Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანდოიანცის ეკლესიის მორღვეული ფასადი - რესტავრაცია თუ დემონტაჟი

04 აპრილი 2018

ეკლესიას, რომელიც თანდოიანცის სახელით არის ცნობილი და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს საპატრიარქოს გადასცა, ფასადის ნაწილი მოანგრიეს. მოშლილი ფასადის ფოტოები Facebook-ზე არტმენეჯერმა ელენე მეჩითოვამ დადო. „აღმოვაჩინეთ, რომ „თანდოიანცის“ შენობის ფასადის ზედა ნაწილი მოხსნილი, კედლები კი მოსწორებულია. ადრე, ბუნებრივი ცვეთის პირობებში ის უსწორმასწორო იყო. კერძოდ მოხსნილია ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთი ფასადები“, - ამბობს მეჩითოვა „ლიბერალთან“.

მისი თქმით, ეკლესიას ჯერ კიდევ 2018 წლის 30 იანვარს ფასადის ზედა ნაწილი - ფრონტონი - ჯერ კიდევ ჰქონდა. 26 მარტს გადაღებულ ფოტოზე კი მოშლილია. ფრონტონის კვალი ეკლესიაზე „ლიბერალის“ მიერ 1 მარტს გადაღებულ ფოტოზეც აღარ ჩანს. მეჩითოვას აზრით, ეკლესიას სავარაუდოდ, ფრონტონი თებერვლის ბოლოს მოანგრიეს.

უნებართვოდ ნგრევის მტკიცებულებად მოჰყავს მეჩითოვას Facebook-ზე ანუკა მურვანიძის გამოქვეყნებული ვიდეოც. ვიდეო 25 თებერვალს არის გამოქვეყნებული და მისი ავტორის თქმით, ის ამავე დღეს გადაიღო. კადრში ჩანს, რომ ეკლესია ხარაჩოებშია მოქცეული და მასზე მუშაობენ. არადა, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

დემონტაჟი - ნებართვით თუ უნებართვოდ

თანდოიანცის ეკლესიაზე სამშენებლო სამუშაოების ნებართვა ძეგლთა დაცვის სააგენტოს არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში „ლიბერალს“ თავდაპირველად განუცხადეს, რომ შესაძლოა ფოტომასალა ძველი ყოფილიყო.

სააგენტოში აცხადებდნენ, რომ ფასადის ნაწილი კრიტიკული მდგომარეობის გამო კანონიერად ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოშალეს. მოგვიანებით, სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ „ლიბერალს“ განუმარტა, რომ როგორც აღმოჩნდა ფოტომასალა ავთენტური იყო, თუმცა ისინი დაუკავშირდნენ ეკლესიის ამჟამინდელ მესაკუთრეს - საპატრიარქოს. ადგილზე შესწავლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ფრონტონის მდგომარეობა კრიტიკული იყო. მისი საყრდენი კედლები ვერ უზრუნველყოფდა ფრონტონის ამ ნაწილის შენარჩუნებას და ის ამიტომ მოშალეს, მოგვიანებით კი ფრონტონს პირვანდელი სახით აღადგენენ.

თანდოიანცის ეკლესიაზე ფიზიკურ სამუშაოებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ატარებს, შენობა მის საკუთრებაშია. თუმცა სომხეთის მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ამტკიცებს, რომ ეკლესიას სომხური წარმომავლობა აქვს. ამის მტკიცებულებად ისტორიული წყაროებიც მოჰყავს.

ელენე მეჩითოვას თქმით, სავარაუდოა, რომ ეკლესიას ისტორიული სახე სწორედ სომხური კვალის წაშლის მიზნით დაუკარგონ.

„რაც დღეს ხდება, ამას არ ჰქვია რესტავრაცია. რესტავრაცია გულისხმობს შენობის ავთენტურობის შენარჩუნებას. აქ კი ხდება თავდაპირველი იერ-სახის შეცვლა და ახალი შენობის ჩადგმა. ეს არის სომხური კვალის წაშლა არამარტო არქიტექტურიდან, არამედ თბილისის ისტორიიდან“, - ჩივის ელენე მეჩითოვა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ამ ნგრევის უგულებელყოფა ქვეყნის კულტურას აზიანებს. „ერთი ტაძრის ისტორიული მნიშვნელობისა და ავთენტურობის გაქრობით გაცილებით მეტი ზიანდება, ვიდრე ერთი ძეგლი. აგრეთვე, ზიანდება ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნების განცდა; განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყოველი მოქალაქის ღირსებისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის.

საქართველოს კულტურის პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს თანამედროვე საქართველოს კულტურის სრულ სპექტრს. მასში უნდა იგულისხმებოდეს ყველა ეროვნული თუ კულტურული უმცირესობების კულტურა და მისი განვითარება“, - ამბობს მეჩითოვა.

რატომ მოანგრიეს ეკლესიას ფრონტონი - საპატრიარქოს პროექტი

ძეგლთა დაცვის სააგენტოს პოზიციაა, რომ ფრონტონის ნგრევა საჭირო გახდა ეკლესიაზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს. რადგან კედლის ამ ნაწილზე ბზარები კრიტიკულ ზღვარზე იყო.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC), რომლებიც თანდოიანცის ეკლესიასა და მისი საკუთრების საკითხებზე მუშაობენ.

TDI-ის იურისტის გვანცა ლომაიას თქმით, საპატრიარქო ეკლესიისთვის პირვანდელი იერ-სახის შეცვლას გეგმავს. ამას ადასტურებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს ეკლესიის რეკონსტრუქციაზე ნებართვა არ აქვს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკონსტრუქცია-რესტავრაციის ესკიზური პროექტი მაინც წარუდგინა.

საპატრიარქოს პროექტით, თანდოიანცის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა იქნება. პირვანდელი სახით კი შენობა ერთნავიანი ბაზილიკა იყო. გვანცა ლომაიას თქმით, სავარაუდოდ, სწორედ პროექტის ცვლილების გამო დასჭირდათ ფასადის ზედა ნაწილის - ფრონტონის მოშლა და ცვეთის მდგომარეობაში მყოფი კედლის ნაწილების მოპირკეთება.

არადა, მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი ერთგვაროვან ძეგლზე სხვა ტიპის სამუშაოებს კრძალავს. „თანდოიანცის ეკლესია იყო ერთნავიანი ბაზილიკა. საპატრიარქოს გეგმაში აქვს, გახადოს სამნავიანი - როგორი ეკლესიებიც შუა საუკუნეების საქართველოში იყო გავრცელებული“, - ამბობს ლომაია.

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია ძეგლის რეკონსტრუქცია ან რესტავრაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ის თავისი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს“.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ საპატრიარქოს მიერ წარდგენილი პროექტი ჯერ არ დაუმტკიცებიათ. ამიტომ მისი იერ-სახის შეცვლაზე საუბარი ნაადრევია.

TDI-ის იურისტის თქმით, თუ საპატრიარქო ეკლესიას იერ-სახეს შეუცვლის ეს უკანონო იქნება.  „მაგრამ უკანონოა ის, რაც დღესაც ხდება. არსებითად დაზიანდა ეკლესიის ნაწილი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განზრახ დაზიანებაა. და ისიც ცალსახაა, რომ აქ საპატრიარქოს განზრახვა საეჭვო არაა“.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოები რომ დაუშვებელია, ამაზე ყურადღებას თავად ძეგლთა დაცვის სააგენტოც ამახვილებს. სააგენტოს საკუთარ Facebook გვერდზე, სპეციალური ვიდეორგოლიც აქვს განთავსებული.

რისი ნებართვა აქვს საპატრიარქოს თანდოიანცის ეკლესიაზე?

TDI-ის იურისტი გვანცა ლომაია „ლიბერალთან“ საუბარში ჰყვება, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოს საპატრიარქომ მხოლოდ კვლევის ნებართვისთვის მიმართა. თან კვლევის მეთოდოლოგიის ნაცვლად, ეკლესიის რესტავრაციის პროექტი წარუდგინა.

სააგენტომ, ამის მიუხედავად, საპატრიარქოს მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, საპატრიარქოს ახლა აქვს კვლევის ნებართვა რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროექტით. რაც გვანცა ლომაიას თქმით, უკვე კანონდარღვევაა.

„რამხელა დარღვევაა - ითხოვ კვლევის ნებართვას და განცხადებაში თანდართული გაქვს რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროექტი“, - ამბობს გვანცა ლომაია „ლიბერალთან“. მისი თქმით, ამ შეუსაბამობის მიუხედავად, სააგენტოს დამატებით არ მოუთხოვია კვლევითი სამუშაოების მოცულობის და მეთოდოლოგიის პროექტი.

„შესაბამისად, ეს ნებართვა გაცემულია ისეთი არსებითი დოკუმენტების მოთხოვნის გარეშე, როგორიცაა კვლევის მეთოდოლოგია. და ჩვენ არ ვიცით, დღეს რა მეთოდოლოგიას იყენებენ, რა ფარგლებში ხდება კვლევითი სამუშაოები. ეს დოკუმენტები სამართალწარმოების დოკუმენტებში არ მოიპოვება“, - განმარტავს TDI-ის იურისტი.

მისი თქმით, კვლევითი სამუშაოები აბსოლუტურად სხვა სტილს გულისხმობს და არაფერი საერთო არ აქვს ფრონტონის ჩამოშლასთან. „ფაქტობრივად სახეზე გვაქვს დემონტაჟი“, - ჰყვება გვანცა ლომაია.

  • რას ნიშნავს კვლევითი სამუშაოების ნებართვა? - კვლევის სამუშაოები წარმოადგენს სამეცნიერო-საძიებო და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელთა მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება. მათ შორის მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

ასე რომ, როგორც გვანცა ლომაია განმარტავს, საპატრიარქოს არ აქვს არც არქეოლოგიური გათხრების ნებართვა, რომლესაც საპატრიარქო ეკლესიის ტერიტორიაზე ატარებს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში კი „ლიბერალს“ უთხრეს, რომ კვლევა თავისთავად გულისხმობს არქეოლოგიურ სამუშაოებსაც და საპატრიარქოს მიერ ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შესახებ ინფორმირებული არიან.

სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ბექა ბარამიძის თქმით, სწორედ არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩნდა, რომ თანდოიანცის ეკლესიის ქვეშ ქართული, მართლმადიდებლური ტაძრის ნაკვალევია. ბარამიძის თქმით, საპატრიარქოს არქეოლოგებმა ეკლესიის ტერიტორიაზე იპოვეს ქართული საფლავის ქვებიც, რომლებიც მეთვრამეტე საუკუნით თარიღდება. სომხური ეკლესია კი ერთი საუკუნის შემდეგ, მეხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ეკლესიის ნანგრევებზე აშენდა.

გვანცა ლომაიას თქმით, ისტორიული წყაროებით არ დასტურდება, რომ თანდოიანცის ეკლესიის ადგილზე ოდესღაც ქართული ეკლესია იყო.იქ მხოლოდ საპატრიარქოს წარმომადგენლები და არქეოლოგები არიან. ვერ ვიტყვით ზუსტად, რა ტიპის არქეოლოგიური არტეფაქტები აქვთ ნაპოვნი. თუნდაც დადასტურდეს ოდესღაც იქ ქართული ეკლესიის არსებობა, დღევანდელი მოცემულობა - ამ ეკლესიის ოთხი კედელი და საძირკველი რომ სომხურია, ეს სადავო არ არის. ამას საპატრიარქოც ამბობს იმ ესკიზში, რომელიც ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარუდგინეს“.

გვანცა ლომაია განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობა უპირატესად წარმოადგენს იმას, როგორი მოცემულობაც დღეს გვაქვს. „კონფესიური და ისტორიული მესაკუთრის საკითხის გადასაწყვეტად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არქეოლოგიური გათხრების შედეგებს. თან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის უპირატეს ინტერესს წარმოადგენს არსებული მოცემულობა და არა ის, თუ რა არის სიღრმეში“, - დასძენს ლომაია.

ისტორიული წყაროები ეკლესიის წარმომავლობის შესახებ

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი თანდოიანცის ეკლესიის ისტორიულ წარმომავლობაზე კვლევასაც აქვეყნებს.

TDI წერს, რომ ეკლესიის სომხური წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ ტაძარი საბჭოთა ოკუპაციამდე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას ეკუთვნოდა, არაერთი წყაროთი დასტურდება. მაგალითად, აღმაშენებლის N38-ში შემორჩენილია სომხურენოვანი წარწერა შემდეგი შინაარსით:

„ეს სასწავლებელი აშენებულია პირადი სახსრებით, თბილისელი ქვრივის, კეკელ გრიგორიან-თანდოიანცის მიერ, წარმომავლობით ბაბასიანისა, მისი ძმის ალექსანდრე გრიგორიან-ბაბასიანის ხელშეწყობით  მათი  და ამ ეკლესიის ამშენებლების სულების მოსახსენიებლად, რომლებიც დაკრძალულნი არიან ამ  ტაძარში -  სააკ თანდოიანცის ეკლესიაში ... 1883 წ.”.

ეკლესიის სომხურ წარმოშობაზე ინფორმაცია გვხვდება სხვა წყაროებშიც.

მაგალითად, თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებულია ლეონ მელიქსეთ-ბეგის ცნობები ტაძრის შესახებ: 

„წმ. ღმრთისმშობლის ეკლესია, სავარაუდოდ, 1860 წელს ააგო საჰაკ თანდოიანცმა. თბილისის 1867 წლის გეგმაზე უკვე ნათლად ჩანს აქ არსებული ეკლესია. [...]ტერიტორიის მიმდებარედ დგას ყოფილი სასწავლებლის შენობა[...] შენობაზე დღემდე არის შემორჩენილი ფილა სომხურენოვანი წარწერით. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სასწავლებელი აშენებულა 1883 წელს თბილისელი ქვრივის კეკელა გრიგოლის ასულ თანდოიანცისა და მისი ძმის ალექსანდრე ბაბანასიანცის ღვაწლით”.

ამის მიუხედავად, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ თანდოიანცის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.

ეკლესიის საპატიარქოსთვის გადაცემის მოთხოვნისას, განცხადებაში საქართველოს საპატრიარქო მიუთითებს, რომ ადგილი, სადაც დღეს ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი „ისტორიული წყაროებისა და რუკების” თანახმად, სოფელ კუკიად იყო ცნობილი.

ამავე წყაროზე დაყრდნობით საპატრიარქო წერს: „1800-1802 წლების გეგმაზე აღნიშნული ყოფილა გალავანშემორტყმული ტაძარი, კოშკებჩაბნელებული ბურჯებიანი ციხე-გალავნითა და საკუთარი ბაღით“. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს, რომ 1814-1816 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძის თაოსნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წმინდა ჯვრის გამოჩინების სახელობის ტაძარი აშენდა.

TDI აღნიშნავს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ წარუდგენია რაიმე ოფიციალური მტკიცებულება, რომელიც ეკლესიის კონფესიურ წარმომავლობას დაადასტურებდა. 

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათში ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი წერს, რომ დ. აღმაშენებლის გამზირის N38-ში, ეკლესიის გვერდით შენობაზე არსებული წარწერა და ამ ტერიტორიაზე შემორჩენილი სხვა დეკორატიული ელემენტები 1883 წლისთვის არსებული სომხური მონასტრის არსებობას ადასტურებს.

ანდრონიკაშვილი მიუთითებს, რომ აღნიშნული ადგილი, ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის თბილისის გეგმაზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე დატანილია როგორც ახალსოფლის უგუმბათო, უსახელო ეკლესია. უშუალოდ ამ ეკლესიაზე პლატონ იოსელიანი თბილისის სიძველეთა აღწერისას წერს, რომ

„კვირაცხოვლის ეკლესიაზე იყო მიწერილი უფრო მცირე ეკლესია, რომელიც კუკიაზე არსებობდა 1622 წლამდე, რომელიც შაჰ-აბასს დაუნგრევია”. 

ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მე-19 საუკუნეში სომხებმა ახალი ეკლესია ააგეს, სავარაუდოდ, თანდოიანცი. ლალი ანდრონიკაშვილი აღნიშნავს რომ „ის მოცულობა, რომელიც დღეს სახეზეა, აშკარად სომხური წარმომავლობისაა”.

ხელოვნებათმცოდნე ნატალია ჩიტიშვილის კვლევის მიხედვით, ამ ადგილას ადრე სასაფლაო ყოფილა, რაც ძველ რუკებზეც ჩანს. იყო თუ არა იქ სხვა ეკლესია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე, მის ხელთ არსებული წყაროებით, ამის თქმა არ შეუძლია. თანდოიანცის ეკლესია კი „1866 წლის ახლო ხანებში“ უნდა აეგოთ იმავე ადგილას 1850-იანი წლების დასაწყისში სომხური მრევლისთვის აგებული ხის ეკლესიის ნაცვლად.

როგორ გადაეცა თანდოიანცის ეკლესია საპატარიარქოს

თანდოიანცის ეკლესიის შენობაში საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა პროფილის დაწესებულებები იყო, მათ შორის, კინოთეატრი „კოლხეთი“. შემდეგ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციამდე შენობა უფუნქციოდ დარჩა.

2015 წელს საქართველოს ხელისუფლებას საპატრიარქომ ეკლესიის მისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა. ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ეკლესია 2017 წლის 26 ივლისს საჯარო რეესტრში საქართველოს საპატრიარქოს სახელზე დარეგისტრირდა.

გადაცემამდე, ტოლერანტობისა და რელიგიური მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, სახელმწიფოს არ შეუსწავლია ტაძრის ისტორიული წარმომავლობა, მისი კულტურული და კონფესიური მახასიათებლები. არადა, საპატრიარქო ეკლესიის ფუნდამენტზე უკვე სხვადასხვა სახის სამუშაოებს აწარმოებს.

გვანცა ლომაიას აზრით, თანდოიანცის ეკლესიის ბედი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ეს საქმე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქვეყანაში მისი ბედი სხვა ძეგლებმა უკვე გაიზიარეს და ისინი კანონიერ მეპატრონეებს უნდა დაუბრუნდეთ.

ელენე მეჩითოვა კი ჰყვება, სომხური წარმომავლობის ყველა მნიშვნელოვანი უძრავი კულტურული ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია.

„ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა მათი გადარჩენისთვის, ხან ინვესტორებისგან, ხან სახელმწიფოს არათანმიმდევრული ნაბიჯებისგან. დღევანდელი მოცემულობით საქართველოს სომხურ თემს არ აქვს ტაძრის გამაგრების ან რესტავრაციის ჩაატარების იურიდიული უფლება. ყველა ეს შენობა-ნაგებობა  სახელმწიფოს ბალანსზეა და ასეთ პირობებში სახელმწიფომ და კერძოდ, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ისინი და ძეგლების გადარჩენისთვის დაუყონებლივ ზომები მიიღოს“, - ამბობს მეჩითოვა.

„ჩვენ კი საპირისპირო სურათს ვხედავთ“, - ჩივის ელენე. ჰყვება, რომ დღეს სომეხი თემისთვის და ზოგადად, კულტურული ძეგლების დამცველებისთვის ხელოვნური ბარიერები იქმნება. „როგორ შეიძლება ძველი თბილისის არეალში, იქ, სადაც დადიან ტურისტები, იდგეს  4 ნახევრად ჩამონგრეული ტაძარი (მუღნი, სურბ ნიშანი, სურბ მინასი და შამქორელთა კარმირ ავეტარანი) და ვერ მიიღონ პასუხი, რატომ ინგრევა ეს ეკლესიები?!“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

ტყვია ბავშვების სისხლში - რას შეისწავლის ...

როგორია საქარრთველოში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული ვითარება ბავშვებში - ამ კითხვას გაერო-ის ბავშვთა ფონდი ...
18 ივლისი
18 ივლისი

რეპორტაჟი საბირქენდიდან - “ახალგაზრდები ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, რამდენიმე ჩაიხანაა. არც ...
18 ივლისი
18 ივლისი

ქალთა კლუბი აღმამედლოში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში 2 წელზე მეტია ქალთა კლუბი ფუნქციონირებს. კლუბში ხშირად იკრიბებიან ადგილობრივ ...

მეტი

^