Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

JOYEUX ANNIVERSAIRE CANNES!

30 მაისი 2017

“ნუ დატოვებთ თქვენს ჩანთებს, ჩემოდნებს და ნივთებს უყურადღებოდ, ტერორისტული აქტების შემდეგ უპატრონოდ დატოვებული ჩემოდნის გამო შეიძლება სადგურის ევაკუაცია გახდეს საჭირო” აცხადებდა ბორტგამცილებელი ქალი, გაბრაზებული ტონით,  კანისკენ მიმავალ მატარებელში. ერთი, ორი სამი ოთხი, ხუთი ექვსი შვიდი, რვა, ცხრა, ათი, ვითვლი გულში… ველოდები როდის წავა მატარებელი, როდის დასრულდება გრძელი ლოდინი მაისიდან მაისამდე. კანის კინოფესტივალზე მეშვიდედ ჩამოვედი ასეთი ტექსტი კი პირველად მოვისმინე. ცოტა შემეშინდა. 

მატარებელი 4 წუთში დაიძვრება. მე თვლას ვაგრძელებ, გასასვლელში ავირჩიე ადგილი, მძიმე ჩემოდნებით შორს ვეღარ წავედი. უცებ ისევ გავიგე “ცცცცცცც” კარი გაიღო, მწვანე ღილაკს ხელი იტალიელმა ქალმა დაიჭირა, 3-4 წლის ბავშვი და გერმანელი მეუღლე ახლდა. ბავშვის ეტლი სპეციალურად მითითებულ ადგილას დააბარგეს და დასხდნენ.

მატარებელი 2 წუთში დაიძვრება. იტალიელ ქალმა, კანის კინოფესტივალის 4 წლის წინანდელი ოფიციალური ჩანთიდან ბავშვისთვის წყალი და რამდენიმე პატარა სათამაშო ამოიღო. მივხვდი, რომ ისევე როგორც მე, ისიც კანის კინოფესტივალის ერთგული სტუმარია.

მატარებელი დაიძრა, ცოტა უკან გადაქანდა მერე წინდა ნელი სვლით ნიცის სადგურიდან გააღწია. კიდევ 14 გაჩერებაა კანამდე. ვფიქრობ რითი გავირთო თავი. ისევ მათ ოჯახს ვაკვირდები და ბინგო! იტალიელი ქალი ვიცანი, ნამდვილად ისაა! ზუსტად 4 წლის წინ ფესტივალის უზარმაზარ რიგებში ფეხმძიმედ იყო, თავისი სკამით დადიოდა, ხან ვაშლს ჭამდა, ხან გაზეთს კითხულობდა, ყველას ყურადღებას იქცევდა და თუ ვინმე ფოტოს გადაღებას დაუპირებდა კეთილად პოზირებდა. სადღაც მეც უნდა მქონდეს მისი ფოტო… ორსულობიდან მეორე წელს მესამოცე კინოდარბაზის შესასვლელთან შევხვდით, გამოველაპარაკეთ, ვკითხეთ ბავშვის შესახებ, შემდეგ წლებში კიდევ ვხედავდით, როგორ თავიდანვე ვერ მივხვდი.  

კანის კინოფესტივალი ასეთია, თუ ერთხელ გემო გაუსინჯე მის გარეშე ვეღარ ცხოვრობ. 12 დღით მიტოვებული ოჯახები, წლიდან წლამდე ნაგროვები ფულის ფლანგვის პერიოდი, კინოზე დამოკიდებული ადამიანების ქალაქი, კინო, კინო, ყველგან კინო… მეტი რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?!

ლიბერაააააასიონ, ლიბე, ლიბეეე, დემანდე ლიბეეე”- უკვე 28 წელია, ყვირის ჟილი, გაზეთ ლიბერასიონის გამყიდველი ფესტივალების სასახლის წინ. კანში ვართ. ჩამოვედით, ჟილის ხმამ მაუწყა, რომ ფესტივალი დაიწყო. მისი შეძახილი ამ ფესტივალის ოფიციალური საუნდტრეკია.

-Bonjour Anna. (გამარჯობა ანა) -Bonjour Jill (გამარჯობა ჟილ) ორჯერ, ფრანგულად გადავკოცნეთ ერთმანეთი. ჟილი ყველას იცნობს და ჟილს ყველა იცნობს.

გარშემო, ვიტრინებზე, უზარმაზარ კედლებზე, ფრანგული აივნის მინებზე, ყველგან კლაუდია კარდინალე ცეკვავდა. წითელი აფიშები, წითელი ხალიჩები, წითელი მზე... უხუცესმა ფესტივალმა საიუბილეო პოსტერის მთავარი ადგილი იტალიელ მსახიობს კლაუდია კარდინალეს დაუთმო. მახსოვს 65-ე ფესტივალის საიუბილეო აფიშაზე სანთელს მერლინ მონრო აქრობდა.  წელს კლაუდია ცეკვავს და ვცეკვავთ ჩვენც ყველა რადგან:

კანის კინოფესტივალი 70 წლის გახდა!  “Joyeux anniversaire, Happy birthday to you, joyeux anniversaire Cannes Happy Birthday to youuu” უმღეროდა ფესტივალს იზაბელ იუპერი.

ესპანელი კლასიკოსის პედრო ალმოდოვარის ჟიურიმ წითელი ხალიჩა აიარა… ფესტივალი დაიწო!

ალმადოვარს კანის კინოფესტივალი არ წყალობს, მას არც პალმა აქვს და არც ძლიერი კონკურსის დროს მოუწია ჟიურის პრეზიდენტობა. მასთან ერთად ჟიურის წევრობის პატივი ერგოთ: ჯესიკა ჩესტეინი (მსახიობი, პროდუსერი), პაოლო სორენტინო (კინორეჟისორი), უილ სმიტი (მსახიობი), ფან ბინგბინგი (მსახიობი, პროდიუსერი), ანიეს ჯაუი (სცენარისტი, მსახიობი, კინორეჟისორი), პარკ ჩან უკი მწერალი, რეჟისორი, პროდუსერი), გაბრიელ იარდი (კინოკომპოზიტორი), და მარენ ადე (მწერალი, რეჟისორი).

კვენტინ ტარანტინომ გაზეთ ფიგაროსთან საუბარში თქვა: თუ კინო რელიგიაა მაშინ კანის კინოფესტივალი ვატიკანი გამოდისო. მაგრამ ამ შემთხვევაში ვინ არის პაპი? პაპი აუცილებლად ტიერი ფრემოა, კანის კინოფესტივალის დირექტორი, მის გარეშე აქ არაფერი ხდება და არაფერი წყდება. წელს ტიერი ფრემოს გუნდმა მთავარი კონკურსისთვის 19 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეარჩია.

კონკურსში მონაწილეობდნენ: სოფია კოპოლა, ფატიჰ აკინი, კორნელ მუნდრუცო, მიხაელ ჰანეკე, ანრეი ზვიაგინცევი, ანდრეი ლოზნიცა, მიშელ ჰაზანავიჩუსი, ნაომი კავასე, რობინ კამპილო, ჰონ სანგსო, ბენ და ჯოშ საფიდები, ბონ ჯო ჰო, ფრანსოი ოზონი, ჟაკ დუალონი, ნოა ბაუმბახი, ლინ რამსაი, ტოდ ჰეინსი და რუბენ ოსტნულდი. სწორედ ამ უკანასკნელმა, შვედმა რეჟისორმა რუბენ ოსტლუნდმა  წაიღო წელს ოქროს პალმა სახლში, ფილმისთვის მოედანი.

სურათი მოგვითხრობს ამბავს კრისტიანზე რომელიც  ორი შვილის მამაა, ამავდროულად ის თანამედროვე ხელოვნების ცნობილი კურატორია. კრისტიანი მუშაობს ინსტალაციაზე რომელსაც “მოედანი” ჰქვია. მისი რთული ხასიათის გამო მასს ეგზისტენციალური კრიზისი ეწყება. ფილმი 1 და 42 წუთი გრძელდება და მთავარ როლებს ცლას ბანგი, ელიზაბედ როსი და დომინიკ უესტი ინაწილებენ.

საერთაშორისო პრესა პალმას სოფია კოპოლას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ამჯერად კოპოლა მხოლოდ ჯილდოს რეჟისურისთვის დასჯერდა. მან თომას კულინანის რომანის მიხედვით, დონ სიგელის ფილმის “მოტყუებულის” ახალი ვერსია გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, კრისტენ დანსტი და კოლინ ფარელი ასრულებენ. კლინტ ისტვუდის შემდეგ კოპოლამ მთავარ როლზე კოლინ ფარელი შეარჩია

ავსტრიელი კინორეჟისორი მიხაელ ჰანეკე კანის ფესტივალზე წელს მერვედ მონაწილეობდა. მას მიღებული აქვს გრანპრი, ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის და 2 ოქროს პალმა თუკი ჰანეკე წელს კიდევ ერთხელ გახდებოდა მთავარი ჯილდოს ლაურეატი, ის  ოქროს „პალმების“ ფლობის რეკორდს მოხსნიდა, თუმცა ასე არ მოხდა. მისი ფილმი “ბედნიერი დასასრული” ევროპულ ბურჟუაზიულ ოჯახზე მოგვითხრობს, მათ ყოველდღიურობასა და ზედაპირულ ურთიერთობებზე. ფილმში მთავარ როლებს იზაბელ იუპერი და ჟან ლუი ტრენტინიანი ინაწილებენ.

ეკრანზე კანის წითელი ხალიჩის წითელი კიბეები ქვევიდან ზევით მოძრაობდნენ, აპლოდისმენტები დასრულდა, ეკრანზე მერაბ ნინიძე გამოჩნდა. ამდენი წელია ამ ეკრანს ვუყურებ, ამდენი წელია უამრავ ფილმს ვნახულობ, მოგვწონს, არ მოგვწონს, დარბაზს ვტოვებთ ან სუნთქვაშეკრული ვაჩერდებით. ამდენი წელია ერთი და იგივე შეგრძნებებით ვივსები ყოველ მაისს 12 დღე. ეს რაღაც ახალი იყო. 4500 ჟურნალისტის ლუპის ქვეშ ქართველი მსახიობი მოექცა. ვუყურებდი ეკრანს და ახალი შეგრძნებების მთელი ტალღა მანგრევდა. ნერვიულად ვაკვირდებოდი გარშემო მსხდომების რეაქციებს, ფილმა კანის მკაცრი აუდიტორიის აპლოდისმენტები დაიმსახურა. უნგრელი რეჟისორის კორნელ მუნდრუცოს საკონკურსო ფილმი “იუპიტერის მთვარე” ახალგაზრდა სირიელი დევნილის შესახებ მოგვითხრობს , რომელსაც საზღვარის არალეგალურად გადაკვეთისას იარაღით ჭრიან. ზუსტად ამ დროს არიანი აღმოაჩენს რომ გრავიტაციის ნიჭი აქვს და ფრენას იწყებს. თუმცა მას აკავებენ და ლტოლვილთა ბანაკში ათავსებენ, ზუსტად ამ ბანაკიდან გაქცევაში ეხმარება ექიმი გაბორ შტერნი, მერაბ ნინიძის გმირი.  

ჰოლივუდ რეპორტერი  წერდა  “მერაბ ნინიძე კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს პალმის რტოს რეალური კანდიდატია ლუი გარელთან, დასტინ ჰოფმანთან და სხვა კინოვარსკვლავებთან ერთად”.

მიუხედავად იმისა, რომ ნინიძე გამარჯვების რეალური კანდიდატი იყო ოქროს პალმა კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის წელს ხოაკინ ფენიქსს ერგო, ლინ რამსაის ფილმში (“შენ აქ არასდროს ყოფილხარ”) შესრულებული როლისთვის. მიუხედავად ამისა, იმ ახალი შეგრძნებების გამო, იმ ეკრანზე შავზე თეთრით დაწერილი ქართული სახელისა და გვარის გამო, ნინიძის უსაზღვრო მსახიობურ ოსტატობის გამო, ჩემთვის პალმა წელს მისია.

კანის კანოსკინოფესტივალი ტრადიციულად არ ღალატობს სოციალურ თემატიკას და რჩება სარკედ რომელიც წლის განმავლობაში დაგროვილ სამყაროსთვის მნიშვნელოვან მოვლენებს კინოდ აქცევს, თუმცა კინოს არ სცდება. სამხრეთ კორეელმა რეჟისორმა ბონ ჯო ჰოომ ამჯერად ცხოველთა დავცის კამპანია წამოიწყო. ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე რომელიც ყველაფრის ფასად თავისი ცხოველის გადარჩენას მულტი ნაციონალური კომპანიისგან ცდილობს. ფილმში “ოკჯა” მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი ტილდა სვინტონი ასრულებს. ჩვენ შევძელით მისთვის კითხვა დაგვესვა.

ჩემი კითხვა: ხართ თუ არა ცხოველების მოყვარული ადამიანი რეალურ ცხოვრებაში?

ტილდა სვინტონი: მე არ ვარ ცხოველების მოყვარული, მე თვითონ ვარ ცხოველი, ჩვენ ყველა ცხოველები ვართ!

ორი წელია ველოდები კანის ფესტივალზე ფილმს რომელიც ტერორიზმის შესახებ გვიამბობს. გერმანელი რეჟისორის ფატი აკინის ფილმი “ჩრდილ ქვეშ” მოგვითხრობს გერმანელი ქალის ისტორიას, რომელმაც აფეთქების შედეგად მცირეწლოვანი ვაჟი და მეუღლე დაკარგა. გლოვისა და უსამართლობის შემდეგ, შურისძიების დრო დგება. არავინ იცის ამ სამყაროში ვინ აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში და როგორ მოიქცევა შემდეგ, არავინ იცის ისე სიარული რომ ბომბს ფეხი შემთხვევით არ დაადგას.

ფილმი სადაა, ეფექტებისა და მუსიკით შექმნილი განწყობის გარეშე. ოსტატური სისადავე იუმორშიც, ტრაგედიაშიც და ცინიზმშიც. ფატი აკინი გვეუბნება რომ შარლი ებდოდან მანჩესტერამდე განვლილმა გზამ სახელმწიფოებს ღირებული ვერაფერი ასწავლა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ სამყაროში ტერორისტების დამცველი ადვოკატები და მოსამართლეები. რაციონალურობამდე დადის ტერორიზმიც და საზოგადოებაც. ფაქტია უსუსურობის განცდა ყველაზე დიდი საწვავი შეიძლება იყოს იმის გასააზრებლად რომ რამის შეცვლა შეძლო.

ფილმში მთავარ როლს დაიან კრუგერი ასრულებს, სწორედ მას გადასცა ალმოდოვარის ჟიურიმ პალმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. თავიდანვე ცხადი იყო, პალმას გერმანელი მსახიობი წაიღებდა სახლში.

მატარებელი დილის 7:30 წუთზე გადის კანი-ნიცის მიმართულებით. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი ვითვლი გულში... “ნუ დატოვებთ თქვენს ჩანთებს, ჩემოდნებს და ნივთებს უყურადღებოდ” შედარებით უფრო ლოიალური ხმით ავრცელებს ბორტ გამცილებელი კაცი განცხადებას. მატარებელი ჯერ უკან მერე წინ გადაქანდა… დაბადების დღემ საინტერესოდ და სტაბილურად ჩაიარა. კანის რიგით 70-ე კინოფესტივალი დასრულდა. ათვლა შემდეგ მაისამდე ისევ დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

ქართველი საზოგადო მოღვაწეები ეკლესიის შე ...

მე-19  საუკუნის  ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

„და ჩვენ ვუცეკვეთ“

ფილმის მთავარი გმირი, მერაბი და მისი ძმა დავითი ერთმანეთის პირისპირ წვანან. დავითს სახე ჩალურჯებული აქვს, ახლახან იჩხუბა ...

მეტი

^