Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოპ ხუთეული - ყველაზე ჭკვიანი ცხოველები

26 თებერვალი 2018

ზურა გურიელიძე - თბილისის ზოოპარკის დირექტორი

რომელია ყველაზე უფრო ჭკვიანი ცხოველი?! ბუნებრივია, ყველას თავისი შეხედულება აქვს, რადგან ყველაზე რთული იმ კრიტერიუმებზე შეჯერებაა, რომლითაც ცხოველის გონიერება უნდა განისაზღვროს.

ხშირ შემთხვევაში, ცხოველებს ისეთი რთული ქცევა ახასიათებთ, რომ ძნელია განსაზღვრო, სად მოქმედებს გონივრულად და სად ინსტინქტის დონეზე.

წლების განმავლობაში არსებობდა ერთი ასეთი კრიტერიუმი - ნეოკორტექსის არსებობა (ტვინის სტრუქტურა), რაც ახასიათებთ ძუძუმწოვრებს, მათ შორის ადამიანებსაც. ეს კრიტერიუმი მას შემდეგ გახდა საკამათო, რაც აღმოჩნდა, რომ ფრინველები ამჟღავნებენ რთულ ქცევას, ზოგჯერ ძუძუმწოვრებზე უფრო კარგად „აბარებენ გონივრულობის ტესტებს“.

ზოგადად, არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომლითაც განისაზღვრება ამა თუ იმ ცხოველის გონიერება.

ერთ-ერთი პირველი, ე.წ. სარკის ტესტია. ამ ტესტის მიხედვით დგინდება, ცნობს თუ არა ცხოველი საკუთარ თავს სარკეში. იმ ცხოველთა რაოდენობა, რომელთაც სარკის ტესტი წარმატებით „ჩააბარეს“, ძალიან მცირეა. მათ შორის არიან ადამიანისმაგვარი მაიმუნები: შიმპანზე, ბონობო, ორანგუტანგი და გორილა; ვეშაპისნაირებიდან: აფალინა და მერცხალა ვეშაპი (ორკა); სპილო, გონებრივად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ცხოველი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - კაჭკაჭიც. აღსანიშნავია, რომ სარკის ტესტი ვერ ჩააბარეს ისეთმა ცხოველებმა, როგორებიც არიან: ძაღლები, კატები და ა.შ.

ადამიანებისთვის ამ ტესტის რელევანტურობა 18 თვის ასაკიდან იწყება, რასაც დაარქვეს კიდეც სარკის ეტაპი. 18 თვის ბავშვი პირველად აღიქვამს საკუთარ გამოსახულებას სარკეში. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სარკის ტესტი ცხოველებში.

მეორე კრიტერიუმი - ცხოველების მიერ იარაღის გამოყენება. აქაც გარკვეული რანჟირებაა - რისთვის და როგორ იყენებენ ცხოველები იარაღს.

ადამიანისმაგვარ მაიმუნებს არა მხოლოდ გამოყენება, არამედ გარკვეული პრიმიტიული იარაღების დამზადებაც კი შეუძლიათ. მაგალითად, ორი ჯოხის ერთმანეთზე დამაგრება და ამ იარაღით გარკვეული მანიპულაციების ჩატარება. 

ასევე, ფასკუნჯი, ფრინველი, რომელიც სირაქლემას კვერცხების გასატეხად კენჭებს იყენებს.

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი, გონივრული მოქმედების გამოვლინებას წარმოადგენს, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეს ფასკუნჯების თანდაყოლილი ქცევაა.

მნიშვნელოვანი კრიტერიუმია - გარკვეული მოვლენების შესაბამისი რიტუალებით შეხვედრა. ჩვეულებრივ ქცევით რეპერტუარს კი არა, რთულ რიტუალებს ვგულისხმობ.

ამ ტიპის რიტუალების გამოვლინება ცხოველებში ძალიან იშვიათია. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ქცევის კომპლექსი. მაგალითად, სპილოებში, ე.წ. სიკვდილის რიტუალი, როდესაც სპილოები, გარკვეული გაგებით, დასტირიან დაღუპულ თანამოძმეს.

სპილოების სასაფლაოსთან დაკავშირებული ლეგენდა, რომელიც რეალურად არ არსებობს შეიძლება სწორედ ამ რიტუალთან იყოს დაკავშირებული - დაღუპული თანამოძმე სპილოებს ხანდახან გადააქვთ სხვა ადგილზე. რატომ და რისთვის აკეთებენ ამას, ან რატომ გადააქვთ ცხოველის გვამი, რთული სათქმელია, რადგან ეს საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის. მაგრამ, მაგალითად, დუგლას -ჰამილტონს, კენიაში მომუშავე მეცნიერს, აღწერილი აქვს შემთხვევა, როცა სპილოებმა მკვდარი მარტორქა იპოვეს და დიდი ხნის განმავლობაში თან დაატარებდნენ.

რიტუალების სიმრავლით გამოირჩევიან შიმპანზეები. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ცნობილი „წვიმის ცეკვა“, რომელსაც ისინი ჭექა-ქუხილისა და წვიმის დროს ასრულებენ. საინტერესოა, რომ თითოეულ ჯგუფს საკუთარი ცეკვა აქვს და, როგორც ჩანს, ეს რაღაც ტრადიციით ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა.

ემპათიის გამოვლინება ცხოველებში არ არის იშვიათი. ისეთი შემთხვევებიც კი ფიქსირდება, როცა ცხოველი ემპათიას მისი მსხვერპლი სახეობის მიმართაც კი ავლენს.

და, კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც შემდეგ კრიტერიუმად შეიძლება განვიხილოთ - „ენა“, ანუ როგორ გადასცემენ ცხოველები და ფრინველები ერთმანეთს ინფორმაციას.

რასაკვირველია, ცხოველების ამ დონეზე შესწავლა ძალიან რთულია, თუმცა კვლევები ტარდება და, შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ურთულეს კომუნიკაციასთან გვაქვს საქმე.

ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ცხოველია ძაღლი, რომლიც ზედაპირული დაკვირვებითაც კი ჩანს, რომ კარგად ესმის ადამიანის საუბარი.

დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ძაღლს არ ესმის საუბრის შინაარსი და ადამიანთან კომუნიკაციისას ინფორმაციას მხოლოდ ინტონაციის მიხედვით იღებს. მაგრამ, ავსტრიელი მეცნიერი კონრად ლორენცი აღწერდა შემთხვევას, როდესაც ძაღლი ერთმანეთის მსგავს რამდენიმე სიტყვას არჩევდა. გერმანულად გამოთქმულ სიტყვებზე - ციყვი, ზღარბი, კატა - ძაღლი სხვადასხვაგვარად რეაგირებდა.

ამ კუთხით, ფრინველებისგან გამოირჩევიან მაღალი ინტელექტის მქონე ყორნისებრები: ყორანი, ყვავი, კაჭკაჭი. მაგალითად, როგორც იგივე, კონრად ლორენცი წერს, მას ჰყავდა ყორანი, რომელიც რამდენიმე დღით დაიკარგა. დაბრუნებულმა კი ასეთი ფრაზა თქვა - „გაება წყეულ ხაფანგში“. შესაბამისად, ლორენცი თვლიდა, რომ მათ გააზრებული საუბარი შეეძლოთ.

ასევე, საინტერესო შემთხვევა აქვს აღწერილი ჯერალდ დარელს თუთიყუშებთან დაკავშირებით. მას ჰყავდა თუთიყუში, რომელიც საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა. დარელის სტუმარი ქალბატონი კი მიიჩნევდა, რომ თუთიყუშის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმიტაცია იყო. როდესაც თუთიყუში რიტორიკული კითხვით („შენ ხომ არ აზროვნებ?“, „შენ ხომ არ აზროვნებ?“) შეაწუხა, თუთიყუშმა მკაცრად უპასუხა - „Kiss my ass”. ბუნებრივია, ზუსტად არავინ იცის, რეალურად რა როგორ მოხდა, მაგრამ მოდით ვენდოთ დარელს, რომელიც მიიჩნევდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული პასუხი ადამიანის მომაბეზრებელ საქციელზე.

განსაკუთრებით საყურადღებოა პრიმატების გონივრული ქცევა. ყველა პრიმატს, როგორც ადამიანისმაგვარ ისე დანარჩენ პრიმატებს, ძალიან რთული ქცევა ახასიათებს. ეს კარგად ჩანს მათ მიერ სხვადასხვა საგნების იარაღად გამოყენების და აგრეთვე რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების დროს. ბიოლოგების ერთი ძველი ანეკდოტის მიხედვით, მკვლევრებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ, რამდენად გონიერია მაიმუნი. მათ 4 სხვადასხვა სირთულის გამოსასვლელი დატოვეს - რაც უფრო მარტივი გასასვლელით ისარგებლებდა მაიმუნი, მით უფრო ჭკვიანი იყო ის. მაიმუნი მეხუთე გასასვლელიდან გავიდა.

საქმე კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ადამიანისმაგვარი მაიმუნებისათვის ჟესტების ენის შესწავლაზე (ამერიკული ჟესტების ენა - ASL) ვსაუბრობთ. ოთხივე დიდი მაიმუნი: შიმპანზე, ბონობო, გორილა და ორანგუტანგი საკმაოდ კარგად ითვისებს ჟესტების ენას და როგორც დოკუმენტურად დასტურდება, საინტერესო დიალოგს მართავენ დამკვირვებლებთან.

ამ კუთხით, შესწავლის ყველაზე პოპულარული ობიექტები შიმპანზეები არიან. შიმპანზე გონებრივად გამორჩეულად განვითარებული ცხოველია, რომელიც გენეტიკურ დონეზე ძალიან ახლოს დგას ადამიანთან - განსხვავება მხოლოდ 2%-ია.

ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული და ცნობილი გახლავთ შიმპანზეების ვაშო და მისი „მეუღლე“ - მოჯა , ნიმ ჩიმპსკი, ბონობო კანზი და პანბანიშა, გორილა კოკოსა და ორანგუტან-ჩანტეკის შემთხვევა. მათ ლექსიკონებში რამდენიმე ასეული სიტყვა შედიოდა, რომლებსაც იყენებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს საჭირო იყო. მაგალითად, ვაშომ იცოდა სიტყვა კბილის ჯაგრისი, მაგრამ ამ სიტყვას არ იყენებდა, სანამ აბაზანაში მკვლევრის კბილის ჯაგრისი არ დაინახა. მაშინ ვაშომ ამ საგანზე მიუთითა და მისი სახელწოდება წარმოთქვა. არ იფიქროთ, თითქოს აქ საუბრის იმიტაციაზე იყოს მსჯელობა, არა, ისინი აბსოლუტურად გააზრებულად საუბრობდნენ და ხშირად საკმაოდ გრძელ წინადადებებს წარმოთქვამდნენ. მაგალითად, ნიმ ჩიმპსკის ლექსიკონში 16-სიტყვიანი წინადადება შედიოდა.

დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა შიმპანზე მოჯამ, რომელიც ვაშოსთან ერთად ცხოვრობდა, აღწერა თერმოსი. მან სიტყვა თერმოსი არ იცოდა მისი სიტყვებით ასეთ რამ გამოვიდა - „ლითონის დასალევი ფინჯანი“ (ინგლისურად"METAL CUP DRINK"). საკუთარი თავის სარკეში დანახვისას ის ამბობდა - „მე, ვაშო“.

მოლაპარაკე პრიმატები იმდენად გააზრებულად საუბრობდნენ, რომ მათ, მათ მომვლელებსა და ექსპერიმენტატორებს შორის ძალზე საინტერესო საუბრები იმართებოდა. იყო შემთხვევა, როცა ვაშოს ერთ-ერთს მომვლელს, სახელად - კეტის, სამწუხაროდ, მუცელი მოეშალა. რამდენიმე დღეში, სამსახურში დაბრუნების შემდეგ, გადაწყვიტა ვაშოსთვის აეხსნა, რაც შეემთხვა და ASL-ზე აჩვენა,  რომ მას ბავშვი დაეღუპა ( "MY BABY DIED"). ვაშო ჯერ კეტის მიაშტერდა, შემდეგ კი თავი დახარა. ბოლოს ისევ ახედა და მკაფიოდ აჩვენა - “CRY“ (იტირე).

ცხოველების გინივრულობის ამსახველი ფაქტები იმდენად მრავალრიცხოვანია, მოლაპარაკე მაიმუნების საუბარი კი - იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი, რომ ამაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი.

____________

რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ჩამონათვალი სუბიექტური იქნება.

მეხუთე ადგილი - ყორნისებრი ფრინველები, მათ საუბარიც შეუძლიათ და სოციალური არსებებიც არიან. აქვთ საკუთარი ენა და სოციალური სტრუქტურა. ასევე, არაფერს ერიდებიან, როცა საქმე ნაშიერის დაცვაზე მიდგება. ეს უკანასკნელი გარკვეული ემპათიის გამოვლინების მაჩვენებელია. მათ იციან იარაღის გამოყენება. საკვების მოსაპოვებლად სხვადასხვა საგნების გამოყენება და მანიპულაციების ჩატარება შეუძლიათ.

მეოთხე ადგილი - ძაღლისებრები, ანუ მგელი და ძაღლი. ვისაც კი ჰქონია კავშირი, ვისაც კი სახლში ჰყოლია ძაღლი, ყველა აღფრთოვანებულია მისი გონებრივი შესაძლებლობებით.  ასევე, მნიშვნელოვანია ძაღლის მიერ ადამიანის მიმართ ემპათია და დასწავლის უნარი. საოცარი სანახავია, როგორ მწყემსავს ნებისმიერი მწყემსი ძაღლი ფარას.

თუ დავაკვირდებით მგლების ქცევას, ვთქვათ - ნადირობისას, ვნახავთ, რომ ეს პროცესი მათ გონებრივ მოქმედებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ნადირობის პროცესს ალფა მგელი არეგულირებს. ის არა მარტო გეგმავს, არამედ ხელმძღვანელობს პროცესს, რათა ხროვის სხვა მგლებმა დაკისრებული ამოცანა შეასრულონ. რაც განვითარებული გონების მაჩვენებელია.

ტოპ სამეულში პოზიციების განაწილება ძალიან ჭირს, რადგან, სახეობების დონეზე მსჯელობა მეცნიერთა შორის სერიოზულ არეულ-დარეულობას იწვევს.

მესამე ადგილი - სპილოები, განსაკუთრებით ინდური სპილო, რომელიც გონებრივად ცოტათი აღემატება აფრიკულს.

სპილო ძალიან საინტერესო ცხოველია, რომელსაც რთული ქცევა ახასიათებს. ის წარმატებით იყენებს იარაღს, მაგალითად - ხორთუმით იღებს ტოტს, რათა მისწვდეს სხეულის ამა თუ იმ ნაწილს. შთამბეჭდავია მისი კომუნიკაცია ადამიანთან. უშუალოდ ჩემი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ როცა მას ესა თუ ის საკვები უნდა, მისკენ ხორთუმით მიგითითებს.

სარკის ტესტსზე თუ ვისაუბრებთ, ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, როდესაც სპილოს თავზე X დაახატეს და სარკის წინ დააყენეს, მას ჰქონდა საოცრად საინტერესო რეაქცია - მომენტალურად იცნო თავი და საკმაოდ კარგად განვითარებული მიმიკითა და ხმის კომბინაციით გაკვირვებაც კი გამოხატა Х-ის გამო.

გარდა ამისა, სარკის გამოყენებით სპილოებზე კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა - ცხოველს წინ დაუყენეს ბარიერი, რომლის ზემოთაც სარკე იყო დამაგრებული. ბარიერის უკან საკვები იდო, რომლის დანახვაც სპილოს მხოლოდ სარკის გამოყენებით შეეძლო. ეს ტესტიც ყოველგვარი შეცდომისა და გართულების გარეშე „ჩააბარა“.

მეორე ადგილი - დელფინები. პირველ რიგში, ჩვენი - აფალინა, ასევე, მერცხალა ვეშაპი (ორკა). აფალინაც და მერცხალა ვეშაპიც მარტივად გადის სარკის ტესტს. საყოველთაოდ ცნობილია აფალინების ემპათია სხვა სახეობების მიმართ. ასევე, საინტერესოა, როგორ ასწავლიან ნადირობას მერცხალა ვეშაპები თავის ნაშიერებს. ესეც რთული ქცევის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა.

გარდა ამისა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, აფალინა ინტენსიურად იყენებს იარაღსაც. ზღვის ფსკერზე, სადაც იცინი მოლუსკებს ეძებენ, შესაძლოა წამახული მარჯნის რიფებისგან დაზიანდნენ. ტრავმის თავიდან ასაცილებლად აფალინა ღრუბელს - უხერხემლო ცხოველს ცხვირზე წამოიცვამს და ისე იქექება. ამ მეთოდს დედა აფალინა თავის ნაშიერსაც ასწავლის.

მათი ქცევა ძალიან რთული და საინტერესოა, თუმცა დელფინარიუმებში აქცენტს ძირითადად დელფინების ფიზიკურ შესაძლებლობებზე, პრიმიტიულ აქტივობებზე აკეთებენ.

პირველი ადგილი - ადამიანისმაგვარი მაიმუნები შიმპანზე, ბონობო, გორილა, ორანგუტანი. მათზე ვრცლად უკვე ვისაუბრეთ...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^