Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალასკაში აღმოჩენილმა ჩონჩხმა მკვიდრი ამერიკელების წარმოშობაზე გვიამბო

08 იანვარი 2018

ალასკაში აღმოჩენილი ჩონჩხის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვილი გოგონა, რომელიც გამყინვარების ხანის მიწურულს გარდაიცვალა, მკვიდრი ამერიკელების დღემდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნებოდა.

მეცნიერების თქმით, დნმ-ის ანალიზის შედეგები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ მიგრანტების  ტალღა კონტინენტზე 25 000 წლის წინ ციმბირიდან დაიძრა, როცა ზღვის დონის კლებამ  ბერინგის სრუტის ადგილას ხმელეთი წარმოქმნა. ყინულის საფარველის დნობასთან ერთად ეს ხმელეთი საკმაოდ მალე ისევ წყლით დაიფარა. ახალმოსახლეები ყველა თანამედროვე მკვიდრი ამერიკელის წინაპრები გახდნენ, ამბობს პროფესორი ესკე უილერსლევი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ჩატარებული გენეტიკური კვლევის შედეგები  ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა.

ახლად აღმოჩენილი ჯგუფი, რომელსაც „ძველი ბერინგელები“ უწოდეს, თავდაპირველ პოპულაციას დაახლოებით 20 000 წლის წინ გამოეყო. მაშინ, როცა მკვიდრი ამერიკელების უშუალო წინაპრები სამხრეთში გავრცელდნენ და შემდეგ სამხრეთ და ჩრდილოეთ შტოებად გაიყვნენ, ბერინგელები ჩრდილოეთში დარჩნენ და საბოლოოდ გადაშენებამდე მივიდნენ.

ექვსი კვირის ახალშობილი მიწიდან 2013 წელს  „Upward Sun River“-ის არქეოლოგიური ობიექტიდან ამოიყვანეს, თუმცა მისი სრული გენეტიკური გამოკვლევა მხოლოდ ახლახან გახდა შესაძლებელი. ადგილობრივებმა ჩვილს "Xach'itee'aanenh t'eede gay" შეარქვეს, რაც „მზის ამოსვლის გოგონას“ ნიშნავს, მკვლევართა გუნდი კი მას უბრალოდ USR1-ს ეძახის.

„ეს ალასკაში აღმოჩენილი ადამიანის ყველაზე ძველი ნეშტია, მაგრამ მასში უფრო საყურადღებო ისაა, რომ  ეს ინდივიდი მიეკუთვნებოდა ადამიანის პოპულაციას, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით“, - განმარტა პროფესორმა უილერსლევმა.

გენეტიკური ანალიზის მიხედვით ეს პოპულაცია თანამედროვე მკვიდრ ამერიკელებს ენათესავება, თუმცა მათგან საკმაოდ განსხვავდება. ახალშობილს და თანამედროვე მკვიდრ ამერიკელებს ჰყავთ საერთო წინაპარი, რომელიც დაახლოებით 25 000 წლის წინ დასახლდა ბერინგიაში, ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი ნაწილიც დღეს წყლითაა დაფარული.

თუ ყოველივე ეს მართალია, გამოდის, რომ იყო ერთი დიდი მიგრაცია, რომლის შედეგადაც აზიიდან წამოსული ადამიანები ამერიკაში დასახლდნენ. „ეს კვლევა წარმოადგენს იმის საბოლოო მტკიცებულებას, რომ იყო მხოლოდ ერთი გადასახლება“, - ამბობს ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი კონი მილიგანი.

ამ დასკვნას არ ეთანხმება არქეოლოგი ბენ პოტერი. იგი მიიჩნევს, რომ ძველი ბერინგელების პოპულაცია მკვიდრი ამერიკელების წინაპრებს ჯერ კიდევ აზიაში, მიგრაციამდე გამოეყო. შემდეგ ორივე ჯგუფმა დამოუკიდებლად იმოგზაურა ბერინგიაში და ბოლოს ამერიკაში, სავსებით შესაძლებელია, რომ სრულიად განსხვავებული მარშრუტით და სხვადასხვა დროს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, დეივიდ რეიხის აზრით, საკმარისად სარწმუნო არაა მოსაზრება, რომ ძველი ბერინგელების პოპულაცია თავდაპირველ პოპულაციას 20 000 წლის წინ გამოეყო -  „მაშინ, როცა 20 000 წლით დათარიღებას დიდი მნიშვნელობა ექნება, სავსებით შესაძლებელია, ეს  სიმართლე იყოს. მე საბოლოოდ მაინც ვერ დავრწმუნდი მტკიცებულებების უტყუარობაში“.  იგი ასევე მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ერთი გადასახლების სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა ბოლომდე არც მიგრაციის რამდენიმე ტალღას გამორიცხავს.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ საბოლოო პასუხები ამ კითხვებზე მხოლოდ სხვა ნამარხების აღმოჩენასთან ერთად გვექნება.  

მომზადებულია nytimes.com-ის,  theguardian.com-ის და theatlantic.com-ის მიხედვით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 იანვარი
18 იანვარი

„თბილისში ქუჩაშიც კი შეგვიძლია ნამაზის ა ...

თბილისის ცენტრში მდებარე ჯუმა მეჩეთში ყოველ პარასკევს 1000-ზე მეტი სუნიტი და შიიტი მუსლიმი ერთად ლოცულობს. მათ შორის საქ ...
17 იანვარი
17 იანვარი

რა გავლენა აქვს სიღარიბეს განათლებაზე

მარიამ ფანჩულიძემ სკოლა იმერეთში, ტყიბულში დაამთავრა. ორი წლის წინ კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტე ...
17 იანვარი
17 იანვარი

სკოლა და მშობლები

ქართულ საჯარო სკოლებს მშობლებთან თანამშრომლობის მწირი გამოცდილება აქვთ. სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა, ძირითადა ...

მეტი

^