Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გავლენა აქვს სიღარიბეს განათლებაზე

17 იანვარი 2018

მარიამ ფანჩულიძემ სკოლა იმერეთში, ტყიბულში დაამთავრა. ორი წლის წინ კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად ქულები არ ეყო. მამის ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც 300 ლარს შეადგენდა, ოჯახის სხვა საჭიროებების დაკმაყოფილების პარალელურად მარიამის რეპეტიტორებთან მომზადებასაც ვერ გასწვდა.

„ცხადია, არათანაბარ პირობებში ვიყავი ჩემს თანაკლასელებთან, რომლებიც ხანგრძლივად ემზადებოდნენ რეპეტიტორებთან. ოჯახს საკმარისი შემოსავალი არ ჰქონდა, მხოლოდ რამდენიმე თვე მოვახერხე მომზადება, რაც ჩემთვის გამოცდებში მაღალი ქულების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ხარისხიანი განათლება ყველასათვის არ არის ხელმისაწვდომი. რეპეტიტორთან მომზადება უნივერსიტეტში ჩაბარებისა და გრანტის მიღების შესაძლებლობას ზრდის. ეს კი კიდევ უფრო უწყობს ხელს არსებულ სოციალურ უთანასწორობას“, - ამბობს მარიამი.

მარიამის მონათხრობს ადასტურებს კვლევის შედეგებიც, რომლებიც განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტმა 2011 წელს ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ აბიტურიენტები, რომლებიც რეპეტიტორებთან ემზადებიან, მეტწილად საშუალო ან საშუალოზე მაღალი ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებიდან არიან. აბიტურიენტები ღარიბი ოჯახებიდან კი ნაკლებად ემზადებიან რეპეტიტორებთან, ვერ აგროვებენ გრანტის მიღებისთვის საკმარის ქულებს და მეტწილად, სწავლის ქირის გადახდაც უჭირთ.

მარიამი ჰყვება, რომ გასულ წელს ოჯახმა სესხი აიღო, რათა მისთვის სწავლის ქირა, 2250 ლარი გადაეხადა. სესხის ნაწილი პრეზიდენტის სტიპენდიით დაფარა, რომელიც უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების გამო გასულ წელს მიიღო. თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული სტიპენდიის არსებული სისტემა მოუქნელია, ვინაიდან განვლილი სემესტრის ქულების მიხედვით გაიცემა, რაც სწავლის გადასახადის გადახდის ვადასთან მიმართებით დაგვიანებულია და ხშირად სტუდენტებს, მაღალი აკადემიური მოსწრების მიუხედავად სესხის აღება უწევთ, რომ გადასახადი დროულად დაფარონ. მიმდინარე სემესტრში კი, მარიამის სწავლას სასტიპენდიო ფონდი აფინანსებს. რომ არა ფონდის სტიპენდია, უსახსრობის გამო სწავლის დროებით შეჩერებას გეგმავდა. ხელმოკლე სტუდენტების დასაფინანსებლად სასტიპენდიო ფონდი ცისანა კიღურაძემ და ნათია ბუკიამ რამდენიმე წლის წინ დააფუძნეს. ფონდის დონორები კერძო ბიზნესკომპანიები და ინდივიდუალური პირები არიან, რომლებიც ფონდს მცირე შემოწირულობით ეხმარებიან.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს დამატებითი პროგრამები, მაგალითად, დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისათვის, როგორც ცისანა კიღურაძე ამბობს, ამ პროგრამებს მიღმა ხშირად ხვდება სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტები, რომლებსაც სწავლის თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ. ფონდი სწორედ ასეთ სტუდენტებს არჩევს და აფინანასებს. დღეისათვის ფონდმა სწავლა 30-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსა.

„ჩვენ სტიპენდიას სტუდენტს სემესტრულად ვაძლევთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროგრამაში ჩართვის შემდგომ, ამ სტუდენტების აკადემიური მოსწრება სემესტრიდან-სემესტრამდე მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რაც მიუთითებს იმაზეც, რომ რთული სოციალური ფონი, სწავლის გადასახადისთვის მუშაობა და ამის გამო ლექციების გაცდენა, მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ადამიანებისთვის სწავლისას საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენონ“, - ამბობს ცისანა კიღურაძე.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI) განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი, ერთი მხრივ ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში არსებული თვითორგანიზებული ჯგუფების მნიშვნელობაზე, როდესაც სასტიპენდიო ფონდის მსგავსად, თავად საზოგადოებაშივე ჩნდება ინიციატივები, რათა ადამიანებს განათლების მიღებაში დაეხმარონ. მეორე მხრივ კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობასა და განათლების სისტემაში არსებულ ბარიერებზე საუბრობს, რაც ქვეყანაში არსებულ სოციალურ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს.

მისივე თქმით, სასკოლო დონეზე სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ყველაზე მყისიერი ინტერვენცია, რომელიც შეუძლია სახელმწიფომ განახორციელოს, ყველა სკოლაში კვალიფიციური მასწავლებლების არსებობაა. მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, როცა ბავშვებს ხელმოკლე ოჯახებიდან როგორც ოჯახებში, ასევე თემში არ აქვთ ხელშეწყობა რომ განათლება მიიღონ, სკოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს ეკისრება.

„დღეს სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რომ ყველა მოსწავლეს კვალიფიციური მასწავლებელი ჰყავდეს, განურჩევლად, მაგალითად, გეოგრაფიული მდებარეობისა. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ დღესდღეობით, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების არსებობა ჩვენი საზოგადოების დაკვეთა არ არის. ამის შედეგია, ისიც, რომ დღეს პედაგოგთა დასაქმების პროცედურები სკოლებში ძალიან ბუნდოვანია, რაც დირექტორს ხშირად საშუალებას არ აძლევს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს და არაკვალიფიციური კადრები კვალიფიციური მასწავლებლით შეცვალოს“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ რეგიონში მცხოვრები ღარიბი სტუდენტისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ისინი სტიპენდიას ან სასწავლო გრანტს მოიპოვებენ, სწავლის გაგრძელება და სტუდენტის საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს.

ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე მიუთითებს გაერო-ის ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა (2015), რომლის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ყოველი მეექვსე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, სადაც მათი მინიმალური საჭიროებები დაკმაყოფილებული არ არის. ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი კი 50%-ით უფრო მაღალია სოფლებში, ვიდრე ქალაქებში.

კვლევის შედეგად იკვეთება აშკარა განსხვავება სასწავლო დაწესებულებებში უღარიბესი და უმდიდრესი ოჯახების ბავშვების დასწრების თვალსაზრისით - ნაკლებად შეძლებული ადრეული ასაკის ბავშვები უფრო ნაკლებად არიან ჩართული სკოლამდელ და დაწყებითი სკოლის დაწესებულებებში, ვიდრე იგივე ასაკის ბავშვები მეტად შეძლებული ოჯახებიდან.

განსხვავება უფრო მნიშვნელოვანია 16 წლის ზემოთ, როცა ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები თავს არიდებენ სასწავლო დაწესებულებაში სიარულს, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მატერიალურად დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს. უღარიბესი ოჯახებიდან 21 წლის ახალგაზრდათა მხოლოდ 10% დადის რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც ამავე ასაკის ახალგაზრდების ნახევარი მდიდარი ოჯახებიდან, სწავლობს რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ის, რომ სიღარიბე გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე ადასტურებს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შეფასებები. კვლევები (TIMSS; PISA) აჩვენებს, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსწავლეები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლაში მიღწევებით ქალაქში მცხოვრებ თანატოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. თუკი საერთაშორისო შეფასებებს დინამიკაში გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სოფლად მდებარე სკოლებთან მიმართებით არსებული ვითარება წლების განმავლობაში უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ გარდა სიღარიბისა, მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პედაგოგთა კვალიფიკაცია, სასკოლო ინფრასტრუქტურა, სასწავლო რესურსები, სახელმწიფოს მხრიდან განათლებაზე დახარჯული თანხები, სკოლისა და მშობლების თანამშრომლობა.

2017 წელს ადგილობრივი და საერთაშორისო შეფასებების შედეგების პრეზენტაციისას, განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სოფლის სკოლების გაძლიერებისთვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო პოლიტიკის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას, განაცხადა, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქცენტი სოფლის სკოლების საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნაზე გაკეთდება.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც სამინისტროში განმარტავენ, შემუშავდება კონცეფცია სოფლის სკოლების კულტურულ საგანმანათლებლო და სპორტულ ცენტრებად ფორმირების მიზნით. ცენტრში კი თავს მოიყრის საბავშვო ბაღი, სკოლა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სოფლის ბიბლიოთეკა, სხვადასხვა მიმართულების კლუბები (მათ შორის, დრამატული, ლიტერატურული, უცხო ენის, კომპიუტერის), ასევე სხვადასხვა ხელსაქმის შემსწავლელი წრეები.

მათივე განმარტებით, არაფორმალური განათლების აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ სკოლის მოსწავლეებს, ახალგაზრდებს და სოფლის ზრდასრულ მოსახლეობას. ამასთან განხორციელდება მოკლევადიანი კურსები და განათლების მეორე შანსის პროგრამები მათთვის, ვისაც სასკოლო განათლება არ დაუსრულებია და სურვილი აქვს, მიიღოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან არაფორმალური განათლების სერტიფიკატი. ვინაიდან კონცეფცია ჯერჯერობით შემუშავებული არ არის, უფრო კონკრეტული ინფორმაცია ამ მიმართულებით სამინისტროს გეგმებთან დაკავშირებით, თუ როდიდან დაიწყება სამუშაოები ან რა ფინანსური რესურსია გათვალისწინებული ამ მიმართულებით, უწყებიდან ვერ მივიღეთ.

რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სიღარიბის გავლენა განათლებაზე შემცირდეს? დღესდღეობით, სასკოლო განათლების სისტემაში მწვავედ დგას, როგორც ხარისხის პრობლემა, ასევე ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI) მიერ მომზადებულ ვიდეოაპლიკაციაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, რამდენიმე რეკომენდაციაა შემოთავაზებული: დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ  მნიშვნელოვანია სკოლისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობა, რაც გულისხმობს განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში, როგორც სასკოლო, ისე მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის დონეზე აქტიურ ჩართულობას; მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო თანხებს გზა გაეხსნათ საჯარო სკოლებამდე; განათლების პოლიტიკა კი ამ მიმართულებით უნდა დაემყაროს შემდეგ პრინციპებს -  უნდა მოხდეს სკოლების საქმიანობის მრვალფეროვნების წახალისება; სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანხა უნდა გაიცეს სკოლების განვითარებისთვის, რაც წაახალისებს სკოლებში ინოვაციური სასწავლო პროცესის ან სწავლის მეთოდების განვითარებას; უნდა წახალისდნენ მშობლები, რომლებმაც ფულადი რესურსი, რასაც რეპეტიტორებში ხარჯავენ მოსწავლის ფართო განათლებაში დახარჯონ, ეს კი მაშინ მოხდება, როცა სკოლები დამატებითი თანხების მოძიებისთვის კი არ დაისჯებიან, არამედ ბიუროკრატიულ კონტროლს საზოგადოებრივი კონტროლი შეცვლის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უმაღლესში ჩაბარების პროცესი უნდა შეიცვალოს; სასტიპენდიო ფონდების არსებობა კი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, მათი სოციალური სტატუსისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას შესაძლებელს გახდის. 

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მხრიდან ბოლო ორი წელია აქტიურად საუბრობენ განათლების ხელმისაწვდომობასა და სოფლის სკოლების განვითარების საკითხზე, ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია მთავრობის სამოქმედო გეგმა, სოფლის სკოლების განვითარების პროგრამების შინაარსი, ვადები და ბიუჯეტი. დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია პროგრამა კარგად იყოს გააზრებული როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე სკოლების, უნივერსიტეტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ, რითაც მის განხორციელებას მინისტრების, მთავრობებისა და პოლიტიკური პარტიების ცვლილებების დროს შეჩერების რისკი არ შეექმნას. 

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მაისი
22 მაისი

შვიდი თავისუფლება - რას წერდა მიხეილ ჯავ ...

მიხეილ ჯავახიშვილი - გაზეთი “გლეხი” - 1906, 28 ივნისი იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს თვით ხალხი განაგებს, ...
22 მაისი
22 მაისი

ადამიანი და ცხოველების პრეისტორიული „ფერ ...

როგორც ჩანს, ცხოველებისა და მცენარეების მოშინაურებამ ადამიანის ევოლუციაზე უდიდესი გავლენა იქონია. ალბათ სწორედ ეს იყო ერ ...
19 მაისი
19 მაისი

ალექსანდრე ქართველის მემკვიდრეობა და ამე ...

ალექსანდრე ქართველიშვილი საქართველოში დაიბადა და მეორე მსოფლიო ომამდე საფრანგეთში სასწავლებლად წავიდა, სადაც საავიაციო ი ...

მეტი

^