Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იაშვილის კლინიკიდან ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს

09 იანვარი 2018

დეკემბერში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან ათეულობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ პროფესიულ კავშირს „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრს" დახმარებისთვის მიმართეს. ქსელის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში კლინიკიდან სულ 100-მდე თანამშრომელია სამსახურიდან დათხოვნილი. ოფიციალური მიზეზი რეორგანიზაცია და კლინიკაში არსებული ფინანსური პრობლემებია. 

რა სახის რეორგანიზაცია მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებაში? რა კრიტერიუმებით შეირჩა გასათავისუფლებელი თანამშრომლები? ამ და სხვა კითხვებზე „ლიბერალმა“ კლინიკისგან პასუხი ვერ მიიღო. მათი განმარტებით, ბავშვთა საავადმყოფოს იურისტი საქართველოში არ იმყოფება და ამ საკითხზე მოგვიანებით გვიპასუხებენ. 

„ლიბერალი" კლინიკიდან, სხვადასხვა დროს გათავისუფლებულ ოთხ თანამშრომელს ესაუბრა. ოთხივე მათგანისთვის კლინიკის ადმინისტრაციას კონკრეტულად არაფერი განუმარტავს (რეორგანიზაციის მიზეზის გარდა). ისინი სამსახურიდან მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. თუმცა, კანონის შესაბამისად, ოთხივეს აუნაზღაურეს ორი თვის კომპენსაცია. „სოლიდარობის ქსელის" დახმარებით დათხოვნილი თანამშრომლები ამ დრომდე კლინიკისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ. 

ნანა რურუა გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის მოხვდა. იაშვილის კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში 13 წელი პედიატრად იმუშავა. 1 დეკემბერს მას ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ კლინიკაში დაგეგმილი ცვლილებების გამო ხელი უნდა მოეწერა მისი გათავისუფლების ბრძანებაზე. ბრძანებას ხელი მოაწერა, მაგრამ მიუთითა, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მისთვის გაურკვეველია და დოკუმენტის შინაარსს არ ეთანხმება. ამბობს, რომ მის გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე, კლინიკაში ექთნების კადრების შემცირებაზე აქტიურად საუბრობდნენ, რამაც დასაქმებულებში მძიმე მორალური ფონი შექმნა: „დილით, ხან ერთი ექთანი შემოდიოდა ტირილით, ხან მეორე. ზოგი ულუკმაპუროდ ქუჩაში რჩებოდა. ვნერვიულობდით მათზე. ვთქვი კიდეც ხმამაღლა, თუ კლინიკას ამ ადამიანებისთვის ხელფასის გადახდა არ შეუძლია, შემიძლია ჩემი საათები დავთმო-მეთქი".

იაშვილის კლინიკის პარალელურად ნანა რურუა პაციენტებს საკუთარ კლინიკაშიც ემსახურება. ამიტომ მისთვის  სამსახურიდან დათხოვნა ფინანსურად იმდენად დრამატული არ იყო, როგორც სხვა თანამშრომლებისთვის. მისი თქმით, მისი დიდი უკმაყოფილება ადმინისტრაციის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ გამოიწვია:

„ამდენი წელი ექიმად ვმუშაობდით (სხვა გათავისუფლებულებსაც ვგულისხმობ), ადმინისტრაციიდან ერთ ადამიანსაც არ მოაფიქრდა, როგორი დამამცირებელია, როცა ბრძანებას გიდებენ წინ და საჭიროდაც არ თვლიან, განმარტონ, რატომ აგირჩიეს შენ; რა კრიტერიუმი არ დააკმაყოფილე, რომ გათავისუფლებულთა რიგებში აღმოჩნდი. ერთ-ერთ არაოფიციალურ საუბარში, მენეჯერის რგოლიდან ისიც კი მითხრეს - კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შენ კოოპერატივთან ცუდი კოორდინაცია გაქვსო. მათ უბრალოდ, მორჩილი და დამჯერი თანამშრომლები სჭირდებათ".

ნანა ამ დროისთვის „სოლიდარობის ქსელის" დახმარებით ცდილობს, გაარკვიოს მდგომარეობა. პარალელურად ჰყავს ადვოკატი, რომელიც სარჩელის მომზადებაში ეხმარება: „აუცილებლად ვუჩივლებ კლინიკას", - აცხადებს ის.

ნანამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს კლინიკაში დასაქმებული კიდევ ორი ადამიანი. ნათია ყაჭიური და ნონა ზანდარაშვილი. ისინი ჰყვებიან, რომ 30 ნოემბერს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მათ დაურეკეს და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან დაიბარეს. 

„მოწმენდილ ცაზე მეუბნებიან, რომ შენი დეპარტამენტი უქმდება და ხვალიდან სამსახურში შეგიძლია აღარ მოხვიდეო", - იხსენებს ყაჭიური. 4 დღეში გათავისუფლების ბრძანებაც გამოიცა. თავიდან ხელმოწერაზე უარი თქვა, მაგრამ კლინიკის იურისტმა უთხრა, ვერც კომპენსაციას მიიღებ და მომავალში სამსახურის მოძებნაც გაგიჭირდებაო: „ბანკის ვალები მაქვს, ამიტომ, მოვტყუვდი და ხელი მოვაწერე",- ნათია მარტოხელაა, ორი შვილის დედა. „ლიბერალთან" საუბარში ჰყვება, რომ ოჯახისთვის მისი უმუშევრობა ძალიან მძიმე იქნება. 

10 იავნარს, სამსახურიდან გათავისუფლებულებმა პრესკონფერენცია გამართეს და გათავისუფლების დეტალებზე ისაუბრეს

„სოლიდარობის ქსელმა" რამდენიმე დღის წინ კლინიკის ადმინისტრაციას წერილით მიმართა და ახსნა-განმარტება მოითხოვა - რამდენი ადამიანი იყო ორქტომბრიდან-დეკემბრამდე გათავისუფლებული; ასევე, რა კრიტერიუმებით შეირჩა ისინი და იგეგმება თუ არა დასაქმებულთა დიდი რაოდენობის (ერთობლივად 5 ადამიანზე მეტი) გათავისუფლება კიდევ უახლოესი 1 წლის განმავლობაში. ქსელს კლინიკიდან ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. საავადმყოფოში ამ შეკითხვებზე ვერც „ლიბერალს" უპასუხეს (როგორც გვითხრეს, პასუხიმგებელი პირი ამჟამად არაა საქართველოში). ამ დრომდე გაუგებარია, რა სახის რეორგანიზაციამ გამოიწვია ათეულობით ადამიანის გათავისუფლება და ცალკეული დეპარტამენტების საერთოდ გაუქმება. 

„გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრებისა და მათი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევით. ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს კომპანიის მიერ დასაქმებულებისადმი დისკრიმინაციული მიდგომის საფუძვლიანი ეჭვი; კომპანია დასაქმებულებს არ უხდის კუთვნილ კომპენსაციას; დამსაქმებელი მასობრივი დათხოვნის სამართლებირივი რეგულაციების თავიდან ასარიდებლად დასაქმებულებთან მათი შეცდომაში შეყვანის გზით აფორმებს შეთანხმებებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და სხვა", - წერია პროფესიული კავშირების განცხადებაში. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ C158  კონვენციის და ევროკავშირის საბჭოს ერთ-ერთი დირექტივის თანახმად, როდესაც დამსაქმებელი გადაწყვეტს დასაქმებულთა კოლექტიურ დათხოვნას ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სტრუქტურული და მსგავსი მიზეზების გამო, ის ვალდებულია, დასაქმებულთა წარმომადგენლებს გონივრულ ვადაში მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია და მიუთითოს: დათხოვნის მიზეზები, იმ დასაქმებულთა რაოდენობა და კატეგორია, რომელთაც დათხოვნა შეეხებათ და დათხოვნის დაწყების დრო. დასაქმებულთა წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება, გამართონ კონსულტაციები იმ ღონისძიებების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული დათხოვნა, შემცირდეს  დათხოვნილთა რაოდენობა ან შემსუბუქდეს დათხოვნის უარყოფითი ეფექტი.

რეორგანიზაციის გარდა, თანამშრომელთა ნაწილს ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი კლინიკაში არსებული ფინანსური პრობლემებია. აღსანიშნავია, რომ იაშვილის ბავშვთა კლინიკის მფლობელი რამდენიმე წლის წინ  კორპორაცია „ევექსი" გახდა. „ევექსი" კი BGEO ჯგუფს (საქართველოს ბანკი) ეკუთვნის. მათ მიზნებში აღნიშნულია, რომ მუშაობენ მეწილეებისთვის მოგების გაზრდაზე, ლონდონის ბირჟაზე აქციების ღირებულების ზრდაზე და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უცხოელ მომხმარებელზე მორგებაზე.

„სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლებს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ ჯანდაცვის სისტემაში მოგებაზე ორიენტირებული პრინციპის გაძლიერებას ადმინისტრაციულ რგოლში არასამედიცინო კადრების ზრდა მოჰყვა, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ამან გამოიწვია ხელფასების ვარდნა, ექიმების გათავისუფლება და მთლიანი დეპარტამენტების დახურვა: „ექიმების თქმით, მოგების გასაზრდელად საავადმყოფო პაციენტებისგან მაქსიმალურად დიდი თანხების ამოღებას ცდილობს, მაშინაც, როდესაც ეს არ ესაჭიროება ავადმყოფის ჯანმრთელობას", - წერია ქსელის განცხადებაში და განმარტებულია, რომ რეალურად, კლინიკას დიდი მოგება აქვს და ფინანსური პრობლემები რეალობას არ შეესაბამება:

„ევექსი“ პაციენტებს არწმუნებს მათი მომსახურების მაღალ ხარისხში, მაშინ, როდესაც თავიანთ ინვესტორებს ესაუბრებიან იმაზე, თუ რამდენი საავადმყოფო, კლინიკა და აფთიაქი იყიდეს, როგორ გაიზარდა მოგება (34 მილიონი დოლარი 2017 წლის პირველ ცხრა თვეში), ბაზრის რამხელა წილს აკონტროლებენ, როგორ უზრუნველყოფენ, რომ პაციენტებმა მათ კლინიკებში და აფთიაქებში იარონ და, რაც მთავარია, იმაზე, თუ როგორ შეამცირებენ ხარჯებს. სინამდვილეში, ისინი თავიდან იშორებენ ათწლეულების გამოცდილების მქონე ექიმებს, ხურავენ არამომგებიან დეპარტამენტებს, ამცირებენ ხელფასებს და ზრდიან სამუშაო დატვირთვას. მათ ანგარიშებში არ წერია, რომ ჯანდაცვა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს პაციენტებზე. ჯანდაცვა, განსაკუთრებით კი ბავშვთა ჯანდაცვა, არ არის ისეთივე სერვისი, როგორიც საჭმლის გამოძახებაა. ავადმყოფის გამოჯანმრთელება ექიმებსა და ექთნებზეა დამოკიდებული", - წერია „სოლიდარობის ქსელის" განცხადებაში. 

8 იანვარს პროფესიულმა კავშირმა წერილით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოსა და სახალხო დამცველს და აღნიშნული საკითხით დაინტერესება სთხოვა. სამინისტროში გვითხრეს, რომ არსებულ სიტუაციას ჯერჯერობით სწავლობენ.

შესწორება: "ლიბერალს" მოგვიანებით კლინიკის პრესსამსახურმა პასუხები მოაწოდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კლინიკიდან სულ 87 თანამშრომელია გათავისუფლებული და მათივე თქმით, შრომის კოდექსის დაცვით, ყველას შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადეს.

გათავისუფლების მიზეზი, ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია: "დაემატა ახალი სერვისები, გაერთიანდა რიგი დეპარტამენტები და განისაზღვრა სამედიცინო პერსონალის ოპტიმალური რაოდენობა.  შიდა ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებების მთავარი მიზანია სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება და პაციენტზე მორგებული ეფექტური, მაღალხარისხიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინომომსახურების მიწოდება", - განუცხადეს "ლიბერალს" კლინიკაში და აღნიშნეს, რომ 2018 წელს რეორგანიზაცია არ იგეგმება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

თურქეთი არჩევანის წინაშე

თურქეთში კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო კვლევებში ერდოღანის "სამართლიანობი ...
21 ივნისი
21 ივნისი

სამთო დარტყმა თუ „ადამიანური გადაცდომა" ...

99%-ით შეიძლება ითქვას, რომ ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა არ ყოფილა. ეს უფრ ...
20 ივნისი
20 ივნისი

ბიზნესი ქალების გაძლიერებისთვის და პირიქ ...

გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველოში ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე კაცებთან შედარებით ბევ ...

მეტი

^