Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"სამართლიანობის აღდგენა"... შეუსრულებელი დაპირების დეტალები

27 მარტი 2014

2012  წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება “სამართლიანობის აღდგენა იყო. ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იურისტებთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების შედეგად შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო კომისიის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას ყველაზე იმედიანად პატიმრები შეხვდნენ, რადგან ბევრი მათგანი თავს უდანაშაულოდ და წინა ხელისუფლების მსხვერპლად მიიჩნევდა. ამიტომ კომისიის შექმნის გადავადებაც  ყველაზე მეტად მათ გააპროტესტეს.

როგორც 2013 წლის ორ დეკემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, ციხეებში 52 პატიმარი შიმშილობდა. ისინი ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად კი სწორედ თავიანთი  საქმეების გადახედვის განუხორციელებლობას ასახელებდა.

იმავე მოთხოვნით  დეკემბრის ბოლოს უკვე 1032 პატიმარი შიმშილობდა, მათგან 18-მა პირი ამოიკერა. პროტესტისა და შიმშილობის ეს ტალღა იანვარსა და თებერვალშიც გაგრძელდა.

თუმცა სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი განმარტავენ, რომ კომისიის შექმნა მხოლოდ დროებით გადაიდო, რადგან ეკონომიკური და ფინანსური შედეგებია გასათვლელი. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, კომისიის შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოისმინა და მის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება. წულუკიანი ირწმუნება, რომ როგორც კი ქვეყანა ფინანსურად მზად იქნება, „პროცესი იქიდან გაგრძელდება, სადაც გაჩერდა“.

კომისიის შექმნის გადავადების ფინანსური მიზეზი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის უცნობია. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაუგებარია, რა გათვლებისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მივიდა მთავრობა იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს კომისიის შექმნა არ შეუძლია. ახალგაზრდა იურისტების განცხადებით, მთავრობამ არც ის განმარტა, რა ფინანსურ რესურსებს მოითხოვს  კომისიის შექმნა სახელმწიფოსგან:

„გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ერთ წელზე მეტი დრო იმისთვის, რომ ხელისუფლება ამ დასკვნამდე მისულიყო და რატომ ისმოდა ბოლო დღეებამდე მუდმივი დაპირება იმის შესახებ, რომ კომისია შეიქმნებოდა. გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი პროცედურული ნორმების გამო, ფულადი ანაზღაურების გაცემის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე ისედაც მხოლოდ კომისიის ამოქმედებიდან გარკვეული დროის (დაახლოებით 2 წლის) შემდეგ შეიძლებოდა დამდგარიყო და არა უახლოეს მომავალში“, - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შექმნის იდეის ირგვლივ მრავალი მოსაზრება არსებობდა. ნაწილი ემხრობოდა მის შექმნას, ნაწილი კი აცხადებდა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გადახედვა სასამართლოს კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანას ნიშნავდა.

კომისიასთან დაკავშირებით შენიშვნები მისი შექმნის მომხრეებსაც ჰქონდათ.

"მართლმსაჯულების  ხარვეზების შესწავლისა და მათი გამოსწორების ხელშეწყობის, ქვეყანაში სამართლიანობის კულტურის დამკვიდრების მიზნით, იქმნება მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია", _ აღნიშნულია კანონპროექტში.

დაინტერესებულ პირს კომისიისთვის განცხადებით უნდა მიემართა. მას შემდეგ, რაც საჩივარი დასაშვებობის ეტაპს გაივლიდა, კომისია მის განხილვას დაიწყებდა და მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, რეკომენდაციით სასამართლოს მიმართავდა. სასამართლო საქმეს ხელახლა განიხილავდა და შესაბამის განაჩენს გამოიტანდა.

კანონპროექტის თანახმად, კომისიას მხოლოდ სისხლის სამართლის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები უნდა განეხილა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებს, საჩივარს კომისია განსახილველად  მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ზარალი 100 000 ლარს გადააჭარბებდა.

სწორედ ეს ნორმა გახდა საიას კრიტიკის საგანი. ახალგაზრდა იურისტების შენიშვნები საჩივრის შეტანის,  მისი განხილვის ვადებსა და კომისიის წევრთა შერჩევის წესებსაც ეხებოდა.

კონონპროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ "არამოსამართლეების მიერ სასამართლო ხარვეზების განხილვის იდეა აღძრავს კითხვებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებასა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული.“

კომისიის შექმნის მოთხოვნით პატიმართა შიმშილობის ფაქტს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც გამოეხმაურა. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ომბუდსმენმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხელისუფლების მიერ დაპირების შეუსრულებლობა იყო, პირობის მიხედვით, პატიმართა შიმშილობას რეაგირება უნდა მოჰყოლოდა. ნანუაშვილის  თქმით, პატიმრები ამას კვლავ ელოდებიან და ეს ციხეებში ვითარებას კიდევ უფრო ართულებს:

„არანაირი კონტური არ ჩანს, როდის შეიქმნება კომისია. ეს იწვევს პატიმართა გარკვეულ პროტესტს და ეს გასაგებია“, _ განუცხადა „ლიბერალს“ ომბუდსმენმა.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა ამ საკითხზე ცალკე კანონპროექტი შექმნა, რომელიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ კომისია ცალკე არ უნდა შეიქმნას, არამედ მსგავსი საქმეების გადასახედად უკვე არსებული სასამართლო ინსტიტუტები, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გამოიყენონ.

კომისიის შექმნის გადავადება სამართლიანობის აღდგენაზე უარყოფითად იმოქმედებს იურისტ გაგი მოსიაშვილის აზრითაც. მისი თქმით, დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელს  ისეთი ადამიანები იხდიან, ვინც მართლმსაჯულების არარსებობის პირობებში გასამართლდნენ. იურისტის აზრით, სწორედ ეს ადამიანები ზარალდებიან:

„საპროცესო შეთანხმების გაფორმების კანონით დადგენილი ნორმები ძალიან ხშირად ირღვეოდა. გავა დრო, პატიმართა ნაწილი სასჯელს მოიხდის, ნაწილი ისევ ციხეში დარჩება და აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს მათთვის“, - აღნიშნავს გაგი მოსიაშვილი.

იურისტი განმარტავს, რომ პატიმართა საქმეების გადახედვის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუკი ამა თუ იმ პირის მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის გამო ხელისუფლება მართლა შეწუხდება. გაგი მოსიაშვილის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მიზეზი სწორედ სამართლიანობის აღდგენის სურვილი და იმედი იყო. მას მიაჩნია, რომ კომისიის შექმნის იდეა მხოლოდ პოლიტიკურად გათვლილი ნაბიჯი იყო და არა სამართლიანობის აღდგენის რეალური სურვილი.

მისთვის ბუნდოვანი და ზოგადია ის არგუმენტი, რის გამოც კომისიის შექმნა გადავადდა. იურისტის აზრით, ხელისუფლებას უფრო დასაბუთებული არგუმენტი უნდა წარმოედგინა. ამჟამად კი შიშობს, რომ კომისიის შექმნა სამუდამოდ გადაიდო:

"ფინანსური შედეგი ამ კომისიის შექმნის ძირითადი ქვაკუთხედია. მე ვერ ვხედავ აქტიურობას, რომ სახელმწიფო ამისთვის მზად იყოს. თუმცა მას ფინანსურმა ფაქტორმა შეუშალა ხელი და ნამდვილად ამის გამო გადავადდა. ეს იმგვარი დაპირება იყო, როგორსაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ასე უხვად გასცემდნენ ხოლმე".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი კი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია შესაძლოა აღარც შეიქმნას, რადგან იგი სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მექანიზმი იყო.

თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ კომუნიკაციის პრობლემის გამო კომისიის შექმნის იდეა საზოგადოებამ არასწორად აღიქვა. ხიდაშელის აზრით, საზოგადოებისთვის თავიდანვე ნათლად უნდა განემარტათ, რომ ეს მხოლოდ სამუშაო ვერსია იყო.

უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება დროში ძალიან გაიწელა, თუმცა მთავარი შედეგია. მისი განმარტებით, მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსასწორებლად ხელისუფლება ბევრ მექანიზმს განიხილავდა. თინა ხიდაშელის ინფორმაციით, სამუშაო პროცესი ამჟამადაც გრძელდება და ფინანსური მხარისა და საჩივრების რაოდენობის გათვალისწინებით, ხელისუფლება ოპტიმალურ ვერსიას შეარჩევს:

"ძალიან ბევრი ვერსია განიხილება. მაგალითად, უზენაეს სასამართლოში სპეციალური კოლეგიის შექმნა, რომელიც მხოლოდ ამ საქმეების განილვით იქნება დაკავებული; ან საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდა და იქ სპეციალური კომისიის შექმნა და ა.შ.“

კომისიის შექმნის გადავადების გამო პატიმართა შიმშილობაზე თინა ხიდაშელს თავისი მოსაზრება აქვს და მიიჩნევს, რომ ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

"სამინისტროს ადმინისტრაციას და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მათთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. კომიტეტის წევრები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ პატიმართა ყველა ჯგუფს და დარწმუნებული ვარ, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულები არიან~.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია სასამართლოზე ზეგავლენის მოსაპოვებლად იქმნებოდა.

დეპუტატის განცხადებით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენა მოახერხა, ამიტომ კომისიის შექმნა აღარ დასჭირდა. დავით საყვარელიძის შეფასებით, სასამართლოს პარალელური ინსტიტუტის შექმნა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დამღუპველია:

"მისი შექმნა მას მერე გადაიფიქრეს, რაც სასამართლოზე გავლენა მოიპოვეს. ამის კონკრეტული მაგალითია ვანო მერაბიშვილის საქმის ქუთაისში გადატანა და მისთვის ორ დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა“, _ განაცხადა დავით საყვარელიძემ "ლიბერალთან" საუბრისას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კომისიის შექმნის მოთხოვნით პატიმართა შიმშილობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ სახელმწიფო "კრიმინალის შანტაჟის მსხვერპლი არ უნდა გახდეს“.

დავით საყვარელიძე არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ 18 ათასი პატიმარი მართლმსაჯულების ხარვეზების გამო იჯდა ციხეში. მისი თქმით, ეს საზოგადოების დაკვეთა იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^