Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ახალგაზრდა რეჟისორები" ხელოვნური ბარიერების წინააღმდეგ

14 იანვარი 2018

1853 წლიდან მოყოლებული 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ საუბარს სამ რეჟისორს შორის, რომლებიც 2017 წელს ნომინირებულნი იყვნენ თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ — დათა თავაძე („პრომეთე — დამოუკიდებლობის 25 წელი“), მიხეილ ჩარკვიანი („კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“) და გურამ მაცხონაშვილი („გათვლა“). თუმცა, პროტესტის ნიშნად, მათ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის“ ნომინაციიდან.

გურამი: მოდი, ვისაუბროთ პრემია „დურუჯის“ ირგვლივ — თითქმის 10 წელია რაც ეს პრემია არსებობს და ყველანი ვთანხმდებით, რომ თავისი მნიშვნელობით ის ჩვენს სინამდვილეში არის უალტერნატივო, ხელს უწყობს თეატრის პოპულარიზაციას საქართველოში და გარკვეულწილად, ასტიმულირებს სათეატრო ტენდენციებს. 2017 წელს სამივე ჩვენგანის სპექტაკლები ფიგურირებდა ამ პრემიის მოკლე ნუსხაში (საუკეთესო პიესის, საუკეთესო ქალი მსახიობის, საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრის, საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციები). საერთო შეთანხმებით მივედით ამ აზრამდე და სამივემ მოვხსენით ჩვენი კანდიდატურები ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციიდან. ჩვენ დავუტოვეთ სივრცე პრემიის ორგანიზატორებს, რომ თავად დაეწყოთ საუბარი იმ ცვლილების შესახებ, რომელიც ჩვენი — ნომინანტებისა და პრემიის ორგანიზატორების დიალოგს მოჰყვა. მაგრამ მათ არაფერი თქვეს და რაკი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შეკითხვები არსებობს, იქნებ ჩვენ ვთქვათ რა მოხდა... 

დათა: ყოველწლიურად ამ პრემიის ფარგლებში სხვადასხვა თაობის მსახიობები, დრამატურგები და მხატვრები შესაბამის ნომინაციებში ერთად განიხილებიან ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, რაც ქმნის თანაბარუფლებიან გარემოს, სადაც ნამუშევრის შეფასება მხოლოდ შემოქმედებითი ხარისხის მიხედვით ხდება. ამ მხრივ გამონაკლისია რეჟისორის ნომინაცია.

გურამი: რეჟისორის ნომინაცია, რომელიც ასაკობრივი ნიშნითაა გაყოფილი — „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“ (35 წლის ზემოთ) და „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“ (35 წლამდე). 

მიშა: ამ ორი ნომიცნაციის სახელწოდებიდანვე ნათლად ჩანს, რომ მას მერე, რაც რეჟისორი 35 წელს გადააბიჯებს, გარკვეული უპირატესობით იწყებს სარგებლობას, რაც მხოლოდ ასაკობრივი მონაცემიდან გამომდინარეობს. ე.წ. „ახალგაზრდა რეჟისორი“ (35 წლამდე) კი თავიდანვე ასაკობრივ კატეგორიაშია მოქცეული, რომლის გარღვევაც მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევებში შეუძლია. 

დათა: ამგვარად, არ ხდება „ახალგაზრდა რეჟისორის“ პროფესიული გამოცდილების, განხორციელებული დადგმების რაოდენობის გათვალისწინება - იგი ნებისმიერ შემთხვევაში განიხილება, როგორც „დამწყები“. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა ახალგაზრდა რეჟისორი ერთდროულად ორივე ნომინაციაზე წარუდგენიათ, ანუ როცა ერთ წელს „რეჟისორიც“ იყო და „ახალგაზრდაც“.

გურამი: ვფიქრობ, პრემია „დურუჯი“ მნიშვნელოვანი დერეფანია ამ სფეროში შემოსასვლელად და ზუსტად ამიტომ არ გვინდა რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი ავტორიტეტი, გვინდა ხელი შევუწყოთ ნამუშევრების შეფასების პროცესისა და კრიტერიუმების გაჯანსაღებას - ნებისმიერი ასაკის რეჟისორი, რომელსაც უკვე არაერთი სპექტაკლი დაუდგამს, ჟიურიმ უნდა შეაფასოს მისი ნამუშევრების ხარისხის და არა ასაკის მიხედვით. რადგან სამივე ნომინანტი ვიზიარებდით ამ მოსაზრებას, პროტესტის ნიშნად, გადავწყვიტეთ, საერთოდ არ გაცემულიყო ჯილდო ამ ნომინაციაში. 

დათა: პრემია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სათეატრო პროცესების ანალიზში,  არ უნდა ხელმძღვანელობდეს დისკრიმინაციული ტერმინებით, რადგან იარლიყს — „ახალგაზრდული“, არამხოლოდ ცალკეული პიროვნებები გადაჰყავს მეორე პლანზე, ერთგვარ „სათადარიგო“ მდგომარეობაში, არამედ აკნინებს მათ მიერ წარმართულ პროცესებსაც. ამგვარი ეიჯისტური დაყოფა მხოლოდ ხელს უწყობს თაობებს შორის ისედაც არსებული ბარიერების გამყარებას, ქმნის უთანასწორო, იერარქიულ გარემოს, რომელიც სინამდვილეში ყველა  თაობისთვის თანაბრად საზიანოა. 

მიშა: ჩვენ გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა პრემიის ორგანიზატორებსა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან, რის მერეც შევთანხმდით, რომ მომავალი წლიდან  პრემიის ფორმატი შეიცვლება და „ახალგაზრდა რეჟისორის“ ნომინაცია „საუკეთესო დებიუტად“ გადაკეთდება. ეს ახალი ნომინაცია ნებისმიერი ასაკის დებიუტანტის წახალისების კეთილშობილურ მისიას იკისრებს.

დათა: დამწყები რეჟისორს ფაქტობრივად არა აქვს ეფექტური წვდომა არც ერთ იმ რესურსზე, რომელიც სპექტაკლის დადგმისთვისაა საჭირო. ამ შემთხვევაში პრემია „დურუჯი“ შეამსუბუქებს გზას უნივერსიტეტსა და პროფესიულ სცენას შორის.  გამარჯვებული დებიუტანტი რეჟისორი მიიღებს სადადგმო თანხას 10,000 ლარის ოდენობით და ამ საწყისი ბიუჯეტით მისთვის გაიოლდება მომავალი პროექტის წამოწყება.

გურამი: პრემია „დურუჯის“ ხელშეწყობით განხორციელებულ სპექტაკლს უკვე შანსი ექნება იმავე პრემიის გამარჯვებული გახდეს ნომინაციაში „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“. ამით პრემია „დურუჯი“ არამხოლოდ ცალკეულ სახელოვნებო მოვლენას გამოყოფს, არამედ სამომავლო პროცესს შეუწყობს ხელს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

გოგოს ისტორია, რომელიც ამბობს, რომ ტაქსი ...

25 აგვისტოს მეგობრის დაბადების დღიდან შინ ბრუნდებოდა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა. თათია ცაგურიშვილი ჰყვება, ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ბერეზოვსკიდან ვირსალაძემდე... კორსანტიაზ ...

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ელისო ვირსალაძის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტებით დასრულდა თ ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ფემინსტრიმი ► რა კავშირშია ფემინიზმი ვეგ ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს:  „ფემინიზმზე საუბრისას პირველ სირთულეს მისი განმარტებისას ვაწყდებით, ვ ...

მეტი

^