Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწერლები - ნაადრევად და ტრაგიკულად შეწყვეტილი სიცოცხლე

18 დეკემბერი 2017

ნიჭი და ტალანტი, სამწუხაროდ, მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობითაა უკვდავების გარანტი. სიკვდილმა შემოქმედებას როგორც მსოფლიო, ასევე ქართულ ლიტერატურაში უამრავი ახალგაზრდა მწერალი წაართვა.

მსოფლიო ლიტერატურას ჰყავდა მწერალი, რაიმონ რადიგე, რომელიც 20 წლის ასაკში წავიდა ამ ცხოვრებიდან, თუმცა მანამდე ორი რომანის დაწერა მოასწრო. მათ შორის ერთ-ერთია „განსხეულებული ეშმაკი“, ნაწარმოები, რომელსაც „უკუღმა ლოლიტასაც“ უწოდებენ, რადგან იქ ახალგაზრდა კაცისა და ასაკოვანი ქალის ამბებია აღწერილი.  

25 წლის ასაკში უდროოდ დატოვა ცხოვრება დიდმა პოეტმა - ჯონ კიტსმა. უზარმაზარი დანაკარგი განიცადა მსოფლიო პოეზიამ, როცა 29 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა პერსი ბიში შელი. სხვათა შორის, მისმა მეუღლემ შემდეგში „ფრანკენშტაინი“ დაგვიწერა.  

წარმოუდგენელი დანაკარგი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, თანაც არა მხოლოდ ქართული, არამედ, სწორედაც, მსოფლიო ლიტერატურისთვის.

ძალიან ახალგაზრდა წავიდა ლერმონტოვიც...

სამწუხაროდ, ქართული ლიტერატურა არ არის ამ მხრივ ბედნიერი გამონაკლისი და უამრავი შემოქმედი დროზე ადრე დავკარგეთ. დავიწყოთ ყველაზე ახალგაზრდებით:

შალვა კარმელი (გოგიაშვილი)

იმედისმომცემი ავტორი იყო შალვა კარმელი. ლექსების წერა ადრევე, დაახლოებით 1916 წლიდან დაიწყო და მეგობრებს ხშირად უკითხავდა. გიმნაზიაში სწავლის დროს მის მიერ შექმნილი ნაწარმოებები სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს.

მისი ფსევდონიმი - კარმელი, ბიბლიური მთაგრეხილია პალესტინაში; ქალაქი ხაიფა სწორედ კარმელის მთის ძირას მდებარეობს. ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, იეზუიტმა ბერებმა სწორედ ამ მთაზე დაარსეს მონასტერი და დასაბამი მისცეს კარმელიტების ცნობილ ორდენს.

თბილისში, შალვა კარმელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტზე სწავლობდა და დღევანდელი გრიბოედოვის ქუჩაზე, ტიციან ტაბიძის მახლობლად ცხოვრობდა. მწერალთა კავშირის წევრიც იყო და 1921 წელს „ცისფერყანწელთა“ ორდენში შევიდა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „საქართველო“, „სამშობლო“, „მეოცნებენი“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“ და ა.შ.

პირველი წიგნის - „ბაბილონის“ გამოცემა მოასწრო, თუმცა მომდევნო კრებულები: „აპოკალიფსის ცხენები“ და „თეთრი გიორგი“ გამოუცემელი დარჩა. შალვა კარმელის გარდაცვალების შემდეგ მისი კრებულები პოეტის მეგობარ - რაჟდენ გვეტაძესთან ინახებოდა. ხოლო როცა რაჟდენ გვეტაძეც გარდაიცვალა, ეს ნაწერებიც დაიკარგა.

შალვა კარმელის ლექსების წიგნი საბჭოთა პერიოდში პირველად 1959 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ კომუნისტური იდეოლოგიის „ფხიზელმა“ მუშაკებმა წიგნის ტირაჟი გაანადგურეს, როგორც „იდეოლოგიურად მიუღებელი“.

უკურნებელი სენით დაავადებული პოეტი 1923 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. სიკვდილის წინა პერიოდში ენა ჩაუვარდა და ვეღარ ლაპარაკობდა. ხმა მხოლოდ გარდაცვალების წინ ამოიღო, ისიც იმის სათქმელად, რომ მის დაკრძალვას მეგობრები დასწრებოდნენ.

შალვა კარმელი მნიშვნელოვანი დანაკარგი იყო „ცისფერყანწელებისთვის“, რომელთაც, სამწუხაროდ, სიკვდილი დაებედათ...

მიხა ხელაშვილი

ტრაგედია, რომელიც 25 წლის ასაკში წასულ ამ კაცს უკავშირდება, არა მხოლოდ მისი გარდაცვალებით შემოიფარგლება, არამედ იმითაც, რომ მიხა ხელაშვილი უბრალოდ გააქრეს ლიტერატურიდან, მისი შემოქმედება კი გულუხვად მიართვეს ქართველ ხალხს, როგორც ხალხური პოეზიის შედევრები.

თითქოს ცუდი არაფერი მომხდარა, ეს ლექსები არ დაკარგულა, თუმცა მიხა ხელაშვილის, როგორც პოეტის რეაბილიტაციამ დაიგვიანა. ამის გამო, დღემდე ბევრმა არც კი იცის, რომ უპოპულარულესი ლექსი - „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც მაშინ ზეპირად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დღეს კი მთელ ქვეყანაში ვრცელდება - მიხა ხელაშვილის შედევრია.

1900 წელს დაბადებული მიხა ხელაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. საყოველთაოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ის 25 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა მოკლა ქორწილში. მოტივიც ცნობილია - მიხა ხელაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილი შეიარაღებული აჯანყებისა და გამოსვლების მონაწილე იყო.

საბჭოთა პერიოდში მისი ლექსები ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე იბეჭდებოდა.

ლადო ასათიანი

26 წლის ასაკში დაგვეღუპა ლადო ასათიანი, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი, რომელიც  ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. ცაგერის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. იქვე დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. პირველი ლექსი ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“ გამოაქვეყნა.

ლადო ასათიანი თბილისში 1938 წელს გადმოვიდა. მუშაობდა „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში, რომელიც იმ პერიოდში ოპერის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე ანიკო ვაჩნაძე, რომელიც მწერალთა კავშირში ეკონომისტად მუშაობდა.

მათი სიყვარულის ისტორია ისეთი რომანტიკულია, როგორც ეკადრება პოეზიას - ლადომ პირველად ქუჩაში ნახა ანიკო, რის შემდეგაც ანონიმური სასიყვარულო წერილი გაუზავნა. წერილის ავტორის დადგენა მწერალთა კავშირის წევრებმა ხელწერის მიხედვით სცადეს, რევაზ მარგიანმა კი ლადო ასათიანი ამოიცნო. ანიკომ წერილი დახია, რასაც მთელი ცხოვრება ნანობდა.

პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დაქორწინდნენ. მომავალი წყვილი ერთმანეთს პოეტის მეგობარმა, ნიკა აგიაშვილმა გააცნო. ლადო და ანიკო 14 კვადრატული მეტრის, პატარა, უფანჯრო ოთახში ცხოვრობდნენ.

ლადო ასათიანი ტუბერკულოზით დაავადდა. როგორც ვიცით, მაშინ მას განუკურნებელ დაავადებად მიიჩნევდნენ.

ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სამხედრო სამსახურშიც კი გაიწვიეს. ასეთი ქვეყანა იყო. სამხედრო ექიმებმა, აქაური კოლეგებისგან განსხვავებით, გულისხმიერება გამოიჩინეს და ლადო ასათიანი უკან დააბრუნეს.

1940-41 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ ლექსების პირველი კრებული ჩააბარა, რომელიც, მხატვრულად მეგობარმა, ლადო ავალიანმა გაუფორმა. წიგნი 1943 წელს დაიბეჭდა. 10 საავტორო ეგზემპლარი ასათიანს გაუგზავნეს, დანარჩენი კი მოსპეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.

სიცოცხლის ბოლო წუთებში, ლადო თავის ქალიშვილს ეფერებოდა და ლექსის დაწერას ცდილობდა. სიკვდილის წინ მამას უხმობდა, თუმცა მოხუცმა მელქისედეკმა შვილს ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო.

ლადო ასათიანი 1943 წელს 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოეტი ჯერ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

გურამ რჩეულიშვილი

ლადო ასათიანის მსგავსად, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი დიდი მწერალი, ქართული ლიტერატურის ადრე ჩამქრალი სიცოცხლე, თუმცა დღემდე მანათობელი ვარსკვლავი - გურამ რჩეულიშვილი.

უდიდესი ნიჭის მქონე ეს ახალგაზრდა კაცი 1960 წლის 23 აგვისტოს, გაგრაში დაიღუპა, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი ქალიშვილის გადასარჩენად. როგორც ჩანს, სიკვდილმა ვერ გაუძლო ცდუნებას - წაეღო ასეთი ტალანტი, ასეთი ახალგაზრდა სიცოცხლე.

გურამ რჩეულიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. პირველი მოთხრობები 1957 წელს ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. მაშინ ის მხოლოდ 23 წლისა იყო და მალევე უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. მის სიცოცხლეში მხოლოდ 7 მოთხრობა გამოქვეყნდა, რომელთაგან გამორჩეული შედევრებია„ნელი ტანგო“ და „სიკვდილი მთებში“.

გურამ რჩეულიშვილის მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი სიკვდილის შემდეგ, 1961 წელს გამოიცა. კრებულმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება. ეს ხომ ძალიან თანამედროვე ავტორის ნაწარმოებებია, თანამედროვე სტილით, რომელიც ახლოსაა, ე.წ. ნონ-ფიქშენთან, ანუ დოკუმენტურ პროზასთან, რომელიც ასეთი პოპულარულია დღეს. დაწურული და ზუსტი თხრობა გურამის ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული თვისებაა. იგი საერთოდ არ ჰგავს ქართული ლიტერატურის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც უხვსიტყვაობა, ასე ვთქვათ, აზიანიზმი ახასიათებთ.

გურამ რჩეულიშვილი ევროპული სტილის ქართველი მწერალი იყო, რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე ტრაგიკულად შეწყდა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება არა მხოლოდ პროზა, არამედ პოეზიაცაა.  თუმცა გურამი დღემდე რჩება დიდ ტკივილად, რადგან მისგან უმაღლესი რანგის, უდიდესი ქართველის მწერლის დაბადება იყო მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ის ახლაც ასეთია, თუმცა, სავარაუდოდ, დიდ რომანებსაც დაწერდა, იმიტომ, რომ მისი მითხრობები აშკარად ამ მიმართულებით მიდიოდა. სამწუხაროდ, არ დასცალდა.

მირზა გელოვანი

27 წლის ასაკში გარდაიცვალა მირზა გელოვანი, შესანიშნავი პოეტი ლადო ასათიანის თაობისა. ეს ჩვენი პოეტი მეორე მსოფლიო ომში, ვიტებსკის ოლქში, ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაიღუპა.

მირზას ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალში „ჩვენი თაობა“. 1939 წელს ის წითელ არმიაში გაიწვიეს და სიცოცხლის დარჩენილი წლები სამხედრო კარიერას შეალია.

მას აღიარება მოუტანა ლექსებმა: „ცხრაკარა“, „შავლეგო“, „მელოდე“, „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე“ და ა.შ. აღსანიშნავია მისი შესანიშნავი პოემა  „შავნაბადა“.

სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში მირზა გელოვანმა. შემდეგ უკვე ომში წასული აგზავნიდა სახლში ნაჩქარევ წერილებს, რომლებშიც მისი ლექსებიც გვხვდება, მაგალითად:

„წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან
აელვებული იდგა თბილისი”.

პოეტის ლექსების კრებული 1954-56 წლებში გამოიცა. მას მიენიჭა რამდენიმე პრემიაც, მათ შორის - სახელმწიფო.

მირზა გელოვანი 1944 წლის ივლისში, 27 წლის ასაკში დაიღუპა, სამდინარო დაბრკოლებაზე გადასვლისას, როცა ომის მიწურულს, უკან გაქცეულ მტერს დაედევნა. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ქართული ლიტერატურის მთავარი დანაკარგი, გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართული ლიტერატურაში ევროპეიზმის ფუძემდებელია, რომელმაც ეს ლიტერატურა გადაატრიალა. ამ კაცმა შეძლო და ქართულ ლიტერატურას მარტომ გაარბენინა საფეხურები, დაწყებული რომანტიზმიდან, დამთავრებული სიმბოლიზმით.

კაცმა რომ თქვას, ნიკოლოზ ბარათაშვილი საქართველოა; კაცი, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი განსაზღვრა, არამედ საკუთარი დიდი წინაპარი, ერეკლე მეორე გააკრიტიკა, რადგან მიიჩნევდა, რომ მას არ ჰქონდა ქართველთა თავისუფლების გაცემის უფლება! მან წინასწარ განჭვრიტა, რომ შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობა, რადგან საერთო რწმენის მიუხედავად, ამ ერების თვისებები განსხვავებულია.

აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ილიას გარეშე ჩვენ შეიძლება საერთოდ დაგვკარგვოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი. არადა, იმდენჯერ გადაწერა ბარათაშვილმა თავისი ლექსები, იმდენ ადამიანს დაურიგა, რომ არ უნდა დაეკრძალათ დაუტირებელი და გამოუცემელი,  როგორც აღნიშნა ეს ერთმა უცხოელმა კრიტიკოსმა.

ნიკოლოზ ბარათაშვილს თავისი არცერთი სტრიქონი გამოცემული არ უნახავს და სიკვდილის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა პოეტად, რომელიც არავის ახსოვდა. რომ არა ის შემთხვევა, ბარათაშვილის მუზამ და მისი სიყვარულის მთავარმა ობიექტმა - ეკატერინე ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს რომ მისი ლექსები გადასცა, ვინ იცის, რა ბედი ელოდა ამ გენიოსს.

ილიამ უპატრონა ბარათაშვილის ხსოვნას, რაც საბოლოოდ განჯიდან მისი გადმოსვენებით დასრულდა. დიდი გზა განვლო ამ ჩვენმა გენიოსმა განჯიდან, დიდუბის პანთეონის გავლით  მთაწმინდაზე, სადაც ჰპოვა კიდეც საბოლოო განსასვენებელი. მისი საფლავის ძეგლს ისი შემოქმედებიდან რამდენიმე ისეთი სტრიქონი აწერია, რომელთაგანაც ერთიც კი საკმარისია, რომ იგი მსოფლიო გენიოსად ვაღიაროთ - „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, კვლავაც დარჩება“.

ნიკოლოზ ბარათაშვილი XX საუკუნის პოეტი რომ ყოფილიყო, მაგალითად, ნობელის პრემიის მოპოვებაში პატარა ქვეყნისა და ენის შვილობაც კი ვერ შეუშლიდა ხელს. თუმცა, იმაში მაინც გაუმართლა, რომ მის ნაწარმოებებს ნობელის პრემიის ლაურეატები თარგმნიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, დიდმა რუსმა პოეტმა, ბორის პასტერნაკმა ხომ სრულად თარგმნა ბარათაშვილის შემოქმედება. 

ალექსანდრე საჯაია

მეორე მსოფლიო ომმა კიდევ ერთი ქართველი პოეტი, ახალგაზრდა კაცი - ალექსანდრე საჯაია შეიწირა. ოდიშში, ზუგდიდის რაიონში, 1916 წელს დაბადებული ეს ნიჭიერი კაცი 28 წლის ასაკში, 1944 წელს გარდაიცვალა.

დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ბეჭდვა ადრევე, 1935 წლიდან დაიწყო. 1938 წელს მოასწრო და გამოსცა პირველი პოეტური კრებული. მასვე ეკუთვნოდა შექსპირის, შელის, ედგარ პოს, ლონგფელოს თარგმანები.

ალექსანდრე საჯაია რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლების დროს, 1944 წელს დაიღუპა.

სანდრო ცირეკიძე

29 წელი იცოცხლა სანდრო ცირეკიძემ, ქართული ლიტერატურის კიდევ ერთმა დიდმა დანაკარგმა.

1894 წელს დაბადებული ახალგაზრდა ადრევე დაინტერესდა ლიტერატურით. მეექვსე კლასში იყო, როცა მეგობრებთან ერთად ხელნაწერი ჟურნალი „ჩონგური“ გამოსცა. სკოლაშივე დაიწყო ლათინური ენის შესწავლა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო, თუმცა 1914 წელს სრულიად ახალგაზრდას ტუბერკულოზი შეეყარა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კიევში გადავიდა.

1916 წლიდან სანდრო ცირეკიძე „ცისფერყანწელებს“ დაუახლოვდა. 20-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საგამომცემლო კოოპერატივი. ამავე პერიოდში დააარსა გამომცემლობა „კირჩხიბი“, 1919 წელს კი დიდი საქმე გააკეთა - გამოსცა ახალი მწერლობის ანთოლოგია, სრულიად უნიკალური კრებული.

ამავე წელს თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს ლექსები და პროზა. თარგმნიდა ბოდლერს, ოსკარ უაილდის ზღაპრებს. მცირე ხნით რედაქტორობდა ჟურნალ „მშვილდოსანსაც“.

1921 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „მთვარეულები“.

ეს იყო უნიჭიერესი, უსაყვარლესი ადამიანი, რომელსაც უდიდესი მომავალი ჰქონდა. სამწუხაროდ, განათლებული და ფართო თვალსაწიერის ამ მწერალს არაფერი დასცალდა, რადგან 1923 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.

ვერის სასაფლაოზე მის დაკრძალვას ესწრებოდნენ „ცისფერყანწელები“, სრული შემადგენლობით  ...

ამ ადამიანების გახსენება, მათი გამორჩევა, გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ ძალიან ადრე, ახალგაზრდები წავიდნენ. არაერთი დიდი შემოქმედის სიცოცხლე შეწყდა ტრაგიკულად, უდროოდ. არ შეიძლება არ გავიხსენოთ დაპატიმრებული და დახვრეტილი ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, რომელმაც თავი მოიკლა... რამდენი წლისაც უნდა ყოფილიყო გალაკტიონი, ისიც უდროოდ მოკვდა, გალაც არასდროს უნდა მომკვდარიყო, ისევე, როგორც უკვდავია მისი პოეზია.

სამწუხაროდ, ქართული ლიტერატურა განებივრებული არ არის ლოგინში გარდაცვლილი მწერლებით. საკმარისია იმის გახსენება, როგორ გაუსწორდნენ ციხეში ქართული პროზის ბურჯს - მიხეილ ჯავახიშვილს...

თითოეული ეს სიცოცხლე უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლეა, მაგრამ ჩვენ მაინც იმ ახალგაზრდებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომლებიც ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ქართულ ლიტერატურას გაცილებით მეტი საამაყო ექნებოდა. „ჰოი, რაოდენი სიკეთენი დავკარგეთ ჩვენა“ - სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულმა ამ ახალგაზრდამ მოასწრო თავისი სიტყვის თქმა!

არ ვიცი, კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ნიკოლოზ ბარათაშვილს იმისთვის, რომ მისი სიდიადე გაზრდილიყო, თუმცა, ზოგჯერ რაოდენობაც მნიშვნელოვანია - 1919 წელს, „არტისტული ყვავილების“ გამოცემის შემდეგ, გალაკტიონი რომ დაღუპულიყო, ჩვენ გვეყოლებოდა გენიოსი, მაგრამ დავკარგავდით მომდევნო პერიოდის მის არაერთ შედევრს.

განსაკუთრებით მტკივნეულია გურამ რჩეულიშვილის სიკვდილი, ეს სიკვდილი ხომ ერთი მხრივ გაგრძელება, მეორე მხრივ კი - მისი შემოქმედების დასწყისია. სრულიად წარმოუდგენელია, რომ ასეთი ენერგიის ავტორი ლოგინში გარდაცვლილიყო, თუმცა ჩვენთვის ბედნიერება იქნებოდა საკუთარი თვალით გვენახა, როგორ მოხუცდებოდა გურამი.

ასევე, ვფიქრობ, რომ ოჯახში დატრიალებულმა უბედურებამ, ნათესავების მიერ ბარათაშვილის პრობლემის გულთან არმიტანამ, ჩვენი საზოგადოების გულცივმა დამოკიდებულებამ და არაერთმა სხვა გარემოებამ დაგვღუპა, რადგან დავკარგეთ ნიკოლოზ ბარათაშვილი და მის დაკრძალვაზე არავინ აღმოჩნდა, ოჯახიდანაც კი. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჩავიდნენ მის საფლავზე და და დედა. ის კი არა, როცა მის დებს უხსნიდნენ, რომ ტატო მსოფლიო გენიოსია, ისინი უხერხულად იღიმებოდნენ, ალბათ ფიქრობდნენ, რომ ძმაზე უბრალო, მოსაფერებელ სიტყვებს ისმენდნენ. 

ასეთი დამოკიდებულება კონკრეტული მაგალითია იმ შესანიშნავი ქართული ანდაზის გასამართლებლად, რომელიც ამტკიცებს, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს. სწორედ ბარათაშვილი იყო ის შინაური მღვდელი, რომელსაც არავისგან ჰქონია შენდობა.



პროექტის ავტორი და რედაქტორი: გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^