Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დასაფლავება მთაწმინდაზე „რა პრესტიჟულია, ხო აზრზე ხარ“?!

13 თებერვალი 2018

ზოგადად, პანთეონს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. პანთეონი ბერძნული სიტყვაა, რომელიც ყველა ღმერთს ნიშნავს. კაცმა რომ თქვას, ეს არის ტაძარი, რომელიც ეძღვნება არა რომელიმე ერთ, არამედ ყველა ღმერთს ერთდროულად. ასეთი ტაძრები არსებობდა ანტიკურობაში, რომელთაგან ერთ-ერთი დღემდე შემონახული მარსის მოედანზე, ჩვენი წელთაღრიცხვის 125 წელს აგებული რომაული ტაძარია.

პანთეონმა მხოლოდ მოგვიანებით მიიღო ის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ ვიცით: რომ ეს არის ადგილი, სადაც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით პატივსაცემ ადამიანებს კრძალავენ. რომის ამ უძველეს პანთეონში მხოლოდ შუასაუკუნეებიდან დაიწყეს წმინდანებისა და მნიშვნელოვანი ადამიანების დაკრძალვა. იქ დაკრძალულია რამდენიმე იტალიელი მეფე, მათ შორის ვიქტორ-ემანუელ მეორე, უმერტო პირველი, წმინდანად აღიარებული დიდი ხელოვანი - რაფაელ სანტისი და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ადამიანები.

მსოფლიოში ბევრი პანთეონი არ არის. მათ ჩამონათვალში თვალშისაცემია საქართველოს პანთეონების რიცხვი:

უესტმინისტერის სააბატო ინგლისში, რომის პანთეონი, პარიზის პანთეონი (წმინდა ჟენევიევას სახელობის ტაძარი, რომელიც პანთეონად რევოლუციის დროს გადაკეთდა), პანთეონი მეხიკოში, კომიტასის პანთეონი სომხეთში, პასტორ მატიას მაესტროს მემორიალური სასაფლაო ლიმაში და მთაწმინდის, დიდუბის, საბურთალოსა და გამოჩენილ აზერბაიჯანელთა პანთეონი თბილისში.

ერთ სულ მოსახლეზე და საერთოდ, ერთ ქვეყანაზე პანთეონების რაოდენობით საქართველო განსაკუთრებით გამოირჩევა. არაფერს ვამბობ იმ პატარ-პატარა პანთეონებზე, რომლებიც თითქმის ყველა სასაფლაოზე გვხვდება.

ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ საგნის მიმართ განსაკუთრებულია და პანთეონში დაკრძალვას დიდი ვნებები ახლავს თან.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით "ლიბერალის" ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

მთაწმინდის პანთეონი, პრინციპში, უნიკალური წარმონაქმნია იმ თვალსაზრისით, რომ თავის დროზე იქ დაიკრძალა ალექსანდრე გრიბოედოვი, ამის შემდეგ კი მისი მეუღლე - ნინო ჭავჭავაძე.

ოფიციალურად, მათი საფლავის ზემოთ მდებარე ბაღი, როგორც პანთეონი, გაცილებით გვიან, 1929 წელს გაიხსნა, მაშინ, როდესაც გრიბოედოვის ირანში დაღუპვის 100 წლისთავი აღინიშნა. გასაგებია, რომ ეს ადგილი, გარკვეულწილად, უკვე ასრულებდა პანთეონის ფუნქციას, ვინაიდან იქ უკვე დაკრძალული იყვნენ ილია, აკაკი და XIX საუკუნის რამდენიმე ცნობილი მოღვაწე.

პანთეონში აღმოჩენა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პატივია. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ჩვენთან, უფრო მწერლობისკენ იხრება და ეს არც არის გასაკვირი - საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, საზოგადო მოღვაწეები გვიან გაჩნდნენ. მანამდე ვინც გვყავდა, როგორც წესი, ან მწერლები იყვნენ, ან ერთმანეთს უთავსებდნენ - მწერლობას, მეცნიერებასა და საზოგადო მოღვაწეობას. 

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა დროს იქ წარმოუდგენელი ხალხი იყო დაკრძალული, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის გვერდით - მისი მკვლელობის ორგანიზატორები, დამკვეთები, მომწონებლები... ამას მთელი ისტორია ახლავს თან, რაზეც ამ წუთას არ შევჩერდები.

რა არის პანთეონის მთავარი „ხიბლი“?! სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი მწერლისთვის პანთეონი მისი შემოქმედების გვირგვინია, ანუ პანთეონში წყდება მისი დიდება და არა მკითხველის გულში. არიან მწერლები, რომლებსაც წარმოუდგენიათ, რომ თუ პანთეონში ხარ დაკრძალული, „დიდი“ ხარ, თუ არადა, დიდუბის პანთეონის ღირსი ხარ, ან საბურთალო მაინც დაიმსახურე?! სავარაუდოდ, კიდევ გვექნება ერთი პანთეონი და ალბათ იქ აღმოჩნდება ყველა, ვისი ადგილიც აღარ დარჩა, რადგან ამოიწურა როგორც მთაწმინდის, ისე დიდუბის, ისე საბურთალოს პანთეონის შესაძლებლობები. ამ ახალმა მიმართულებამ ჩვენ საზოგადოებაში სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მწერალთა ნაწილს ახალი პანთეონი არ მოსწონს...

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ პანთეონზე მსჯელობენ პანთეონში დაკრძალვის კანდიდატები, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს უხერხულია, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენთან არ არის უხერხული, იმიტომ, რომ „თავად თუ არ იზრუნეს საკუთარ თავზე, აბა სხვა ხომ არ იზრუნებს?!“

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ პანთეონში დაკრძალვა პრესტიჟის საკითხი უფრო გახდა, ვიდრე რამენაირად გამოხატული საზოგადოების პატივისცემა. პანთეონი იმ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს უფრო უნდათ, რომლებიც წლების შემდეგ იქ აღმოჩნდებიან, ვიდრე საზოგადოებას. საზოგადოება გაცილებით გულგრილია პანთეონების მიმართ და არ მსჯელობს იმის მიხედვით, თუ ვინ სად არის დაკრძალული, მაშინ, როდესაც ცალკეული მოღვაწეები ფიქრობენ, რომ ეს არის ყველაფერი, აქ წყდება ყველაფერი და ცხოვრების მიზანი ცხოვრება კი არა, სიკვდილი და პანთეონში დაკრძალვაა. გამოდის, რომ მათი გადმოსახედიდან, საკუთრივ ცხოვრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

არადა, ნიკოლოზ ბარათაშვილი მთაწმინდის პანთეონში „მესამე მცდელობით“ მოხვდა! მოგეხსენებათ, იგი განჯაში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა ­- დაუტირები და გამოუცემელი... თუმცა, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ეს გადავიტანეთ.

მრავალი წლის შემდეგ, როცა გადმოვასვენეთ, მითქმა-მოთქმა დაიწყო იმაზე, რამდენად საჭირო იყო მისი გადმოსვენება. კიდევ კარგი, რომ ილია ჭავჭავაძეს ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია. ნათესავების ინიციატივითა და რუსეთის ხელისუფლების თანხმობით, ბარათაშვილის გადმოსვენება შედგა და როგორც თავის დროზე პავლე ინგოროყვამ აღნიშნა, ეს პროცესი ეროვნულ მანიფესტაციად იქცა, რომლითაც ჩვენმა მტერმაც კი დაინახა, თუ რა პატივს მიაგებდნენ ბარათაშვილს ქართველები.

სამშობლოში გადმოსვენებული ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდუბეში დაიკრძალა.  ამის შემდეგ მოვიდა სხვა დრო, როდესაც ბარათაშვილი დაგვიანებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მთაწმინდის პანთეონში აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ცუდია, რომ თავიდანვე ვერ დავინახეთ ბარათაშვილი, თუმცა ბარათაშვილის გზა გარდაცვალების შემდეგ, ის გზაა, როგორიც უნდა იყოს პანთეონამდე მიმავალი გზა ნორმალურ საზოგადოებაში. როცა ბარათაშვილი ხარ, არ დაიკარგები და საბოლოოდ მთაწმინდაზე აღმოჩნდები, მაგრამ, რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად იქნებოდა ტატო დაკრძალული? ამას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის ჰქონდა მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ვაღიარეთ მისი სიდიდე. მასთან ვალში ვიყავით და როგორც იქნა ჩავწვდით კიდეც მის სიდიადეს!

ბარათაშვილმა იწინასწარმეტყველა, რომ უცხოეთში მოკვდებოდა და იქ დაუტირებელი დაიკრძალებოდა. პრინციპში, ეს მან კი არა, მთელმა ქართულმა კულტურამ იწინასწარმეტყველა, რუსთაველიდან მოდის ეს სიტყვები - „თუ საწუთრომან დამამხოს...“, ასე რომ, ჩვენ საწუთროსგან დამხობილი და მთაწმინდაზე ვერდაკრძალული უამრავი გენიოსი გვყავს.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ სიმბოლური საფლავიც კი არ გვაქვს რუსთაველისა, სიმბოლური საფლავიც კი ვერ გავუკეთეთ მთაწმინდაზე რუსთველს, მაშინ, როდესაც უამრავი ძალიან უმნიშვნელო ადამიანი, რომელსაც ზოგი ვერც კი გაიხსენებს, მთაწმინდაზე იყო დაკრძალული. კონრეტულ სახელებს და გვარებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ არა აქვს.

სიმართლე ისაა, რომ არსებობს ნიკოლოზ ბარათაშვილის გზა - თუ გენიოსი ხარ, ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა, გადმოგასვენებენ, თუ საფლავი მაინც გაქვს, რუსთაველისგან განსხვავებით... რუსთაველსაც, ოდესმე, ამავე მთაწმინდაზე, ალბათ ეღირსება სიმბოლური საფლავი - კენოტაფი, სადაც მივალთ, ყვავილს მაინც მივიტანთ და ორ სიტყვას ვეტყვით კაცს, რომელსაც ძალიან ბევრ რამეს უნდა ვუმადლოდეთ.  

მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის საფლავი არ გვაქვს, უკანასკნელ წლებში გაირკვა, რომ თურმე საქართველოში იმაზე მეტი გენიოსი დაიბადა, ვიდრე მთელი ისტორიის მანძილზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის, ვინაიდან, ხელოვნებასა და კულტურაში უკანასკნელ წლებში სერიოზული არაფერი გვიგრძნია. პრინციპში, გალაკტიონის სიკვდილის შემდეგ, სერიოზული ძვრა არც გვქონია.

ის რაც ბოლო წლებში ხდება, არის ერთი რამის ნიშანი - გარდაიცვლება მწერალი, მსახიობი, კომპოზიტორი. პასუხისმგებელი პირები კი დაბნეული არიან, არ იციან მისი ფასი, არ იციან, რომელ პანთეონში უნდა დაიკრძალოს. სამაგიეროდ, ეს კარგად იციან ახლო ნათესავებმა და მეგობრებმა. სწორედ ამ დროს იწყება ქართული ეროვნული სპორტი - ვინ რა დაიმსახურა! დაკრძალონ ნათესავებმა, სადაც გაუხარდებათ, მრავალი წლის შემდეგ კი, კანონში გვიწერია კიდეც - 15 წელიწადში ისტორია გაარკვევს, ვის რა ეკუთვნის! მე თუ მკითხავთ, 15 წელიც ცოტაა, იყოს 30, 40...

შევთანხმდეთ და ვთქვათ, თუკი ამდენი წლის შემდეგ საზოგადოებრივი ინტერესი ისეთი იქნება, როგორიც ვაჟა-ფშველას, ბარათაშვილის შემთხვევაში იყო, მაშინ ადამიანი პანთეონში დავკრძალოთ. იტყვიან - ყველა ვაჟა ხომ ვერ იქნება? ხოდა ნუ დავკრძალავთ ყველას ამ მთაწმინდაზე!

რა თქმა უნდა, ყველა რუსთაველი, ბარათაშვილი, ვაჟა და გალაკტიონი ვერ იქნება და არც იმაზეა საუბარი, რომ ჩვენ გვენანება ვინმესთვის რამე თუ არა; უბრალოდ, როდესაც არსებობს ღირებულებათა რაღაცა გარკვეული სისტემა, რომლის ნაწილად პანთეონიც ვაქციეთ, უნდა გამოვრიცხოთ ყოველგვარი შემთხვევითობა და პატივი ვცეთ ჩვენივე გადაწყვეტილებას.

როგორ დგინდება ვინ არის „გენიოსი“, რა წივილ-კივილის ფონზე, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, ძალიან უხერხულია...

საბოლოო ჯამში, ასეთი „დადგენებით“ ვიღებთ იმას, რომ საქართველოს თურმე იმაზე მეტი გენიოსი ჰყავს, ვიდრე საფრანგეთს, იტალიას, პერუს, თანაც ერთად აღებულს!

განვიხილოთ საფრანგეთის შემთხვევა. საფრანგეთს აქვს პანთეონი. ესაა არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი, ფრანგული კლასიციზმის ნიმუში, ლათინურ კვარტალში, პარიზში. თავდაპირველად, როგორც ვთქვით, ეს იყო წმინდა ჟენევიევას ტაძარი, ახლა კი ეს არის გამოჩენილი ფრანგი ადამიანების განსასვენებელი. პანთეონს აქვს წარწერა - „მადლიერი სამშობლო დიდ ადამიანებს“.

ესაა ძალიან პომპეზური, კლასიციზმის ძეგლი, რომელიც წმინდა ჟენევიევას სააბატოში არქიტექტორმა სუფლომ რომაული პანთეონის მაგალითზე ააშენა.

ტაძარს ფუნდამენტი 1758 წელს ჩაეყარა, მშენებლობა 1789 წელს დასრულდა. ამ მომენტისთვის მეფე ჩამოაგდეს, რევოლუციურმა მთავრობამ კი გადაწყვიტა, რომ ეს ტაძარი დიდი ფრანგების მავზოლეუმი იქნებოდა. აი ვინ მოხვდა ამ პანთეონში:

მირაბო, ცნობილი ორატორი, მოღვაწე, რომლის ნეშტი პანთეონიდან 1794 წელს, დაკრძალვიდან 3 წლის შემდეგ გადაასვენეს.

ვოლტერი, მარატი (რომლის ნაშთიც მოგვიანებით გააქრეს პანთეონიდან), ჟან-ჟაკ რუსო, ჟან პიერ სერი, დურაცო, ემანუელ კრეტე, ჟან ლანი (საფრანგეთის მარშალი) და ა.შ.

აი ასეთი ხალხი - ძირითადად, პოლიტიკოსები, მოღვაწეები, გენერლები. ძალიან ცოტაა მწერალი, მაგალითად: ვიქტორ ჰიუგო, ემილ ზოლა, ანდრე მალრო, სულ ბოლოს, 2002 წელს კი, ალექსანდრე დიუმა - მისი გარდაცვალებიდან 132 წლის შემდეგ!

სულ ბოლო გადაწყვეტილებით, პანთეონში უნდა დაიკრძალოს სიმონა ვეილი, რომელიც ჰოლოკოსტს გადარჩენილი, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი, ევროპარლამენტის პირველი ქალი თავმჯდომარე იყო. იგი ჩვეულებრივ დაიკრძალა - ჩვეულებრივ სასაფლაოზე, მაგრამ პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ ის იმსახურებს პანთეონს! თუმცა, ჯერ არ გადაუსვენებიათ, იმიტომ, რომ ჯერ საზოგადოებამ უნდა განიხილოს ეს საკითხი და გადაწყვეტილება მიიღოს.

ახლა შეადარეთ ჩვენს ვითარებას - რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან განსხვავებულია! ჰიუგოს, ალექსანდრე დიუმას და ზოლას დონის მწერლები ჩვენ კი გვყავს, მაგრამ უამრავი ვინმეა ისეთი, ვინც ამ ხალხთან კი არა, საერთოდ მწერლობასთან, მეცნიერებასთან ცოტა მწყრალად იყო, მაგრამ მაინც აღმოჩდა მთაწმინდაზე.

შეიძლება ითქვას, საფრანგეთს ცხვირი მოვხოცეთ. იტალიაზე აღარაფერს ვამბობ, იტალიურ პანთეონში მოხვედრა ხომ ზღაპარია, იქ ხომ დანტეც კი ვერ მოხვდა...

რატომ არის ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი ერთ ადგილას ცენტრალიზებული დამარხვა?! აი, მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, მე დამკრძალეთ ჩემს ეზოშიო. დააკლდა რამე მის მწერლობას? იმის გამო, რომ იგი მთაწმინდაზე არაა დაკრძალული, იქ დაკრძალულ რომელიმე პროზაიკოსზე ნაკლები გახდა?! მისი „მთვარის მოტაცება“ არ არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო რომანი?! მისი პერსონაჟები არ იწვევენ აღფრთოვანებას?! თუ რა ხდება? რატომ მივაცივდით ასე ამ იდეას?

თუკი დანტე რავენაშია დაკრძალული (თავის მშობლიურ ფლორენციაშიც კი არა), თუკი ყველა ტურისტს შეუძლია მის საფლავზე მისვლა, ვითომ დანტე სერიოზულად ჩამორჩება ქართველ მწერლებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში იოლად დაიმკვიდრა ადგილი მთაწმინდაზე? რამე დააკლდა იტალიას, რომში რომ არ გადაასვენეს და პანთეონში არ დაკრძალეს?!

და ემილ ზოლა რომ პანთეონშია დაკრძალული, ამით სერიოზულად გაუსწრო მაგალითად - „მამა გორიოს“ ავტორ ბალზაკს? თუკი სტენდალის და ბალზაკის ადგილი არ აღმოჩნდა პანთეონში, ჩვენ რა უბედურება დაგვემართა, რატომ გვაქვს ეს აკვიატება?

ალბათ იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვა - „ხო აზრზე ხარ,მთაწმინდაზე დასაფლავება რა პრესტიჟულია!“.

არა, პრესტიჟული ისაა, როცა ნიჭიერი ხარ, როცა ხარ ვაჟა-ფშაველა! რა მნიშვნელობა აქვს იმას, დაკრძალულია თუ არა ვაჟა-ფშაველა მთაწმინდაზე? დიდუბეში რომ განისვენებდა, მაგ დროს ის ვაჟა არ იყო და რამე მოემატა „ალუდა ქეთელაურის“ დიდებას მას შემდეგ, რაც მისი ავტორი მთაწმინდაზე ამაღლდა?

უბრალოდ ეს ჩვენ, ჩვენ გვჭირდებოდა. როდესაც ჩვენ დაგვჭირდება, თავადვე გადავასვენებთ, პრობლემა არ არის.

რატომ არ შეიძლება, რომ ამ გადაწყვეტილებას ხალხი იღებდეს, ამ პროცესში ისტორია, დრო მონაწილეობდეს? დროს უნდა მივცეთ შანსი, დრო გვეტყოდა 30, 40 წლის შემდეგ, რას იმსახურებს ესა თუ ის მწერალი.

არადა, ისე გამოვიდა, რომ იყო ერთი წრე პოეტებისა, რომელთაგან ზოგს გაუმართლა, ზოგს არა და დაახლოებით ერთი სიდიდის ხალხიდან ზოგი მთაწმინდაზეა დაკრძალული, ზოგი დიდუბეში, ზოგი საბურთალოზე, ზოგი კიდევ „არსად“.

მადლობა ღმერთს, საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის კი არაა მთავარი, სად დაგკრძალავენ, არამედ ის, თუ როგორ იცხოვრებ და რას დაუტოვებ შენს ხალხს. პოეტები საფლავს კი არა, ლექსებს ტოვებენ!

ეს საკითხი ჩვენთან განსაკუთრებით მღელვარე იმიტომ არის, რომ მან კომიკური ხასიათი მიიღო. კომიკური ბევრი რამ გახდა ჩვენთან, მათ შორის ისიც, რომ მწერალთა კავშირი რომელიღაცა ავტორს ნობელის პრემიაზე წარადგენს. მათ არ ესმით, რომ ეს სასაცილოა, რადგან აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან რეალობას. რომელიმე რეზოს რომ ნობელის პრემიაზე წარადგენ, მერე მთაწმინდას მოგთხოვს, აბა რას იზამს? რატომაც არა? თუკი სხვისთვის შეიძლება, მისთვის რატომ არ შეიძლება?! და ასე გაგრძელდება, რა მნიშვნელობა აქვს, ნუგზარი იქნება, თენგიზი თუ რეზო?

მერე, როცა ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში პატარა დრტვინვა დაიწყება, ვიღაცა იტყვის - ეკუთვნოდაო, აგერ მე შემომხედეთ, არც მე ვარ ცუდი კანდიდატი მთაწმინდისთვისო და ასე...

რაკი ასეთი მდგომარეობა გვაქვს, მოდით და „შევადგინოთ რეინტინგები“ და ცოცხალ ადამიანებს ვუთხრათ - შენ მთაწმინდის კანდიდატი ხარ, შენ - არა. ბარემ იცოდნენ, აქვთ თუ არა გარანტირებული „თავიანთი მთაწმინდა“. ვიღაცებს ვუთხრათ, რომ შენ არ გეკუთვნის, რომ წყნარად იყოს და მერე მისი მთაწმინდაზე ამაღლების ამბავი ნათესავების მარიფათზე, გაწევ-გამოწევაზე და ჩაწყობაზე არ იყოს დამოკიდებული.

თავის დროზე ამას ვეტყოდი გალაკტიონს, მშვიდად რომ ყოფილიყო და არ ეფიქრა იმაზე, მიხვდებოდნენ თუ არა ქართველები, რომ მთაწმინდაზე დაეკრძალათ. თუ ასეთი გალაკტიონი გვყავს, ვუთხრათ ბარემ, რაღას ველოდებით?!  

პანთეონის საკითხი მწვავეა და მწვავედ დარჩება, მანამ, სანამ მწერლობაში არ მოკვდება საბჭოთა კავშირი! როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, საკითხიც ამოიწურება, რადგან ახალგაზრდა მწერლების დიდ ნაწილს საერთოდ არ აღელვებს, სად დაკრძალავენ სიკვდილის შემდეგ, რადგან არ აპირებენ სიკვდილს, პოეზიასა და მწერლობაში წერტილის სიკვდილით დასმას! სასიხარულოა, რომ როგორც იქნა გვყავს თაობა, რომელსაც ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებს.

მანამდე კი, ვისთვისაც პანთეონში დაკრძალვის საკითხი მწვავედ დგას, ჩემი გამოსავალი გითხარით:

1. სიმბოლური საფლავი რუსთაველს, რომ იცოდეს ამა თუ იმ რეზომ, ვის ეჯიბრება, ვის ეჭიდავება და ვისი ადგილის დაკავებას აპირებს;

2. სიცოცხლეშივე „დავადგინოთ რეიტინგები“ და ვიმსჯელოთ, გავუხეთქოთ გული ერთმანეთს და ვუთხრათ სიმართლე - შენ გეკუთვნის და შენ არა!

რაც მთავარია, ასე თუ გავაგრძელეთ, არც ერთი პანთეონი არ გვეყოფა, ამიტომაც, უკვე დიდი ხანია, დროა, თავი შევიკავოთ გენიოსების ხელოვნური გენერირებისგან.

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გრძელვადიანი ...

წინა კვირაში საქართველო პირველად წარდგა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სცენაზე. მის პერფორმანსს ევროპელი მაყუ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

დავიწყებულთა ხმა ციხიდან

„ლიბერალი" გთავაზობთ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პატიმრის წერილს ციხიდან: დღეს საქართველოს მრავალი ათასი ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

მტერი და მტრის სიკვდილი ქართულ ლიტერატურ ...

 ქართულ ლიტერატურაში მტერი პირველსავე ძეგლში ჩნდება და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მხატვრული ძეგლი რთულად წარმოსა ...

მეტი

^