Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკანონოდ და თავშესაფრით - კანონით და უსახლკაროდ

09 თებერვალი 2018

მერიის, ზედამხედველობის სამსახურმა თბილისის სხვადასხვა უბანში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი უნდა დაიწყოს. მათ შორისაა ისეთი საცხოვრებელი ობიექტებიც, რომლებშიც სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. მათი ნაწილი შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩეს.

ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს მიწა. ქალაქის სწორი განაშენიანება თუ გვინდა, ყველა კანონს უნდა დავემორჩილოთ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა და მერიის ზედამხედველობის სამსახურს უკანონო შენობა-ნაგებობების საკითხის შესწავლა და კონტროლის გამკაცრება დაავალა. ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისში 500-ზე მეტი უკანონოდ აგებული ობიექტია იდენტიფიცირებული. მათგან 300-ის დემონტაჟი ახლო მომავალში იგეგმება.

მსგავსი შენობები თბილისის თითქმის ყველა უბანშია და მათ ნაწილში მცხოვრები ადამიანები ამტკიცებენ, რომ საცხოვრებელი უკანონოდ უსახლკარობისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო ააშენეს.

„ლიბერალი“ იმყოფებოდა რამდენიმე დასახლებაში, სადაც წლების განმავლობაში ადამიანები სახელმწიფო მიწაზე საცხოვრებელ და სხვა შენობება-ნაგებობებს აგებენ.

ისნის რაიონში, მელაანის ქუჩის ბოლოში, ქვაფენილის დასრულების შემდეგ, დანგრეული გზა იწყება. ნელ-ნელა ახლად აშენებული, ერთსართულიანი, ქვითა და ფიცრებით ნაგები პატარ-პატარა საცხოვრებელი შენობები ჩნდება. ზოგიერთი გორებზეა წამოჭიმული, ზოგი ხევში, უსწორმასწორო რელიეფზე. იქვე ახლოს, სასაფლაოა. დასახლებაში არ არის მუდმივი ელექტროენერგია. ამით მხოლოდ ერთეული ოჯახები სარგებლობენ. ასევე, არ აქვთ ბუნებრივი აირი. აქ მცხოვრებლები ნაგავს მეზობლად მდებარე, მეტრომშენის დასახლებაში არსებულ ნაგვის ურნებში ყრიან. მეტრომშენისვე სკოლაში დადიან აქ დასახლებული ბავშვები. ერთადერთი დეტალი, რომელიც აქაურ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მიანიშნებს, საბავშვო მოედანი და იქვე აშენებული ეკლესიაა.

მხოლოდ მელაანის ქუჩაზე, ყველა იდენტიფიცრებული პირი, რომელმაც საცხოვრებელი ააშენა, ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმებულია 10 000 ლარით. ასეთი დაახლოებით 50-მდე შენობის ე.წ. თვითნებური მეპატრონეა. მათ შორის, 28 ოჯახის საცხოვრებელზე საქმის წარმოებაა დაწყებული და ახლო მომავალში დემონტაჟს ექვემდებარება. სულ, თბილისში, რამდენი ადამიანია ამ მიზეზით დაჯარიმებული, უცნობია. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები არ მოეპოვებათ.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზედამხედველობის სამსახური უკანონოდ აგებული შენობა-ნაგებობის აღმოჩენის შემთხვევაში, თავდაპირველად მითითებას გასცემს; მშენებლობის მწარმოებელი პირის (რომელიც უკანონოდ, სხვის საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენებს შენობას ან სხვა რაიმე ნაგებობას) იდენტიფიცირებისას 10 ათასი ლარით აჯარიმებს და პირს თვითნებური დემონტაჟისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სამსახური შენობას თვითონ ანგრევს.

თუმცა, თუ მშენებლობის მწარმოებელი პირის მოძებნა და იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ზედამხედველობის სამსახური უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ დადგენილებას მითითების გარეშე გასცემს, რომლის გასაჩივრებაც შენობის აღების პროცესს არ აჩერებს.

მარიამ სიმონიანი ამ დასახლებაში ოთხი თვის წინ გადმოვიდა. ახლა მარტოხელა, ორი შვილის დედაა. მელაანის ქუჩაზე ქმართან დაშორების შემდეგ ცხოვრობს და ამბობს, რომ ცარიელ მიწაზე 12 კვ. მეტრის ოთახის აშენებაში მეზობლები დაეხმარნენ. ახლა ერთი საწოლი, შეშის ღუმელი, კედელში, ფიცრებით მოწყობილი გარდერობი და სამზარეულოს ნივთები მარიამისა და მისი შვილების საცხოვრებელი გარემოა. ოთახში არც შუქია, არც წყალი.

მარიამის ეს ოთახი მელაანის ქუჩაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღრიცხული შენობების დემონტაჟის რიგებშია მოხვედრილი, თუმცა, როდის მოაკითხავს შესაბამისი სამსახური, ჯერ არ იცის: „ყველამ ვიცით, რომ კანონსაწინააღმდეგოდ მოვიქეცით, მაგრამ უსახლკაროდ ყოფნა უფრო გვაშინებს. მარტოხელა დედა ვარ, არ ვმუშაობ, არსად წასასვლელი არ მაქვს“.

ფატი ბერუაშვილი 32 კვ/მ-ის ქვის ნაგებობაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად მეორე წელია ცხოვრობს. ზედამხედველობის სამსახურმა ისიც დააჯარიმა, თან ორჯერ. ახლა სახელმწიფოსთვის 20 000 ლარი აქვს ვალი, რადგან ორი წლის წინ, როცა აქ გადმოვიდა, პატარა ფიცრული ჯერ ხევში ააშენა; შემდეგ, ანტისანიტარიის გამო, ის ადგილი მიატოვა და ცოტა მაღლა, ახლა უკვე ქვით ნაგები ოთახი მოაწყო: „ამ ფულს ვერასდროს გადავიხდი, არც ქონება მაქვს, რომ დამიყადაღონ. ასე რომ, ამ დასახლებაში ჯარიმების არავის ეშინია. ყველანი სოციალურად დაუცველები ვართ. ერთადერთი, რაც მანერვიულებს, ამ თავშესაფრის დაკარგვა და ქუჩაში ცხოვრებაა“.

ფატის სახლში სხვა მეზობლებიც არიან შეკრებილები. ზოგიერთი მათგანი აქ 2007 წლამდე დასახლდა. მთავრობის დადგენილება უკანონო შენობების მწარმოებელ პირებს, ვინც შენობა უკანონოდ ააშენა, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის საშუალებას აძლევს. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარების კომისია 2-დან 6 თვემდე ვალდებულია, განიხილოს პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები (მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირი აქ ნამდვილად ცხოვრობს; მოწმეების ჩვენებები და ა.შ.) და მას დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნა მაქსიმუმ 6 თვეში აცნობოს.

მურმან ჩიქვინიძემ აღიარებით კომისიას უკვე ორჯერ მიმართა. მელაანის ქუჩაზე ხანდაზმულ ცოლთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრობს. ამბობს, რომ კომისია სხვადასხვა მიზეზით დროს აჭიანურებს და მიწის რეგისტრაციაზე უარს ეუბნება: „ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არაა. მიწის რეგისტრაციის გაჭიანურება აქ მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პრობლემებს გვიქმნის. დასახლებაში არაა მუდმივი გაზი, მხოლოდ ერთეულებს გვაქვს შემოყვანილი. არაა ელექტროენერგია. კერძო კომპანიები უარს გვეუბნებიან. წყალიც ჩვენი ძალისხმევით გამოვიყვანეთ“.

მელაანის ქუჩისა და აფრიკის დასახლებისგან განსხვავებით, კიდევ ერთ ობიექტზე, ჩუღურეთის რაიონში, კაპანაძის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ შენობებს მუდმივი მცხოვრებლები არ ჰყავს. „ლიბერალმა“ რამდენიმე შენობა დაათვალიერა,  რომლებიც დაკეტილი იყო. მეზობლების ინფორმაციით, „აქ შენობის „მეპატრონეები“ იშვიათად მოდიან“.

უკანონო შენობა-ნაგებობების საკითხს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის მიხედვით, თბილისის მერიას არ აქვს ვალდებულება, დემონტაჟის დროს შეისწავლოს, რა მიზნითაა სახელმწიფო ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა აშენებული. რჩება თუ არა ადამიანი ან ოჯახი ქუჩაში, თავშესაფრის გარეშე და არც პარალელური, პრევენციული ზომების მიღებაზეა პასუხისმგებელი.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC)-ის მიმდინარე კვლევა სწორედ საკანონმდებლო ბაზის შესწავლას ეხება.

ორგანიზაციის იურისტი, ლელა გვიშიანი მთავარ ხარვეზად არასისტემურ სახელმწიფო პოლიტიკას ასახელებს და ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრის გზად თბილისის მერია რეპრესიულ და ხისტ კანონმდებლობას იყენებს: ახლანდელი მდგომარეობით, ჯერ უსახლკაროდ უნდა იქცე და მთავრობამ შემდეგ დაიწყოს ამ პრობლემაზე ზრუნვა“.

ლელა გვიშიანი საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობს, რომელიც მსგავს ვითარებაში განსხვავებულად მუშაობს:

„ევროპის ბევრ ქვეყანაში, წინასწარ ინდივიდუალურად სწავლობენ, რა მოხდება, როცა უკანონოდ აშენებულ ნაგებობას ანგრევ - რჩება თუ არა ადამიანი უსახლკაროდ, რა სოციალურ-ეკონომიკური რისკის წინაშე დგება და ა.შ; ამასთანავე, დამატებით სწავლობენ საკითხს - მარტოხელა დედების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში“.

პარალელურად, პრობლემატურია კანონის ნაწილი, როდესაც მშენებლობის მწარმოებელი პირი ზედამხედველობის სამსახურის მიერ დემონტაჟის გადაწყვეტილებას სასამართლოში  ასაჩივრებს. ამ დროს, მერიის შესაბამის სამსახურს, სასამართლო გადაწყვეტილებამდე შეუძლია, საცხოვრებელი ობიექტი დაანგრიოს.

თუმცა, EMC-ის აქვს პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაც, როდესაც მოსამართლემ უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი ობიექტის დემონტაჟი ერთადერთი მიზეზით შეაჩერა: „მოსამართლემ თქვა, რომ ჯერ მოსაკვლევია, აქვს თუ არა მშენებლობის მწარმოებელ პირს სხვა საცხოვრებელი და რჩება თუ არა ის დემონტაჟის შემდეგ უსახლკაროდ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც სასამართლო სისტემამ კანონის ასეთი ხისტი მიდგომა ეჭვქვეშ დააყენა“, - ამბობს იურისტი ლელა გვიშიანი და აქვე განმარტავს, რომ თბილისის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ამიტომ, ჯერ უცნობია, საბოლოოდ, რა შედეგები დაუდგება ამ კონკრეტულ ოჯახს.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პოზიცია აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კი ასეთია: გიორგი ბაგრატიონი, რომელიც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობს, „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებენ და ეს პრობლემა ახლავე თუ არ მოგვარდა, მომავალში უარესი შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით.

ბაგრატიონი განმარტავს, რომ მთავრობა უკვე დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც 2007 წლამდე უკანონოდ მშენებარე ობიექტების „თვითნებურ მეპატრონეებს“ მიწის ნაკვეთის ლეგალიზაციის საშუალება მისცა. აქვე იხსენებს თბილისის მერის, კახი კალაძის მიერ დეკემბერში გაკეთებულ განცხადებას.

კალაძემ მაშინ აღნიშნა, რომ „გარკვეულ ჯგუფებს რეგიონებიდან ჩამოჰყავთ სოციალურად დაუცველები, უხდიან ფულს, რომ რომელიმე ტერიტორია მიითვისონ და იქ შენობა-ნაგებობები განათავსონ. რეალურად კი, ამ ადამიანებს სხვა საცხოვრებელი მოეპოვებათ“.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ  მათ აქვთ ინფორმაცია პირებზე, ვინც „სოციალურად დაუცველებს ფარად იყენებს და სახელმწიფო მიწას სპეციალურად ათვისებინებს, რომ შემდეგ თავად გაყიდონ“. თუმცა, ბაგრატიონი პასუხისგან თავს იკავებს შეკითხვაზე, მიმართა თუ არა მერიამ საგამოძიებო უწყებას?

მანამდე კი, მელაანის ქუჩის მცხოვრებლების გარდა, თბილისის სხვადასხვა უბანში, უკანონოდ აშენებული შენობის მცხოვრებლები ელოდებიან თბილისის მერის გადაწყვეტილებას - ვინ მოხვდება დემონტაჟის რიგებში და ვინ შეძლებს მიწის დაკანონებას: „ჩვენთან ჯერ არ მოსულა არავინ. ველოდებით“, - გვითხრეს აფრიკის დასახლებაში, სადაც მსგავსი შენობების მშენებლობა ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

ვიდეო ►ირაკლი კვირიკაძე - ევროპის ამომავ ...

25 წლის ირაკლი კვირიკაძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Shooting Stars -ის ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

ბენ ჰოჯესი: ავღანეთში მისიებზე წასვლა ყვ ...

„საქართველოს უმაღლესი კლასის ჯარისკაცები ჰყავს. ამის გამო, ავღანეთში მისიებზე წასვლა ყველას ქართველ ჯარისკაცებთან ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

„არტჰაუზის“ ქალები და იზაბელ იუპერი

ბერლინის კინოფესტივალზე ბენუა ჟაკოს ფილმი - „ევა“ უჩვენეს, რომელშიც იზაბელ იუპერმა თითქმის ყველა და ყველაფერ ...

მეტი

^