Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეცხვარე ძაღლები - „უჯამაგირო მწყემსების“ სადღეგრძელო

31 იანვარი 2018

უჯამაგირო მწყემსებს“ გაუმარჯოს  - მეცხვარეების სადღეგრძელოებიდან...

როგორი გაცვეთილიც არ უნდა იყოს ეს ფრაზა - ძაღლი ადამიანის მეგობარია - მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ადამინის ევოლუციაში ძაღლმა უდიდესი როლი ითამაშა, რადგან სწორედ ამ ცხოველთან ცხოვრების შემდეგ გაუჩნდა მას თავისუფალი დრო, რადგან მანამდე, ძირითადად, თავდაცვაზე იყო ორიენტირებული. შესაბამისად, ეს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თავისუფალი დრო ადამიანმა საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენა.

გენეტიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მგლისგან ძაღლის მოშინაურება დაახლოებით 30 ათასი წლის წინ მოხდა. არსებობს სამი თანაბარი ვერსია, რომ ძაღლი პირველად აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში ან ევროპაში მოიშინაურეს. არსებობს მეოთხე ვერსიაც, რომ ძაღლის მოშინაურება დროის ერთიან მონაკვეთში, სხვადასხვა ადგილას მოახერხეს. 

აქედან მოყოლებული, ძაღლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, ის ეხმარება მას თავდაცვასა და ნადირობაში. ძაღლის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ადამიანმა მეცხოველეობა დაიწყო. სწორედ აქედან იწყება მწყემსი და მცველი ძაღლების ჩამოყალიბება. ეს ძაღლები იცავდნენ არა მხოლოდ პატრონს, არამედ მის ქონებასაც.

წარმოიდგინეთ რამდენად საინტერესო ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე, როცა მგელი, შინაური საქონლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი, ამავე საქონლის დამცველი ხდება. 

ამ ტიპის ძაღლებიდან გამორჩეული და მნიშვნელოვანი დამცველი - კავკასიური ნაგაზია. ზოგადად ითვლება, რომ კავკასიური ნაგაზი დაახლოებით 600 წელია არსებობს. საინტერესოა, რომ ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ მომხდარა, რადგან ზოგადად ძაღლის ჯიშების სელექციური სამუშაოები აქტიურად 150-200 წლის წინ დაიწყო. მანამდე ეს პროცესი უსისტემოდ მიმდინარეობდა. 

ზოგადად, კავკასიური ნაგაზის კუთვნილებაზე არაერთი ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას. ამ ძაღლზე პრეტენზიას აცხადებენ მთელ კავკასიაში; ვგულისხმობ დიდ გაერთიანებას, თურქეთისა და ირანის ნაწილის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით. ყველას აქვს პრეტენზია, რომ კავკასიური ნაგაზი მისი ძაღლია! შესაძლოა, რომ ყველა მართალი იყოს და მათ ჰყავდეთ კავკასიური ნაგაზის მსგავსი ჯიშები, მსგავსი გარგნობითა და ფუნქციით. ამის დადგენას დეტალური კვლევა და ანალიზი სჭირდება.

კავკასიური ნაგაზის შესახებ უფრო დეტალურად საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე გვიამბობს.

გია გიორგაძე - არსებობს ვერსია, რომ ქართული ნაგაზი ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეში არსებობდა. ამ ძაღლის შესახებ უფრო დეტალურ ცნობებს გვაწვდის რუსი მეცნიერი - ა. მაზოვერი, რომელმაც კავკასია ფეხით შემოიარა და სხვადასხვა ნაგაზის კლასიფიკაცია შეიმუშავა. მან გამოყო სომხური ტიპი, აზერბაიჯანული ტიპი; საქართველოში გამოყო ნაგაზის კახური, ყაზბეგური, გერგეტული, ახალციხური ტიპები. რეზიუმეში კი აღნიშნავდა, რომ ძაღლის ამ სახეობებს შორის ყველაზე ლამაზი ქართული ტიპია.

საინტერესოა ერთ-ერთი ბრძანებაც, რომელიც 1937 წლით თარიღდება და სადაც მითითებულია, რომ კავკასიიდან ძაღლის ეს სახეობა რუსეთში უნდა გადაიყვანონ. რატომ? პასუხი მარტივია - კავკასიური ნაგაზი არ არის პრეტენზიული, თავისუფლად უძლებს ყინვას, შესაბამისად, სტალინის ციხეებისა და გულაგების ზედამხედველებისთვის იდეალურ ძაღლებად მიიჩნიეს.

ზოგადად, ეს სახელი - კავკასიური ნაგაზი - ძაღლის ამ ჯიშს რუსებმა დაარქვეს. თუმცა, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ჩვენი ძაღლია. საბჭოთა დროს რამდენად დაუშვებდნენ, რომ მისი სახელწოდება ქართული ნაგაზი ყოფილიყო, ეს თავად განსაჯეთ. სავარაუდოა, რომ ეს ძაღლი კავკასიაში სწორედ ჩვენგან გავრცელდა. მოგეხსენებათ, მეცხვარეები საკმაოდ დიდ მანძილს დადიან ფეხით, ეს ასე იყო წარსულშიც და ასეა ახლაც. ძაღლი მონოგამი ცხოველი არ არის, ამიტომაც, სავარაუდოდ, მისი გამრავლება სხვადასხვა ადგილას უსისტემოდ ხდებოდა.

კავკასიური ნაგაზის პირველი გამოფენა 1931 წელს, თბილისში, რიყეზე ჩატარდა. ამ გამოფენაში მონაწილეობა 111-მა ძაღლმა მიიღო. არბიტრი რუსეთიდან იყო ჩამოყვანილი, რომელმაც, რამდენადაც ცნობილია, გამოფენაზე მიყვანილი ძაღლები საგანგებოდ „დაბრაკა“. ამან კი ის გამოიწვია, რომ ეს ძაღლები ძალიან იაფად, ზოგ შემთხვევაში - ჩექმების ფასად შეიძინეს, თავი მოუყარეს და რუსეთში წაიყვანეს.

სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა უფრო „ცივილიზებული“ ფორმებით 90-იან წლებშიც არსებობდა და საქართველოდან ძალიან მაგარი, საჯიშე ძაღლები, გარკვეული თანხის ფასად, ისევ რუსეთში იყიდებოდა. ამ ქვეყანაში ეს ძაღლი ძალიან ფასობს, კარგ ძაღლში 100 ათასი აშშ დოლარის გადახდა იქ ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას საკუთარი ახსნაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ძაღლების ჩხუბს თითქოს კრძალავს, ცხოველების ორთაბრძოლებით იქ სერიოზულად ითბობენ ხელს.

რაც შეეხება საქართველოს, თბილისის ზოოპარკში საკუთარ თავზე ავიღეთ ქართული ნაგაზის გამრავლების საქმე. ეს პროცესი ასე თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ სირთულეები გვაქვს სხვა კუთხით, ამ ძაღლების ბუნებაში დაბრუნება საკმაოდ რთული პროცესია.

ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. ქართული ნაგაზი „პარკეტის“ ძაღლი არ არის. მას, ისევე, როგორც სხვა ძაღლებს, აცრები, კარგი კვება სჭირდება. როგორც ამბობენ, საკმაოდ „ხარჯიანია“ და ამის გამო, დღეს ჩვენი მეცხვარეები, სამწუხაროდ, უფრო პატარა ჯიშის ძაღლებს ეძებენ, ისეთებს, რომლებსაც ნაკლები საკვები სჭირდებათ. ერთი სიტყვით, სავალალო მდგომარეობაა და როგორი წარმოსადგენია, რომ ამ მიზეზების გამო ძაღლი შეიძლება გადაშენდეს?!

პრობლემაა ისიც, რომ ხშირად, საქართველოში არ უყვართ ძაღლის საბუთებზე ზრუნვა. ეს პრობლემას ქმნის ძაღლის გამრავლების დროს. საბუთების გარეშე შეიძლება და-ძმა შეაჯვარონ, რაც იწვევს ჯიშის დეგრადაციას.

ქართული ნაგაზი ენდემური ჯიშია და მასთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები, კონტროლი უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან დღემდე ვერ გადაუწყვეტიათ, რომელ სფეროს უნდა მიაკუთვნონ ჩვენი ნაგაზის პატრონაჟი. საერთოდ არავის აინტერესებს, რა მდგომარეობაა ამ კუთხით.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული ნაგაზის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა. ყველას მინდა ვურჩიო, თუ არ გაქვთ საშუალება, ნუ იყიდით ძაღლს, მით უმეტეს, კავკასიურ ნაგაზს, რადგან მასთან ურთიერთობისას არაერთი სირთულე შეგხვდებათ - დაბმით დაწყებული, აღზრდით დამთავრებული. ამ კუთხითაც სავალალო მდგომარეობაა, რადგან ერთია ძაღლის გაზრდა და მეორე აღზრდა! რა უწყებას არ მივმართე, რომ რაღაც ტერიტორია გამოგვიყონ, სადაც ქართული ნაგაზის და, ზოგადად, ძაღლების ვარჯიში იქნება შესაძლებელი. მწვრთნელები კი გვყავს, მაგრამ სად გინდა ასეთი ძაღლები ავარჯიშო, ქუჩაში, თუ სკვერში? ამისთვის შემოსაზღვრული, დაცული ტერიტორიაა საჭირო.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და ვთხოვო ყველას, რომ თუ საშუალება არ გაქვთ, ნუ შეიძენთ ქართულ ნაგაზს! უამრავი შემთხვევა ვიცი, როცა გულაცრუებული პატრონი გარეთ აგდებს ძაღლს; ძაღლს, რომელმაც უბრალოდ არ იცის, ქუჩაში ცხოვრების პირობებში სად და როგორ მოიპოვოს საკვები. ამასთანავე, ზოგადად ძაღლის, განსაკუთრებით კი ქართული ნაგაზის პატრონებს არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ საჯარო სივრცეებში ძაღლს ალიკაპი უნდა ეკეთოს!

ზურაბ გურიელიძე  - აუცილებელია შევეხოთ ძაღლების ჩხუბის საკითხსაც. სრული სისულელეა ის მოარული ხმები, რომ ძაღლისთვის ჩხუბი აუცილებელია. ეს არ გამომდინარეობს მისი, ანუ მგლის ბუნებისგან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მგელსა და ძაღლს შორის განსხვავება, პრაქტიკულად არ არსებობს. ბოლო სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ძაღლი მგლის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რადგან მათ შორის გენეტიკური განსხვავება ძალიან მცირეა.

თვისება, რომელიც ქართულ ნაგაზს აქვს - ჩხუბის დროს დაჩაგრული მოწინააღმდეგისთვის თავის დანებება - იმ ჯიშებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც ძალიან ახლოს არიან მგელთან.

როცა მგელი იბრძვის, მას აქვს გარკვეული მოტივაცია, თუ რისთვის და რატომ იბრძვის. მგლის ბრძოლა ყოველთვის რიტუალური შინაარსისაა. როცა ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე  აშკარა გამარჯვებას მოიპოვებს, ორივენი წყვეტენ ბრძოლას. ამ დროს გამარჯვებული მგელი დამარცხებულს კისერს აჩვენებს, როგორც ყველაზე უფრო მოწყვლად ადგილს. ეს არის დომინირების პოზა, რომელიც გამოხატავს იმას, თუ რამდენად დაჯერებულია ის თავის თავში. სელექციის შედეგად, რაც უფრო შორდება ძაღლი მგელს, ეს თვისებაც შესაბამისად იკლებს.

გარდა ამისა, ჩხუბი ძაღლში ფსიქოლოგიურ გადახრას, ნერვულ დაავადებებს იწვევს, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს, მაგრამ ვლინდება იმაში, რომ ძაღლი ხდება გაუწონასწორებელი, გაურკვევლად აგრესიული და უყალიბდება არაადეკვატური ქცევა. ამიტომაც, ძაღლების ჩხუბს გამართლება არცერთ შემთხვევაში არ აქვს!

კავკასიური ნაგაზის ფუნქციას რომ დავუბრუნდეთ, აქ ერთ საინტერესო მოვლენასაც ვაწყდებით. როგორც უკვე ვთქვით, მისი ფუნქცია ადამიანისა და მისი საკუთრების დაცვაა; მეორე მხრივ კი, რაოდენ პარადაქოსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ის გამოიყენება როგორც კონსერვაციული ინსტრუმენტი მტაცებელთა დასაცავად - როდესაც კავკასიური ნაგაზის მსგავსი ძაღლი იცავს ფარას, იქ მტაცებელს ნაკლები შანსი აქვს, რომ საქონელი მოიტაცოს. ამიტომაც, ასეთ ფარას თავს იშვიათად ესხმის. შესაბამისად, არ ჩნდება ის კონფლიქტი, რომლის გამოც მტაცებლების ტოტალურ ხოცვას იწყებენ.

საინტერესოა ერთი შემთხვევა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თურქეთში მოხდა. კავკასიური ნაგაზის მონათესავე ძაღლი - კანგალი, ზამთარში ცხვართან ერთად მთაში დარჩა. ეს ძაღლი სრულიად მარტო, ადამიანების გარეშე მწყემსავდა ცხვარს და ფარა ისე დააბრუნა, რომ არცერთი ცხვარი არ დაუკარგავს.

ეს შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველისთვის ფუნქციის შენარჩუნება. თუკი ასე არ მოხდა, ამ ცხოველის გადარჩენა ძალიან რთული იქნება.

დღეისათვის, საქართველოში პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენმა მწყემსებმა გააცნობიერონ, რომ ძაღლი მათთვის საჭიროა! ის არ არის მუქთამჭამელი, რომელიც ბევრ საკვებს ჭამს. ის გაცილებით მეტის მომცემია, როგორც ქონების დაცვის, ასევე, პირადი ურთიერთობების კუთხითაც.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კავკასიური ნაგაზი ეფექტურია არა მხოლოდ მგლის, არამედ დათვის წინააღმდეგაც! სამწუხაროდ, მქონდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთ რეგიონში, კონკრეტულად არ მინდა დავასახელო, სადაც მტაცებლების სერიოზული პრობლემა ჰქონდათ, მეცხვარეებს კავკასიური ნაგაზის ლეკვები შევთავაზეთ. უარი მითხრეს, „მტაცებელმა რა უნდა წაიყვანოს იმდენი, რაც ამ ძაღლს უნდა ვაჭამოთო“. ფაქტია, რომ დღეს არსებული ვითარების შესაცვლელად, საგანმანათლებლო საქმიანობაც აუცილებელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^