Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები - რას ითვალისწინებს პროექტი

06 მარტი 2018

მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ელექტრონული კურსების მეშვეობითაც შეძლებენ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველომ“ პროექტის პრეზენტაცია დღეს გამართა.  

ფონდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონულ კურსებს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში შეიმუშავებს.

როგორც ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ პრეზენტაციისას განაცხადა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები შესაძლებლობას მისცემს პედაგოგებს, რომ მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგები.

კურსები მოიცავს როგორც ზოგადპროფესიულ პროგრამას, ასევე, საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს.  კურსების შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და პილოტირების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის.

„მიზანი არის ის, რომ 2019 წლის შემდგომ როგორც ტრადიციული ტრენინგები, ისე ონლაინ ტრენინგები ყველა მასწავლებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ყველა მასწავლებელს მიეცეს საშუალება რომ თავისი სოფლიდან, რაიონიდან ჩაერთოს ტრენინგებში, გაიაროს პროფესიული განვითარების კურსები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს რომ მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ“,- ამბობს მაგდა მაღრაძე.

როგორც შეხვედრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა, ეს არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი. მისი თქმით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრენინგების ტრადიციულმა ფორმამ „ამოწურა თავისი თავი“ და საჭიროა უფრო მეტად მოქნილი და მდგრადი სისტემა, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი სახლიდან ან საკლასო ოთახიდან ისარგებლოს პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსებით.

მისი განმარტებით, შეიძლება ელექტრონული ტრენინგები აისახოს სქემაში და მასწავლებლებს ტრენინგების გავლის საფუძველზე მიენიჭოს კრედიტქულები.

„ყველა რეფორმის ფარგლებში ,  რომელიც დღეს მიმდინარეობს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,  ერთ-ერთი მიმართულება დეცენტრალიზაციაა. ონლაინ ტრენინგებიც არის დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი სახე, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ეს ტრენინგები დარეგისტრირდება მასწავლებლის სახლში, ამ კურსების წარმეტებით გავლის შემდგომ, შესაძლებლობა ექნებათ ამ გზით მიენიჭოთ კრედიტები“,- განაცხადა ლია გიგაურმა.

ელექტრონულ კურსებს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია შეიმუშავებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.

პროექტის ხელმძღვანელის, განათლების საკითხების მკვლევრის სიმონ ჯანაშიას განმარტებით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება 9 კურსი. ეს კურსები იქნება ერთგვარი „ონლაინ თარგმანი“ იმ კურსებისა, რომლებიც დღესდღეობით გამოიყენებოდა ტრენინგების ჩატარებისას პირისპირ ფორმატში.

შეიქმნება სამი ზოგადი კურსი, რომლებიც სიმონ ჯანაშიას განმარტებით მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მასწავლებლების პროფესიული განვითარება, მოსწავლეების მოტივირება, სააწავლო მეთოდების/რესურსების გამოყენება, სასწავლო გარემოს ორგანიზება ისე, რომ იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, შეფასების სხვადასხვა მეთოდი და ინსტრუმენტი და ა.შ.

რაც შეეხება დანარჩენ 6 კურსს,- სამი საბუნებისმეტყველო მეცნიერების კურსებია, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის კურსები.

სიმონ ჯანაშიას განმარტებით, კურსი ხელს შეუწყობს მონაწილე მასწავლებლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. მაგალითისთვის, გარდა ონლაინ ფორუმის მეშვეობით დისკუსიების გამართვისა, პლატფორმა მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ სხვა მასწავლებლების სწავლის პროცესს, თავისი პასუხები კოლეგების პასუხებს შეადარონ, ზოგიერთი დავალების შესრულებისას კი მასწავლებლები ერთმანეთს შეაფასებენ.

„ეს ინტერაქცია, მასწავლებლებს საშუალებას მისცემს იცოდნენ, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით რა მოსაზრებები აქვთ კურსში ჩართულ მასწავლებლებს, ან უფრო მეტიც, რა მოსაზრება ჰქონდათ მათ წინამორბედებს, რომლებმაც უკვე გაიარეს კურსი. ამგვარად მასწავლებლები ერთმანეთის პრაქტიკას ეცნობიან, შესაძლებლობა ეძლევათ მათი წინამორბედების მოსაზრებები ან გამოცდილება გაითვალისწინონ“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, ელექტრონული კურსების პილოტირება გაზაფხულზე დაიწყება, პირველ სამ ელექტრონულ კურსზე მუშაობა კი პილოტირების საფუძველზე მიღებული საბოლოო შესწორებებით დასრულდება.

იგეგმება, რომ 2018 წელს ზოგადი კურსების შემუშავება, ხოლო 2019 წელს საგნობრივი ელექტრონულ კურსებს შემუშავება დასრულდეს და დაიწყოს მათი დანერგვა.

*************

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ STEM მიმართულების მასწავლებლებისა და საჯარო სკოლების დირექტორთა ტრენინგებს 2016 წლიდან ატარებს. რისთვისაც გამოყოფილია 14 მილიონი დოლარი.

2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, „ლიდერობის აკადემიის -1“ ფარგლებში გადამზადდა არაქართულენოვანი სკოლების 166 დირექტორი. „ლიდერობის აკადემია -2“ ფარგლებში კი მიმდინარეობს 1776 ქართულენოვანი სკოლის დირექტორისა და 1642 სკოლის ფასილიტატორის გადამზადება. რაც შეეხება პროფესიული განვითარების ტრენინგებს, ტრენინგების მოდული „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ გაიარა 15 134-მა მასწავლებელმა. 6630-მა პედაგოგმა კი გაიარა საგნობრივი ტრენინგი. 

2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის (გრანტის) ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. კომპაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლიც ითვალისწინებს სტრატეგიულ ინვესტიციებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების დასაფინანსებლად, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებების გაძლიერების მიზნით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^