Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საფრთხის შემცველი უსაფრთხო სკოლა

09 თებერვალი 2018

2018 წლის 5 თებერვალს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით. დაგეგმილია შსს-სა და განათლებისა მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება მანდატურის სამსახურის გაძლიერების გზით. მანდატურის სამსახურის გაძლიერებაში კი გულისხმობენ ყველა სკოლაში ვიდეო კამერებით შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს, ყველა სკოლაში ერთი ან რამდენიმე მანდატურის დასაქმებას, ასევე მანდატურს ანიჭებენ უფლებას, რომ ბავშვები გაანეიტრალოს და გამოუძახოს საპატრულო პოლიციას, თუ ამისი საჭიროება იქნება. და რადგან ამ ინიციატივას შეიძლება სკეპტიკოსები გამოუჩნდნენ, ავტორები გვაცნობენ, რომ ამიერიდან მანდატურს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ასევე გაიაროს პროფესიული კურსები. ინიციატივის შემოღების საბაბი მოსწავლეთა შორის ფიზიკური დაპირისპირების გახშირებული შემთხვევებია.

საღად მოაზროვნე ადამიანი იკითხავს, რაში სჭირდება საქართველოს 2100 სკოლას ვიდეო თვალი და მანდატური? მე, თქვენ და სრულიად საქართველოს მოქალაქეებმა რატომ უნდა ვიხადოთ ფული ვიდეო-კამერებსა და მანდატურის ხელფასში? ნუთუ მოსწავლეების განეიტრალება და რისკის ჯგუფების ინდენტიფიცირება გაძლიერებული კონტროლი, მანდატური და ვიდეო კამერაა?

რიტორიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის, არც აქვს პასუხი.

ბლოგში არაფერს ვიტყვი მოსწავლეთა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე, ამ ამბებს რეფომის ინიციატორები მთავარ არგუმენტად მიიჩნევენ. მე მათ ვეთანხმები, სკოლაში სადაც მოსწავლეთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ხშირი შემთხვევებია, კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს, თუ ადმინისტრაცია და მასწავლებლები თვლიან რომ ამ მხრივ დახმარება სჭირდებათ.

ახლა კი სხვა სკოლებზე მინდა მოგიყვეთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები ოდნავ განსხვავებულია, ამიტომ ხშირად დავწერ სიტყვას ,,დაახლოებით“.

მთის ფერდობზე ერთი პატარა სოფელია  შეფენილი. ამ სოფლის სკოლა გასული საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული. საპირფარეშო ეზოშია, წყალი არ არის, ბავშვები შეშით თბებიან. სრული რეაბილიტაცია არა, მაგრამ სკოლას მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები შეცვლილია, იატაკსაც ღებავენ პერიოდულად. ბიბლიოთეკაცაა სკოლაში, თუმცა წიგნადი ფონდი "დიადი ,ესესერის“ დაშლის შემდეგ აღარ განახლებულა. არც ბუნებისმეტყველების ლაბორატორიაა სკოლაში, არც მოწესრიგებული სპორტული მოედანი და თქვენ წარმოიდგინეთ, სასწავლო რუკებიც კი მოძველებულია. პროექტორი ერთ ოთახშია, იქ მასწავლებლები მონაცვლეობით ატარებენ გაკვეთილებს. კარტრიჯი და ფურცელიც თავდება ხოლმე. ამ სკოლაში 24 მასწავლებელი ასწავლის 31 მოსწავლეს. ზოგი მოსწავლე მასწავლებლის შვილია, ზოგი - მეზობელი, ზოგი - ნათესავი. ერთი სიტყვით ყველა ყველას იცნობს, ჭირსა და ლხინში ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სხვა საქმეებითაც არიან დაკავებულები. დადიან ტყეში, ამუშავებენ მიწას, უვლიან საქონელს. შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან, აგროვებენ შვილების განათლებისთვის საჭირო ფულს. ან ვერ აგროვებენ... სამასწავლებლოში ხშირად მოისმენთ საუბარს სკოლის პრობლემებზე. ამბობენ რა კარგი იქნებოდა, სკოლაში კარგი ბიბლიოთეკა რომ გვქონოდაო, ან ბავშვი სკოლას აცდენს, გავიგეთ რომ ნახირშია, რა ნიჭიერი ბავშვია, სწავლაში ჩამორჩება და როგორ ვუშველოთო.

აი, სახელმწიფო კი ბავშვების შველას პირდება. ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით უნდა გაკონტროლდეს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი და სკოლაში მანდატურმაც უნდა იმუშაოს. მანდატურის ხელფასი 2011 წელს 650 ლარი იყო, ახლა სავარაუდოდ გაიზრდებოდა, მაგრამ დავუშვათ მანდატურის ხელფასი დღესაც 650 ლარია. ჩვენ  - ქართველი ხალხი -  ვეხმარებით სკოლას, მანდატურისთვის ვიხდით წელიწადში 7800 ლარს. იცით რამდენია ასეთი სკოლა? 500-ზე მეტი. მათ მაღალმთიანი სკოლის სტატუსი აქვთ. ჩვენ დაგვჭირდება 3 900 000 ლარი წელიწადში, რომ ყველა მაღალმთიან სკოლაში იმუშაოს ერთმა მანდატურმა. ვიდეო-კამერებისა და მანდატურების ადმინისტრირების  ხარჯებზე აღარაფერს დავწერ. 

7800 ლარით სკოლა ბიბლიოთეკისთვის წიგნებს შეიძენდა, შეიძლება კლუბებიც გაეხსნა და ბავშვებისთვის მუსიკა, ფოტოგრაფია და ცეკვა ესწავლებინა. მაგრამ ამ თანხის დახარჯვა სკოლისა და ჩვენი საქმე არ არის.

ახლა სხვა ტიპის სკოლებზე მინდა გითხრათ ერთი-ორი სიტყვა.

ერთ ლამაზ სოფელში ძლიერი და კარგი ტრადიციის მქონე სკოლაა. სკოლაში 37 კვალიფიციური მასწავლებელი ასწავლის 241 ბავშვს. სოფელში სკოლას კარგი რეპუტაცია აქვს. სკოლის ბიბლიოთეკა ღარიბია, სოფელში არ არის მუსიკისა და ცეკვის წრე. ამ სკოლაში ალბათ ორ მანდატურს გაგზავნიან და წელიწადში გადავიხდით 15 600 ლარს, არადა როგორ გაუხარდებოდათ ბავშვებს სკოლაში ცეკვისა და მუსიკის წრის გახსნა. 15600 ლარი ამ საქმეს ეყოფოდა.

იცით თუ არა, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლები მხოლოდ მთის სოფლებში არ არის, ბარშიცაა, სოფლად და ქალაქადაც. მაგალითად, საქართველოს ერთი პატარა ქალაქის ორი სკოლის ამბავს მოგიყვებით. ერთ სკოლაში 80 მასწავლებელი 827 მოსწავლეს ასწავლის, სკოლის დირექცია თვლის, რომ მანდატური საჭიროა. სკოლის შენობა 827 ბავშვისთვის პატარაა, ვიწრო კორიდორებში ბავშვები დასვენებებზე ისე დარბიან, გვეშინია რამე არ მოიტეხონო. ალიაქოთი მაშინ ნახეთ, როდესაც მეორე ცვლის ბავშვები მოდიან. ყურადღებაა საჭირო.  ამავე ქალაქის ერთ სკოლაში კი 109 მოსწავლეს 21 მასწავლებელი ასწავლის. აქაც უნდათ მანდატური, სკოლა გზის პირზეა, სკოლის ბუფეტი არ მუშაობს. დიდ დასვენებაზე ბავშვები გარეთ გადიან, რომ ხაჭაპური შეიძინონ. ბავშვების მშობლებს მოკრძალებული შემოსავალი აქვთ და რა კარგი იქნებოდა მანდატურისთვის განკუთვნილი თანხა სკოლის ბუფეტის თანადაფინანსებაში გამოეყენებინათ.

სკოლის საჭიროებები არ ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაში, მათ ყველა სკოლაში მანდატურის დასაქმება და ვიდეო-კამერების დაყენება სურთ.

თანაგრძნობას ვერ იწვევს კოორდინაციის გაძლიერების საფუძველი - რისკ-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება. მანდატური და ვიდეო-კამერა ვერ ხედავს იმ მრისხანებას, რაც მოზარდებს დაპირისპირებისკენ უბიძგებს. არც მანდატურისთვის პოლიციის გამოძახების ვალდებულებაა ამონახსნი. როდესაც ადამიანი მოზარდების ჩხუბს ხედავს, ჩხუბის დროს მოზარდების განეიტრალებასა და პოლიციის გამოძახების ვალდებულებას არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, მორალი და სინდისი არეგულირებს.

2012 წლიდან დღემდე მმართველი ძალა გვპირდება სკოლების დეცენტრალიზაციის გაძლიერებას, თუმცა მანდატურის რეფორმა კი სხვა არაფერია, თუ არა სკოლებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების მაღალი რისკი, უმიზნოდ დახარჯული მილიონები და დრო.

იმედია, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ ბუნდოვან გადაწყვეტილებას. ჩვენ კი მზად ვიქნებით თავისუფალი მოქალაქეების აღზრდის სისტემის ადვოკატირებისთვის, რადგან როგორც პაოლო ფრეირე ამბობდა, განმანათლებელი პასუხისმგებელია არ იყოს ნეიტრალური.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მონოლოგი სიკვდილზე... პლასტიკის ენით

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ლეგენდარულ მიხეილ ბარიშნიკოვს მასპინძლობს
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მოხუცი ქართული ლიტერატურა და ზღვა

ქართულ ლიტერატურაში ზღვა მნიშვნელოვანი თემაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა, თითქოს ზღვასთან ...
15 სექტემბერი
15 სექტემბერი

8.08.08-დან დღემდე...

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.

მეტი

^