Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადატვირთული ციხეების პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ მასობრივი ამნისტია გამოაცხადა. იგი ყველა პატიმარს შეეხო, ზოგს სასჯელი მთლიანად მოეხსნა, ზოგს კი - შეუმცირდა. თუმცა უვადო პატიმრებს ამნისტია არანაირი ფორმით არ შეხებიათ. რამდენიმე თვის წინ კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ მხრივ შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ერთადერთი ცვლილება, რაც უვადო პატიმრებთან დაკავშირებით განხორციელდა, შეწყალების პირობებია.

ერთ-ერთი უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმარი, ამჟამად #7 დაწესებულების სამარტოო საკანშია მოთავსებული. მისი ადვოკატის, მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, იგი აივინფექციითაა დაავადებული, იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს და პერიოდულად ავადმყოფობს.

ადვოკატის განმარტებით, დაწესებულება პატიმართა გრძელვადიანი განთავსებისთვის შეუფერებელია. მისი თქმით, ის დროებითი მოთავსების იზოლატორად აშენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმარი იქ მაქსიმუმ სამი დღის განმავლობაში უნდა დააყოვნონ. ღოღაძის დაცვის ქვეშ მყოფის საკანში, ისევე როგორც მთლიან დაწესებულებაში, არ არის საკმარისი ბუნებრივი განათება და სათანადო ზომის ფანჯარა, საიდანაც ოთახის განიავება იქნება შესაძლებელი.

„ზოგიერთი პატიმარი თვეობით და წლობით არის აქ. ამის შესახებ სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა. ჩვენ სასჯელაღსრულების სამინისტროს რამდენჯერმე მივმართეთ, რომ მსჯავრდებული სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანა, ან სხვა უვადო პატიმრებთან ერთად მოეთავსებინა. მაგრამ ჩვენს თხოვნაზე ჯერჯერობით უარს გვეუბნებიან. ჩვენ სასამართლოსთვის მიმართვას ვაპირებთ“, - განაცხადა „ლიბერალთან“ საუბრისას მიხეილ ღოღაძემ.

ამ პატიმრის მსგავსად თავისუფლება სამუდამოდ კიდევ 81 მსჯავრდებულს, მათ შორის სამ ქალს აქვს აღკვეთილი. ისინი სასჯელს #5 ქალთა დაწესებულებაში იხდიან. მამაკაცების დიდი ნაწილი კი გლდანის #8 ციხეში იხდის სასჯელს.

უვადო პატიმრობა საქართველოში სასჯელის უმაღლესი ზომაა. მის გამოყენებას სისხლის სამართლის კოდექსი (სსკ) მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში უშვებს. არსებობს ასაკობრივი ზღვარიც - ბრალდებული 18-დან 60 წლამდე პირი უნდა იყოს. დღეისათვის სსკ-ში გასაკუთრებით მძიმე დანაშაულად 18 ქმედება სახელდება. მათ შორისაა ნარკოდანაშაული, როცა საქმე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გასაღებას ეხება; განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში; სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები; სხვადასხვა სახის ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულები; საქართველოს პოლიტიკურ პირზე თავდასხმა, გენოციდი, ეკოციდი და სხვა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ქალ პატიმრებს თავისუფლების უვადო აღკვეთა ნარკოდანაშაულის გამო მიესაჯათ, ხოლო მამაკაცებს - ნარკოდანაშაულის, ყაჩაღობისა და მკვლელობების გამო.

ციხის პირობები ვადიანი და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის ერთნაირია. თუმცა მათთვის სხვადასხვა ტიპის შეღავათები და სერვისები არსებობს.

დამატებითი სერვისის ფარგლებში ქალი მსჯავრდებულები ბიბლიოთეკით სარგებლობენ. მათ დამატებით კვირაში ორჯერ, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ დროს, საათნახევრის განმვლობაში ბიბლიოთეკის დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ. ისინი ჩართულები არიან ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებშიც.

რაც შეეხება შეღავათებს, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი ქალი მსჯავრდებულები ყოველდღიურად ერთი საათის განმავლობაში სუფთა ჰაერზე სეირნობენ და დამატებით, საღამოს 17-დან 19 საათამდე, პატიმრების განყოფილების ეზოში სეირნობაც შეუძლიათ.

მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის კი არანაირი სერვისი არ არსებობს. ისინი მხოლოდ შეღავათებით სარგებლობენ, რაც ამანათით კვების პროდუქტების მიღებასა და DVD PLAYEღ-ით სარგებლობას გულისხმობს. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, #8 დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნებისთვის #6 დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ცხადია, სამუდამო პატიმრობა სიცოცხლის ბოლომდე ციხეში დარჩენას გულისხმობს. საქართველოს კანონმდებლობით, მათი გათავისუფლების ერთადერთი მექანიზმი შეწყალებაა. თუმცა კომისიის ძველი დებულების თანახმად, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავდა უვადო პატიმრის შეწყალების საკითხს, თუ მას 25 წელი ჰქონდა მოხდილი. რამდენიმე დღის წინ შეწყალების კომისიის დებულებაში  შეტანილი ცვლილებების თანახმად კი, აღნიშნული ვადა 15 წლით შეიცვალა.

უვადო პატიმრების საქმეების გადახედვის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა. მისი განმარტებით, ყველა უვადო პატიმარმა უნდა იცოდეს, რომ მას მომავალში გათავისუფლების პერსპექტივა აქვს. თუმცა, მისი თქმით, ეს ყველა სასჯელის ვადიანად გადაკეთებას არ ნიშნავს:

„უვადო პატიმრობა არ უნდა გაუქმდეს. ეს ჩვენს ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი და ზოგ შემთხვევაში საჭირო ზომაა. მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ყველა უვადო პატიმრობა შეიძლება ბოლომდე უვადო არ იყოს“.

წლების მანძილზე დამკვიდრებული სისხლის სამართლის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფონზე იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება. იგი მიიჩნევს, რომ პატიმრებს შორის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ასეთი ინიციატივა მისაღებია. თუმცა იმასაც განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში თავად უვადო პატიმრებს შორის დისკრიმინაცია უნდა გამოირიცხოს. გარდა ამისა, საჭიროა საზოგადოების ინტერესების, მათი დანაშაულის ტიპის, უკვე მოხდილი სასჯელის ოდენობის და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინება.

„ეს ძალიან მძიმე სასჯელია. ვიცით, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა ძალიან მკაცრი იყო და კიდევ ბევრი რამაა გადასახედი - რატომ აქვს ამ ხალხს ასეთი დიდი სასჯელები, რა მიდგომების საფუძველზე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები მკაცრი სასჯელის ქვეშ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მართლაც იმსახურებდნენ ამ სასჯელს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სისხლის სამართლის მკაცრმა პოლიტიკამ გარკვეული ტენდენციები დაამკვიდრა“, - განმარტა „ლიბერალთან“ საუბრისას ნაზი ჯანეზაშვილმა.

იურისტი მიიჩნევს, რომ უვადო პატიმართა მდგომარეობა ძალიან რთულია, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა. მისი თქმით, არსებობენ სოციალურად დაუცველი პატიმრები, რომლებსაც გრძელვადიანი პაემნის საფასურის გადახდა უჭირთ. ამიტომ სახელმწიფომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს და მათ შეღავათები დაუწესოს. გარდა ამისა, იურისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ისინი სხვადასხვა პროგრამითა და ღონისძიებით უნდა წაახალისოს.

„იმ უვადო პატიმრებს, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვხვდები ხოლმე, ციხეში დიდხანს ყოფნის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ამიტომ კარგი იქნება, თუ სიახლეები ამ კუთხითაც დაინერგება“.

ნაზი ჯანეზაშვილი სარეაბილიტაციო პროგრამების მნიშვნელობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ასეთი პროგრამების არსებობას უვადო პატიმრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამით 548 მსჯავრდებულმა ისარგებლა, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო უვადო პატიმარი. სამინისტროში განმარტავენ, რომ სხვა პატიმრების მსგავსად, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს ფსიქოლოგის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ.

უვადო პატიმრობის საერთაშორისო პრაქტიკა

ნორვეგია

ნორვეგიაში სამუდამო პატიმრობას სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსი  ისეთი დანაშაულებისთვის ითვალისწინებს, როგორიცაა ომის დროს მტრის დახმარება და ა.შ.

სამოქალაქო სისხლის სამართლის კოდექსით კი სასჯელის უმაღლესი ზომა 21 წელია. მხოლოდ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ისჯება 30-წლიანი პატიმრობით.

 

შვედეთი

შვედეთის კანონმდებლობის თანახმად, მაქსიმალური სასჯელი 10 წელია, მკვლელობის შემთხვევაში - 18 წელი ან სამუდამო პატიმრობა. თუმცა  თავისუფლების უვადო აღკვეთა არ შეიძლება მიესაჯოს 21 წლამდე პირს.

დღესდღეობით შვედეთში 170 უვადო პატიმარია, საიდანაც ოთხი ქალია.  ყველა მათგანი ინდივიდუალური და ჯგუფური მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

  

სომხეთი

სომხეთში, 2012 წლის მონაცემებით, 104 უვადო პატიმარი იყო. აქედან 41 სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, 15 - სამხედრო დანაშაულისთვის. უვადო პატიმრებს შეწყალების თხოვნა სასჯელის დაკისრებიდან 20 წლის შემდეგ შეუძლიათ.

სომხეთში უვადო პატიმრობა გათვალისწინებულია ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა მკვლელობა და ტერორიზმი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^