Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო "კავკასიური ცარცის წრეში"

16 იანვარი 2014

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღემდე არ დაკომპლექტებულა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2013 წლის 20 ნოემბერს შესული ცვლილებები, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაჩქარებული წესით არჩევა იყო, ვერ სრულდება. შესარჩევი კომისიის წევრები, რომლებმაც კონკურსის შედეგად 27 კანდიდატი შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს, ზემოთხსენებული კანონის დარღვევაზე საუბრობენ. სამართლებრივად როგორ წარიმართა საბჭოს წევრების არჩევის პროცესი? დაირღვა თუ არა „კანონი მაუწყებლობის“ შესახებ?

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, 9 წევრისგან შემდგარი სამეურვეო საბჭო შემდეგი წესით უნდა დაკომპლექტდეს: „საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის  (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების)  წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს –  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“ (მუხლი 24, მეორე პუნქტი)

2013 წლის 23 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 27 კანდიდატი წარუდგინა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ და უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა არ გამოიყენა საკუთარი კვოტა და 3-3 კანდიდატი არ დაასახელა. ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 მეურვე პარლამენტმა უკვე შეარჩია. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საბჭოს წევრები გახდნენ საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილი პარლამენტის წევრების კანდიდატი - ქეთევან მსხილაძე, საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატი - ნათელა სახოკია და სახალხო დამცველის კანდიდატი - მარინა მუსხელიშვილი. კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულმა კანდიდატმა გენადი გელაძემ, უმცირესობის  კანდიდატმა - ნინია კაკაბაძემ და სახალხო დამცველის კანდიდატმა - ლელა გაფრინდაშვილმა. ამის გამო, აღნიშნულმა სუბიექტებმა კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ 2014 წლის 6 იანვარს წარუდგინეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრის, ნათია კუპრაშვილის თქმით, პარლამენტმა დაკისრებული ვალდებულება  არ შეასრულა, რადგან კანონში იმპერატიული ფორმით წერია, რომ აღნიშნულმა სუბიექტებმა უნდა წარადგინონ კანდიდატები, რაც ვალდებულებაა და არა  უფლება - „კანონის მიხედვით კანდიდატის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა სიით შემადგენლობის ნახევარზე მეტს, ანუ 76 დეპუტატს უნდა დაეჭირა მხარი. ვთქვათ, ვინმემ 76 ხმა ვერ მიიღო, ამის შემდეგ იწყება მეორე ტური, როცა სუბიექტები იმავე სიიდან იმავე ხალხს ან ახალ კანდიდატურებს წარადგენენ. ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის საჭირო 76 ხმა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისი იქნება პარლამენტის წევრთა სიით შემადგენლობის მესამედზე მეტის, ანუ მინიმუმ 51 დეპუტატის მხარდაჭერა. ეს ყველაფერი პროცედურულად ისეა გათვლილი, რომ შეუძლებელია კანდიდატმა, თუ კონკურსი ხელოვნურად არ ჩაშალეს, პარლამენტში 51 ხმა ვერ აიღოს. მაგრამ, რაც კენჭისყრაზე არ დამდგარა, ის თავისთავად ხმას ვერ მიიღებს. მეორე ტური რეალურად უმრავლესობა-უმცირესობის პოზიციებზე აღარ ჩატარებულა, იმიტომ რომ პირველი თუ არ ჩატარდა, მეორეც ვერ იქნება. ამდენად,ზოგადად კონკურსი ჩაშლილია“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, თუ სამეურვეო საბჭო სრულად ვერ დაკომპლექტდა, კონკურსი ხელახლა ცხადდება - „თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა  9  წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისთვის ხელახალი კონკურსი იმართება“( მუხლი 26, მეცხრე პუნქტი)

კანონის ამ პუნქტს იშველიებს ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი და მიიჩნევს, რომ კანონი ცალსახად დაირღვა, რადგან პარლამენტმა კანონით სავალდებულო პროცესები არ გაიარა, რაც გულისხმობს კანდიდატურების წარდგენასა და ჩავარდნას. ისინი პირდაპირ, შესაძლო ახალი კონკურსის შესახებ ალაპარაკდნენ - „ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ არღვევს კანონს. ასე ვთქვათ, ეს პროცესი „კავკასიურ ცარცის წრეში“ მოაქციეს, ერთი მხრივ, არის „ქართული ოცნება“, რომელიც ცდილობს მისდამი პარტიული ხაზით ლოიალურად განწყობილი ტიპები დაასაქმოს, მეორე მხარეს არიან პროფესიონალები, ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ რომ ყველაფერი  კანონის მიხედვით წარიმართოს და რეფორმა  ბოლომდე მივიდეს“.

კანონის დარღვევაზე საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრი ზვიად ქორიძე. მისი თქმით არსებითი საკითხი ამ კანონში სწორედ ისაა, რომ კანდიდატთა წარდგენა არის დეპუტატთა ვალდებულება, ხმის მიცემა კი - მათი არჩევნის თავისუფლება - „იმპერატიული ნორმა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ის ავალდებულებს პარლამენტს, რომ შეთანხმდნენ. კანონის მიხედვით, თუ სამჯერ წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საჭირო ხმათა რაოდენობა, თუ ვერ დაკომპლექტდა საბჭო 9 წევრით, მაშინ ეს ადგილი ვაკანტურად ცხადდება და ინიშნება ხელახალი კონკურსი. სხვა შემთხვევაში ხელახალი კონკურსი არ ინიშნება. მათ არ დაუსახელებიათ არავინ, შესაბამისად კენჭისყრა არ ყოფილა. სწორედ ეს არის პრობლემა, ხელახალი კონკურსი ეს არის უკიდურესი გამოსავალი. შესაბამისად, ჩვენ ასე კი არ უნდა დავსვათ საკითხი - თუ როგორი იქნება ის კონკურსი, რომელსაც პარლამენტი ჩაატარებს. ხელახალი კონკურსი არ უნდა გამოცხადდეს იმიტომ, რომ ეს არის კანონის დარღვევა. გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი და არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიონ ეს პროცესი. მართალია, ეს კანონი დღეს უკვე დარღვეულია, მაგრამ დარღვეულია მხოლოდ ვადებში, ამაზე შეიძლება პარლამენტმა დადგენილება გამოაქვეყნოს, რომ ვადებია დარღვეული და გადაწიოს ეს ვადები. მაგრამ პროცესის შეცვლა ეს უკვე  კანონის უხეში დარღვევაა“.

კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, იმავე აზრს იზიარებს კომისიის წევრი ია ანთაძე. მისი თქმით, კანონის სულისკვეთება იყო ის, რომ პოლიტიკური ინტერესები შეზღუდულიყო, რომ პარლამენტი იძულებული გამხდარიყო აერჩია ის კანდიდატები, რომელსაც კომისია წარუდგენდა მათ. გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტმა არ წარადგინა საჭირო რაოდენობის კანდიდატები, რაც მათი კანონით გათვალისწინებული მოვალეობა იყო, კანონი ცალსახად დაირღვა - „თუ კონკურსს თავიდან გამართავენ ლოგიკურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება, იქნება ახალი კომისია, შეარჩევენ ახალ კანდიდატებს. შესაძლოა ჩვენ მიერ წარდგენილი 27 კანდიდატიდან ვინმემ ისურვოს კონკურსში ხელახლა მონაწილეობა. ეჭვი გვაქვს, რომ ახალი კონკურსის შემთხვევაში თამასა დაიწევს და კონკურსში მოხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ჩვენი კომისიის კონკურსი ვერ გაიარა. ჩვენი თამასა ძალიან მაღალი იყო, დაფუძნებული სწორედ იმ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებზე რასაც, კანონი და პარლამენტი კომისიისგან მოითხოვდა“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანი მიროტაძე, რომელიც სამეურვეო საბჭოს დაჩქარებული წესით დასაკომპლექტებლად კანონში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთი ავტორია, მიიჩნევს, რომ კანონი არ დარღვეულა, „ვინაიდან პირველ ტურში უმრავლესობა ვერ შეთანხმდა, არასწორია მიდგომა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო და აუცილებლად დაგვესახელებინა წევრები. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევა საპასუხისმგებლო საქმეა და ეჭვებისა და შეუთანხმებლობის გამო ასეთ მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებას საჩქაროდ ვერ მივიღებდით. ეს უნდობლობაა დეპუტატების მიმართ, რაც შეურაცხმყოფელია. რაც შეეხება თავიდან კონკურსის გამოცხადებას არ გამოვრიცხავ ამის ალბათობას, თუმცა ჯერ  მეორე ეტაპია გასავლელი. ამდენად, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა პროცესი და რამდენი ვაკანტური ადგილი დარჩება“.

თუკი საბჭო ვერ დაკომპლექტდება და ხელახალი კონკურსი გამოცხადდება მასში მონაწილეობის მსურველი ბევრი იქნება, რადგან, მას შემდეგ, რაც შესარჩევი კომისიისთვის განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა, მალევე გამოჩდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობა სურდათ, მაგრამ განცხადების შეტანა ვერ მოასწრეს.

მაუწყებლის მეურვეთა არჩევის პროცესში წარმოშობილი პრობლემები ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ბარათაშვილთან შეხვედრისას განიხილეს. დელეგაციის წევრის, ბორის სილევიჩის განცხადებით, მოვლენები ჩიხშია შესული და ამ პრობლემის მოგვარება მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^