Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“რაში გვჭირდება წიგნები ჰეიდარ და ილჰამ ალიევების შესახებ?”

10 იანვარი 2018

აზერბაიჯანულენოვანი წიგნების გარეშე დარჩენილი ეთნიკური აზერბაიჯანელები

„აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემულ საინტერესო წიგნს ვერც მაღაზიებში ნახავთ და ვერც ბიბლიოთეკებში,” - ამბობს გულფარ მაჰმუდოვა.

საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი გულფარ მაჰმუდოვა აცხადებს, რომ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს საკუთარი ენაზე წიგნის წაკითხვა სანატრელი აქვთ: „აზერბაიჯანულ ლიტერატურას და კულტურას რომ გავეცნოთ, ამისთვის აზერბაიჯანელი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოები უნდა ვიკითხოთ. თუმცა, აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემულ წიგნებს ვერ ვშოულობთ. ბოლნისში, დმანისსა და გარდაბანში, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ, ერთი ბიბლიოთეკაც კი არ არის. ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი აზერბაიჯანულენოვან სკოლებში იღებს განათლებას. სასკოლო პროგრამაში არსებული წიგნების შოვნაც კი შეუძლებელია.“

ადგილობრივების თქმით, წლების წინ, აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული წიგნების წაკითხვა მარნეულის ბიბლიოთეკაში შეიძლებოდა. 2007 წელს  ბიბლიოთეკა დაიხურა, მის ადგილას კი კომპანიის -  „ათა ჰოლდინგი“ კუთვნილი კომერციული ობიექტი აშენდა და მარნეულელებიც 10 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკის გარეშე დარჩნენ. 2017 წლის მარტში მარნეულში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა და ის აზერბაიჯანულენოვანი წიგნებითაც მომარაგდა.

„მარნეულის ბიბლიოთეკა საქართველოში ერთადერთი ბიბლიოთეკაა, სადაც აზერბაიჯანულენოვანი გამოცემები არსებობს. მაგრამ მათი უმრავლესობა უინტერესოა. რაში გვჭირდება წიგნები ჰეიდარ და ილჰამ ალიევების შესახებ? კარგი იქნებოდა, საინტერესო აზერბაიჯანული წიგნები, ან მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ახალი გამოცემები რომ გვქონდეს,“ - ამბობს ახალგაზრდა პოეტი ჯოშგუნ ჯაფარი.

გულფარ მაჰმუდოვა აცხადებს, რომ სახელმწიფო მარნეულში ახალგაზრდების განათლებისთვის საჭირო პირობების შექმნაზე არ ზრუნავს:

„მარნეულის ბიბლიოთეკის მშენებლობა 2 წლის წინ დასრულდა, მაგრამ მის გახსნას საშველი არ დაადგა მანამდე, სანამ ხელმოწერების შეგროვება არ დავიწყეთ. თუმცა, სარგებელი აქედანაც არ არის, რადგან აზერბაიჯანულ ენაზე სასურველ წიგნს ახალ ბიბლიოთეკაშიც ვერ ვშოულობთ. მერე კიდევ იტყვიან, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები გაუნათლებლები არიან. არ მინდა, რომ  დანარჩენი საქართველო მხოლოდ 13 წლის ასაკში გათხოვილი გოგონების სტატისტიკით გვიცნობდეს.”

მარნეულის ბიბლიოთეკის თანამშრომლის, აითან სამადოვას თქმით, ამჟამად ბიბლიოთეკაში 3 ათასზე მეტი წიგნია, აქედან მხოლოდ 1000-მდე წიგნია აზერბაიჯანულენოვანი. ბიბლიოთეკას 850-ზე მეტი რეგისტრირებული მკითხველი ჰყავს. მათი ნახევარი ეთნიკური აზერბაიჯანელია. როგორც გაირკვა, მკითხველები, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები არიან.

სემა მამადოვა სკოლის მოსწავლეა. ის ავტობიოგრაფიული წიგნებითაა დაინტერესებული. მის მეგობარს, ირადა იუსიფოვას კი ისტორიიული  წიგნები მოსწონს: „ქართული არ ვიცით იმ დონეზე, რომ ქართულენოვანი წიგვნები წავიკითხოთ. ძალიან გვინდა, რომ ჩვენს ბიბლიოთეკებში ბევრი აზერბაიჯანულენოვანი წიგნი იყოს. ასეთ შემთხვევაში ბევრ წიგნს წავიკითხავდით,“ - ამბობს ირადა.

ბიბლიოთეკაში არსებული აზერბაიჯანულენოვანი წიგნების დიდი ნაწილი აზერბაიჯანელი და უცხოელი ავტორების ნაწარმოებებია. აქ აზერბაიჯანელი კლასიკოსებიდან მხოლოდ ნიზამის და ფუზულის ნაწარმოებები აქვთ.

ბიბლიოთეკარი აითან სამადოვა ამბობს, რომ მკითხველებს ყველაზე მეტად დეტექტივები და სამეცნიერო, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და ისტორიული ჟანრის წიგნები აინტერესებთ.

ქამრან აფანდიევი, რომელიც ერთ-ერთი სოფლის აზერბაიჯანულენოვან სკოლაში დამხმარე მასწავლებლად მუშაობს, ამბობს, რომ ბიბლიოთეკები სკოლებსაც უნდა ჰქონდეთ: „აზერბაიჯანულ ენაზე ელექტრონული წიგნებიც არსებობს. მაგრამ მას ბევრი მომხმარებელი არ ჰყავს. სამი სოფლიდან ერთში მაინც რომ იყოს ბიბლიოთეკა, მისით დანარჩენი სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებდა და დიდი საქმე გაკეთდებოდა. არსებობს ისეთი სოფლები, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ერთი წიგნიც კი არ გადაუფურცლავს. აუცილებელია, რომ ადამიანებს კითხვა შევაყვაროთ.“


გურბან მამადლი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^