Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის

06 მარტი 2018

რა არის არაფორმალური განათლება?

არაფორმალური განათლება არ  არის  ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილი. ის მიზნად ისახავს ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით.

მაგალითად, თუ ბავშვს აქვს სირთულეები ისტორიის სწავლაში, ის შესაძლოა წარუმატებელი იყოს ისტორიის გაკვეთილის თხრობისას. გაკვეთილის თხრობა კი ერთგვარი პრეზენტაციით წარდგენაა კლასის წინაშე. ამ წარუმატებლობის გამო ბავშვი ამ შემთხვევაში ორმაგი სირთულის წინაშე დგება - გარდა იმისა, რომ ისტორიის საგანში ვერ აღწევს მაღალ შედეგს, არ ხდება პრეზენტაციის უნარების განვითარებაც.  

ამ მაგალითის განხილვის საფუძველზე, ჩვენ მოგვიწევს დავსვათ ასეთი შეკითხვა - რა არის ზოგადად განათლების მიზნები და რა კომპეტენციების განვითარება სჭირდებათ ბავშვებს, რომლებიც მათ ზრდასრულობაში სხვადასხვა სიტუაციაში გამოადგებათ. მაგალითად, პრეზენტაციის უნარები, დებატებში მონაწილეობა, თანამშრომლობა, გუნდურობა, კომუნიკაცია, როგორც საგანი ცალკე შესაძლოა არ ისწავლებოდეს, მაგრამ განათლების თანამედროვე ამოცანაა, განუვითაროს ბავშვებს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც ყველანაირ სიტუაციაში გამოადგებათ.  

შესაბამისად, შესაძლოა, ბავშვს, რომელსაც დაბალი შედეგები აქვს ისტორიაში, წარმატებით გაართვას თავი პრეზენტაციას თავისი საყვარელი ფილმის ან მომღერლის შესახებ. თუმცა სკოლაში ამ სახის ცოდნაში, სავარაუდოდ, ნიშანს არ დაწერენ. ამიტომ არის არაფორმალური განათლება ორიენტირებული ისეთი ცოდნისა და უნარების დემონსტრირებაზე, რომელიც აფასებს არასავალდებულო სასწავლო კურიკულუმის ცოდნას და შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით ბავშვებში ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და უნარებს ავითარებს.

არის თუ არა რეალური შედეგის მომტანი  არაფორმალური განათლება?

მშობლები ხშირად გამოთქვამენ წუხილს ბავშვის დაბალი შედეგებისა და ქცევაში გამოვლენილი სირთულეების გამო, როგორიცაა, გამომწვევი (პრობლემური) ქცევა, დაბალი თვითშეფასება, წარუმატებლობის შიში, თანატოლებთან ან უფროსებთან ურთიერთობის სირთულეები და სხვ. საბავშვო ბაღი და სკოლა ძალიან ერთგვაროვანი სისტემაა. მოთხოვნები ბავშვების მიმართ ხშირად ხისტი და შაბლონურია. ასეთი ერთგვაროვანი და მოუქნელი გარემო  ზემოთ ჩამოთვლილ სირთულეებთან გამკლავებაში ბავშვებს ნაკლებად დაეხმარება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ფორმალურ სასკოლო სივრცეზე, მაგრამ განათლების სისტემის მიზანია, რომ ის თანდათანობით უფრო მეტად გახდეს ორიენტირებული ცოდნის, უნარების და კომპეტენციების ინტეგრირებული ფორმით განვითარებაზე.  

შესაბამისად, არაფორმალურად შექმნილ ინსტიტუტებში, როგორიცაა სხვადასხვა წრე, საკვირაო სკოლები, სადაც მათ უნდა გამოავლინონ კომუნიკაციური, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარები, ბავშვები სხვადასხვა შედეგზე გადიან, რაც მთავარია, კმაყოფილი არიან საკუთარი შედეგებით, ხდებიან საკუთარ თავში დარწმუნებულნი, თავს გრძობენ რეალიზებულად. 

რა ტიპის არაფორმალური განათლების ცენტრები არსებობს საქართველოში?

აქამდე, ქართულ სინამდვილეში უფრო გავრცელებული იყო სპორტული ან ხელოვნების წრეები. თუმცა თუ ჩვენ დღეს აქტუალურად ვასახელებთ ფსიქო-სოციალური უნარების განვითარების ცენტრებს და ვამბობთ, რომ  დღეისათვის თანამედროვე ადამიანს განვითარებისთვის, საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისა  და რეალიზებისთვის სჭირდება ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ჯანსაღი დისკუსიის უნარები, უკვე საუბარია ამ უნარების განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებულ სივრცეზე. მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის ცენტრში მუშაობდნენ კვალიფიციური ფსიქოლოგები, მასწავლებლები, შედგენილი იყოს შესაბამისი მოქნილი პროგრამა, ხელი ეწყობოდეს ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებებისა და ინტერესების გამოვლენას.

მაგალითად, როდესაც ჩემი შვილი პატარა იყო, მე ვმუშაობდი კვირაში 5 დღის განმავლობაში. ბავშვს ძიძასთან ვტოვებდი, შაბათ-კვირას კი საყიდლებისა ან თავის მოსაწერიგებლად მინიმუმ 2 საათი მჭირდებოდა. დავიწყე ისეთი სივრცის ძებნა, სადაც შაბათს ან კვირას ბავშვს დავტოვებდი და სადაც მას ხალისიანი და განმავითარებელი გარემო ექნებოდა. სახლში ბავშვს ბევრს ვასწავლიდი და ვეთამაშებოდი, მაგრამ უნარების განვითარებისთვის მინდოდა, ახალ-ახალი გარემო მოესინჯა, სადაც ის უსაფრთხოდ იქნებოდა და მის მიმართ შესაბამის მიდგომებს გამოიყენებდნენ. სამწუხაროდ, მე მაშინ ასეთ გარემოს ვერ მივაგენი, მაგრამ ახლა მე თვითონ დავაარსე ზუსტად ისეთი საკვირაო სკოლა, როგორსაც ჩემი შვილისთვის ვისურვებდი.

ეს არის საკვირაო სკოლა, რომელიც გათვლილია ბავშვის სწავლისა და განვითარების ხელშემწყობაზე. ამ ეტაპზე გვაქვს 3-დან 10 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები. ჩემი ცენტრის მისიაა ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ინდივიდუალური მიდგომა.


- საკვირაო სკოლაში შექმნილი გარემო ხელს უწყობს ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებების, ინტერესების, შემოქმედებითი უნარების გამოვლენას;

- მიმდინარე აქტივობები ბავშვებს უვითარებს ზოგად და კომუნიკაციურ უნარებს, მეტყველებას, წერა-კითხვას, ზოგად წიგნიერებას;


- სწავლება მიმდინარეობს თამაშის ფორმით არაფორმალურ გარემოში, რაც ზრდის ბავშვების დაინტერესებას კონკრეტული თემების მიმართ ისეთ საგნებში, როგორიცაა, ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება;


- ფსიქოლოგის მიერ განხორციელებული აქტივობები მიმართულია ინტელექტის განვითარებაზე, აზროვნების, მეტყველების, მეხსიერების, ყურადღების გავარჯიშებაზე;

- ხელოვნების გაკვეთილზე მიმდინარეობს მეცადინეობები სხვადასხვა მასალით ხატვასა და ძერწვაში;

- მრავალფეროვანი აქტივობები გამდიდრებულია სხვადასხვა რესურსით, აუდიო და ვიზუალური მასალებით;


- ყოველთვის წახალისებულია ბავშვის ძალისხმევა! 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^