Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ მოვიქცეთ, თუ ექიმი ეთიკას არღვევს

12 თებერვალი 2018

ქირურგიული განყოფილებიდან მიმღებში სწრაფად ჩავედი. ობსერვაციის დარბაზთან უმცროსი ექიმი შემხვდა.

- შენ გამოგიშვეს?

- ხო.

- აააა! - გაეღიმა და თავი გადააქნია.

- რა გაცინებს?

- ნახავ იმას და მიხვდები, - ამჯერად ზიზღნარევი ღიმილით მითხრა კოლეგამ.

იმ დღეს პირველად მყავდა ტრანსგენდერი პაციენტი.

***

სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულები დიპლომის მიღების წინ, საჯაროდ, სახელმწიფო ენაზე დებენ ექიმის ფიცს. ფიცის ტექსტად გამოიყენება მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის მეორე გენერალური ასამბლეის 1948 წლის ჟენევის დეკლარაცია" (საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; მუხლი 35.).

„ვხდები რა სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელი, საზეიმოდ ვფიცავ, ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ადამიანის სამსახურს:

  • პატივი და მადლიერება მივაგო ჩემს მასწავლებლებს;
  • კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემი პროფესიული მოვალეობა;
  • პაციენტის ჯანმრთელობა გავიხადო ჩემს უმთავრეს საზრუნავად;
  • პატივი ვცე ჩემთვის მინდობილ საიდუმლოს პაციენტის სიკვდილის შემდეგაც კი;
  • შეძლებისდაგვარად დავამკვიდრო სამედიცინო პროფესიის კეთილშობილური ტრადიციები;
  • კოლეგები მივიჩნიო ძმებად და დებად;
  • არ დავუშვა პაციენტის ასაკის, დაავადების ან შეზღუდული შესაძლებლობის, რწმენის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, პოლიტიკური კუთვნილების, რასის, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი ფაქტორის ზეგავლენა ჩემს მოვალეობასა და ჩემს პაციენტს შორის არსებულ ურთიერთობაზე;
  • უსაზღვრო პატივი ვცე ადამიანის სიცოცხლეს;
  • არ გამოვიყენო სამედიცინო ცოდნა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შელახვისთვის მუქარის შემთხვევაშიც კი.

ამ აღთქმას ვდებ საზეიმოდ, ნებაყოფლობით და ღირსეულად“.

უფრო მეტად ცნობილი სამედიცინო ეთიკის ნორმები ანტიკური მედიცინის რეფორმატორმა, „მედიცინის მამად“ წოდებულმა ჰიპოკრატემ (ძვ.წ.აღ.-ის 460-377) შემოიღო. დღეისათვის სიტყვათშეთანხმება „ჰიპოკრატეს ფიცი“ ფიგურალურად გამოხატავს საექიმო პრაქტიკის მორალურ მხარეს.

საექიმო ეთიკის ნორმები ითვალისწინებს ექვს ძირითად პრინციპს:

  • გულისხმიერება – პრაქტიკოსი ექიმი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად;
  • კეთილთვისებიანობა – პრინციპი „არ ავნო“;
  • ავტონომია – პაციენტს უფლება აქვს, უარი თქვას მკურნალობაზე ან თავად აირჩიოს მკურნალი ექიმი;
  • სამართლიანობა – უფლება, ჯანმრთელობის რესურსები გადაანაწილოს მათი უკმარისობის დროს და მიიღოს გადაწყვეტილება ვის და რა სახის მკურნალობა მიეწოდოს;
  • ღირსება – პაციენტს (ასევე მის მკურნალ ექიმს) აქვთ მხოლოდ ღირსეულად მოქცევის უფლება;
  • კეთილსინდისიერება და პატიოსნება – პაციენტს აქვს უფლება, არ იყოს მოტყუებული და ღირსეულად მიიღოს ინფორმაცია მისი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ.

პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობაში ჩართვასთან ერთად ახალგაზრდა ექიმი მალევე ხვდება ანდაზის „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ ჭეშმარიტებას. ერთია - რა წერია ფურცელზე და მეორე - რა ხდება სინამდვილეში.

***

4 თებერვალს კიდევ ერთხელ სცემეს ტრანსგენდერები. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, ის „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში" გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში გულგრილობა გამოიჩინეს და სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. ამავდროულად, მისი მისამართით კლინიკის თანამშრომლები შეურაცხმყოფელ, უფრო ზუსტად ტრანსფობიურ გამონათქვამებს იყენებდნენ. აღნიშნულს მყისიერი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში, რაც კლინიკის ფეისბუქის გვერდზეც აისახა. აღშფოთებულთაგან ერთ-ერთი მეც ვიყავი - კლინიკას საექიმო ფიცში გამოთქმული ეთიკური დებულება შევახსენე და ამგვარად, ხაზი გავუსვი, რომ აღნიშნული ქმედება ექიმისთვის მიუღებელია. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გავაანალიზე საკუთარი საქციელის ტრაგიკულობა.

საქმე ის გახლავთ, რომ მე, ისევე როგორც ბევრ ჩემ თანამოაზრეს, საპირისპირო აზრი თავში არც კი გამივლია. არასდროს ხმამაღლა არ მითქვამს: „არა, ეს შეუძლებელია! აქ რაღაც შეცდომაა, ექიმები ასე არ მოიქცეოდნენ!“ ფაქტია, ისეთ რეალობაში გვიწევს არსებობა, რომ ჰომოფობი ექიმი ჩვეულებრიობაა. აღნიშნული კი მიანიშნებს, რომ ჯანდაცვის სისტემაში და მედიკოსთა გონებაში აშკარა პრობლემაა.

სამედიცინო ეთიკასა და დეონტოლოგიას სამედინო ფაკულტეტის სტუდენტები პირველ კურსზე სწავლობენ. ამ პერიოდში მათი საშუალო ასაკი 18-19 წელია. აღნიშნული გადაწყვეტილების ლოგიკურობა უბრალოდ ტრაგი-კომიკურია. ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს უჭირს გაისიგრძეგანოს აღნიშნული სალექციო კურსის  მნიშვნელობა და მისი როლი შემდგომ კლინიკურ პრაქტიკაში. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ხშირად ექიმები გაუცნობიერებლად არღვევენ სამედიცინო ეთიკას. სამწუხაროდ, ამ დროს პაციენტს ისღა დარჩენია, მოითმინოს, აიტანოს ამგვარი ტიპის შეურაცხყოფა, იმ იმედით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო ტაქტიანი ექიმი შეხვდება. ამ პრობლემის ღრმა ანალიზი და მსგავსი ქმედებების აღმოფხვრაზე მუშაობა თავად სამედიცინო წრეებში უნდა დაიწყოს, მაგრამ აქ სიჩუმეა. არავის სურს, კოლეგებმა პირველს მას ესროლონ ქვა.

ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო ეთიკა კანონითაა რეგულირებული. საქართველოში მოქმედებს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, რომელშიც გარკვევით წერია: არ დაიშვება პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო“ (მუხლი 6). აღნიშნული ნათლად გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას ამ კონკრეტული ეთიკური ნორმის მიმართ.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, ექიმი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასცვისთვის. სამედიცინო დახმარების გაწევისას, კლინიცისტმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით.

ასევე, კანონით არის გაწერილი სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში: ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვა; პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დამკვიდრება. შესაბამისად, საავადმყოფოში პაციენტის უფლებების დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი პასუხისგება უნდა მოჰყვეს.

ლოგიგურად ჩნდება კითხვა: თუ ქცევის პრონციპებიც კი ამგვარი იურიდიული საფუძველით არის გამყარებული და მისი დარღვევა სამკურნალო ლიცენზიის შეჩერების მიზეზი შეიძლება გახდეს, რა აიძულებთ მედიკოსებს კანონის დარღვევას? საქმე ის გახლავთ, რომ ქართველ ექიმთა უმრავლესობა ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანია. ამიტომაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერისას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო ანალიზის ნაცვლად, შეიძლება გაიჟღეროს ფრაზამ: „ჩვენ ავამდყოფს ვმკურნალობთ, დანარჩენი კი უფლის ნებაა“. მედიკოსთა ჰომოფობიის ამოსავალი წერტილი სწორედ რელიგიური დოგმატიზმი გახლავთ, რაც რეალურად მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - დაამციროს პაციენტი და მასში სინდისის ქენჯნა გამოიწვიოს. ისინი მსავსად შეუწყნარებელნი არიან სხვაგვარად მოაზროვნე კოლეგების მიმართ. სამეცნიერო წრის ადამიანისთვის ამგვარი საქციელი  უბრალოდ სამარცხვინოა.

ექიმის ფიცი სხვა არაფერია, გარდა მორალური კოდექსისა, მოწოდებისა, თუ როგორი ადამიანი უნდა იყოს მედიკოსი, რა უნივერსალური ჰუმანური ღირებულებები უნდა გააჩნდეს, რომ მას სიცოცხლე ანდონ. აღნიშნულის გარეშე ექიმი უბრალოდ სხეულის თეთრხალათიანი ხელოსანია, ჩვენს რეალობაში კი - ხშირად არცთუ ისე კარგი ხელოსანი.

ამჟამად საავადმყოფო ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისათვის დაცულ სივრცედ არ მიიჩნევა. ქვიარ პაციენტებს უწევთ შეეგუონ იმ ადამიანის უტაქტო შენიშვნებს, რომელსაც საკუთარ ჯანმრთელობას ანდობენ. მოწინავე სამეცნიერო დაწესებულების ნაცვლად საავადმყოფო შუასაუკუნეობრივი ინკვიზიციის, მორალური პოლიციის შენობას დაემსგავსა. ეს კი პრობლემის მწვერვალია.

სახალხო დამცველის აპარატში რამდენიმე მიმდინარე განცხადებაა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შემთხვევის ფაქტებზე. შესაბამისად, ომბუდსმენმა მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ყველა მათგანზე დაწყებულია მოკვლევა. ეს ყოველივე კი მიუთითებს, რომ პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს.

კანონი კი ორსახა იანუსს ჰგავს. იგი ექიმს საკუთარ ქმედებებში ინტერპრეტაციების საშუალებასაც აძლევს. მაგალითისათვის:

მუხლი 37

ექიმს უფლება აქვს, უარი თქვას პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ:
) არსებობს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და არ აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
) სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას ექიმის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ცოტათი გაურკვეველია მე-6 მუხლის ვალიდურობა.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ ექიმი ეთიკას არღვევს?

აუცილებლად დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს, ნომერზე 15-05. აუხსენით ოპერატორს შექმნილი სიტუაცია და მოსთხოვეთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. როგორც წესი, მსგავსი ინფორმაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში საქმეში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო  ერთვება, ეს კი კლინიკისთვის და ექიმისთვის აუტკივარი თავის ატკივებას ჰგავს.

დროა ყველა ექიმმა გაიაზროს, რომ პრინციპი „არ ავნო“ ფართო ცნებაა და იგი ჩვენ მიერ გამოყენებულ ლექსიკაზეც ვრცელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

ვიდეო ►ირაკლი კვირიკაძე - ევროპის ამომავ ...

25 წლის ირაკლი კვირიკაძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Shooting Stars -ის ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

ბენ ჰოჯესი: ავღანეთში მისიებზე წასვლა ყვ ...

„საქართველოს უმაღლესი კლასის ჯარისკაცები ჰყავს. ამის გამო, ავღანეთში მისიებზე წასვლა ყველას ქართველ ჯარისკაცებთან ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

„არტჰაუზის“ ქალები და იზაბელ იუპერი

ბერლინის კინოფესტივალზე ბენუა ჟაკოს ფილმი - „ევა“ უჩვენეს, რომელშიც იზაბელ იუპერმა თითქმის ყველა და ყველაფერ ...

მეტი

^