Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო ევგენიძე: "გარანტირებული საგადასახადო შემოსავლების მიღებამდე დამატებით სოციალურ ვალდებულებებზე უარი უნდა ვთქვათ"

20 დეკემბერი 2013

2014 წლის ბიუჯეტის შესახებ “ლიბერალი” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ნინო ევგენიძეს ესაუბრა

 

პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა. ის მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 356,5 მილიონი ლარითაა გაზრდილი, მაშინ როდესაც, 2013 წლის ბიუჯეტს შემოსავლების სახით დაახლოებით 700 მილიონი ლარი აკლდება. გარდა ამისა, დაგეგმილი 6%-იანი ზრდის ნაცვლად, წელს 1.9%-იანი ზრდა მივიღეთ. მიუხედავად ამისა, 2014 წლის ბიუჯეტში გაიზარდა სამინისტროების დაფინანსება, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები, რეგიონების ტრანსფერები. იმის ფონზე თუ როგორ სრულდება 2013 წლის ბიუჯეტი, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ახალი ბიუჯეტის ამგვარად დაგეგმვა?

2012 წლის პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის წარდგენის პროცესს თუ გადავხედავთ, რეალისტურობის იმედი აღარ გვრჩება. მაშინაც ვთქვით, რომ მთავარი ხელისუფლების მიერ დასახული ამოცანაა. თუ რისი მიღწევა სურს მთავრობას ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტით; არის თუ არა მისი მთავარი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მიღწევა - ეს ნათელი უნდა იყოს. უმუშევრობის და სოციალური უთანასწორობის დაძლევა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის გზით მიიღწევა. სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის და განვითარების გზით ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მთავრობამ სოციალური უთანასწორობის შემცირება გადაწყვიტა, თუმცა გაჭირვებული ადამიანებისთვის გრძელვადიან პესპექტივაში მდგომარეობა ვერ იცვლება.

იმის პროგნოზირება,რომ ამ ბიუჯეტით 6%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ მიიღწეოდა და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები ვერ შესრულდებოდა, რთული არ იყო. 2013 წელი პოლიტიკური არასტაბილურობის წელი იყო. მთელ მსოფლიოში ინვესტიციების შემცირების ტენდენციაა, ამის დანახვა და გათვალისწინება ძალიან ადვილი იყო. მთავრობას სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების და დაგეგმვის კუთხით არათანმიმდევრული პოლიტიკა ჰქონდა, ამიტომაც მივიღეთ გარღვეული ბიუჯეტი. ვფიქრობ, 2014 წლის ბიუჯეტსაც დაახლოებით იგივე საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

გადასახდებით მიღებული შემოსავლები შემცირებულია ასი მილიონი ლარით. სოციალური ვალდებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს, თუ ის გადასახადებით დაფინანსდება. თუ ბიზნესაქტივობა ქვეყანაში მაღალი იქნება, მაშინ გადასახადებით ბიუჯეტი მეტად შეივსება. თუ ამგვარი აქტივობა არ იქნება, მაშინ შემოსავლებიც ნაკლები იქნება, ახალი სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება და ეკონომიკაც ვერ განვითარდება.

ბოლო წლების განმავლობაში ასეთი საბიუჯეტო დეფიციტი არასდროს ყოფილა. მიმდინარე წელს კი ბიუჯეტში უკვე შვიდას მილიონიანი გარღვევაა. გარდა იმისა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, კიდევ რა ფაქტორებმა გამოიწვია ასეთი შედეგი? შეიცვალა თუ არა რამე თუნდაც საგადასახადო პოლიტიკის კუთხით?

საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მთავრობამ დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება გადაწყვიტა და ეს ტვირთი 2014 წლის ბიუჯეტს დააწვება. საგადასახადო კოდექსით დადგინდა, რომ ყველა ის პირი, რომლის წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ გადააჭარბებდა, მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნებას შეძლებდა. ეს არის 180 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფომ 2014 წელს უნდა დააბრუნოს, რაც მომავალი წლის საფინანსო რესურსს 180 მილიონით ამცირებს. ამით კი ის ადამიანები, ვინც ეს შეღავათი უნდა მიიღოს მნიშვნელოვან სარგებელს ვერ ნახავენ. ვფიქრობთ, რომ ასეთი ინიციატივები გაუმართლებელია. კარგი იქნებოდა არა ასეთი შეღავათის არსებობა, არამედ ამ თანხის სოციალურად დაუცველი კონკრეტული ჯგუფისათვის გაწერა მიზნობრივი სოციალური დახმარებისთვის.

2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა ერთ ნახევარ მილიარდზე მეტი სესხის აღებას აპირებს, როგორც ბანკებიდან ასევე დონორი ორგანიზაციებიდან. ეს თანხა, როგორც ის დაგეგმეს, ძირითადად ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებს და აღებულ ვალდებულებებს უნდა მოხმარდეს. რამდენად სწორი სტრატეგიაა, და შეიძლებოდა თუ არა სხვა გამოსავალის გამონახვა?

2014 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველაზე მაღალი მოცულობის საკრედიტო რესურსის - 1,6 მლრდ ლარის - მოზიდვას. საიდანაც 600 მლნ სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მიღებული სახსრებია, ხოლო 1,2 მლრდ ლარი - საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გამოსაყოფი. აქედან ორასი მილიონი კომერციული ბანკების სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსდება. ალბათ ეს იაფი სესხის სუბსიდირების საშუალება იქნება. რამდენად გამართლებულია ვერ გეტყვით, რადგან მთავრობას არ წარმოუდგენია გაწერილი პროგრამა, რა საპროცენტო განაკვეთით იქნება ეს სესხები გაცემული და რომელი სექტორებისთვის. ეს დეტალური ინფორმაცია საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს რისკების გაანალიზება და დათვლა, რომ შემდეგ კიდევ უფრო პრობლემატური არ გახდეს ამგვარი სქემებით რაღაც გამოსავლის პოვნა. თან ეს არ არის ისეთი თანხა, რომელიც ეკონომიკაში მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევდა. ამით შესაძლებელია ენერგეტიკაში მხოლოდ ერთი ყველაზე პატარა პროექტის გაკეთება. მაგალითად, არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამ თანხის მიმართვა სოფლის მეურნეობაში, რადგან რისკი ძალიან მაღალია. მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% დაურეგისტრირებელია და ამ პრობლემის მოგვარებამდე იქ კაპიტალის მოზიდვა ძალიან რთულია.

ძალიან ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული რა სფეროებში აპირებს მთავრობა კომერციული ბანკებიდან ამ სესხის გაცემას. პირველ რიგში, აუცილებელია მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკა მკვეთრად ჰქონდეს ჩამოყალიბებული.

ზოგადად, ვალის აღება პრობლემა არ არის, მთავარია მიდგომა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება ამ თანხის მიმართვა ისეთ სექტორებში, რომლებსაც ზრდის და განვითარების რესურსი აქვს. თუ თანხა ჩაიდება ენერგეტიკაში, ინფრასრუქტურაში და სხვა სფეროებში, სადაც ამან შეიძლება უკუგება მოგვცეს, მაშინ ეს გამართლებული ნაბიჯი იქნება, მაგრამ თუ ვალი მხოლოდ სოციალურ ვალდებულებებს ფარავს, მაშინ ეს კარგი არ არის.

როგორც თქვენი ცენტრის ანგარიშშიც არის ნათქვამი, 2014 წლის ბიუჯეტი კვლავ სოციალური ვალდებულებებით არის დატვირთული. გაიზარდა ჯანდაცვის და სოციალური ხარჯები, მაშინ როდესაც ბიუჯეტს გადასახადების სახით მნიშვნელოვანი თანხები აკლდება, რამდენად გამართლებულია სოციალური ვალდებულებების კიდევ უფრო გაზრდა და იღებს თუ არა სახელმწიფო იმაზე მეტ ვალდებულებებს, რისი შესაძლებლობაც არსებული მდგომარეობით აქვს?

რა თქმა უნდა, არასწორია. სოციალური ვალდებულებების გაზრდა უნდა ხდებოდეს იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადების გზით მიღებული შემოსავლები ქვეყანაში იზრდება. თუ შემოსავალი არ აქვს სახელმწიფოს საგარეო ვალებით ამ ვალდებულებების დაფარვა შეუძლებელია.

ეკონომიკური ზრდის ტემპის გამოსწორებამდე და გარანტირებული საგადასახადო შემოსავლების მიღებამდე, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას სხვა დიდი მასშტაბის სოციალური ვალდებულებების აღებაზე და უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის სტიმულირებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ხოლო ამის ხარჯზე მიღებული ნამეტით, სახელმწიფომ აიღოს ახალი ვალდებულებები.

2013 წლის მდგომარეობა შედარებით გასაგები იყო - მთავრობას დაპირებები უნდა შეესრულებინა. მაგრამ მომავალი წლების განმავლობაში ხელისუფალმა უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნის განვითარებისთვისაა საჭირო და არა მხოლოდ ის, რაც მისი პოლიტიკური დაკვეთა შეიძლება იყოს. მთავრობამ არსებული მდგომარეობა და გარემო რეალისტურად უნდა შეაფასოს. სხვა შემთხვევაში მე ამ რესურს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. იმედია, ინვესტიციების მოცულობა და ბიზნესაქტივობა გაიზრდება. ამისთვის, სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ჰქონდეს; უნდა იცოდეს, რის გაკეთებას აპირებს მომავალ წელს და რა იქნება მისი პრიორიტეტები. თუ ეს პრიორიტეტები არის მხოლოდ სოციალური ვალდებულებების დაკმაყოფილება, ასეთ პირობებში ძალიან გაუჭირდებათ ამის შესრულება.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის?

ახლა პოლიტიკური ვითარება შედარებით სტაბილურია. თუკი სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური ხედვა ექნება, ბიზნესს ისეთ გარემო უნდა შეუქმნას, რომ მან ფულის ჩადება გადაწყვიტოს. წლების განმავლობაში საუბრობდნენ და შესაძლებელია ამ წნეხს ბიზნესი მართლაც აღარ განიცდის, მაგრამ ბიზესი არ რისკავს ფულის ჩადებას. ანუ სჭირდება ნათლად ჩამოყალიბებული პოლიტიკა და ხედვა იმისა, თუ რას აპირებს სახელმწიფო მომავალი წლების განმავლობაში. ბიზნესი ვერ იტანს ისეთ გაურკვევლობებს როგორიცაა, მაგალითად, ერთ დღეს მიწებზე მორატორიუმის გამოცხადება, მეორე დღეს შრომის კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილების განხორციელება.

მთავრობის მოვალეობაა განსაზღვროს პრიორიტეტები და პირველ რიგი ისეთ თემებს დაუთმოს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ემსახურება. ყბადაღებული თემაა, რომ ეკონომიკა იზრდებოდა, მაგრამ ხალხი ამას ვერ გრძნობს. ვფიქრობთ, რომ სხვა პრობლემებთან ერთად ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოში სტრუქტურული უმუშევრობაა. მაგალითად, ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს მოთხოვნა მუშახელზე, მაგრამ ქვეყანაში არსებული ადამიანური რესურსი მის დაკმაყოფილებას ვერ ახდენდეს. მოსახლეობის 90%-ს გააჩნია უმაღესი განთლება, მაგრამ არ გააჩნია უნარ-ჩვევები. ეს ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. როდესაც აფასებენ ეკონომიკური ზრდის თეორიას თუ როგორ ნაწილდება ეკონომიკური ზრდის შედეგები მოსახლეობაზე, ეს ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია. იმიტომ ვერ ნაწილდება, რომ ქვეყანაში სტრუქტურული უმუშევრობაა.

სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა.

ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი, საბიუჯეტო დეფიციტი, ახალი ვალები და გაზრდილი სოციალური ვალდებულებები პოლიტიკოსებს თუ ექსპეტრებს საკმაოდ პესიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს. ფინანსთა მინისტრი გვარწმუნებს, რომ აღებულ ვალდებულებებს სახელმწიფო შეასრულებს, პენსიების და ხელფასების გადახდას საფრთხე არ ემუქრება. საზოგადოებაში მაინც არსებობს შიში, როგორ აისახება ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი მათ ცხოვრებაზე. კონკრეტული ადამიანებისთვის რა საფრთხეებმა შეიძლება იჩინოს თავი არსებული ეკონომიკური მდგომაროების პირობებში?

დიდი იმედი მაქვს, რომ 2014 წელს მთავრობა თავისი დაპირებების შესრულებაში კიდევ უფრო რეალისტური იქნება. უმთავრესია სწორად განისაზღვროს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები. უნდა იყოს ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს.

სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად კეთდება განცხადებები ეკონომიკაში მოსალოდნელი სხვადასხვა რეგულაციების შესახებ. საჭიროა დროულად განისაზღვროს ასეთი მიმართულებები, თუმცა ზედმეტი რეგულაციები გააუარესებს საინვესტიციო გარემოს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ხელს შეუწყობენ კონკურენციის რეალურ გაუმჯობესებას.

სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს ის პრიორიტეტული სექტორები, სადაც შექმნის მაქსიმალურად ოპტიმალურ საინვესტიციო გარემოს. უნდა განისაზღვროს ის სექტორები, რომლებშიც, სახელმწიფოს აზრით, საკუთარი თუ მოზიდული სახსრებით, ის თავად შეძლებს ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტიციების განახორციელებას.

სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ისეთი საგადასახადო შეღავათებსა და წესებზე, რომლებიც ატარებენ ზოგად ხასიათს და ამის სანაცვლოდ საფინანსო რესურსი უნდა მიმართოს კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური პროექტების განხორციელებაზე, თუნდაც, მაგალითად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დახმარების გაზრდის მიზნით. სოციალური დახმარება იქნება თუ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტები, აუცილებლად ყველაფერი მიზნობრივად უნდა კეთდებოდეს, რომ ზუსტად იმ ადამიანებთან მიდიოდეს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

მთავრობა ხალხს თუ მიაწოდებს ინფორმაციას, რა არის რეალისტური და რის გაკეთებას შეძლებს დღევანდელი რესურსებით, ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ვიდრე გრძლევადიან პესპექტივაში ამ ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გაუარესება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^