Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამი წამი სიგიჟემდე

11 იანვარი 2018

როგორ მოარგო ნიკიტა მიხალკოვის კინოსტუდიამ მიუნხენის ოლიმპიადის საკალათბურთო დრამა რუსულ იდეოლოგიას

1972 წლის 9 სექტემბერს, მიუნხენის „შპორტჰალეში" დატრიალებული საკალათბურთო დრამა სამუდამოდ შევიდა სპორტის ისტორიაში. რიგით მეოცე ოლიმპიური თამაშების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე, როცა არაბი ტერორისტების მიერ ებრაელი სპორტსმენების მკვლელობით გამოწვეული ტრაგედია ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად რჩებოდა, საკალათბურთო ფინალში, საბჭოთა გუნდი აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელსაც მანამდე, 36 წლის განმავლობაში, ოლიმპიადების ისტორიაში არასოდეს წაეგო!

საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მაშინ ორი ქართველი მონაწილეობდა - ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია. სხვათა შორის, ორივემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ შეხვედრაში. საკანდელიძეს გამთამაშებელის ფუნქცია დაეკისრა, ხოლო ქორქიას - ამერიკელთა უძლიერესი მოთამაშის, დუაიტ ჯონსონის განეიტრალება ევალებოდა.

უმთავრესი ამბები მაინც ფინალში დატრიალდა:  შეხვედრის დასრულებამდე სამი წამით ადრე ამერიკელები ერთი ქულით იგებდნენ, 50:49. ამასობაში ივან ედეშკოს პასმა ლამის მთელი საკალათბურთო მოედანი გადაკვეთა და ამერიკელთა ფარქვეშ, მცველებთან ბრძოლაში ალექსანდრ ბელოვმა მაინც მოახერხა ბურთის დაჭერაც და კალათში ზუსტად გაგზავნაც. ამასობაში დროც ამოიწურა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა - 51:50.

ამერიკელებმა შედეგი ოლიმპიურ კომიტეტში გააპროტესტეს, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და განაწყენებულმა ვერცხლის მედლების მიღებაზე უარი განაცხადეს. სხვათა შორის, ვერცხლის მედლების ეს კომპლექტი დღემდე შვეიცარიაში, ლოზანას ოლიმპიურ მუზეუმში ინახება...

სპორტულ ქრესთომატიაში შესული ეს ისტორია მხოლოდ იმიტომ გავიხსენეთ, რომ რუსულ კინოგაქირავებაში ახალ წელს გამოსული ფილმის, „აღმასვლის" ( რუსული სახელწოდებაა "Движение вверх") ტოტალური იდეოლოგიური გავლენის შესახებ მოგითხროთ. რეჟისორმა ანტონ მეგერდიჩევმა ფილმი ნიკიტა მიხალკოვის მიერ რამდენიმე წლის წინ დაარსებულ კინოსტუდია „ტრი ტე"-ში გადაიღო, რომელთანაც სპორტულ-პატრიოტულ ჟანრში მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა.

ჯერ კიდევ 2013 წელს გადაღებულმა საკმაოდ შემოსავლიანმა ფილმმა „ლეგენდა N17" (ისტორია ლეგენდარული ჰოკეისტის, ვალერი ხარლამოვის შესახებ, რომელიც 70-იან წლებში საბჭოთა და კანადის ნაკრებების შეხვედრის ერთ-ერთ მთავარი გმირი გახდა) სტუდიის ხემძღვანელობა სპორტულ-პატრიოტული მუხტის საახალწლოდ კიდევ უფრო გამძაფრებასა და შემოსავლის - გაზარდაზე დააფიქრა.

2018 წლის პირველსავე კვირაში „აღმასვლამ" რუსული კინოგაქირავების ყველა რეკორდი მოხსნა, ხოლო ფილმი მილიონობით მაყურებელმა ნახა. რუსეთის ტელეარხები სარეკლამო კამპანიას ისეთი ისტერიულ-პატრიოტული და იდეოლოგიური მესიჯებით აწარმოებენ, რომ გასაგები ხდება, რატომ უნდა გადაფაროს მიუხენის გამარჯვების შესახებ შექმნილმა ფილმმა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის წინ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სამარცხვინო საქმეები და დოპინგ-სკანდალები.

„აღმასვლის" პირველივე კადრებიდან (ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია რუსულ საიტებზე, ლაივ-რეჟიმში) გასაგები ხდება, რომ რეჟისორს ჰოლივუდში გადაღებული სპორტული დრამები ყოჩაღად აუთვისებია და იდეოლოგიის ეფექტურობაც გაუთვალისწინებია. მაგალითად, შეიძლება გაგახსენდეთ „ტიტანების გახსენებისას" (2000), „კარტერის მწვრთნელები" (2005), ან „თამაში სხვისი წესებით" (2006).

ფილმის პირველი ნახევარი ფაქტობრივად, ეს არის გავრცობილი „ფლეშ-ბეკი" გადამწყვეტ შეხვედრამდე, მიუნხენის ოლიმპიადის ფინალში. ორი წლით ადრე, 1970 წელს, საბჭოთა საკალათბურთო ნაკრების ცნობილ მწვრთნელს, ალექსანდრ გომელსკის ვლადიმირ გარანჟინი ცვლის (ამ როლს ვლადიმირ მაშკოვი თამაშობს - რეალობაში ვლადიმირ კონდრაშინი, რომელიც ამ ისტორიული გამარჯვების მთავარი შემოქმედია). ახალი მწვრთნელი აქცენტს ვარჯიშების ახალ მეთოდიკაზე, ხერხებსა და გამარჯვების ფსიქოლოგიაზე აკეთებს. პირველსავე პრესკონფერენციაზე ის აცხადებს, რომ ნაკრების მთავარი მიზანი ამერიკელების დამარცხებაა. თავიდან ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით სპორტის ჩინოვნიკებს, ხოლო თავად სპორტსმენები ეჭვის თვალით უყურებენ მწვრთნელს.

თუ მაშკოვის თამაში ასე თუ ისე დამაჯერებელია, ხოლო მისი მოტივირებული რისხვა - გასაგები, სპორტის ფუნციონერებს ცნობილი მსახიობები - მარატ ბაშაროვი და სერგეი გარმაში - მონდომების მიუხედავად, ვერაფერს უხერხებენ. „გუნდური თამაში" არ გამოსდით კალათბურთელებსაც - ჯეიმს ტრატასი მოდესტას პაულაუსკასის როლში მხოლოდ ნეგატიურად განწყობილ და ანტისაბჭოთა სქემაში თუ ჯდება, ირაკლი მიქავა და ოთარ ლორთქიფანიძე (შესაბამისად, ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია) პურ-მარილსა და სიმღერებს ეგზოტიკურ იუმორს უხამებენ, კირილ ზაიცევი სერგეი ბელოვის როლში ზედმეტად თავშეკავებული და ჩაკეტილია, ხოლო ბელორუსი კალათბურთელის, ივან ედეშკოს როლს კუზმა საპრიკინი „კაპუსტნიკივით" თამაშობს.

ყველზე სუსტი მაინც ივან კოლესნიკოვია, რომელიც ალექსანდრ ბელოვის საკმაოდ რთულ, დრამატულ როლს აშკარად ვერ უმკლავდება. არადა, ის ფილმის მთავარი გმირია, რომელმაც გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო მეტოქის კალათში. გარდა ამისა, მსახიობს უწევს უკვე გულის მანკით დაავადებული სპორტსმენის თამაში (ალექსანდრ ბელოვი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოლიმპიადის დამთავრებიდან რამდენიმე წელიწადში). არც სასიყვარულო დუეტი - ბელოვი და მისი შეყვარებული გოგონა - ჰგავს ოდნავ მაინც დამაჯერებელ ჰოლივუდს... აღარაფერს ვამბობ ოპერატორის რაპიდ-ვნებასა და მოძრავი კამერის ჭარბ ექსპლუატაციაზე. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ 70-იანი წლების კალათბურთს კი არა, 21-ე საუკუნის ეფექტურ „ჩატენვასა" თუ „ფრენებს" უყურებთ.

თუმცა ფილმში ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, დავიჯეროთ დაგვიანებული და სენტიმეტებით გაჯერებული საბჭოთა ლეგენდა ძმურს, საბჭოურ ალალ მეგობრობაზე, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძლევს ამერიკას... მერე რა, რომ სინამდვილეში 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებში, ამერიკის ნაკრებში არა პროფესიონალი კალათბურთელები, არამედ ამერიკის უნივერსიტეტების სტუდენტები თამაშობდნენ. თანაც 23 წლამდე! 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 სექტემბერი
15 სექტემბერი

8.08.08-დან დღემდე...

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

შუნემანი: მაკკეინი საქართველოს ერთგული ბ ...

სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო. რენდი შუნემანი  მასთან წლები ...
07 სექტემბერი
07 სექტემბერი

ჰერთა აირტონის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში სრულყოფილად აღვწერეთ და გავაანალიზეთ ჰერთა აირტონის სამეცნიერო მოღვაწეობა, ცხოვრება ...

მეტი

^