Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დედები, რომლებზეც არავინ ზრუნავს

05 ნოემბერი 2013

უკვე წლებია ქვეყანაში მარტოხელა დედების პრობლემა დგას, თუმცა ეს პრობლემა არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების მხრიდან საჯაროდ აღიარებული არ არის. ქვეყნის კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა დედის სტატუსს განმარტავდეს და სახელმწიფოს ავალდებულებდეს იზრუნოს მარტოხელა დედების სოციალურ კეთილდღეობაზე. გარდა იმისა, რომ მათთვის არ არსებობს სოციალური დაცვის სისტემა და მთელ რიგ სახელმწიფო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ,  მარტოხელა დედები სიღარიბის მაღალ რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში მარტოხელა დედების რაოდენობა 31 000 აღწევს.

ერთ პატარა, უფანჯრო ოთახში, სადაც მხოლოდ საწოლი და კარადა დგას, 28 წლის  მაკა ხუთი წლის შვილთან, ნანუკასთან ერთად მარტო ცხოვრობს. ნანუკას მამამ ისინი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვეში დატოვა. ოთხ წელზე მეტია მაკამ ეს ოთახი ორმოცდაათ ლარად  იქირავა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს. მაკა თავისი შვილის მამასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა, თუმცა ბავშვს მამამ გვარი მისცა. 

ნანუკა სხვადასხვა ტრავმებით, ნაადრევად დაიბადა. აქვს ეპილეფსია, მიკროცეფალია და ცერებრალური დამბლის ნიშნები. მისი მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც დედას არ აქვს. მარტოხელა დედა რამდენიმე წელი უშედეგოდ ითხოვდა სოციალურ დახმარებას. ორი თვის წინ კი სოციალური სააგენტოდან დადებითი პასუხი მიიღო. მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებისა და ნანუკას ასლარიანი პენსიისგან შედგება. იმის გამო, რომ ნანუკას მუდმივი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება, მაკა მუშაობას ვერ ახერხებს. ხანდახან  მეზობლებს და ნაცნობებს  სარეცხს ურეცხავს, ან სახლს ალაგებს, ისინიც ოც ან ოცდაათ ლარს უხდიან. 

თითქმის ერთი თვეა ნანუკა საჯარო ბაღში დადის, თუმცა მხოლოდ დღის ორ საათამდე. რადგან, როგორც მაკა ამბობს, რთული ქცევების და სპეციალური საჭიროებების გამო ნანუკას ბაღში გაჩერება უჭირს.

“არავინ მყავს დამხმარე, არც ოჯახის წევრები, არც სხვა ვინმე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს, მაგრამ  ვერსად ვტოვებ, რომ ვიმუშაო. უამრავი წამალი სჭირდება, მუდმივად ექიმის კონტროლი, ამისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვმუშაობდე, რომ ეს შევძლო," - ამბობს მაკა.

ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია მარტოხელა დედების პრობლემებზე  მუშაობენ.  მათ არაერთი მარტოხელა დედა აკითხავთ, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის საჭიროებები აქვთ. უმეტეს შემთხვევაში, ისინი საკუთარი ოჯახის წევრების და საზოგადოების გულგრილობის შედეგად უსახლკაროდ რჩებიან. სახელმწიფოს მხრიდან კი მათთვის განსაკუთრებული დახმარების პროგრამა არ არსებობს. უფრო მეტიც, სახელმწიფოს ისიც კი არ აქვს განსაზღვრული, მარტოხელა დედებს რა კატეგორიის ადამიანები  წარმოადგენენ. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ჯერ უნდა აღიაროს ამ ადამიანების არსებობა და შემდეგ უკვე განსაზღვროს შესაბამისი სოციალური პოლიტიკა.

 „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“  ამბობენ, რომ მათი გამოცდილების საფუძველზე მარტოხელა დედის პრობლემა ერთი კონკრეტული ქალის პრობლემა აღარ არის და  ორგანიზაციას  ათასობით მარტოხელა დედა აკითხავს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ მუშაობა დაიწყო საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც  მარტოხელა დედებისთვის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს უზრუნველყოფდა.

„ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“, ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოსა“ და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა მარტოხელა დედებისთვის, სოციალური და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შეეხება კანონმდებლობაში „მარტოხელა დედის“ სამართლებრივი სტატუსის ასახვას, ასევე,  მსგავსი კატეგორიის პირებისათვის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას.

უპირველესად „მარტოხელა დედის“ სტატუსი განისაზღვრება. ცვლილებების მიხედვით, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და მის დაბადების მოწმობაში არ არის ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ.  ასევე, ის ქალი, ვისაც ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. თუკი ქალი დაქორწინდება, მას მარტოხელა დედის სტატუსი ავტომატურად შეუწყდება.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ექსპერტი იურიდიულ საკითხებში გია გოგიბერიძე ამბობს, რომ 1995 წლის მთავრობის განკარგულებაში არსებობდა ჩანაწერი, რომელიც ადგენდა, ვინ შეიძლება ჩათვლილიყო მარტოხელა დედად, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ  განკარგულება გაუქმდა და აღარ მოქმედებდა. შესაბამისად,  მსგავსი სტატუსის განსაზღვრის წესი რეგულირების მიღმა დარჩა.

„უნდა განისაზღვროს, თუ ვინ ჩაითვლება მარტოხელა დედად და როგორია მარტოხელა დედის საკანონმდებლო განმარტება. თუ არ ვიცით, ვინ არიან ამ კატეგორიის ადამიანები, დახმარებას ვერ გავუწევთ, ამიტომ პირველი ეტაპი სწორედ ეს არის. სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული მიდგომები არსებობს, მაგრამ ყველგან  მიიჩნევა, რომ ეს არის გარკვეულწილად მოწყვლადი ჯგუფი და მათ გარკვეული დახმარება სჭირდებათ. აქ არ არის საუბარი მარტო გარკვეულ მატერიალურ დახმარებაზე,  ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის შეღავათები, იგივე დასაქმებასთან დაკავშირებით", - ამბობს გია გოგიბერიძე.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქვეყნის მთელ რიგ კანონებში და  მათ შორის შრომის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, განხილვის პროცესშია. სამთავრობო და არასამთავრებო უწყებებთან განხილვის შემდეგ, პროექტი პარლამენტს წარედგინება. როგორც სამუშაო ჯგუფში ამბობენ, სტატუსთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, მაგრამ გარკვეული ცვლილებები უშუალოდ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული, ამ ეტაპზე სწორედ ასეთი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

თუკი ეს ცვლილებები დამტკიცდება, მაკა მარტოხელა დედის სტატუსის გარეშე დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ მას ქორწინების გარეშე ჰყავს შვილი, ნანუკას მამამ გვარი მისცა, შესაბამისად, ის ამ სტატუსით ვერ ისარგებლებს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მარტოხელა დედის სტატუსის განსაზღვრას უკავშირდება, ინიციატივაზე მომუშავე ჯგუფისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ქალების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრს“.  ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს არა მარტოხელა დედის, არამედ მარტოხელა მშობლის სტატუსი.

ორგანიზაციის დამფუძნებელი და ექსპერტი გენდერულ საკითხებში ელენე რუცესკაია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მარტოხელა მშობლის ან მარტოხელა მომვლელის სტატუსი იყოს განხილული, რადგან ხშირად არა მხოლოდ დედა, არამედ მარტოხელა შეიძლება იყოს ბებიაც, მამაც და მომვლელიც.

„მართალია, დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედებს. ხშირად, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იბადება, მამა ტოვებს შვილს და ქალს მარტო უხდება ბავშვის აღზრდა. მას არ აქვს არანაირი შეღავათები და კომპენსაციები. რომც ჰქონდეს პროფესია, ვერ გადის სამსახურში, რადგან ვერ ტოვებს შვილს. მნიშვნელოვანია ამ პრობლემაზეც დაიწყოს საუბარი", _ ამბობს ელენე რუცესკაია.

ორგანიზაციამ ევროპის თერთმეტი ქვეყნის შრომითი კანონმდებლობა განიხილა, სადაც  ცალკე არსებობს მარტოხელა მშობლებისთვის განსაკუთრებული პირობები შრომით ურთიერთობებში, ან კანონმდებლობა უფრო შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს. როგორც  ორგანიზაციაში ამბობენ, ამ ქვეყნების შრომითი კანონმდებლობის ანალიზის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში  გვხვდება არა მარტოხელა დედის, არამედ მარტოხელა მომვლელის ცნება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე დისკუსია უნდა გაგრძელდეს და საზოგადოება შეჯერდეს საერთო აზრზე, ამისათვის აუცილებელია მიზნობრივი ჯგუფების ჩართვა, ყველა მხარის მოსაზრების შეჯერება და ანალიზი.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ რეგიონალური კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი ამბობს, რომ სტატუსი ყველა ქალს სჭირდება, ვინც მარტო ზრდის შვილს, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად დიდი რიცხვი გამოდის, რომელსაც სახელმწიფო ვერ გასწვდება.

„უნდა გამოიყოს კატეგორიები ამ ქალებს შორის, როგორც სოციალური, ასევე სამართლებრივი დახმარების კუთხით~, _ ამბობს ელისო ამირეჯიბი.

ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, 2000 -2012 წლების ჩათვლით, საქართველოში 31 801 ბავშვია დაბადებული, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია.  2012 წლის მონაცემებით, ქორწინების გარეშე ქვეყანაში 18 528 ბავშვი დაიბადა, აქედან,მხოლოდ დედის განცხადებით, სამშობიაროდან 1 411 ბავშვი გაიყვანეს.

„ეს არ არის მხოლოდ უარყოფილი ქალი და ბავშვი, არამედ ეს არის უამრავი თანმდევი პრობლემა, რომელიც მას მოჰყვება. ეს არის არასრულფასოვნების განცდა, სტიგმა, სიღარიბე, მხარდაჭერის სისტემის არარსებობა", _  ამბობს ელისო ამირეჯიბი.

როგორც ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, მარტოხელა დედები მძიმე სოციალურ მდგომარეობასთან ერთად ყველაზე მეტად განიცდიან საზოგადოების, საკუთარი ოჯახის წევრების დამოკიდებულებას, რომ ისინი მიტოვებულები არიან, ამიტომ ხშირად მათ სჭირდებათ რეაბილიტირება, ღირსების აღდგენა და მამის გრაფაში ბავშვის მამის ვინაობის დაფიქსირება. 

2011 წლის ბოლოდან სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, მამობა სასამართლო წესით დადგინდეს. თუკი მამა შვილზე უარს იტყვის, დედას შეუძლია სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და სავარაუდო მამას გენეტიკური ანალიზის ჩატარება სასამართლოს წესით მოსთხოვოს. თუკი მოპასუხე მხარე ანალიზის ჩატარებაზე მაინც უარს განაცხადებს, მისი "მამობა" ავტომატურად დადგინდება.

მამობის დამტკიცება ნიშნავს, რომ მას გარკვეული პასუხისმგებლობებიც ეკისრება, მაგალითად, ალიმენტის გადახდა _ შემოსავლის დაახლოებით 20-25 პროცენტი. თუმცა, როგორც ელისო ამირეჯიბი ამბობს, ასეთ შემთხვევაშიც, აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, ანუ მამა გადაიხდის თუ არა ალიმენტს ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს.

გარდა ამისა, დნმ-ის გენეტიკურ ანალიზი 1600 ლარი ღირს. მართალია, ნაწილს მოპასუხე იხდის, მაგრამ მარტოხელა დედისთვის, 800 ლარიც საკმაოდ დიდი თანხაა, რომლის გადახდასაც ხშირად ვერ ახერხებენ. ამას „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“  მიერ ჩატარებული ახალი კვლევაც აჩვენებს, რომელიც დნმ-ის ტესტით მამობის დადგენისას მარტოხელა დედებში მატერიალურ და არამატერიალურ სირთულეებს იკვლევდა. კვლევაში მონაწილეობა 60-მა ქალმა მიიღო. როგორც კვლევამ აჩვენა, მთავარი სირთულე დნმ-ის ტესტით მამობის დადგენისას ქალების ფინანსური მდგომარეობაა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ  ქვეყანაში სპეციფიკური სოციალური პროგრამები ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არ არსებობს და საქართველოში მარტოხელა დედას მატერიალური დახმარების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში მოხვდება. ამასთანავე, ეს სოციალური დახმარება არა მხოლოდ სიმბოლურია, არამედ გენდერულად არასენსიტიურიცაა და არ ითვალისწინებს ქალებისა და, კონკრეტულად, მარტოხელა დედების სპეციფიკურ საჭიროებებსა და გამოცდილებას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამარ საბედაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა მოწყვლადი ჯგუფი ქვეყნის სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს. მისი თქმით, მარტოხელა დედების ჯგუფი მრავალფეროვანია და ყველას ერთნაირი პრობლემები შეიძლება არ ჰქონდეს, ამიტომ უნდა დაიგეგმოს კომპლექსური პოლიტიკა, რომელიც შეეხება როგორც განთლების სიტემას, ისე სოციალურ მომსახურებას და ჯანდაცვას.

„უნდა ვიცოდეთ, რა კონტიგენტზეა საუბარი. ჯერ უნდა გამოიკვეთოს ოჯახების რაოდენობა, შემდეგ უკვე ზუსტად განისაზღვროს, ვის სჭირდება დახმარება, ვინ არის უფრო მოწყვლადი ჯგუფი, უნდა ჩატარდეს საჭიროებების შეფასება. მარტოხელა დედებს უფრო მეტი საჭიროებები აქვთ, რაც მოუგვარებელია. არსებობს საკითხები, რომლებსაც შესწავლა სჭირდება და  მათი მოგვარება ნამდვილად სახელმწიფოს პასუხიმგებლობაა~, _ ამბობს თამარ საბედაშვილი. 

 

კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები

პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შევა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

} მე-17 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით აიკრძალება ორსული ან ახალნამშობიარევი ქალის, მარტოხელა დედისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

} მე-19 მუხლის თანახმად, დასაქმებულ მარტოხელა დედას მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. მიცემული აღნიშნული შესვენება მარტოხელა დედას სამუშაო დროდ ეთვლება და უნაზღაურდება.

} „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიზღუდება მარტოხელა დედის სამსახურიდან გათავისუფლება ბავშვის 5 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში.

} ცვლილებები შევა ასევე კანონში „სოციალური დახმარებების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით, ამავე კანონით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველი შეიძლება იყოს პირისათვის მარტოხელა დედის სტატუსის ქონა.

} ცვლილებები შევა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირის მიერ სასამართლოსადმი მამობის დადგენის თაობაზე სარჩელით მიმართვისას, სასამართლოს შეუძლია შესაბამისი სასამართლო პროცესის დასრულებამდე გადაავადოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) მიღებისათვის საექსპერტო დაწესებულებაში ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საექსპერტო დაწესებულებაში ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების საკითხი გადაწყდება ამ კოდექსის 53-ე _ 55-ე მუხლების შესაბამისად.

 ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის~ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები

კვლევაში მონაწილეობა 60 ქალმა მიიღო. 60-დან 38 ქალი იყო უმუშევარი. ბევრმა მათგანმა, რომელსაც ბავშვის დაბადების დროს თვეში 30-დან 300 ლარამდე ხელფასი ჰქონდა, დაკარგა სამუშაო ადგილი. ბავშვის დაბადების შემდეგ 17 ქალი ცხოვრობდა თავშესაფარში და 19 ნაქირავებ ბინაში.

ბავშვის დაბადებამდე რესპონდენტების უმეტესობა, 52 ქალი (გარდა 8 ქალისა, რომლებიც ცხოვრობდნენ მარტო ან თავიანთ ქმრებთან ერთად), ბავშვის დაბადებამდე ცხოვრობდა მშობლების სახლში. მათ არ გააჩნდათ არანაირი პირადი საკუთრება (ორი ქალის გარდა, რომლებსაც მემკვიდრეობით გადაეცათ ბინა).

რესპონდენტთა უმრავლესობა ბავშვის სავარაუდო ბიოლოგიურ მამასთან არარეგისტრირებულ ურთიერთობაშია. რამდენიმე რესპონდენტი ჯვარდაწერილია. ბავშვის სავარაუდო ბიოლოგიურ მამასთან ქალების ურთიერთობის ზოგადი ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდეა. მამაკაცთან ურთიერთობა უმეტესობამ დაფეხმძიმების შემდეგ შეწყვიტა.

60 გამოკითხულიდან მხოლოდ 8 რესპონდენტმა თქვა, რომ ბიოლოგიური მამის რეაქცია პოზიტიური იყო. 52 მამაკაცს კი, რესპონდენტების თქმით, შემდეგი სახის რეაქცია ჰქონდა: კაცები ითხოვდნენ აბორტის გაკეთებას, მიმართავდნენ ქალების წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობას, სრულიად წყვეტდნენ ქალთან და მის მომავალ შვილთან ურთიერთობას და უარს ამბობდნენ ბავშვის შვილად აღიარებაზე.

60-დან 42-ს არ უნდოდა აბორტის გაკეთება, 18-ს სურვილი ჰქონდა, მაგრამ ზოგს ფული არ ჰქონდა და ზოგისთვის უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.

კვლევის მიხედვით, 60 ქალიდან 20-მა აღნიშნა, რომ ფინანსურად არავინ ეხმარებოდა. შვიდმა ქალმა თქვა, რომ პერიოდულად ბიოლოგიური მამა ეხმარება, აქედან ორი იღებს ალიმენტს. 8 ქალი დახმარებას იღებს თავშესაფრის წევრებისგან. 60-დან 25 ქალს მუდმივად ან პერიოდულად ეხმარება ოჯახი. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ეს დახმარება მინიმალურია.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^