევარი რეკრეაციული ფუნქციით უნდა დაიტვირთოს, რადგან ამას ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს არც ბიზნესს დააზარალებს და თბილისის მწვანე საფარის მოცულობაც გასამმაგდება. ელისაშვილი ამბობს, რომ გამწვანება ძვირი არ ჯდება, ამიტომ ამაზე უარს არცერთი დეველოპერი არ იტყვის.

თუმცა ამასაც დარეგულირება სჭირდება, რადგან არის შემთხვევები, როცა, ე.წ.  ბრაუნფილდების მთელ ტერიტორიას დეველოპერული მიზნებისთვის ითვისებენ. მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე, ტროლეიბუსების დეპოს მონაკვეთზე რამდენიმე წლის წინ „გუდვილი“ აშენდა. დანარჩენ ადგილზე კი, გამწვანების ნაცვლად, ამჟამად „სითი მოლის“ საძირკველი ითხრება. თუ გარეთ გაკრული ბანერით ვიმსჯელებთ, ეს იქნება მრავალსართულიანი სავაჭრო ცენტრი, საოფისე ფართებითა და მაღაზიებით.

„არათუ რეკრეაციული ფუნქცია შეიძინა, არამედ ცოტა ხნის წინ 89 ხე მოჭრეს და სავაჭრო ცენტრს აშენებენ. ნახევარი ხომ უკვე გამოიყენეს დეველოპერული მიზნით და ხომ შეიძლებოდა, ნახევარი მაინც რეკრეაციული ფუნქციით გამოგვეყენებინა. პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ დეველოპერების საჯიჯგნად არ უნდა იყოს ქალაქი“,- ამბობს ალეკო ელისაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას.

მისი განმარტებით, ე.წ. ბრაუნფილდების განსავითარებლად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მთავარია, მუნიციპალიტეტს სწორი პოლიტიკა ჰქონდეს შემუშავებული. მაგალითად, გამოისყიდოს ეს ტერიტორიები, მათ ნაცვლად სხვა ადგილი შესთავაზოს მფლობელებს, კერძო მესაკუთრეებს გამწვანების ნაცვლად შეღავათები დაუწესოს და ა.შ. ელისაშვილი ამბობს, რომ დათმობაზე წასვლა ყველა მხარეს მოუწევს, მაგრამ ისე, რომ არცერთი მათგანი არ დაზარალდეს.

ე.წ. ბრაუნფილდების ათვისების საკითხი თბილისის მიწთსარგებლობის გენერალური  გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. მის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ წარმომადგენელი მამუკა სალუქვაძე. ის ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს და მიიჩნევს, რომ მან უნდა შეიმუშაოს გეგმა და გაააქტიუროს ამ საკითხზე მუშაობა.

როგორც მან „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნა, ამისთვის გერმანიაში რამდენიმე ორგანიზაციაც არსებობს, ისინი აკავშირებენ ერთმანეთთან ინვესტორებსა და კერძო მესაკუთრეებს და შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებენ. შედეგად კი, უმოქმედოდ დარჩენილ ტერიტორიებზე ცხოვრება იწყება და ეს ადგილები სხვადასხვა ფუნქციას იძენს.

სალუქვაძე მფლობელებისთვის რეგულაციების დაწესებას აუცილებელ საკითხად მიიჩნევს. 

„მხოლოდ ის არ არის, რომ შენი ტორიტორიაა, შემოიღობე და როგორც გინდა, ისე გექნება. ქალაქმა გაკრვეული პასუხისმგებლობები უნდა დააკისროს მეპატრონეებს. ასე არ შეიძლება, ქალაქის ცენტრში იყოს ტერიტორია, რომელსაც არავინ უვლის და ნაგავსაყრელადაა ნაქცევი. თუ მესაკუთრეა, კეთილი უნდა ინებოს და მოაუაროს“.

მისი თქმით, ე.წ. ბრაუნფილდები კონკრეტული უბნის საჭიროებების მიხედვით უნდა განვითარდეს. მაგალითად, იქ, სადაც არ არის სკოლა ან საოფისე ფართები, ეს ტერიტორიები ამ დეფიციტის აღმოფხვრას უნდა მოხმარდეს. ამ ყველაფერთან ერთად კი აუცილებელია რეკრეაცია და გამწვანება.

 ვიდრე ეს მოხდება, სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ, როგორია ნიადაგის დაბინძურების დონე, რადგან ზოგიერთ საწარმოს შესაძლოა გარემოზე უარყოფითად ემოქმედა და ნიადაგი დაბინძურებულიყო. ასეთ ადგილებს გამოყენებამდე ნიადაგის დაზიანებული ფენის მოცილება დასჭირდება.

რაც შეეხება დაუსრულებელ მშენებლობებს, მამუკა სალუქვაძე ფიქრობს, რომ უნდა შეისწავლონ, რამდენად მდგრადია ისინი და შემდეგ გადაწყდეს, რა ბედი ეწევა მათ.

„რეგულაციები არ არსებობს და ის, რაც არ არსებობს შესაქმნელი და დასარგულირებელია. ყველაფერი რეგულაციას უნდა ექვემდებარებოდეს. ქალაქმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც  რეგულაციებს დააწესებს და დეველოპერებსა და ინვესტორებს დააინტერესებს. ამას კერძო კომპანიები ვერ იზამენ. ნებისმიერი პოლიტიკის შემუშავებისას უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს როლი“.

როგორც „ლიბერალს“ თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან აცნობეს, ისინი აქტიურად მუშაობენ „ბრაუნფილდების“ განვითარებისთვის და ამ საკითხის საფუძვლიანად დამუშავების მიზნით „მსოფლიო ბანკსაც“ მიმართეს.

„მერია დაინტერესებულია, ე.წ. „ბრაუნფილების“იდენტიფიცირებითა და შესწავლით. ამის შემდეგ ჩამოყალიბდება დეტალური ხედვა მათი პერსპექტიული განვითარებისთვის. დადგინდება, რამდენად ვარგისია „ბრაუნფილდის“ტერიტორია სარეკრეაციო ან სამშენებლო განვითარებისთვის.  განისაზღვრება დაბინძურების დონე და სხვა სპეციფიკური მახასიათებლები“.

რაც შეეხება ყოფილი საწარმოო ტერიტორიების მოვლასა და განვითარებაზე ზრუნვას, არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ამის ვალდებულება აქვს როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე კერძო სექტორს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვადებში გეგმავს ამ ყველაფერს თბილისის მერია ან როგორ ხედავს საკუთარ როლს „ბრაუნფილდების“ მოვლისა და ათვისების პროცესში. ცხადია, თუ ამ ტერიტორიებთან და დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით რეგულაციები არ დაწესდა და მათი განვითრების გრძელვადიანი პოლიტიკა არ შემუშავდა, სხვა ნებისიმერი ნაბიჯი ერთჯერადი აქტივობა იქნება და რეალური პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მ ...

3 000-ზე მეტი მაღაროელი ამ დრომდე გაფიცულია. ეს გაფიცვა, გარდა მასშტაბისა, უპრეცედენტო იმითაც არის, რომ პროტესტი თვითორგ ...
24 მაისი
24 მაისი

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინი ...

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვა ...
24 მაისი
24 მაისი

სულ სხვა ბიძინა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ...როდესაც ბიძინა კვერნაძისადმი მიძ ...

მეტი

^