Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართველი მწერლები, რომლებიც ქართულად არ წერენ

22 მარტი 2018

ბევრი ვინმე შეიძლება გავიხსენოთ მოდგმით ქართველი, ქართულად რომ არ წერს.

ახლავე შემიძლია, ორი ასეთი ადამიანი დავასახელო: სახელგანთქმული ირაკლი ანდრონიკაშვილი, რუსი მწერალი, რუსეთში რომ მოღვაწეობდა.  მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა აქვე, საქართველოში  ცხოვრობდა და, ზოგადად, ანდრონიკაშვილის ქართველობა არანაირ ეჭვს არ იწვევს, ჩემი აზრით, ის მაინც არ შეიძლება, ქართველ მწერლად მივიჩნიოთ, ვინაიდან არც ენით, არც კულტურით, არც გარემოცვით და ა.შ. იგი საქართველოს არ შეხებია. ერთი კია, იმდენად ნიჭიერი კაცი იყო, რომ, უბრალოდ, შეიძლება აღვნიშნოთ  - ირაკლი ანდრონიკოვი, იგივე ირაკლი ანდრონიკაშვილი, წარმოშობით ქართველი იყო.

ასევე, შეგვიძლია, ვისაუბროთ ისეთ ცნობილ რუს მწერალზე, მსუბუქი ჟანრისა და ისტორიული თემების სპეციალისტზე, როგორიც ბორის აკუნინია. აკუნინი წარმოშობით ქართველი, ჩხარტიშვილი კია, მაგრამ თემატიკით საქართველოსთან სერიოზული კავშირი არასდროს გამოუვლენია.

ამ ორ ადამიანს გამოვარჩევდი იმ ქართველებიდან, რომლებიც უცხო ენაზე ცნობილი მწერლები არიან, მაგრამ, ამავე დროს, არ შეიძლება ითქვას, რომ ესენი არიან ქართველი მწერლები, რომლებიც უცხო ენაზე წერენ.

თუმცა ჩვენ გვყავს ქართველი მწერლები, რომლებიც უცხო ენაზე წერენ და წარმატებულნი არიან. ამ მწერლებს შორის გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფიგურაა გერმანულენოვანი ქართველი მწერალი გივი მარგველაშვილი. მოგეხსენებათ, ეს კაცი გერმანიაში, ბერლინში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. თავის დროზე, გივი მარგველაშვილი და მამამისი გაიტყუეს საბჭოთა კავშირის კონტროლირებად ზონაში (ბერლინში) — მამა დახვრიტეს, შვილი კი საქართველოში ჩამოვიდა.
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

აქ მან უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა და აქვე მუშაობდა, მაგრამ, რაღაც კუთხით, მთელი მისი ცხოვრება ტრაგედია იყო, ვინაიდან მოწყვეტილი იყო თავის ენობრივ გარემოს, ენობრივ სამშობლოს, სადაც მხოლოდ 80-იან წლებში შეძლო დაბრუნება და გვიან, გვიან მივიდა თავის გერმანელ მკითხველთან.

მისი მეუღლე, ნაირა გელაშვილი ამბობდა, რომ გივი მარგველაშვილი პოლონელი მაინც რომ ყოფილიყო ან ქართული გვარი მაინც არ ჰქონოდა და გაცილებით ადრე მისულიყო გერმანელ მკითხველთან, უფრო დიდი სახელი ექნებოდა. უნდა ვთქვათ, რომ გვიან მისულიც კი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გერმანელებისთვის მწერალი გივი მარგველაშვილი!

1991 და 1992 წლებში გამოქვეყნდა მისი მრავალტომიანი რომანის — „კაპიტან ვაკუშის“ პირველი ტომები, შემდეგ კი გამოქვეყნდა მისი ძალიან მნიშვნელოვანი რომანი „მუცალი“, რომელიც ქართულად შესანიშნავმა მთარგმნელმა, მაია ბადრიძემ თარგმნა; ასევე, გამოქვეყნდა მისი კიდევ ერთი რომანი — „დიდი კორექტურა“. გივი მარგველაშვილს ეკუთვნის პროზაული კრებულები: „გადაუგდებელი ხელთათმანი“ და „სიცოცხლე ონტოტექსტში“. ის აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო შემოქმედად. მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმიც.

მარგველაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი გერმანელი ფილოსოფოსი, ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის აირჩიეს საპატიო დოქტორად, ხოლო 2006 წელს მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში, ბერლინში. მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩვენთვის და ამას, განსაკუთრებით, ხაზგასმით აღნიშნავენ ქართველი ფილოსოფოსები.

მე თუ მკითხავთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ რომანში „მუცალი“ მან შეძლო, ქართული სამყარო ევროპული სამყაროს ნაწილად ექცია. „მუცალი“ პოსტმოდერნისტული ლიტერატურის აღიარებული, ძალიან სერიოზული ნაწარმოებია, რომლის ამოსავალი წერტილი ორი ქართული შედევრია, ერთდროულად ორი ქართველი დიდი ტიტანია „შეწუხებული“: ბარათაშვილი თავისი „მერნით“ და ვაჟა-ფშაველა — „ალუდა ქეთელაურით“.

„მუცალი“ არასწორხაზოვნად ორგანიზებული ტექსტია, რაც თანამედროვე პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. რომანი განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ თვალშისაცემია მარგველაშვილის მიერ გატარებული ცვლილებები; მაგალითად, ბარათაშვილისეულ წყაროში გვაქვს — შავი ყორანი, მერნის ერთ-ერთი მთავარი სახე. მარგველაშვილის ინტერპრეტაციაში იგი გადაიქცევა თეთრ მტრედად, ხოლო მერანი, რომელიც ბარათაშვილთან არ არის შეფერილი, თეთრ მერნად გადაიქცევა. შავი ყორანი — თეთრ მტრედად გადამუშავდა, აშკარად უარყოფითი კონოტაციის სახე — დადებით სიმბოლურ სახედ იქცა... მოგეხსენებათ, პოსტმოდერნიზმისთვის ბიბლია ტექსტების ტექსტია და მიუხედავად იმისა, ავტორი ეთანხმება თუ არა მას, ნაწარმოებში მუდმივად გვხვდება პარალელები ბიბლიასთან.

ბარათაშვილთან ჩვენ ვხვდებით მინიშნებას, რომ გმირი დაიღუპება, მაგრამ პოსტმოდერნისტულ სახეში, უპირველეს ყოვლისა, ეს დაღუპვა ნამდვილ დაღუპვად უნდა იქცეს, პირველწყაროს მხატვრული სახე რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ისე დაუბრუნდეს მკითხველს. სწორედ ამ მიდგომის მხატვრული ხორცშესხმაა მარგველაშვილის თეთრი მერანი და თეთრი მტრედი, ეს სახე-სიმბოლოები.

იქვე, მუცალისა და ალუდა ქეთელაურის ხანგრძლივი და მრავალმხრივი შეხვედრა მუცალის გაქცევით მთავრდება. წარმოიდგინეთ, რა სირთულის მხატვრულ სახეებსა და ტექსტზე ვსაუბრობთ. ხშირ შემთხვევაში, გერმანელ მკითხველს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის მერანი და ვინ არის მუცალი, ძალიან უჭირს მარგველაშვილის გაგება.

კაცმა რომ თქვას, მარგველაშვილი ქართველი მწერალია, რომელიც წერს გერმანულად, წერს ნაწარმოებებს, რომელიც ყველაზე გასაგები ისევ ქართველებისთვისაა; თუმცა, ვინც გერმანული არ ვიცით, ჩვენს მწერალთან მისვლა თარგმანებით გვიწევს. გერმანიაში ის ძალიან პოპულარულია და დიდი წარმატებაც ხვდა; მაგრამ მისი ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი ენა მისი სამშობლოა და ასევე, მისი სამშობლოა საქართველო, სადაც იცხოვრა და სამშობლო გერმანია, სადაც დაბრუნდა, ეს ორივე სამშობლო რაღაცნაირად, დიდ ჰარმონიაში უნდა იყოს ერთმანეთთან, რომ ამ მწერალმა თავი იპოვოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება ის, რაც ახლა ხდება — გერმანელებისთვის იგი ქართველია კულტურულად და ამდენად, ძნელად აღსაქმელია; ქართველებისთვის კი გერმანელი მწერალია, რომელიც ძალიან ძნელი აღსაქმელია ქართულ თარგმანში.

მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა უცხოეთში ჩვენ ბევრი არ გვყავს. როდესაც გაცხადდა, რომ გივი მარგველაშვილი ნობელის პრემიაზე წარადგინეს, არ გამკვირვებია. დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი რომ გერმანელი ან რომელიმე დასავლეთ ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილიყო, მას გაცილებით გაუიოლდებოდა გზა მსოფლიო ლიტერატურაში.

გერმანულენოვანი ლიტერატურა კარგად იცნობს კიდევ ერთ ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს, რომლის რომანი „ჟუჟა“ 2010 წელს გამოცემული წიგნების ბესტსელერთა სიაში მოხვდა. ამავე წელს ნინო ხარატიშვილი ალბერტ შამისოს პრემიის ლაურეატიც გახდა. ალბათ, ყველა ხვდება, რომ ასეთ სერიოზულ პრემიებს იშვიათად იმეტებენ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც, თუნდაც გვარი აქვთ უცხოური, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი — ქართული.

2011 წელს გამოვიდა ნინო ხარატიშვილის მეორე რომანი — „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“, რომელსაც „ჟუჟაზე“ არანაკლები წარმატება მოჰყვა. ნაწარმოები 10 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა და გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემლობათა ასოციაციის პრემიაც მიენიჭა.  

2014 წელს მან გამოსცა ახალი წიგნი „მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის“. რომანში რვა სიცოცხლის ამბავია მოთხრობილი და ლიტერატურულ მასალად საქართველოს ისტორიის უკანასკნელი ასწლეულია აღებული. ეს უნიკალური წიგნია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ხელმისაწვდომი გახდა უცხოელებისთვის.

თხრობა რომანში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის დროიდან იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს შედევრი ნინო ხარატიშვილს მთელ მსოფლიოში ძალიან დიდ სახელს მოუტანს!  

არ უნდა გამოგვრჩეს არც ის, რომ 2011 წელს გერმანიაში სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ნინო ხარატიშვილი იმ 100 ქალს შორის არის დასახელებული, რომლებიც ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავენ.

ასე რომ, გერმანიის მომავლის განმსაზღვრელები პირველ და მეორე თაობაშიც მნიშვნელოვანი ფიგურები გვყავს: გივი მარგველაშვილი და ნინო ხარატიშვილი.

ორი სიტყვა მინდა ვთქვა კიდევ ერთ ქართველ მწერალზე, რომელსაც ძალიან კარგად იცნობენ თავის ახალ სამშობლოში, კანადაში; ეს გახლავთ - ელენე (პეპი) ბოჭორიშვილი, რომელიც ახალი ჟანრის პიონერია. სწორედ მან დაამკვიდრა რომანის ახალი სახეობა, ე.წ. სტენოგრაფიული რომანი, რომელიც დახვეწილი, მოკლე ფრაზებითა და იუმორით არის დაწერილი.

ამ სტილით არის დაწერილი მისი ყველა ნაწარმოები. წერს რუსულ ენაზე. ელენე ბოჭორიშვილი ქართველი, რუსულენოვანი მწერალია, რომელიც გამოცემისთანავე ითარგმნება ხოლმე ფრანგულად, ამიტომ პოპულარულია რუსულად და ფრანგულად; შემდეგ კი უკვე მსოფლიოს სხვა ენებზე ითარგმნება. როგორც ვიცი, მისმა სალიტერატურო აგენტმა გაიმარჯვა იმ თვალსაზრისით, რომ მიუახლოვა ლიტერატორებისთვის ძალიან სასურველ ქვეყანას, შვედეთს, სადაც მისი წიგნები გამოიცემა.

საქმე ისაა, რომ პეპი ბოჭორიშვილს და ნობელის პრემიის ლაურეატ — სვეტლანა ალექსიევიჩს საერთო ლიტერატურული აგენტი ჰყავთ; არ არის ამ ქალის ღვაწლი დასაკარგი, ეგებ მოახერხოს და ქართველი მწერალი ქალიც გაიყვანოს იმავე დონეზე!

პეპი ბოჭორიშვილის თითოეული ნაწარმოები: „მამაჩემის თავი“, „ჯადოსნური მალამო“, „ჩემი ტკბილი ბებრუცანები“, „ოპერა“, „ჟუჟუნა წვიმა“, „მშვენიერი ცხოვრება“, „ცისფერი ხიდი“, „მხოლოდ ლოდინი და ყურება“, „ფაინა, ანუ როიალის ამბავი“ და „სოვკი“ - ცნობილია შესანიშნავი ფრანგული თარგმანების წყალობით. მას ჰყავს ფრანგი მთარგმნელი, რომელიც მისი ერთგულია და ყოველთვის სწორედ ამ მთარგმნელს ბარდება ხოლმე მისი რომანები. ამასთანავე, ისინი თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის: იტალიურ, რუმინულ, პორტუგალიურ, ჩეხურ, დანიურ და ახლა უკვე შვედურ ენებზეც.

რუსეთში გამოცემულია მისი რამდენიმე წიგნი რუსულ ენაზე, მაგალითად, „მამაჩემის თავი“ და „მხოლოდ ლოდინი და ყურება“. ამ ნაწარმოებებმა არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი მკითხველის ინტერესი, არამედ თანამედროვე რუსი მწერლობის ცნობილი წარმომადგენლების ყურადღებაც დაიმსახურეს. მაგალითად, ვლადიმერ სოროკინის შეფასებით, ელენე ბოჭორიშვილი გამორჩეული ლიტერატურული ოპტიკის მქონე ბრწყინვალე პროზაიკოსია, ზუსტი, მგრძნობიარე და დაუნდობელი.

მიუხედავად ინტერესისა, ელენეს შემოქმედების დიდი ნაწილი ქართულად არ გვაქვს. თუმცა, „მამაჩემის თავი“ და რამდენიმე სხვა ნაწარმოები საქართველოში უკვე გამოიცა და მე მქონდა ამ წიგნისთვის წინასიტყვაობის დაწერის პატივი.

ერთ-ერთმა კრიტიკოსმა პეპი ბოჭორიშვილის შემოქმედება დაახასიათა, როგორც „საოკეანო ლაინერი, რომლის გემბანზეც ბოშათა ორკესტრი უკრავს — იქ უყვართ და ჩხუბობენ, მღერიან, ცეკვავენ და ბევრს ტირიან. ყველა მგზავრი ცოტა გიჟია და უფრო ოცნებობენ, ვიდრე ცხოვრობენ.“

პირადად მე მატარებლის მეტაფორას მივანიჭებდი უპირატესობას — „პეპი ბოჭორიშვილის პროზა ესაა მატარებელი. მატარებელში ხდება ყველაფერი. ცხოვრების ეტლის სადარებელი ეს მატარებელი პატარა სადგურიდან კანადაში მიდის. მისი მგზავრები ჩხუბობენ, რიგდებიან, ოცნებობენ და არავის ადარდებს, რომ ოკეანეზე ლიანდაგს ვერ დააგებ“.

„შედიოდა ჭაღარაშერთული კაცი, შედიოდა და იზიდავდა ქალების სილამაზეს“ — აი, ასე სხარტად და მოჭრით იწყება ხოლმე ბოჭორიშვილის პროზა. „სილამაზე კი სახლივით იყო აშენებული, ქალებს თმა რკინის ბიგუდებით ჰქონდათ დახვეული და ამ საქმეში ღამე ჰქონდათ გათენებული. შევიდოდა თუ არა, ხვეულთმიან მშვენიერ თავებს მისკენ მიაბრუნებდნენ და დამშეულ მზერას ესროდნენ, კაცი მათ ყურადღებას არ შეიმჩნევდა, ჭაღარა წვერზე ხელს გადაისვამდა და ჰალსტუხს მოკრძალებულად შეისწორებდა“.

აი, თავიდანვე ვაწყდებით ბოჭორიშვილის პროზის მთავარ თავისებურებას, ეს, ასე ვთქვათ, მჭიდრო პროზაა, თითოეული სიტყვის უკან სიტყვათა და ამბავთა არმიებია ჩასაფრებული, მწერლის ყოველი წამი უსასრულო დროს გულისხმობს, მწერლის ხმა ისმის არა რომელიმე ინსტრუმენტის ერთ ხმად, არამედ ერთხმად, როგორც დიდი ორკესტრი, ერთხმად და ერთბაშად, როგორც ვაგნერის საკანში დამწყვდეული სიმფონია, ან როგორც ჭიქაში ჩატეული ნიაგარის ჩანჩქერი, ან როგორც ჩემოდანში ჩატენილი სიყვარული.

დასასრულ კი შეგვიძლია, დავუბრუნდეთ იმ წიგნს, რომელიც, ჩემი აზრით, ქართველ მწერალთაგან, რომლებიც უცხო ენაზე წერენ, ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენ მიერ ნახსენები „მუცალი“. ვინაიდან ნაწარმოები ჩვენს ლიტერატურას, ქართულ სამყაროს ეძღვნება, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წარმატება. ამავე დროს, ეს იქნება იმ ქვეყნისა და კულტურის წარმატებაც, რომლის ნაწილიცაა.

ეს წიგნი ძალიან უცნაურად იწყება — „მე წიგნის პერსონაჟი ვარ“, — გველაპარაკება მუცალი, — „ეს იმას ნიშნავს, რომ ვცხოვრობ და მხოლოდ წიგნის ორ ყდას შორის გამომწყვდეულს შემიძლია არსებობა.“

ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლიტერატურას მწერალი არ უყურებს, როგორც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის რაღაც აგურს, რომელიც შეიძლება გამოიყენო გასართობად, თავშესაქცევად, დაშლილი, ან ფარულად, ან ღიად. პირიქით, აქ არის ლიტერატურული სახეების მთელი ატრაქციონი, ანუ შემოქმედება იქცევა უბედურებად, ტკივილად, ტრაგედიად, ეს არის ჯოჯოხეთი, ამიტომაც წიგნში იმდენი სევდაა, რამდენიც ძნელი მოსაძებნია ქართულ ლიტერატურაში.

ფრაგმენტი, სადაც სიკვდილზეა ლაპარაკი, ისე ჟღერს, რომ ტრაგედია ჩვენთვის ხდება სრულიად თვალნათელი — „ჩემს სიკვდილს მუდამ მხოლოდ ის პერსონაჟი დასტირის, რომელიც მკლავს. დაგვიანებული, თემატური სინანულის ცრემლები და სიტყვები ვერაფერი ნუგეშია. თუ ფაქტებს დავეყრდნობით, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მკითხველი ჩემ მიმართ სრულიად გულგრილია“.

და შემდეგ აკეთებს დასკვნას — „რეალურ პირთა უმრავლესობა ისევე უძლურია თავისი ცხოვრების მიმართ, როგორც ჩვენ, ჩვენივე წიგნების მიმართ“.

აი, ასეთი ტრაგიკული ხვედრისაა ეს წიგნი.

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

უფლებების დარღვევა თუ კონტექსტიდან ამოგლ ...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ტირის არასრულწლოვანი ბიჭი და მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვს. მომ ...
19 აპრილი
19 აპრილი

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდ ...
18 აპრილი
18 აპრილი

ხმები ► ლუკას უნდა, რომ ყველას გითხრათ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე თვის წინ „ლიბერალის“ ოფისში ლუკა პრინტერის შესაკეთებლად მოვიდა. როცა ...

მეტი

^