Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცეკვა ცერებითა და ახალი „ორნამენტებით"

14 დეკემბერი 2017

სუხიშვილების განახლებული პროგრამა - კიდევ ერთი ხნული გაკვალულ ყამირზე

ყოველთვის, როდესაც სუხიშვილების კონცერტს ვუყურებთ (არა აქვს მნიშვნელობა კლასიკურ პროგრამაზეა აქცენტი გადატანილი თუ მოდერნით შთაგონებულ ახალ კომპოზიციებზე), ძირითადად, აღმატებული შეფასებები გვახსენდება. თუმცა მხოლოდ ესთეტიკური კატეგორიებით სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ფენომენის ახსნა შეუძლებელია. ეს გაცილებით სხვა მასშტაბის მოვლენაა, რაც ერთდროულად ეროვნული კულტურის, ისტორიის, ყოფისა და „პლასტიკის მეხსიერების" მთლიანობას გულისხმობს. საყოველთაო და ათასჯერ გამეორებული შეფასებები, როგორიცაა - „ეს ფანტასტიკაა, მსოფლიოს მერვე საოცარებაა, თითქმის მიუღწეველია, ენით აღუწერელია" და ა.შ. - ნიშნავს, რომ ანსამბლის არსებობას უკვე არქეტიპული როლი და მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ქართულ კულტურაში.

თუმცა შევეშვათ დიდებულ წარსულს და ახალი თვალით შევხედოთ სუხიშვილების განახლებულ პროგრამას სახელწოდებით „ცეკვა ქართული". თბილისის საკონცერტო დარბაზში, სამი დღის განმავლობაში - 12, 13 და 14 დეკემბერს, მაყურებელს შეეძლო არა მხოლოდ საკუთარი მეხსიერება, კლასიკური კომპოზიციების სიმწყობრე და გეომეტრიული სრულყოფილება კიდევ ერთხელ შეემოწმებინა, არამედ სამი ახალი კომპოზიციაც ენახა (ცეკვა „თამაში", „ოტობაია" და „ორნამენტი"). თუმცა „თამაშის" პრეზენტაცია „ბლექ სი არენაზე" ჯერ კიდევ ზაფხულში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკა ორი ახალი კომპოზიციისთვის ნიაზ დიასამიძემ დაწერა. ილიკო სუხიშვილმა სამივე კომპოზიციას დროის შესაფერისი ახალგაზრდული რიტმი, სიმარტივე, მსუბუქი ირონია და სიახლე შესძინა. თუმცა ეს არ მომხდარა ქორეოგრაფიის გამარტივების ხარჯზე. პირიქით, ცეკვების ნახაზი უფრო რთული, დატვირთული და ტეხილი გახდა, განწყობა - სახალისო და ირონიული, ფეხგასმა - ოსტატური, რიტმი - გამძაფრებული და ტექნიკა -  ფილიგრანული.

სამივე კომპოზიციის შთამბეჭდავი კოსტიუმები ცხადია, ნინო სუხიშვილმა შექმნა, რომელშიც ყვითელი, ოქროსფერი, თამბაქოსფერი და ჭაობისფერი დომინირებდა. თუ „თამაშში" იმერულ-რაჭული ფოკლორის მსუბუქი გამონათება კარგად იკითხებოდა, "ოტობაია" ბუნებრივია, აფხაზური და მეგრული ცეკვების გარკვეული აქცენტებით გამოირჩევა, ხოლო „ორნამეტი" - გეომეტრიული ხაზებით ცნობილ „ოსურს" კამერულ იერს ანიჭებს. ისიც უნდა ითქვას, რომ პუბლიკის რეაქციის მიხდვით სამივე კომპოზიციას წარმატება ხვდა წილად. რაც ადასტურებს, რომ მაყურებელი სუხიშვილების ინოვაციურ ინექციებს არა მარტო შეეჩვია, არამედ მხარს უჭერს განახლების მუდმივ პროცესს.

სუხიშვილების ახალი კომპოზიციები ის შემთხვევაა, როცა ცეკვა ჩვენ თვალწინ იქსოვება, ცოცხლდება და იცვლება,  ტრადიციისა თუ  ჯერ კიდევ მოუთელავ-მოუხელთებელი მოდერნის გათვალისწინებით. სუხიშვილებმა არაერთი პროექტითა (თუნდაც პროექტი „რამიშვილები" გავიხსენოთ, სადაც დაამტკიცეს, რომ ფოლკბალეტის ყამირიც კი უკვე ათვისებულია) და ახალი კომპოზიციებით დაამტკიცეს, რომ ყოველგვარი არტისტული გაბედულება თუ ქორეოგრაფიული სიახლე, მოგვიანებით მნიშვნელოვანი და ფასეული ხდება.

დახვეწილი კოსტიუმები, უკვე შეჩვეული ქორეოგრაფიული სითამამე და ცოცხალი მუსიკის ერთიანობა უდავოდ განაპირობებს ახალი პროგრამის წარმატებას. შესაძლოა თამამად ჟღერდეს, მაგრამ წლების შემდეგ ამგვარ გაბედულებას რევოლუციურიც შეიძლება უწოდონ. თავის დროზე ალბათ ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილიც დიდ ქორეო-რევოლუციურ განცდებში იქნებოდნენ, როცა „მზეკარს“, „ილოურს“ და „ოსურს“ თხზავდნენ და დგამდნენ.

კონცერტს ფეხმარდი კაცების ფეხგასმაც შვენის და ფაქიზად მროკავი, ვნებიანი ქალების სცენაზე სრიალიც. ეს კი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ფესვებს, თუმცა გვაგრძნობინებს არქეტიპების ნგრევისა და განახლების ცდღესასწაულს, რომლის გარეშეც თანამედროვე ხელოვნება ვერ სულდგმულობს და არც არსებობს.

საბოლოოდ, ყველანაირი სტერეოტიპის ნგრევა და ახალი ქორეოგრაფიული იდეების „შენება", საცეკვაო ენის გათავისუფლებასა და გათანამედროვეობას ემსახურება. ჯერ კიდევ წლების წინ, საბჭოთა ეპოქის იდეოლოგიური სკეპტიციზმისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა შეძლეს, რომ ცეკვა თვალსა და ხელს შუა ტრადიციად ექციათ. და ახლაც, მათი შვილიშვილების შემოქმედებაში, ფოკლორი სარისკო, მაგრამ ბრწყინვალე ტრანსფორმაციას განცდის. მაყურებელს კი თავად შეუძლია შეაფასოს რამდენად მნიშვენელოვანია ქართული ფოლკლორის, თანამედროვე კოსტიუმისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზი. ორსაათიანი პროგრამა „ცეკვა ქართული" სწორედ ამის მცდელობა და დადასტურებაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 სექტემბერი
15 სექტემბერი

8.08.08-დან დღემდე...

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

შუნემანი: მაკკეინი საქართველოს ერთგული ბ ...

სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო. რენდი შუნემანი  მასთან წლები ...
07 სექტემბერი
07 სექტემბერი

ჰერთა აირტონის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში სრულყოფილად აღვწერეთ და გავაანალიზეთ ჰერთა აირტონის სამეცნიერო მოღვაწეობა, ცხოვრება ...

მეტი

^