Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხიდი ჰორტენზიის ქუჩაზე

29 იანვარი 2018

მახინჯაურში ჰორტენზიის ქუჩა ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში იწყება. ზამთარია და ახლა დამსვენებლები, რა თქმა უნდა, აქ არ არიან. სავარაუდოდ, ჰორტენზიის ქუჩას დამსვენებლები არც მომავალში ეყოლება. ქუჩის ნაწილი ნანგრევებად ქცეულ სახლებს უკავია. სამშენებლო მასალა და ძველი ნივთები იქვე, ქუჩაში ყრია.

ზოგ სახლს  ახლა ანგრევენ. ქუჩაში ხმაურის, მტვრევის ხმა ისმის. ამ ნანგრევებს შორის სახლების ნაწილი ისევ უვნებლად დგას.

სახლების დემონტაჟის მიზეზი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაა. ასეთი ბედი ეწიათ ჰორტენზიის ქუჩის პირველი შესახვევის მცხოვრებლებს,  მათი სახლების ფანჯრებიდან ახლა მხოლოდ მეზობლების ნასახლარები ჩანს, ხოლო მომავალში ავტობანის უზარმაზარი ხიდი და მანქანები გამოჩნდება.

ბათუმის შემოვლითი გზის  მშენებლობის გამო, პროექტის ზემოქმედების საზღვრებში მოექცა 786 ოჯახი. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 329 630 734 ლარს შეადგენს, გზის სიგრძე 13, 325 კმ. იქნება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ჰორტენზიის ქუჩის სახლი #5

ჰორტენზიის ქუჩის პირველ შესახვევში, #5-ში  მირანდა ნაკაშიძე ცხოვრობს.  მირანდას სახლიდან ათიოდე ნაბიჯში ხიდი აშენდება. ადვილად  წარმოსადგენი რომ იყოს: უბანს, სადაც მირანდა ცხოვრობს ხიდი გადაკვეთს. ამ  ხიდის ერთ მხარეს სახლები უკვე აღებულია, ხოლო ხიდის მეორე მხარე ისევ დასახლებული უნდა დარჩეს. მირანდა მეორე დასახლებულ მხარეს აღმოჩნდა.

თავდაპირველად მირანდას სახლის სიაში ვერმოხვედრის მიზეზად მანძილი დაუსახელეს, უთხრეს,  რომ ხიდსა და სახლს შორის დაშორება 45 მეტრი იყო.

„მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობდა ჩემს მეზობლებთან, ტარდებოდა თათბირები. ხალხს იბარებდნენ. მე კი მეუბნებოდნენ: 45 მეტრში ხარ ხიდიდან, რა 10 ნაბიჯში, შენს საერთოდ განათლება თუ გაქვსო...  ვერ მოხვდებიო, აქვე არის ხიბაიას ოჯახი, რომელიც მართლა 2 მეტრის დაშორებითაახიბაიას ვტოვებთ, შენ რა გაყვირებსო“.

მირანდამ რამდენჯერმე აზომა მისი სახლიდან ხიდამდე დაშორება.  ვერც ერთი კუთხე ვერ მოძებნა, საიდანაც მანძილი ხიდსა და სახლს შორის 45 მეტრი გამოვიდოდა. შემდეგ ისევ მიმართა დეპარტამენტს. თავიდან აზომა ტერიტორია და აღმოჩნდა, რომ თურმე კომპანია „გეოგრაფიკს“, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა, შეცდომა დაუშვია, 45 მეტრი კი 17 მეტრად გადაკეთდა.

იმისთვის, რომ გაერკვია სტანდარტი, ასეთი ტიპის გზიდან მოსახლისთვის ცხოვრება რამდენ მეტრშია დასაშვები, მირანდა ნაკაშიძემ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მისწერა, საიდანაც მას აცნობეს, რომ  I, II და III კატეგორიის საავტომობილო გზის სავალ ნაწილსა და საცხოვრებელ ზონას შორის მინიმალური მანძილი 100 მეტრს შეადგენს, ხოლო სააგარაკე ტიპის დასახლებასთან - 50 მეტრს. ამასთან, დასახლებასა და გზას შორის უნდა იყოს 10 მეტრის სიგანის გამწვანების ზოლი, საცხოვრებელი ზონის ხმაურისგან დასაცავად.

ამის შემდეგ თავიდან შეაფასეს არსებული სიტუაცია და მირანდას ოჯახი გასასახლებელთა სიაში მოხვდა, ამავე სიაში მოხვდა 6 ოჯახი.

ამ გადაწყვტილების შემდეგ უნდა შეფასებულიყო მირანდას საკუთრება. მისი მიწის ნაკვეთი 600 კვადრატულია, სახლი - 418. როგორც ნაკაშიძეები ამბობენ,  სახლი დაახლოებით 200 დოლარად შეუფასეს, მაშინ როცა მეზობლებს გაცილებით მეტი, რიგ შემთხვევაში 700 დოლარამდე გადაუხადეს. მირანდა ფიქრობს, რომ შეფასებაზე გავლენა მისმა აქტიურობამ მოახდინა.

 „მე უნდა დავანგრიო 418 კვადრატი და ამ თანხით კორპუსის ბინა ვიყიდო, მაქსიმუმ  80 კვადრატი.  მე არ მინდა ბინა, მე მინდა ჩემი კერძო სახლი. 200 დოლარად სად ვნახო კარკასი? მაშინ, როცა მახინჯაურის ცენტრში შავი კარკასი მინიმუმ 1000 ლარი ღირს? ამასთან აღარ მექნება შემოსავლის წყარო, მე ხომ ზაფხულობით დამსვენებლებს ვიღებდი.  ჩემმა მეზობლებმა რა ქნან? მათ, ვინც ავტობანთან ერთად უნდა იცხოვრონ? მწვანილსაც ვერ მოიყვანენ ეზოში“, - ამბობს მირანდა.

ამის შემდეგ მან ისევ მიმართა სამხარაულს, ამჯერად იმისთვის, რომ საცხოვრებელი შეეფასებინათ.  მათ უარი განაცხადეს შეფასებაზე. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს პასუხში ნათქვამია, რომ მათ მართალია შეისწავლეს და ფოტოები გადაუღეს ქონებას, მაგრამ შემდეგი კვლევისთვის ბათუმში ანალოგიური უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ვერ იპოვეს და ამის გამო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ვერ განისაზღვრა. 

შეფასებაზე უარი განაცხადა ყველა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

„რამდენიმე დღის წინ ჩემმა ადვოკატმა მიმიყვანა ადამიანთან, რომელსაც სახლი უნდა შეეფასებინა. ეს იყო მერვე მცდელობა. მაგრამ მანაც უარი თქვა, რადგან გაიგო, რომ ავტობანისთვის გვინდოდა. მითხრა, რომ სიტყვიერად ვართ გაფრთხილებული საგზაო დეპარტამენტისგან ავტობანის სახლები არ შევაფასოთო. ამიტომ ვერ ვამტკიცებ, რომ ჩემი სახლი მეტი ღირს. ამას არავინ მიდასტურებს“, - ამბობს მირანდა.

მირანდა უარს ამბობს საგზაო დეპარტამენტის შემოთავაზებაზე. ის არ აპირებს, რომ სახლი მანამ დატოვოს, სანამ მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ და მინიმუმ 400 დოლარს არ გადაიხდიან კვადრატულ მეტრში.

„ბებიაჩემმა დაიწყო ამ სახლის შენება, მერე ჩვენ გავაგრძელეთ. აგვირიეს ცხოვრება. თანხის შემოთავაზების შემდეგ განადგურებული ვარ. როგორ შეიძლება ასე წაგვართვან ქონება. ისიც როგორი მძიმეა, როცა სახლს ტოვებ შენს ნაშენს, შენს ნაოფლარს.  როგორ უნდა დატოვო? რის ფასად? მორალურად გაგვტეხეს“, - ამბობს მირანდას დედა.

ჰორტენზიის ქუჩა, სახლი #14

მეზობლად ქამილი ცხოვრობს.  ქამილი  თურქეთიდანაა, თუმცა 10 წელია, რაც აქ დასახლდა, ბათუმში მუშაობს. მისი სახლი ახალი და ფერადია. ლამაზი ეზო აქვს. ამბობს, რომ არ უნდოდა კორპუსში ცხოვრება,  არ უნდოდა მისი შვილი ისეთივე პირობებში გაზრდილიყო, როგორშიც თვითონ გაიზარდა.

აქ კი სუფთა ჰაერი და ეზო აქვს, ჰყავს  ძაღლი და სხვა ცხოველები. ქამილის სახლი ვერ მოხვდა გასასახლებელთა სიაში. ეუბნებიან, რომ ისეთ ჯებირებს ვაშენებთ, ხმაურისგან დაგიცავსო. ამიტომაც ამ 100 მეტრს 25 მეტრამდე ვამცირებთო.

„ჩვენ ხომ უზარმაზარ თანხებს არ ვითხოვთ, ვითხოვთ, რომ ასეთივე სახლი აგვიშენონ. ასეთი ბუნება მოგვცენ, როგორიც აქ გვაქვს. ნახეთ, ბუნების ხმა ისმის, წყლის ხმა ისმის. მომავალში მხოლოდ ტრაილერის ხმა იქნება.  ახლა უკვე მეზარება და აღარ მინდა აქ რამის გაკეთება. ამ ყველაფერს შვილისთვის ვაკეთებდი“, - ამბობს ქამილ ქაჰიმანი.

ჰორტენზიის ქუჩა, სახლი #14

„ჩვენ გურულები ვართ, ხმაურს ავტეხთ, აქ დავჯდებით და მერე გადაგვტარონ თავზე ხიდი“, - ამბობს ამირან გოგიბერიძე და თან თავისი ეზოსკენ მიგვიძღვება. ამირანი ხიდის ნიშნულებს გვიჩვენებს, ხიდი ეზოს საზღვართან გადის. ეზოს მოპირდაპირე მხარეს დანგრეული სახლები ჩანს.

ამბობს, რომ მისი ეზო 2100 კვ. მ.-ია და ამ ტერიტორიაზე ყველაზე დიდია. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რის გამოც ის სიაში ვერ მოხვდა.

„ლოგიკურად რომ მივყვეთ, არ აიღეს ის სახლები, რომლებიც გარემონტებული და დიდია, ასევე სახლები დიდი ეზოებით. რატომ?“

ამირანი ამბობს, რომ ეზოში კოტეჯების დადგმას აპირებდა დამსვენებლებისთვის, რომ მის დიდ ოჯახს ზაფხულობით შემოსავალი ჰქონოდა, თუმცა ეს უკვე შეუძლებელი გახდება, როცა იქ გზა გავა.

„შუა გზაზე მაგას გავაკეთებთ? ვინ გაჩერდება აქ? ჩვენ მორალურადაც და ფინანსურადაც ვზარალდებით“, - ამბობს ამირანი.

სახლი მწვანე კონცხიდან

„ერთ მხარეს გზა მაქვს ზემოდან, მეორე მხარესაც გზა მექნება. მათ შორის მოექცევა ჩემი სახლი. არადა, რა კარგად ვცხოვრობდი, წინ მინდორი და მანდარინის ბაღი მქონდა, რა ვქნა ახლა?“ - ამბობს მადლენა.

ჯიჯავაძეების ოჯახი ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან ცხოვრობს. სამანქანო გზა სახლიდან რამდენიმე მეტრში, სახლს ზემოთ მდებარეობს.

მადლენამ სახლისთვის ბრძოლა წლების წინ დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩაქვი-მახინჯაურის  გვირაბის გაყვანა დაიწყეს. მას შემდეგ წერს წერილებს და სხვადასხვა დეპარტამენტს, სხვადასხვა უწყებას უგზავნის, თუმცა უშედეგოდ. ახლა სახლის უკანა მხარეს ხიდს ააშენებენ. ის ამბობს, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ავარია მოხდა და მანქანა ეზოში შევარდა. საბურავმა, რომელიც ავარიის დროს მანქანას მოსძვრა მეორე სართულის აივანი სრულად დაუნგრია.

 წვიმდა და მათი ეზო წყლით სავსე, დაჭაობებული დაგვხვდა. ჯიჯავაძეები ამბობენ, რომ უფრო ძლიერი წვიმის დროს იქ ყოფნა გაუსაძლისი ხდება. ამაღლებული გზიდან წყლის ნიაღვარი მის ეზოში ჩაედინება. ჯიჯავაძეებმა წლები მოანდომა, რომ გზასა და მის ეზოს შორის მიწა დაეტერასებინათ.

საგზაო დეპარტამენტის ბოლო პასუხის მიხედვით, მისი ეზო ვერ მოხვდა ბუფერულ ზონაში.  სახლი საბოლოო ვერსიით ხიდის ღერძიდან 25 მეტრში მდებარეობს, თუმცა მანამდე, ისევე როგორც ნაკაშიძეებთან, „გეოგრაფიკმა“ შეცდომა დაუშვა და თავიდან ხიდსა და სახლს შორის 45-მეტრიანი დაშორება დააფიქსირა.

„ჩემ ირგვლივ  ყველა დააფინანსეს. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, ალბათ ბედის ამბავია. დავრჩი მარტო,  მეზობელი არ მყავს. სახლებს ისე იღებენ, როგორც უნდათ: ზოგს 50 მეტრში, ზოგს უფრო მეტში, ზოგი კიდე 20 მეტრშია და ტოვებენ“.

მადლენასგან განსხვავებით, მისი მეზობლის ნაკვეთი ბუფერულ ზონაში მოხვდა. აზომვისას მას უთხრეს, რომ ჯიჯავაძეების ნაკვეთზე 3 მეტრით იყო გადმოსული ბუფერული ზონა და მათ ეს ნაკვეთი იმ ოჯახისთვის უნდა გადაეფორმებინათ, რომელიც ამ ზონაში მოხვდა.  ჯიჯავაძეებმა ამაზე უარი განაცხადეს.

„არ დავთმე, არ გადავაფორმე. მერე იმ ხალხმა, რომლებიც სამუშაოებს ატარებნდნენ, მითხრეს, რომ ასეთი სიჯიუტის გამო სამსახურიდან 2000 ლარი დაკარგეს, რადგან  ვერ დამითანხმეს ხელი მომეწერა საბუთისთვის. ამაზეც მე უნდა მედარდა. რატომ სურდათ, რომ მათთვის გადამეფომებინა ჩემი მიწის ნაკვეთი?“ - თქვა მან.

ლიბერალი“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძეს ესაუბრა. 

გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ  ქონების შეფასებას, აზომვებს და სხვა სამუშაოებს დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიები აზიის განვითარების ბანკის მეთვალყურეობით აწარმოებს და ისინი, ბანკთან თანამშრომლობით, მხოლოდ გადაწყვეტილებებს იღებენ.

მისი თქმით, არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომლითაც განისაზღვრება, რომელი ნაკვეთი უნდა მოხვდეს ბუფერულ ზონაში. სტანდარტი განისაზღვრა აზიის განვითარების ბანკის მიერ. მისი თქმით, არის სპეციალურად გამოყოფილი ექსპერტი, რომელიც ხმაურის სიმულაციას აკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეს ხმაური შეაწუხებს, იქ ხმაურის შემაკავებელი ჯებირები განთავსდება.

ის, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს სტანდარტები საცხოვრებელ სახლსა და ავტობანს შორის მანძილს სხვაგვარად განსაზღვრავს, სეთურიძე იმით ხსნის, რომ მანძილის შემცირება შესაძლებელია, თუ ხმაურის შემაკავებელი ჯებირები გაკეთდება.

კითხვაზე - დაიშვა თუ არა  შეცდომა პროექტირებისას ჰორტენზიის ქუჩის შემთხვევაში, რადგან ნაკაშიძეების აქტიურობის შემდეგ გადაწყვეტილება დეპარტამენტმა შეცვალა, - სეთურიძე აცხადებს, რომ ეს სწორი შეფასება არ არის, რადგან პროექტი ზუსტი არასდროს არის.

 „მოდით შეცდომას ნუ დავარქმევთ, პროექტი ზუსტი არასდროს არის, ხდება მისი მერე დახვეწა“,-თქვა მან. 

სეთურიძე ამბობს, რომ   აუდიტის საფუძვლეზე გამოვლინდა, რომ  ჰორტენზიის ქუჩაზე ნაკაშიძეები და ექვსი ოჯახი უნდა მოხვედრილიყო გასასახლებელთა სიაში. 

„არ შემიძლია ვთქვა, რომ შეფასება, რომელიც მათ აუდიტმა განუსაზღვრა, მაინცდამაინც სწორია, და ის არ ექვემდებარება გადახედვას. მათ სამხარაულს ან სხვა კერძო ექსპერტს უნდა მიმართონ შეფასებისთვის“, - თქვა სეთურიძემ.

გიორგი სეთურიძე უარყოფს, რომ საგზაო დეპარტამენტისგან დამოუკიდებელი ექსპერტები გაფრთხილებული არიან, არ შეაფასონ ავტობანის სახლები.

„მე მოვუნახავ ნაკაშიძეებს  მინიმუმ 10 კომპანიას, რომელიც შეაფასებს მათ საკუთრებას. მაგრამ მათ  სურთ, რომ ისე შეაფასონ, როგორც მათ უნდათ და ამიტომ არ თანხმდებიან კომპანიები.  ფასები არის ადეკვატური და იმ მესაკუთრეებს, რომლებიც კომპენსაციას მიღებენ, შეუძლიათ იგივენაირი ან კიდევ უკეთესი საცხოვრებელი შეიძინონ“, - განაცხადა სეთურიძემ.

სეთურიძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ იმ მოსახლეებს, რომლებიც არ ეთანხმებიან დეპარტამენტის გადაწყვეტილებას შეუძლიათ, მათი სიმართლე სასამართლოს გზით დაამტკიცონ. 

 „ისინი მაღალი ტონით საუბრობენ, ასე არაფერი გამოვა“, - აღნიშნა სეთურიძემ.

მიუხედავად დაწყებული მშენებლობისა, ჰორტენზიის ქუჩის მცხოვრებლები დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დიდი იმედით ელოდებიან.

მადლენა: „გვიან ღამით საჭმელს ვაკეთებდი, აღმოჩნდა, რომ მარილი არ მქონდა. მეზობლისთვის მინდოდა მეთხოვა. მერე გამახსენდა, რომ მეზობელი აღარ მყავს. საშინელი შეგრძნება იყო“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

09 აგვისტო
09 აგვისტო

ფოტოპროექტი► ბოშების ცხოვრება ქობულეთში

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ბოშათა 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. განათლების მიღება და სახელმწიფო ენის ცოდნა ერთ-ერთი ყველაზ ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

სიცოცხლისა და თავისუფლების რისკი გადარჩე ...

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა ზოგს სიცოცხლე წაართვა, ზოგს საცხოვრ ...
31 ივლისი
31 ივლისი

ჰოჯესი: რუსეთს სურს, მისი ეშინოდეთ. მას ...

„ამერიკის ხმა" აგრძელებს ინტერვიუების ციკლს 2008 წლის ომის მე-10 წლისთავის თემაზე. გენერალ-ლეიტენანტი (გადა ...

მეტი

^