Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტალინი - ვერშემდგარი მწერალი

28 თებერვალი 2018

სტალინი, როგორც ვერშემდგარი მწერალი. იყო თუ არა სტალინი მწერალი და საერთოდ, რა კაცი იყო ლიტერატურის ამბავში...

ვიცით, რომ წიგნებისადმი სტალინის დამოკიდებულება სერიოზულ ვნებათაღელვას იწვევს. არსებობს ორი დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია - ერთნი ამბობენ, რომ სტალინმა წაიკითხა ლამის 20 ათასამდე წიგნი, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ მან საერთოდ, წერა-კითხვაც კი არ იცოდა. პირველთა რწმენით, ის მსოფლიოს ძალიან ღრმა და სერიოზული ცოდნით მართავდა; მეორე ნაწილს კი სჯერა, რომ ის რუკას ვერ კითხულობდა და საომარი მოქმედებების დროს გლობუსით ხელმძღვანელობდა.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური აზრი. ობიექტური აზრი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ვინმე ჩარლზ სნოუს, რომელიც არც სტალინის მომხრე იყო და არც მოწინააღმდეგე, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული პოლიტიკოსი იყო, რომელთან შედარებითაც, ჩემბერლენი და ჩერჩილი ძალიან გულუბრყვილოდ გამოიყურებოდნენ. სნოუს აზრით, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი - უინსტონ ჩერჩილი, სტალინთან შედარებითუაღრესად მოკრძალებული ყმაწვილი იყო.

ასევე, ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, სტალინის ბიოგრაფი, საიმონ სებაგ მონტეფიორე ამტკიცებს, რომ სტალინს უამრავი წიგნი ჰქონდა წაკითხული.

თვითონ სტალინი ამბობდა, რომ დღეში 500 გვერდს კითხულობდა.

ცნობილი ამბავია, რომ სტალინის კითხვა უყვარდა. რამდენიმე სურათიც კი არსებობს - სტალინი წამოწოლილი კითხულობს; სტალინი ზის და კითხულობს... ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ წიგნებთან ერთად სურათების გადაღება უყვარდა.

მნიშვნელოვანია, რომ მონტეფიორემ მიაგნო იმ წიგნებს, რომლებიც სტალინს უყვარდა. როგორც აღმოჩნდა, მისი ფავორიტი ავტორები ის მწერლები აღმოჩნდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირში აკრძალულიც კი იყვნენ. მაგალითად, სტალინს თურმე მოსწონდა დოსტოევსკისეშმაკნისაკრძალული თავი - „У Тихона“, რომლის გამოქვეყნება დოსტოევსკის სიცოცხლეშიც კი ვერ მოხერხდა.

სტალინს ჰქონდა ფერადი ფანქრები, რომლითაც უამრავ მინაწერს ტოვებდა წიგნების კიდეებზე. ასე რომ, ეჭვის საგანი არ არის, კითხულობდა თუ არა ლიტერატურას.

რამდენი წიგნი წაიკითხა სტალინმა - ამის დადგენა ძალიან რთულია, თუმცა ფაქტია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და საშიში დიქტატორი ნაკითხი კაცი იყო. და რაც მთავარია, ეს არ არის გასაკვირი, მათთვისაც კი, ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკოსები მაინცდამაინც ერთი, ან რამდენიმე წიგნის ამარა უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის ყველა პოლიტიკოსი ერთმანეთს ჰგავდეს, ბოლოს და ბოლოს, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც მანამდე დრამატურგები იყვნენ, მაგალითად - ვაცლავ ჰაველი და .

ამიტომაც, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ სფეროში არსებობენ გამონაკლისები - განათლებული პოლიტიკოსები. სტალინი, როგორც ჩანს, განათლებული პოლიტიკოსი იყო.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სტალინმა თავი დამწყებ პოეტად გაგვაცნო. ეს დამწყები პოეტი საკმაოდ ფაქიზ და, ტექნიკური თვალსაზრისით, მშვენივრად გამართულ ლექსებს წერდა. ერთ-ერთი ამ ლექსთაგანი საბჭოთა დროში ფაქტობრივად შედევრად იყო აღიარებული, რომლის ავტორობასაც ზოგიერთი ქართველი პოეტი სიამოვნებით მოაწერდა ხელს.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულს კლუბში ფეისბუქზე

ვგულისხმობ ლექსს, რომელსაც ჰქვიადილადა გარკვეული ასაკის თითქმის ყველა ქართველმა ზეპირად იცის - „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადახვეოდა იასა, ზამბახსაც გაღვიძებოდა და თავს უხრიდა ნიავსა“. შესანიშნავი, ბრწყინვალე საბავშვო ლექსია, ადვილად დასამახსოვრებელი, ძალიან ნათელი და ბრძნული აზრის შემცველი: „აყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო, და შენც ქართველო სწავლითა, სამშობლო გაახარეო“.

ასე რომ, იგი იყო იმედისმომცემი, ახალგაზრდა პოეტი, რომელსაც საბავშვო ლექსის გარდაპატრიოტული ლირიკის ერთი-ორი სხვა ნიმუშიც ჰქონდა, მაგალითად ლექსითავად რაფიელ ერისთავს“.

ნახეთ, მსოფლიო პროლეტარიატის მომავალი ბელადი არ უფრთხის სიტყვა თავადს, როცა საჭიროა, იყენებს მას. სხვათა შორის, ამ ლექსს ძალიან საინტერესო და პროლეტარიატის მომავალი ბელადისთვის არასწორი იდეოლოგიური საფუძველი აქვს, რადგან  მშრომელ გლეხებზე საუბრით იწყება. ყველას კარგად ესმის, პროლეტარიატისთვის ვინ იყვნენ გლეხები და როგორ მოექცა მომავალში სტალინი მათ, როგორ წაართვა პასპორტი, როგორ მოაწყო ჰოლოდომორი, როგორ ამოხოცა მილიონები და რა ზიზღი ჰქონდა მათ მიმართ. მაგრამ, აი ნახეთ, ბავშვობაში როგორ ლექსებს წერდა?  

როს მშრომელ გლეხთა ვაებით
საბრალოდ აცრემლებული,
ზეცას შეჰკვნესდი, მგოსანო,
ერისთვის თავდადებული“.

ანუ გლეხების ვაებაც ძალიან აწუხებდა. ესაა XIX საუკუნის ტრადიციები დაწერილი ლექსი, როდესაც პოეზიაში პუბლიცისტიკის ელემენტი შემოდიოდა. მას შემდეგ, რაც პოეზია ასეთმა ლექსებმა გადაღალა, ვაჟა-ფშაველამ იგი ხელახლა გამოიგონა ქართული მითოსისგან. მაგრამ, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს და სხვებსაც ჰქონიათ ასეთი ლექსები და ჰქონდა სტალინსაც.

სტალინი მიჰყვებოდა იმ გზას, ომლითაც მიდიოდა ქართული ლიტერატურა. ის არ ყოფილა ნოვატორი ლიტერატურაში და ამაშია მისი ვერშემდგარი პოეტობის საიდუმლო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩანს, პოეზია მას მაინც უყვარდა, ხელი გაურბოდა მისკენ. ამასთანავე, მას ხმა ჰქონდა და მღეროდა. საქართველო კიდევ ის ქვეყანაა, სადაც კაცზე რომ იტყვი, მღერისო, მის ნაკლზე ლაპარაკი, რაღაცნაირად, აღარ გინდა. ალბათ ამიტომაცაა, რომ სტალინის მოძულენი, მაგალითად, მე, ცოტა არაობიექტური ვართ იმ ტალანტის გათვალისწინები, რაც მას ღმერთმა დაამადლა. როგორც ჩანს, ყველანი პუშკინის ბრძნული აზრის ზეგავლენის ქვეშ ვართ, რომელმაც თქვა, რომ გენია და ბოროტმოქმედება შეუთავსებელია.

ეს არ უნდა იყოს მაინცდამაინც მართალი ამბავი, რადგან ტალანტი, ნიჭი და ბოროტმოქმედება მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს. კი ბატონო, ვიცით, რომ ბოროტმოქმედები, ტრადიციულად, არც ისე მაღალი ინტელექტის ადამიანები არიან, მაგრამ ყველა კანონს აქვს გამონაკლისი!

კრიმინალი და კაცობრიობის წინაშე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე, პირსისხლიანი სტალინი, ნიჭიერი კაცი იყო: ჰქონდა მუსიკალური სმენა, კარგი ხმა, იუმორის გრძნობა, რომელიც ხანდახან შავ იუმორში გამოიხატებოდა, ორგანიზატორის ტალანტი და .. რამდენი მილიონი ადამიანი შეიწირა ამ ყველაფერმა, ეს ცალკე საუბრის თემაა.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ასეთი საქმეებით იყო გართული, მან, მცირე ქვეყნის წარმომადგენელმა, პატრონის გარეშე მოახერხა გასწორებოდა მასზე უფრო განათლებულ ადამიანებს და მიეღწია დიდი იმპერიის სათავეში. ვფიქრობ, რომ მასაც ჰქონდა თავისი საიდუმლო იარაღი - ერთი შეხედვით ამ გაუნათლებელ, მოუმზადებელ კადრს მიღმა იდგა მისი ღრმა ცოდნა მსოფლიო ლიტერატურისა! ზოგადად, ეს ლიტერატურა რომ მხოლოდ სიკეთეს არ ემსახურება, სტალინმა ყველას დაუმტკიცა

როგორც ჩანს, მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის არის, რომ „წერას ჰყავდა ატანილი“ და სხვადასხვა ფორმით, მას არასოდეს ეშვებოდა. იცით, სტალინს ჰქონდა მცდელობები შეჭრილიყო ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენათმეცნიერება, ისტორიული მეცნიერება, პარტიის ისტორია, რედაქტორობდავეფხისტყაოსნისრუსულ თარგმანს, არიგებდა მისივე სახელობის პრემიას ლიტერატურის დარგში, ქომაგობდა ან კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა ცალკეულ მწერლებს, მაგალითად - ბულგაკოვს, რომელიც არც მოკლა, არც უცხოეთში გაუშვა და ტელეფონიც კი დაუდგა, პირდაპირ რომ დალაპარაკებოდა.

აი, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ სტალინმა არ დაკარგა ინტერესი ლიტერატურისადმი. თვითონ ვერ შედგა როგორც მწერალი, მაგრამ მაინც... ამას კარგად ადასტურებს 1949 წელს რუსულად დაწერილი მისი ლექსი, რომელსაც ჰქვია „Послушник“.

ამ ლექსში ის ლაპარაკობს ასეთ რამეზე - როგორ მოხდა, რომ მე შევძელი ამოდენა ქვეყნის მართვა და როგორც ისტორიის მანქანა, მილიონებს მოვერიე? აი, ასეთ კითხვას სვამს. თითქმის ბარათაშვილის, ნაპოლეონის დონის კითხვაა! როგორ მოხდა, როგორ იყო, ვინ იყო ჩემი უზენაესი მფლობელი, ვინ მკარნახობდა ყურში, ვინ მეუბნებოდა, ვინ მმართავდა მე, როდესაც მე ვმართავდი ქვეყანას.

ლექსი იწყება ასე:

Поговорим о вечности с тобою:
Конечно, я во многом виноват!
Но кто-то правил и моей судьбою,
Я ощущал тот вездесущий взгляд
.

თითქმის სული ბოროტი და ბარათაშვილია, მთლად დონით ვერა, მაგრამ მაინც. სტალინი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მასში ცხორობდა და არ ასვენებდა...

И я, как раб вселенского настроя,
Железной волей управлял страной
.

მე თვითონ, როგორც სამყაროს მონა, რკინის ნებით ვმართავდი ქვეყანასო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის პოეზია. ეს აღსარებას უფრო ჰგავს, მაგრამ დაწერილია, როგორც პოეზია. ესაა უნიკალური ტექსტი, იმიტომ, რომ სტალინზე კი არ წერენ, თავად წერს საკუთარ თავზე - წარმოგიდგენიათ, ნაპოლეონს ან ალექსანდრე მაკედონელს რომ ეწერათ თავიანთ თავზე ლექსები?

საერთოდ, დიქტატორებს ახასიათებთ ასეთი მიდრეკილებები და სტალინი პირველი არ არის. მსოფლიოს ყველა დროის პირველი და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, ელვარე პოლიტიკოსი - გაიუს იულიუს კეისარი ამავე დროს შესანიშნავი რომაელი მწერალი იყო, რომლის ენა კლასიკური ლათინურის ერთ-ერთი საფუძველთა-საფუძველია. „ომი გალებთანისტორიაში შევიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ლიტერატურა ფერმკრთალდება მის პიროვნებასთან შედარები.

ასევე, მოგეხსენებათ, რომაელებს ჰყავდათ იმპერატორი, მარკუს ავრელიუსი, რომელმაც ბერძნულად დაწერა ძალიან ღრმა, ფილოსოფიური ტექსტი ad se ipsum („საკუთარი თავისადმი“), ქართულ თარგმანში - „ფიქრები“.

შედგებოდა თუ არა სტალინი, როგორც მწერალი? მე თუ მკითხავთ, მას არ ჰქონდა იმოდენა ინტერესი მწერლობის მიმართ, რამხელა ინტერესსაც ლიტერატურის გამოყენებისადმი ავლენდა. 

სტალინი არ იყო მწერალი, სტალინი მკითხველი კაცი იყო. მიუხედავად ამისა, მას როგორც ყველა მკითხველს, ჰქონდა ცდუნება, ცდუნება რაღაც დაეწერა. ახალგაზრდობაში ეს იყო ლექსები - რომელი ქართველი დაბადებულა, ლექსი რომ არ დაეწერა?! მაგრამ, სტალინი ამავე დროს ფიქრობდა იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ერთი ჩვეულებრივი გორელი ბიჭი ამხელა სიმაღლეზე, როგორ იქცა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე ელვარე გმირად, რომლის ღვაწლის აღიარებაც მის დაუძინებელ მტრებსაც კი უწევდათ.

მაგალითად, უინსტონ ჩერჩილი, რომელსაც ზუსტად ვიცით, რომ სტალინზე მზე და მთვარე არ ამოსდიოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა და თქვა - რუსეთს გაუმართლა, ომის დროს ასეთი კაცი რომ აღმოაჩნდაო.

როგორც ჰყვებიან, სამეულის შეხვედრის დროს, სტალინმა ლიტერატურაში რუზველტი და ჩერჩილიც კი გამოსცადა. გადმოცემის მიხედვით, ჩერჩილს ერთი სიმპაიური ოფიცერი ახლდა, რომელ, ამბობდნენ, მაღალი ზნეობით არ გამოირჩეოდაო. სტალინს ჩერჩილთან საუბარში მხატვარი ბეზილი უხსენებია და ოფიცერზე უნიშნებია, ჩერჩილი კი ვერ გარკვეულა.

სტალინს ოსკარ უიალდისდორიან გრეის პორტრეტიჰქონია მხედველობაში, ოფიცერი იმ უზნეო კაცს მაგონებს, რომელსაც სახეზე არაფერი ეტყობა, სამაგიეროდ, ბეზილის დახატული პორტრეტი მახინჯდებაო.

ჩერჩილი ვერ გარკვეულა, სტალინი კი მოლოტოვს მიბრუნებია და უთქვამს, ამათ როგორ არაფერი იციანო. მერე ისიც გახსენებია, რომ მოლოტოვი უფრო მძიმე შემთხვევა იყო და ხელი ჩაუქნევია.

ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენია ინგლისის დელეგაციას, საიდანაც გაჟონა კიდეც ამ ინფორმაციამ.

საინტერესოა ისიც, რომ სტალინს მოსწონდა უცხო ენები, მაგრამ მას არ ჰქონდა მიდრეკილება ამ უცხო ენებისადმი. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი, ირაკლი შენგელია, ფაქტობრივად მთავარი ქართველი ლათინისტი და უზარმაზარი  ფიგურა ამ სფეროში, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დაიჭირეს, რომ სტუდენტის კითხვაზე - რამდენი ენა იცის სტალინმაო, უპასუხა - ორი, მაგრამ კარგადო.

20 წელი მიუსაჯეს, სტალინმა 20 ენა იცისო!

სტალინმა არ იცოდა უცხო ენები, მაგრამ მათ სწავლას ცდილობდა. ბოლო წლებში, როდესაც ასაკში შესული მწერლობაში ჩაერია, როგორც ჩანს, მას კარგად აღარც ქართული ახსოვდა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაიწუნა ვაჟა-ფშაველა - შესაძლოა, სტალინი ქართულ ენაში უკვე ვეღარ ერკვეოდა. ვაჟას ენაში, მის ენობრივ პოლიტიკაში რომ გაერკვე, ქართული ძალიან კარგად უნდა იცოდე!

სიცოცხლის ბოლოს, სტალინმა საქართველოს ცეკას პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს ვაჟა-ფშაველას ტომების გაგზავნა სთხოვა, კანდიდ ჩარკვიანი ხომ აქებდა და ადიდებდა ვაჟას, თუმცა... წაიკითხა რა სტალინმა ეს წიგნები, ჩარკვიანს განუმარტა, რომ ვაჟა ჩამორჩენილია, მისი ენობრივი პოლიტიკა არ ვარგა, აკაკი მასთან მართალი იყო, როცა ენას უწუნებდა და .. შემდეგ პირდაპირ მოთხოვა, ეს ყველაფერი პარტიულ დოკუმენტებში ასახულიყო და აისახა კიდეც. ეს ჩვენი კულტურის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი სირცხვილია!

ასაკში სტალინი ვეღარ იყო მაგარი მშობლიურ ენაში, მასთან ჩასულ ქართველ ისტორიკოსებსაც კი რუსულად ელაპარაკებოდა. შესანიშნავად თქვა მისმა ქალიშვილმა, სვეტლანა ალილუევამ - „Наш папа раньше был грузином“.

სტალინი ქართველი იყო მაშინ, როცა ქართულ ლექსებს წერდა. ნელ-ნელა ისქართველობიდან გადიოდადა არცთუ კარგი აზრისა იყო საკუთარ სამშობლოზე. მიუხედავად ამისა, მან იცოდა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის ფასი. როდის გაიგო ეს, არ ვიცით, თუმცა, პატივსაცემია მისი გემოვნება, რადგან მან იცოდა ყაბეგის ფასი. ალექსანდრე ყაზბეგი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. რა თქმა უნდა, ის მსოფლიო მწერალი არ არის, მაგრამ უნიჭიერსი კაცი იყო, რომელსაც ხელი რომ არ შეშლოდა, შეიძლება ძალიან დიდიც გამხდარიყო. როგორც ჩანს, სტალინმა ეს იგრძნო, რაც ვლინდება კიდეც არაერთ ფაქტში, მათ შორის, მის ფსევდონიმში - „კობა“.

ასე რომ, მისი უცნაური დამოკიდებულება, ყაბეგი რომ მოსწონდა და ვაჟა-ფშაველა - არა, რა თქმა უნდა, მის შესახებ ბევრ რამეზე მეტყველებს. ვაჟა-ფშაველასთან სტალინმა დაინახა სრულიად მიუღებელი თავისუფლებისმოყვარეობა და ლიბერალიზმი, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო მისთვის. თორემ, ადრე, როცა ლექსებს წერდა, ვაჟა-ფშაველაზე კი არა, რაფიელ ერისთავზე გიჟდებოდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტალინი არსებითად არ იყო მწერლის ტიპი, ის მკითხველის ტიპი იყო. მას უყვარდა, ან არ უყვარდა მწერლები, მოსწონდა მათი წვალება.

მაგალითად, ის აბსოლუტურად არ იზიარებდა იმ იდეოლოგიას, რასაც აღიარებდა ბულგაკოვი. მიუხედავად ამისა, 22-ჯერ დაესწრო მის პიესას! ეს იმას ნიშნავდა, რომ მოსწონდა, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები. თუმცა, შემდეგ ვითარება შეიცვალა.

სტალინის ლიტერატურული გემოვნებით არის განპირობებული ის, რომ პასტერნაკი და გალაკტიონი გადაარჩინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესენი ისეთი უდისციპლინო ხალხი იყო - განსაკუთრებით კი გალაკტიონი, რომელმაც ლენინის ორდენიც კი დაკარგა - რომ მოკლავდა! ბოლოს და ბოლოს, ირგვლივ ხომ ყველა დაუხოცა?!

ასევე, სტალინმა შემოთვალა, კონსტანტინე გამსახურდიას ხელი არ ახლოთო, მაგრამ შეეხო მიხეილ ჯავახიშვილს. სტალინი ცინიკოსი იყო. კრემლში შეხვედრისას, მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილს ჰკითხა, მამა როგორ არისომამა ხომ დახვრიტესო, უპასუხა ჯავახიშვილის ქალიშვილმა. რას მეუბნებითო, შეუცხადებია სტალინს, შეცდომა იქნებოდაო...

სტალინს ჰქონდა ლიტერატურული გემოვნება, ამ გემოვნებაში მოხვდა ის, ვინც გადარჩა და ვერ გადარჩა ის, ვინც ვერ მოხვდა.

არ მოსწონდა ოსიპ მანდელშტამი და ამიტომაც, მოკლა ლექსისთვის, რომელიც პოეტს არც კი გამოუქვეყნებია, უბრალოდ ზეპირად წაიკითხა.

მეორე მხრივ კი დაინდო პასტერნაკი, რომელიც უაღრესადპერსპექტიულიიყო დახვრეტის თვალსაზრისით.

თავისი სისუსტეები მასაც უნდა ჰქონოდა და ვფიქრობ ეს სისუსტეები ლიტერატურული ხასიათისა უფრო იყო, ვიდრე ადამიანურის.

როდესაც სტალინზეა საუბარი, მისი მომხრეები მუდმივად ფიქრობენ, რომ ის იმოდენა იყო, თუ მოინდომებდა დიდი მწერალი კი არა, დიდი გემთმშენებელიც კი გახდებოდა. არადა, სტალინი ზუსტად იმ სფეროში წავიდა, რომელიც მისი იყო, სადაც მან საქმის კეთება იცოდა და მიაღწია იმას, რასაც მიაღწია.

შეიძლება დიდი ქვეყანა ააშენო, ომიც მოიგო, მილიონებიც დახვრიტო, მაგრამ მწერალი ვერ იქნები, თუკი გულში სიყვარული არ გიდევს. სტალინს კი, ის სიყვარული, ბავშვობაში რომ ედო გულში, ვიღაცამ ამოგლიჯა და შეიძლება ითქვას, ის უგულო დიქტატორი იყო. უგულო მწერლობა არ არსებობს, შესაბამისად, ვერც სტალინი შედგებოდა, როგორც მწერალი.

სამაგიეროდ, უგულო და გულქვა დიქტატორების მეტი რა არის და აი, სტალინი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორების სიას მეთაურობს. ოღონდ, სტალინი ამავე დროს ახერხებდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო განათლებული და შეიძლება, გემოვნებიანი დიქტატორიც კი ყოფილიყო.

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ივნისი
21 ივნისი

სამთო დარტყმა თუ „ადამიანური გადაცდომა" ...

99%-ით შეიძლება ითქვას, რომ ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა არ ყოფილა. ეს უფრ ...
20 ივნისი
20 ივნისი

ბიზნესი ქალების გაძლიერებისთვის და პირიქ ...

გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველოში ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე კაცებთან შედარებით ბევ ...
18 ივნისი
18 ივნისი

დუმილის შემზარავი ფასი

დავით დოიაშვილის „ტარტიუფი“, როგორც პაზოლინის „თეორემის“ დღევანდელი ანარეკლი გახსოვთ პიერ-პაოლო ...

მეტი

^