Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღდგენილი „ღირსების“ ობერტონები

28 დეკემბერი 2017

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“ დაბრუნდა

იტალიური ოპერის, უფრო ზუსტად, ვერიზმის შედევრი, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“ წინასაახალწლოდ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარს ისევ დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე თეატრმა რეჟისორ თემურ ჩხეიძისა და მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილის მიერ რამდენიმე წლის წინ დადგმული, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“ აღადგინა. ასე რომ, მრავალწლიანი სარემონტო სამუშაოებისა და საოპერო ინტრიგების დასრულების შემდეგ, თბილისის ოპერამ დაკარგული „ვერისტული ღირსება“ სრულად აღიდგინა.

„სოფლის ღირსება“, რომლის პრემიერა 1890 წელს რომში გაიმართა და რომელსაც საფუძვლად ჯოვანი ვერგას ამავე სახელწოდების ნოველა დაედო, დადგმის დღიდან მსოფლიო საოპერო რეპერტურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება. მსოფლიო პრემიერადან სულ რაღაც ორ წელიწადში კი მასკანის ოპერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც დაიდგა. ვერიზმის მიმდინარეობამ ლიტერატურასა და მუსიკაში (იტალიურად verismo, vero – „ჭეშმარიტი“, „ნამდვილი“) დასაბამი მისცა რეალისტური ოპერის შექმნასაც, რაც ოპერის პირობითობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულად წარმოსადგენი იყო.

ხშირად მსოფლიოს ცნობილი საოპერო თეატრები მასკანისა და ლეონკავალოს ოპერებს მექანიკურად უკავშირებენ ერთმანეთს და ერთი საღამოს განმავლობაში, ორ მოქმედებად სთავაზობენ მაყურებელს. თუმცა ესთეტიკური ან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რამდენად გამართლებულია „ჯამბაზებისა“ და „სოფლის ღირსების“ გაერთიანება, ეს ცალკე საუბრის თემაა. მაგალითად, ჰამბურგის „შტატსთეატრსა“ და ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენში" ორი ოპერის ასეთმა „გაერთიანებამ" (ცოტა ხნის წინ ამ სპექტაკლებში ცნობილი ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მონაწილეობდა) კრიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

საოპერო თეატრში პრემიერა 19, 20 და 23  დეკემბერს გაიმართა. იტალიელმა რეჟისორმა ვიქტორ გარსია სიერამ და მხატვარმა იტალო გრასიმ მშვიდობიანად გადმოიტანეს გენუის კარლო ფელიჩეს საოპერო დადგმა თბილისში, რასაც მოსახერხებელი სიტყვა „თანამშრომლობა“ დაერქვა, ხოლო კოსტიუმები სპეციალურად ქართული პრემიერისთვის მადრიდში, PERIS COSTUMES-ის სამკერვალოში დამზადდა.

მთავარ პარტიებს სპექტაკლში ასრულებდნენ: მოწვეული სოლისტები - ნინო სურგულაძე (სანტუცა), მიხელ შეშაბერიძე (ტურიდუ) და თბილისის საოპერო თეატრის სოლისტები - სულხან გველესიანი (ალფიო), ელენე ჯანჯალია (ლუჩია) და ირინა ალექსიძე (ლოლა). ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა. რაც შეეხება მეორე საპრემიერო შემადგენლობას, აღსანიშნავია მაყვალა ასპანიძე (სანტუცა), გასტროლიორი ფრანკო ტენელი (ტურიდუ), ვანო გალუაშვილი (ალფიო) და ნატალია ვოლჩენკო (ლუჩია).

მეტ-ნაკლებად ავთენტურ დადგმას - ქვით მოპირკეთებული სიცილიური სოფლის მოედანი, ტაძარი მარჯვნივ და ტრაქტირი  მარცხნივ - ცოტა არ იყოს განსხვავებულ, ალპურ თუ ტიროლური პეიზაჟის იერს ანიჭებს სცენის სიღრმეში, ეკრანზე აღბეჭდილი მთის ფერდობები და სოფელი. საერთოდაც ეს უზარმაზარი ფოტოგამოსახულება სცენოგრაფიას ბუნებრიობას უკარგავს.

რაც შეეხება დადგმას: დაახლოებით პირველი ოცი წუთის განმავლობაში სცენა ჩაბნელებულია, რაც ცოტა დამღლელია და აღქმასაც ართულებს. კოსტიუმები მეტ-ნაკლენად ახლოა ავთენტურობასთან და შავ-ნაცრისფერ-ყავისფრით შემოიფარგლება. სამაგიეროდ, გამორჩეული და ეფექტურია ლოლას შავ-წითელი კოსტიუმი. ტაძრის შესასვლელი, საიდანაც მაცხოვრის უზარმაზარ თაბაშირის ფიგურას აღდგომის დღეს მოედანზე გამოიტანენ, სრულიად არაპროპორციულია თავად ფიგურასთან შედარებით... ცოტა დაუხვეწავი და კომპოზიციურად შეუკრავია ფინალი, როცა სანტუცა და დედა ლუჩია ტურიდუს მკვლელობას გაიგებენ.

სანტუცას პარტიას ნინო სურგულაძე ნამდვილად ეფექტური ვოკალით და კარგი ტექნიკით უმკლავება, პლუს არტისტიზმი და სცენის შესანიშნავი, ბუნებრივი გრძნობა. მისი არიაც და დუეტიც ტურიდუსთან ასევე შთამბეჭდავია. თუმცა რიგ ეპიზოდებში ხმის სიძლიერე, მასშტაბი და ასევე მაღალი ნოტები სასურველია უკეთესი ყოფილიყო. თუმცა ეს უფრო იმაზეა დამოკიდებული, ვინ მღერის სანტუცას პარტიას - დრამატული სოპრანო თუ მეცო-სოპრანო. რიგ შემთხვევაში  უმჯობესია ეს პარტია დრამატულმა სოპრანომ შეასრულოს. მაგალითად, მაყვალა ასპანიძის შემთხვევაში პირიქითაა - მას უფრო ძლიერი, ვნებიანი, ასე ვთქვათ, „ვერდის ხმა“ აქვს, მაგრამ დაბალი ნოტები აქვს პრობლემური.

ტურიდუს პარტიისთვის მიხეილ შეშაბერიძის ხმა ალბათ უფრო ლირიულად ჟღერს, ვიდრე დრამატულად, თუმცა ფრანკო ტენელისთან შედარებით, მისი ხმაც და თამაშიც უკეთესია. სულხან გველესიანი წარმატებული ჟორჟ ჟერმონის შემდეგ ალფიოს როლში ვოკალურადაც და არტისტულადაც გაცილებით ფერმკრთალად გამოიყურებოდა.

შთამბეჭდავად და დამაჯერებლად გამოიყურება დიდი ხნის შემდეგ საოპერო სცენაზე დაბრუნებული ვანო გალუაშვილი ალფიოს პარტიაში, თუმცა ხმის ხარვეზები მაინც საგრძნობია. შეიძლება ითქვას, რომ „სოფლის ღირსების“ აღმოჩენაა მეცო-სოპრანო ირინა ალექსიძე, რომელიც ლოლას პატარა პარტიას შესანიშნავად მღერის და, რაც მთავარია, ასევე დამაჯერებელია არტისტულადაც.

იტალიურ-ქართულ „სოფლის ღირსებას“ პუბლიკა უკვე მომავალ წელს ნახავს, როდესაც შესაძლებლობა ექნება აღდგენილი ვერისტული ოპერების ობერტონები ერთმანეთს დაატოლოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^