Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიდევ ერთი დოკუმენტური ვნება კალასის შესახებ

19 დეკემბერი 2017

ტომ ვოლფის დოკუმენტური ფილმში Maria by Callas კალასის ცხოვრების ამსახველი აქამდე უცნობი კადრები შევიდა

პარიზში გასულ კვირას ეკრანებზე გამოვიდა საფრანგეთში მცხოვრები ბრიტანელი სცენარისტის, ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის,  ტომ ვოლფის დოკუმენტური ფილმი Maria by Callas („მარია - კალასის ნაამბობი“). მეოცე საუკუნის უდიდესი საოპერო ლეგენდის, მარია კალასის შესახებ შექმნილ კიდევ ერთ სუბიექტურ-დოკუმენტურ ფილმში აქამდე უცნობი, კერძო კოლექციებში დაცული ვიდეომასალები და იშვიათი ფერადი კადრები შევიდა, მაგალითად, 1958 წლის 19 დეკემბერს პარიზის „გრანდ ოპერაში“ გამართული დაუვიწყარი კონცერტი, რომელიც აქამდე მხოლოდ შავ-თეთრი სატელევიზიო ჩანაწერით იყო ცნობილი; ასევე, 1964 წელს ლონდონის „კოვენტ გარდენის“ სცენაზე დადგმული „ტოსკას“ იშვიათი საარქივო კადრები.

თითქოს უკვე შეუძლებელია ვინმემ რაიმე ახალი თქვას, დაიწეროს, ან გადაიღოს მარია კალასის შესახებ, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, ტომ ვოლფი მაინც ახერხებს „რეჟისორულ მიზანდასახულობას ჟურნალისტური ალღო, სიახლე და ინტრიგა შეუზავოს“. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ათი  წლის წინ, 2007 წელს რეჟისორმა ფილიპ კოლიმ გადაიღო ასევე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი Callas assoluta („აბსოლუტური კალასი“).

მანამდე, 2002 წელს ფრანკო ძეფირელიმ მეოცე საუკუნის საოპერო დივას ოდნავ მოჭარბებული და სენტიმენტებით გაჯერებული მხატვრული ფილმი - Callas forever („მუდამ კალასი“) მიუძღვნა, რომელშიც მთავარ როლს ფანი არდანი ასრულებს. გარდა ამისა, ტომ ვოლფმა მოიძია სამოყვარულო კადრები და სატელევიზო ფრაგმენტები, რომელიც „ლა სკალაში“ ბელინის „ნორმასა“ და ქერუბინის „მედეას“ პრემიერის შესახებ მოგვითხრობს; ასევე, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“ დადგმული „მადამ ბატერფლაის“ რეპეტიციისა და კალასის პირადი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები.

ფილმში შევიდა სახელოვან რეჟისორთან, ლუკინო ვისკონტისთან ინტერვიუს ფრაგმენტებიც, რომელიც „ლა სკალაში“  50-იან წლებში დადგმულ საოპერო სპექტაკლებზე საუბრობს; მაგალითად, „ტრავიატას“ რეპეტიციების შესახებ, სადაც კალასი ვიოლეტას პარტიაზე თავდაუზოგავად, დღეში 10-12 საათი მუშაობდა. ამას გარდა, მაყურებელი ნახავს იშვიათ კადრებს პიერ-პაოლო პაზოლინის ფილმის, „მედეას“ გადაღების ეპიზოდებს (ფილმი 1969 წელს გამოვიდა ეკრანებზე და გასაგებია, რომ დისკუსია ანტიკური ტრაგედიის ეკრანულმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია).

ტომ ვოლფის ფილმს 2018 წლის კანის კინოფესტივალის სპეციალურ პროგრამაში აჩვენებენ, ხოლო პარალელურად მოეწყობა ფოტო- და ვიდეოგამოფენა, რომელზეც მნახველები 53 წლის ასაკში გარდაცვლილი დიდი მომღერლის  ცხოვრების ამსახველ იშვიათი მასალებს, დოკუმენტებსა და ვიდეომასალებს გაეცნობიან.

ახლა, როცა 40 წელზე მეტი გავიდა მარია კალასის გარდაცვალებიდან, შეიძლება ითქვას, რომ მითები და რეალობა მისი ცხოვრების შესახებ არათუ გაიყო, პირიქით, ერთმანეთს შეერია და გადაიხლართა. ხოლო ყოველი ახალი მცდელობა - ეს იქნება მოგონებების წიგნი, ახალი დოკუმენტური ფილმი თუ ორიგინალური ფორმის სპექტაკლი, მხოლოდ აჩვენებს, გვახსენებს და ამტკიცებს დიდი მომღერლის ამოუხნელ, ფენომენელურ ვოკალურ თუ ტრაგიკულ ტალანტს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გრძელვადიანი ...

წინა კვირაში საქართველო პირველად წარდგა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სცენაზე. მის პერფორმანსს ევროპელი მაყუ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

დავიწყებულთა ხმა ციხიდან

„ლიბერალი" გთავაზობთ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პატიმრის წერილს ციხიდან: დღეს საქართველოს მრავალი ათასი ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

მტერი და მტრის სიკვდილი ქართულ ლიტერატურ ...

 ქართულ ლიტერატურაში მტერი პირველსავე ძეგლში ჩნდება და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მხატვრული ძეგლი რთულად წარმოსა ...

მეტი

^