Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ  შეხედავ და მოუსმენ, ხშირად, შენობები უკეთესად გიყვებიან ქვეყნის ისტორიას, ვიდრე ადამიანები.

აბა, ეს შენობა ნახეთ. კოსტავას 68-ში. კიბეებიდან დაიწყეთ, აქ კიბეა უმთავრესი. 1991-ში ამ კიბეზე გამოეფინენ გაფიცული თანამშრომლები და პოლიტიკური ზეწოლის შესახებ განაცხადეს. მაშინ ჟურნალისტებს ათასი ჯურის პოლიტიკანი და შარაგზის ყაჩაღი მიეტმასნა. მერე იარაღიც გავარდა, პრეზიდენტიც გააგდეს და ამ “კიბეს” დაბრალდა ყველაფერი. ეგ კი არა, ტრადიცია ჩამოყალიბდა _ საკმარისია, ჟურნალისტებმა რამე გააპროტესტონ, რომ ანგარებიანი, ხარბი პოლიტიკანები აეტუზებიან გვერდით და ისე მოაწყობენ საქმეს, თითქოს ერთად გაატარეს ნახევარი ცხოვრება.

ერთდროს მოგუგუნე კიბე დღესაც გაკოტრებული პოლიტიკური ძალების, ხელმოცარული და შეუმდგარი პოლიტიკოსების, მთავრობითა და ხელისუფლებით უკმაყოფილო მოსახლეობის, საქართველოს ხსნის ძალების: “იბერია ხვალ თუ არა, ზეგ გაბრწყინდებას” _ მოხეტიალე დასისა და “ვისაც არ ეზარება, ყველა მოდით საზ-მაუსთან” - მეგაფონიანების ბირჟად იქცა. ალბათ, ამიტოა ეს კიბე დამეწყრილი, პირდაფჩენილი და გვერდზე გადაწოლილი. თუ დაკვირვებით არ აიარეთ საფეხურები, მის შეუხორცებელ ჭრილობებში ჩაგივარდებათ ფეხი. 

აიარეთ ხო, მშვიდობით?!  შენობაც დახეთქილია, ავარიული, ქუჩის მოძრაობა ხო ხელს უთავებს და აზანზარებს აქაურობას. ნახევარი საუკუნის გაუწმენდავი შუშა ასეთ შეფერილობას აძლევს _ ბნელია, კი. სუნიც ისეთია _ ნამწვავებით სავსე გიგანტური საფერფლე წლობით რომ დგას და გარშემო ყველაფერი ნიკოტინით იჟღინთება. სიძველის სუნიც ემატება, დღედაღამე ჩართული ტექნიკის, კაბელების. ის, ხო, საერთოდ, გაქუცულ, დაფერდებულ იატაკებს ჭუჭყიან, სველ ტილოს რომ მოატარებენ დამლაგებლები.

მესამე სართულის წინა მხარე ყველაზე პრივილეგირებულია _ აქ ბრძანდება ადმინისტრაცია, “ბორდი,” მენეჯმენტი და ა.შ, საინფორმაციოც დიდ პატივშია. დანარჩენებზე, უმჯობესია, თავადი თათქარიძის სახლ-კარის აღწერა გავიხსენოთ და არც ის დაგვავიწყდეს, რომ მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ტელევიზიაზე ვსაუბრობთ.

1956 წლიდან იწყება ამ ტელევიზიის ისტორია და რომ წარმოიდგინო, რა ფორმაციები გაიარა, ვისი ინტერესის საგანი აღარ იყო, რამდენი პოლიტიკური ძალის აიწონა-დაიწონა ითამაშა, ვის და რას გაუძლო, უძლებს და უნდა გაუძლოს მომავალში,  რაღა დიაგნოზი უნდა _ მანიაკალური პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლია, აშკარად.

პოლიტიკური კულტურა კი არა, პოლიტიკური ანბანი არ იციან ჩვენმა პოლიტიკოსებმა და ამიტომაც ქვეყანა მათთვის ნივთია, რომელსაც ადგილს და ფუნქციას შეუცვლიან და იქ დადგამენ, სადაც მოუნდებათ. 9 წელი ხნავდა ნაცმოძრაობა ტელევიზიას, რომელსაც სახელმწიფო ტელევიზიის სტატუსი შეუცვალა და საზოგადოებრივი დაარქვა. სახელმწიფო ტელევიზია მაინც ისეთია, პირდაპირ ხელისუფალს ემსახურება. საზოგადოებრივი კი ხალხს თანამფლობელისა და თანამონაწილის ილუზიას უქმნის _ ამაზეც იყო გათვლილი, თორემ ტელევიზიის მართვაში საზოგადოების თანამონაწილეობის პრეცედენტები ნამდვილად არ მახსენდება. საზოგადოების სახელით სპეკულირება კი ნორმა იყო ხელისუფლებისთვისაც და მაუწყებლის ხელმძღვანელობისთვისაც.

საზოგადოებრივის ფორმატი მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს კოლეგიალურ მმართველობას ითვალისწინებს, ამიტომაც, ნებისმიერი დარღვევა, მით უფრო მართვის კრიზისი და უდაბლესი რეიტინგი ორივე მხარის პასუხისმგებლობაა. სამეურვეო საბჭომ, რომელიც თავის დროზე ნაცმოძრაობის კანდიდატურებით დაკომპლექტდა, 4 დირექტორი გაუშვა ვადაზე ადრე, მაგრამ ეს მაუწყებლის გაუმჯობესებისთვის კი არ გააკეთა, ნაცმოძრაობის პარტიული დავალება შეასრულა. რა დროს, როგორც აწყობდა პარტიას, ისე იყო _ ნებისმიერი მიტინგი,  ჩაილურშიც რომ გამართულიყო, ბოლოს მაუწყებლის შენობას მიადგებოდა, პირდაპირ ეთერს მოითხოვდა და ერთ-ორ დირექტორს შეიწირავდა ხოლმე. არც სამეურვეო საბჭო და არც მენეჯმენტი დამოუკიდებელი რომ არ იყო გადაწყვეტილების მიღებისას და პოლიტიკურ იდეოლოგიას ემსახურებოდნენ, ეჭვგარეშეა _ პოლიტიკური კონიუნქტურა და მიკერძოებულობა ეტყობოდა საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების პროგრამებს და თუ ვინმე, ერთი კონკრეტული არჩევნების შეფასებისას, საერთაშორისო ექსპერტების მიერ ნათქვამ ფრაზებს მომიყვანს მიუკერძოებლობის არგუმენტად, გულიანად გამეცინება.

შარშანდელი არჩევნების შემდეგ მაუწყებელში კოაბიტაციის, ჩემი აზრით (წარმოსახვითაც) გარიგების პროცესი დაიწყო _ ვალების ჩამოწერა თუ გინდა, წყნარად წადი!  ეგრე არაა, რა! ეს საინფორმაციო რო ბარდაგია, ხედავ?! კაი, ძმაო, ვიზამ რაღაცას. გადაგვაგდეს, ბიჭოოო!!!! აირია სახელები _ გია, ლევანი, ირაკლი, გიორგი, გივიგიგაგივიგიგა.

მერე, რაც მოხდა, იცით. სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის დაპირისპირების პარალელურად მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. ჩემი აზრით, ნაჩქარევად და გაუაზრებლად მომზადებული ცვლილებები, რომელმაც კიდევ უფრო ღრმა დეპოში შეიყვანა საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს, უსამართლო და არაკვალიფიციურ სამეურვეო საბჭოს, რომელსაც 560-მა თანამშრომელმა გამოუცხადა უნდობლობა, პარლამენტი პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებს იმიტომ, რომ კანონით, ახალი საბჭო 2014 წელს უნდა აირჩეს, ამ ძველს კი, თუ კინწისკვრით არ გაყარეს, სხვას ვერაფერს უზამენ. საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელება დაწყებულია, სამეურვეო საბჭოს მიერ ორჯერ გადაყენებული გენერალური დირექტორი ისევ სასამართლოს კარზეა. არ არის გამორიცხული, სასამართლომ ამჯერადაც აღადგინოს. პარალელურად, ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი მიმდინარეობს. ამბობენ, რომ “ნაც-ბორდი” თავის კანდიდატს ამზადებს გენერალურ დირექტორად, რომელსაც 2014 წლის იანვარ-თებერვალში არჩეული სამეურვეო საბჭო ძვრასაც ვეღარ უზამს. ამიტომაც, გარიგების პროცესი “ნაციონალებსა” და ”ოცნებას” შორის კვლავ აქტიურ ფაზაშია. უბრალოდ, სხვა სახელები ისმის _ ემზარი, თამაზი, ლევანი, ნუგზარი, კოკაკოკოკოკაკოკა.

არავის ფიქრობს იმას, რომ ამ ტელევიზიაში საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემების გარდა, სხვა თემატური გადაცემებიც მზადდება და პარტიული აქტივისტებისა და კონფორმისტი მედროვეების გარდა, აქ სხვა ადამიანებიც მუშაობენ _ დიდი ფსიქოლოგიური და მორალური სტრესის ქვეშ. დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების აიწონა-დაიწონამ და ქიშპმა საზოგადოება დააავადა და რას უზამს ერთ ტელევიზიას, რომელსაც ამდენი ხანია უმოწყალოდ გლეჯენ ფულისა და გავლენის გამო.   

20 სექტემბერს, სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტს ახალი საეთერო სეზონის ანგარიში მოსთხოვა. სხდომამ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, უმძიმესი. ეს შთაბეჭდილებაც ხელოვნური კოაბიტაციის შედეგია. როდის იყო, ტყუილს და სიყალბეს კეთილი შედეგი მოჰქონდა.

სიენენის დამფუძნებელმა ტედ ტერნერმა ტელევიზიას “უკიდეგანო, ინტელექტუალური უდაბნო” უწოდა. ჩვენს უდაბნოში მხოლოდ კიბეა. 

ქეთევან სადღობელაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^