Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მას შემდეგ, რაც პუტინმა მორიგი საპრეზიდენტო ვადა გაიფორმა, ორი შეკითხვა გახდა აქტუალური. პირველი, უფრო რიტორიკული ხასიათის: რა საჭიროა საერთოდ არჩევნები რუსეთში? მეორე, უფრო მძიმე და სერიოზული: დარჩება თუ არა პუტინი ამ ვადის გასვლის შემდეგაც?

დავიწყოთ პირველით, რომელიც თითქოსდა რიტორიკულია, მაგრამ აქტუალურობა და ლეგიტიმურობა შეიძინა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე თვე რუსეთის სახელმწიფო მანქანამ ამომრჩევლის მობილიზაციისათვის არნახული ძალისხმევა გაიღო. არჩევნებზე 70% უნდა მოვიდეს და მოსულთაგან 70%-მა პუტინს უნდა მისცეს ხმა - ასე დაისვა ამოცანა, რომელიც შესრულდა კიდეც: მოვიდა 70%-მდე და პუტინს ხმა მისცა 70%-ზე მეტმა.

ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ადგილობრივი ხელისუფლების შტოებს ებრძანა, თავი შეეკავებინათ გაყალბებისგან. ადგილობრივ ხელისუფალთ ყველაფერი უნდა ეღონათ ამომრჩეველთა დარაზმვისათვის და, მით უფრო, პუტინის ამომრჩეველთა დარაზმვისათვის (რამდენიმე ოლქში პუტინმა 70%-ზე ნაკლები მიიღო და იქაურ ხელისუფალთ ალბათ მალე შეექმნებათ პრობლემები) და ამისათვის ყველანაირი ხერხი იქნა გამოყენებული, დაწყებული ჩვეულებრივი აგიტაციით დამთავრებული საარჩევნო უბნებზე უფასო ჭამა-სმით. მაგრამ ამავე დროს, მათ მკაცრად უნდა ეკონტროლებინათ სიტუაცია, რათა რომელიმე ჩინოვნიკს ზედმეტი ენთუზიაზმი არ გამოეჩინა და ამგვარად არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა (მით უმეტეს, რომ გაყალბება არანაირად არ იყო საჭირო).

ლეგიტიმურობა - ეს იყო კრემლის მთავარი მიზანი ამ არჩევნებზე. ამას ემსახურებოდა ამომრჩევლის არნახული მობილიზაცია. ამასვე ემსახურებოდა ალბათ საარჩევნო კამპანიაში კსენია სობჩაკის გამოჩენაც. მან კამპანია ცოტათი მაინც გაალამაზა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც) და გააკეთილშობილა. ბევრს საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდა, რომ სობჩაკი პუტინის თამაშს თამაშობდა. ეს ეჭვი გააძლიერა ნავალნიმ, რომელმაც არჩევნებიდან ზუსტად მეორე დღეს სობჩაკს პირდაპირ ეთერში მიახალა, რომ მან საარჩევნო კამპანიაში ჩართვის სანაცვლოდ ფული აიღო: „სახლში იყავი ჩემთან მოსული ჩაიზე და მე და ჩემს ცოლს გვითხარი, რომ დიდ ფულს გთავაზობენ, თუკი კანდიდატურას დააყენებ!” კსენიამ, ცხადია, ეს ბრალდება უარყო, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ის კი ფაქტია, რომ მისმა მონაწილეობამ მართლაც შესძინა გარკვეული ლეგიტიმურობა კამპანიას, რომელიც სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენა ნავალნის გამოთიშვამ. მას კანდიდატურის დაყენებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ნასამართლევია (ცხადია, საქმეს ვერ უშველა იმ ფაქტმა, რომ ნავალნი სტრასბურის სასამართლომ გაამართლა). დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მისი და პუტინის გარეშე წარიმართა. ამ უკანასკნელმა, ცხადია, სხვებს თავი არ გაუყადრა. თუმცა, ამაში მხოლოდ მისი დადანაშაულება რთულია. ზუსტად ასევე არ გაუყადრა თავი სხვა კანდიდატებს ელცინმა 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატის ფენომენი რუსეთში ჯერ კიდევ აქიდან იღებს სათავეს. ამ ფენომენისგან ვერც საქართველო წავიდა ძალიან შორს - იმავე წელს სწორედ ასევე უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნების დებატებში მონაწილეობაზე ზვიად გამსახურდიამ.

ნავალნის მოხსნა მეტად მრავლისმეტყველი ფაქტი იყო. ალბათ არავინ უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ მან შეიძლება პუტინი დაამარცხოს. მაგრამ ქარიზმატულ ნავალნის ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა პუტინისათვის ხმები დაეკლო, რადგან მას ყველაზე უკეთ გამოსდის ახალგაზრდა ამომრჩევლის მობილიზება. ეს კი ის სეგმენტია, სადაც პუტინს ყველაზე მეტად უჭირს, რადგან ახალგაზრდა თაობა ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს და თითქმის არ უყურებს ტელევიზორს - რუსული სახელმწიფო პროპაგანდის მთავარ იარაღს, რომელმაც, მაგალითად, საქართველო 2006-2008 წლებში იოლად აქცია რუსეთის დაუძინებელ მტრად, ახლახან კი ასევე იოლად აქცია რუსეთის ერთ-ერთ უახლოეს მეგობრად. ახალგაზრდობისა და ზოგადად რეჟიმით უკმაყოფილოთა მობილიზაციით ნავალნის მიერ თუნდაც 25%-ის აღება უკვე სერიოზული დარტყმა იქნებოდა პუტინის უალტერნატივობასა და ლეგიტიმურობაზე. მაგრამ ამას შეიძლებოდა კიდევ უარესი გართულებები მოჰყოლოდა, თუკი ნავალნი ახალგაზრდებს ქუჩაში გამოიყვანდა. წინა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბალოტნაიაზე მოსკოველების მასობრივი გამოსვლა პუტინისათვის ნამდვილ შოკად იქცა. მაგრამ ბალოტნაია შოკს ვერ გასცდა და არც არასოდეს ყოფილა შანსი, რომ იგი სერიოზულ საპროტესტო გამოსვლაში გადასულიყო, რადგან იგი აერთიანებდა უკმაყოფილო საშუალო კლასის წარმომადგენლებს, რომელთაც პუტინი კი მობეზრდათ, მაგრამ მობეზრების გამო თავიანთი ცხოვრების გართულებისათვის მზად არ იყვნენ. აი ახალგაზრდობის მასობრივად ქუჩაში გამოყვანა კი სულ სხვაა, რადგან ახალგაზრდას ნაკლებად ეშინია ცხოვრების გართულების - მას დასაკარგი არც ისე ბევრი აქვს და, შესაბამისად, რისკზე წამსვლელიცაა და რევოლუციის მოხდენის პოტენციალიც აქვს.     

ნავალნის გარეშე ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც მოსალოდნელი იყო: მეორეზე - გრუდინინი (კომუნისტური პარტიის კანდიდატი), მესამეზე - ჟირინოვსკი, შემდეგ კი - სობჩაკი. დამკვირვებელთათვის შოკად იქცა ის ფაქტი, რომ მოსკოვსა და პეტერბურგში (სადაც ოპოზიციური განწყობები ყველაზე მეტია) პუტინმა 70%-ზე მეტი მიიღო. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ ნავალნიმ თავის ამომრჩეველს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა. ასევე იმითაც, რომ ამავე მოსკოვში ბოლო დროს ბევრი ჩასახლდა პერიფერიებიდან. არ უნდა დავივიწყოთ პუტინის ცნობილი ვიდეოკლიპები (ჩამოუვარდნელ რაკეტებსა თუ უპილოტო წყალქვეშა ნავებზე) და ბოლოდროინდელი დაპირისპირება ბრიტანეთთან - ამ ყველაფერმაც, ცხადია, მისი ამომრჩევლის მობილიზაციას შეუწყო ხელი.

მოკლედ, მიზანი მიღწეულ იქნა - მაღალი ლეგიტიმაცია სახეზეა. რას იზამს ახლა და დარჩება თუ არა ამ ვადის გასვლის შემდეგ. გაატარებს თუ არა ეკონომიკურ რეფორმებს და დაალაგებს თუ არა ურთიერთობებს დასავლეთთან? ალბათ - არა; და სწორედ ამიტომ, ალბათ კიდევ დარჩება.

საქმე ისაა, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული და ეს პუტინმაც მშვენივრად იცის. მან ამერიკის არჩევნებში ჩარევის შემდეგ, რომ იტყვიან „მხეცი გააღვიძა” და ვაშინგტონთან კონფრონტაცია დიდი ხნით გარანტირებული აქვს თუკი სერიოზულ დათმობებზე არ წავა (არ გავა უკრაინიდან და არ აღიარებს არჩევნებში ჩარევის ფაქტს). დათმობებს კი იგი, ცხადია, არ აპირებს. არც ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა ჩანს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის პრობლემა გადაუჭრელი რჩება. გარდა ამისა, რუსეთი ჩაერია როგორც გერმანიის, ასევე საფრანგეთის არჩევნებში. ამის გათვალისწინებით პუტინმა იცის, რომ მისი მხრიდან შემრიგებლური ჟესტების კეთებას დიდი აზრი არ აქვს - დასავლეთი ასე მარტივად აღარ დაუჯერებს და ამით მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის თვალში წააგებს. კონფრონტაცია კიდევ რამდენიმე წელი გარანტირებულია. ალბათ იქამდე მაინც, სანამ პუტინის ეს ვადა გავა. ამიტომ იგი არ წავა, რადგან რუსეთს ასეთ მოუგვარებელ პრობლემას არ დაუტოვებს.

ასევე არ წავა იმ მიზეზითაც, რომ ალბათ ამ ვადაში ვერანაირ რეფორმებს ვერ მოასწრებს. თავის ცნობილ გამოსვლაში (როცა რაკეტებზე ვიდეოკლიპები გაუშვა) მან ბევრი კი ილაპარაკა რეფორმებზე (რომლებიც მისმა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კუდრინმა გაწერა), მაგრამ მათი გატარება არ იქნება ასე იოლი, როცა საქმე კონკრეტიკამდე მივა. წარმატებული ეკონომიკური რეფორმა რუსეთის ისტორიაში ვიტესა და სტოლიპინს თუ გამოუვიდათ. მაგრამ მაშინ რუსეთი დასავლეთიდან დიდძალ კრედიტებს იღებდა და აღმავლობის გზაზე იდგა. რეფორმას დიდი რესურსი სჭირდება, ალბათ უფრო დიდი, რომელიც ახლა რუსეთს აქვს. გარდა ამისა, არსებობს რეფორმის ისეთი მაგალითი, რომლის გახსენებაც პუტინის გარემოცვაში ალბათ არავის უნდა - გორბაჩოვის დაჩქარება და პერესტროიკა, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაანგრია. დაანგრია მათ შორის იმიტომაც, რომ ქვეყანას უბრალოდ ფული აღარ ეყო. ამიტომ ალბათ სერიოზული არაფერი მოხდება. ამას მოწმობს, მაგალითად, ის ფაქტი, რომ რამდენჯერმე გადავადდა საპენსიო რეფორმა - ჯერჯერობით პუტინმაც ვერ გაბედა საპენსიო ასაკის აწევა. არადა, კუდრინის გეგმების განხორციელება ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნება, რადგან პენსიებზე უზარმაზარი თანხა იხარჯება.

ასე რომ, ალბათ სადღაც 2022 წელს რუსეთში რეფერენდუმი გაიმართება, რომელიც პრეზიდენტებს უფლებას მისცემს ზედიზედ მესამედ იყარონ კენჭი. იქაც სადღაც 70%-70% დაისახება მიზნად და ეს მიზანიც შესრულდება. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, ეს ხომ რუსეთია, სადაც ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

ზურიკელები, ლიმონები და მოთეთრო ბაირაღებ ...

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალი - პერიფერიული მღელვარებანი და სამომავლო  პერ ...
19 ივლისი
19 ივლისი

ტყვია ბავშვების სისხლში - რას შეისწავლის ...

როგორია საქარრთველოში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული ვითარება ბავშვებში - ამ კითხვას გაერო-ის ბავშვთა ფონდი ...
18 ივლისი
18 ივლისი

რეპორტაჟი საბირქენდიდან - “ახალგაზრდები ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, რამდენიმე ჩაიხანაა. არც ...

მეტი

^